fbpx

წიგნები ავტორიტარიზმის წინააღმდეგ – რეკომენდაცია


გააზიარე სტატია



ავტორი: ტატო ჩანგელია

 

ჩვენი ქვეყნის ისტორია გვეუბნება, რომ ავტორიტარიზმი, ფაშიზმი და მსგავსი ნეგატიური შინაარსის შემცველი პოლიტიკური მოცემულობები დაუშვებელია. ერს გარკვეული სახის მგრძნობელობა გამოუმუშავდა, თანაც საქართველო ისეთ გეოგრაფიულ ტერიტორიაზეა, ანომალიურიც კი შეიძლება იყოს, ასეთი ცოცხალი და თავისუფლების მოყვარული ხალხი ჩაკეტო, სიტყვისა და მოქმედების გამოხატვა აუკრძალო, ასე  რომ იყო, იმ დროშიც კი ვახერხებდით სხვადასხვა გზებით საუბარსა  და ხმაურს, მაგრამ გასახსენებელია იტალიელი პოეტისა და კინორეჟისორის, პიერ პაოლო პაზოლინის სადღაც წარმოთქმული აზრი, რომლის მიხედვითაც იტალიაში ფაშიზმი, სწორედ ზემოთ თქმული მიზეზების გამო პარადოქსული იყო, რადგან ეს ხალხი თავისი ისტორიით (ოჯახის ინსტიტუტითა და ჯანსაღი რელიგიური წარმოდგენებით) ერთიანობისა და სახალხოობის ნაკრებს წარმოადგენს, თუმცა ისე მოხდა,  მეოცე საუკუნის სიმსივნე სწორედ იტალიაში ამოიზარდა.

ამას გვასწავლის ისტორიაც – მოპოვებული თავისუფლება არ არის მუდმივი, ის ყოველწამიერ დაცვას და განვრცობას საჭიროებს. ახლა სწორედ ამ დროში ვართ მოხვედრილი, ქვეყანას ავტორიტარიზმის და შეუძლებლის გამარჯვების მომენტი უდგას, რა დროსაც ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია, შეგუება ისეთი მმართველობითი სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას, ვერ გამოდგება ჩვენი მომავლისთვის. 

ავტორიტარიზმი, როგორც სისტემა, პოლიტიკურ სფეროს მოიცავს, რა დროსაც იდევნება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, თავისუფალი აზრი. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარიზმის კონცეფცია ფართოდ გამოიყენება თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში, მისი განსაზღვრება მაინც რჩება საკამათოდ. სამეცნიერო წრეებში ამის გარშემო დებატები შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: ავტორიტარიზმი, როგორც რეჟიმის ტიპი, გარკვეული სახის პრაქტიკის ერთობლიობა და იდეოლოგიური მოდელი. რეჟიმის ტიპი განსაზღვრავს გარკვეული სახის შეზღუდულ პლურალიზმს, კონტროლირებად ოპოზიციას და პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფების ნაკლებობას. რასაკვირველია, ეს ყოველივე ავტორიტარიზმის ზოგად მახასიათებლებში ეწერება, თუმცა პრაქტიკის ერთობლიობა გულისხმობს საკუთარი ინტერესებიდან  ამოსულ ავტორიტარიზმს, ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ აზიური სახელმწიფოები, მაგალითად, ჩინეთი, ის თავისთავად ავტორიტარული რეჟიმისაა. ხოლო მესამე – იდეოლოგიური – განსაზღვრავს ღიად ანტიდემოკრატიულ ფორმებს. რასაკვირველია, არის მომენტები, როცა სამივე ფენომენი ერთად გვხვდება.

ხშირად ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი ერთ ველშია გაგებული, თუმცა ავტორიტარულ პირობებში არსებობს (ფორმალური სახით მაინც) ეკონომიკურ ბაზარზე მოქმედების თავისუფლება, ესე იგი, მეწარმეობის თავისუფლება.

მოცემულ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ მნიშვნელოვანი ლიტერატურული ტექსტები, საკუთრივ ლიტერატურულ ტექსტებში იგულისხმება როგორც მხატვრული, ასევე სამეცნიერო თუ დოკუმენტური ლიტერატურა, სადაც აღწერილი და დამტკიცებულია ავტორიტარული რეჟიმების და ზოგადად, მსგავსი სააზროვნო ტიპების ნეგატიური გავლენების შესახებ. აქ და ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი ბრძოლა  აივსოს ცოდნითა და გამოცდილებით იმისა, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით.

როგორ მუშაობს ფაშიზმი – ჯეისონ სტენლი

ავტორიტარიზმი აუცილებლად მოდის ფაშიზმით, ეს შეიძლება იყოს პირდაპირ ღვარცოფული მოვარდნა ან, უბრალოდ, ფორმის სახით გვხვდებოდეს ის. პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რა არის თავად ფაშიზმი? მისი უამრავი დეფინიცია არსებობს, თუმცა მარტივ განმარტებას მოვკიდოთ ხელი – ფაშიზმია, როცა ძალაუფლებით აღჭურვილი კონკრეტული საზოგადოებრივი სეგმენტი უარყოფს დემოკრატიულ ფასეულობებს – სხვა საზოგადოებრივ სეგმენტებსა და ჯგუფებს, საკუთარი რწმენა-წარმოდგენების გათვალისწინებით და მათთან ჯანსაღი ბრძოლის ნაცვლად, ძალადობრივი მექანიზმებით ოპონირებას. ფაშიზმით შეიძლება დანაღმული იყოს ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგია.

ამრიგად, ამ დამაფიქრებელ წიგნში ავტორი იკვლევს ფაშიზმის რთულ მოქმედებებს, იკვლევს მის ძირითად პრინციპებსა და ტაქტიკას. ყოვლისმომცველი ანალიზის საშუალებით ის ცხადყოფს, თუ როგორ მანიპულირებენ ფაშისტური იდეოლოგიები ენით, როგორ იყენებენ თვითწარმოებისთვის დაშინების მექანიზმს, რაც თავისთავად, მიზნად ისახავს დაუცველი ჯგუფებზე თავდასხმას ძალაუფლების მოსაპოვებლად. ჯეისონ სტენლი ისტორიული მაგალითებისა და თანამედროვე პოლიტიკის საფუძველზე გვთავაზობს დამაჯერებელ გამოკვლევას ფაშიზმის სახიფათო აღზევებისა და საზოგადოებაზე მისი გავლენის შესახებ, ის არა მხოლოდ თეორიებს ავრცელებს, არამედ დაკავებულია პარეზისტული საქმიანობით და მოუწოდებს მკითხველს, დაინახოს ფაშიზმის ნიშნები და აქტიური წინააღმდეგობა გაუწიონ მას.

ივან ილინი, პუტინის რუსული ფაშიზმის ფილოსოფოსი – ტიმოთი სნაიდერი

თანამედროვე მსოფლიოში თუკი ვინმე შეგვიძლია მივიჩნიოთ მუსოლინისა და ჰიტლერის შთამომავლად, ეს ვლადიმერ პუტინია, რომლის პოლიტიკური ეთიკაც დაფუძნებულია რუსი ფილოსოფოსის, ივან ილინის აზრებზე. ილინის აზრით, რუსეთში მხოლოდ ავტოკრატიამ შეიძლება დაალაგოს მდგომარეობა. მას სჯეროდა, რომ დემოკრატიული პროცესები და სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება მხოლოდ განუკითხაობას და ურთიერთგანადგურებას წარმოშობს. ამიტომ ის აყენებს ლიდერის აუცილებლობის ფენომენს, რომელიც იქნება ფარის მწყემსი. ილინის ფილოსოფიური აპარატისთვის ხალხი წარმოადგენს არასანდო, არაეთიკურ მასას. მოცემულ წიგნში ტიმოთი სნაიდერი იკვლევს ილინის ცხოვრებასა და იდეოლოგიას, გამოჩენილი რუსი ფილოსოფოსის, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი გავლენა მოახდინა პუტინის პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაში, სნაიდერი კრიტიკულად განიხილავს ილინის ნაწერებს და მათ გავლენას პუტინის რეჟიმზე, ნათელს ფენს რუსული ნაციონალიზმის აღზევებასა და ავტორიტარიზმის აღორძინებას თანამედროვე რუსეთში.

ეს დამაფიქრებელი წიგნი შესანიშნავად აღწერს პუტინის მმართველობის ინტელექტუალურ საფუძველს და მისი დამანგრეველი გავლენების შესახებ საუბრობს.

ვისლავა შიმბორსკა – რუკა

მივადგეთ პოეზიას. დროის მნიშვნელოვან შემნახველს. საერთოდ, ლიტერატურათმცოდნეობაში არსებობს ასეთი ტერმინი – ავტორიტარული ლიტერატურა, რომელიც ავტორიტარიზმის დროს დაწერილ ლიტერატურას მიესადაგება, ასეთია შიმბორსკას პოეზია. რუკაში გაერთიანებული ლექსები გვთავაზობს იშვიათ ეპიზოდებს, როდესაც მხიარული ცნობიერება და წარმავალი ინციდენტები ნათელი ხდება, და სადაც არაფერია გადამეტებული ან დაწესებული, მოწოდებული, გადაჭარბებული ან მოზღვავებული. აქ ყველაფერი ცოცხალია. ნობელიანტი პოეტის ხისტი ენა ერთდროულად მშრალი და ამავე დროს სავსე მელანქოლიური სინატიფით ქმნის განსაკუთრებულ და მიმზიდველ ამბივალენტურობას.

შიმბორსკას პოეტური გამოცდილება მშვენივრად არის შეკუმშული და დახვეწილი, მისი მღელვარე ლირიკული მგრძნობელობა ჩვენთვის ღიაა. ის წერს საშინელებათა ზღვარზე, ავტორიტარიზმის მოწმე პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდში.

რამდენი ტრაგედიის გადატანა შეუძლია ადამიანს? – აღმოხდება მკითხველს, როცა ვისლავა შიმბორსკას პოეტიკის ტბაში ხარ ჩაძირული, და ამავე დროს გრძნობ, როგორ ამბობ უარს მჩაგვრელ სამყაროზე – ეს იშვიათი პოეტების უნარია. ასეთია ვისლავა შიმბორსკა.

 

ცუდი დრო პოეზიისთვის – ბერტოლტ ბრეხტი

განვაგრძოთ პოეზიით – ბრეხტს მეთოდი აქვს, შემდეგ ამ მეთოდს პოლიტიკით ანგაჟირებული სხვა ხელოვანებიც ითვისებენ, ყველგან, განსაკუთრებით ევროპაში და ამერიკაში,  ეს მეთოდი დიალექტიკურია და ხალხის რევოლუციური ვნებების გაღვიძებას ემსახურება, ამისთვის ბრეხტი უარს ამბობს სასოწარკვეთაზე, ერთი სიტყვით, ზედმეტ სენტიმენტალიზმსა  და ტირილზე. ის სტროფები მებრძოლია, მყარად დგას, გაჩვენებს სამყაროს უსამართლობას, მაგრამ მეორე ხელით გაჩვენებს, რომ არაფერია მარადიულად დადგენილი, რომ ყველაფერი გარდაქმნის წესრიგს ექვემდებარება, ამისთვის კი ბრძოლაა საჭირო. 

ბრეხტის სახელი ქართველებისთვის მაინც თეატრთან არის დაკავშირებული, დიდწილად გვიანი საბჭოთა ქართული თეატრის რამდენიმე გენიალური დადგმის დამსახურებით – ბრეხტი, როგორც პოეტი, ჩვენთან არასდროს ყოფილა პოპულარული. ეს სტილი არც არის ქართული პოეტური სკოლებისთვის ნაცნობი და ავთენტური. თუმცა, რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა „მელანმა“ ითავა და გამოსცა მოდერნისტული ხანის მნიშვნელოვანი და ალბათ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხელოვანის ლექსების კრებული, თანაც ბრწყინვალედ შერჩეულია ლექსები, მთარგმნელად კი ზვიად რატიანია წარმოდგენილი.

ბრეხტის ამ ლექსებში შიშველი სისასტიკით დგება სახელმწიფო რეჟიმი, ძარცვა, ჩაგვრა და შიმშილობა მკითხველის თვალწინ.

ტოტალიტარიზმის წარმოშობა – ჰანა არენტი

ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი, რასაკვირველია, განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ერთი ნაბიჯიც კი არ არის ერთიდან მეორისკენ და პირიქით. ამიტომ გავიხსენოთ ალბათ მოცემულ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნაშრომი, გერმანელ-ებრაელი ფილოსოფოსის, ჰანა არენტის მიერ დაწერილი, სადაც არენტი ტოტალიტარიზმის წარმოშობის ძიებებს იწყებს. მისი აზრით, ის ანტისემიტიზმის აღზევებით იწყება ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, არენტი მსჯელობას აგრძელებს ევროპული კოლონიური იმპერიალიზმის შესწავლით, 1884 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ფილოსოფოსი იკვლევს ტოტალიტარული მოძრაობების ინსტიტუტებსა და ოპერაციებს ჩვენს დროში, ტოტალიტარული მმართველობის ორ ნამდვილ ფორმაზე – ნაცისტურ გერმანიასა და სტალინურ რუსეთზე. არენტი ამბობს, რომ ეს ორი ბანაკი სინამდვილეში, მედლის სხვადასხვა მხარეებია.

ის საინტერესოდ აანალიზებს კლასების მასებად ევოლუციის ფენომენს, პროპაგანდის როლს, ტერორის გამოყენებას და იზოლაციისა და მარტოობის ბუნებას, როგორც ტოტალური ბატონობის წინაპირობას.

ჩვენ ახლაც ბნელ დროებაში ვცხოვრობთ – წლების წინ მსგავსი სათაურით გავრცელდა სტატიები დასავლურ პრესაში, მიზეზი კი 2016 წელს შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა გახლდათ, ხოლო ევროპაში მემარჯვენე ძალების აღზევება. ამ დროს ჰანა არენტის წიგნმა ხელახალი პოპულარობა განიცადა, მკითხველმა ბევრი საერთო დაინახა არენტის მიერ აღწერილ დროსა და თანამედროვეობას შორის – ძალადობაზე, სიცრუეზე, პროპაგანდაზე, პოპულისტურ ჯგუფებზე, ბრიყვულ თეორიებზე, ანტიდემოკრატიულ ნარატივზე აგებული პოლიტიკა, – რაც არენტისთვის სწორედ ტოტალიტარიზმის დაბადების ნიშანია.

ფაშიზმის ანატომია – რობერტ პაქსტონი 

რობერტ პაქსტონი წიგნში ამტკიცებს ფაშიზმისა და კომუნიზმის მსგავსებას – ისინი მიზნად ისახავენ სოციალური და პოლიტიკური ფენომენის ახსნას და ამის საფუძველზე ამართლებენ თავიანთ ავტორიტარულ ან ტოტალიტარულ მმართველობას. ტერმინი „ფაშისტი“ ხშირად გამოიყენება შეუწყნარებელ და ავტოკრატიულ პოლიტიკურ ქცევაზე, მაგრამ პაქსტონის ნათელი და მარტივად წასაკითხი წიგნი არა მხოლოდ პრაქტიკაში იკვლევს ფაშიზმს – მუსოლინის იტალიაში, ჰიტლერის გერმანიაში და სხვა ფაშისტურ მოძრაობებსა და პარტიებს, ის ასევე აჩვენებს, თუ რა არის მისი გამორჩეული კომპონენტები, რასაც ის ფაშიზმის „მობილიზაციურ ვნებებს“ უწოდებს, მოიცავს ომისა და ძალადობის განდიდებას, ექსპანსიონიზმს, რასიზმს, ეროვნულ სოლიდარობაზე ფიქსაციას, საზოგადოებაში განსხვავებული ინტერესებისა და ღირებულებების ლეგიტიმურობის უარყოფას და, რაც მთავარია, კულტს.

რობერტ პაქსტონი მნიშვნელოვან ამბავს ამტკიცებს – გმირული ლიდერი ლიდერის ინსტინქტებით უფრო მეტია, ვიდრე დასაბუთებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტი. – ეს ფაშიზმის სახეა. ბანალური სახე.

თამაშები – ხალხის თამაშები – ერიკ ბერნი

ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა ერიკ ბერნმა 1964 წელს შექმნა უნიკალური წიგნი – გონების თამაშების შესახებ, სადაც მტკიცდება, თუ როგორ მანიპულირებენ ადამიანები ერთმანეთზე, – ბერნს წიგნში წარმოდგენილი აქვს პრაქტიკული მაგალითები, რაც მის ნაშრომს ერთდროულად საშიშს და საინტერესოს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანისთვის შესაძლოა, ეს ყველაფერი მოძველებული იყოს, მასალა მაინც რჩება ისეთივე აქტუალური და გამჭრიახი, როგორც არასდროს.

თამაშები, რომელსაც ადამიანები თამაშობენ – ადამიანთა ურთიერთობების ფსიქოლოგიაზე, წიგნი გამოცემისთანავე გახდა ბესტსელერი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მწვავე აკადემიური კრიტიკა დაიმსახურა, წიგნში წარმოდგენილი ზოგიერთი ფსიქოანალიტიკური თეორიის გამო. მოცემული წიგნი ითვლება ერთ-ერთ პირველ პოპ ფსიქოლოგიის წიგნად, და რაც ყველაზე საინტერესოა – წიგნი ვალად აღებული ფულით გამოსცა.

ბერნი იყო სპეციალიზებული ფსიქოთერაპევტი, რომელმაც დაიწყო ინტერპერსონალური ურთიერთობების დინამიკის ალტერნატიული თეორიების შემუშავება, ჯერ კიდევ 1950-იან წლებში. ის ცდილობდა აეხსნა ინტერპერსონალური კონფლიქტების განმეორებადი შაბლონების წარმოშობა, რაც საბოლოდ აღმოჩნდა ტრანზაქციული ანალიზის საფუძველი.

საღი საზოგადოება – ერიხ ფრომი

დავრჩეთ ფსიქოანალიტიკურ დისციპლინაში, თუმცა ბევრად უფრო სერიოზულ და გავლენიან ავტორს მივუკაკუნოთ – ეს ერიკ ფრომია. წარმოგიდგენთ მის არცთუ ისე პოპულარულ წიგნს – საღი საზოგადოება, სადაც აღწერილია ადამიანის მდგომარეობა, როგორც ასეთი. ხშირად ფსიქოანალიტიკოსებს ადანაშაულებენ იმაში, რომ საკითხებს ინდივიდუალურ ჭრილში განიხილავენ, ფრომი კი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ინდივიდუალურ დაკვირვებასაც კი ფართო (ტოტალური) მზერით ახდენს.  ამ  წიგნში ის სოციალური ფსიქოლოგიის დარგში ოპონირების და საზოგადოების ანალიზს ეწევა, რომლის მიხედვითაც მეოცე საუკუნის საზოგადოება ღრმა სნეულებით იტანჯება, რომ მოცემული ადამიანები და მათი გონებრივი ფორმა არ აკმაყოფილებს კაცობრიობის რეალურ მოთხოვნებს.

ფრომის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი იყო სოციალური სისტემების ანალიზი და მათი გავლენა ინდივიდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამ კვლევაში ის უფრო შორს მიდის და სვამს კითხვას: „შეიძლება თუ არა საზოგადოება იყოს ავად?“ ის აღმოაჩენს, რომ ეს შესაძლებელია. ის ამტკიცებს, რომ დასავლური კულტურა ჩაფლულია „ნორმალურობის პათოლოგიაში“, რომელიც თავისთავად გავლენას ახდენს ინდივიდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ფრომი აქ აღწერს ფსიქიკურ ავტორიტარიზმს, რომელიც დიფუზიური დონით ვრცელდება, ის აღწერს სისტემებისა და რეჟიმების გავლენას კაცობრიობაზე. ფრომი იკვლევს კაპიტალიზმის გაუცხოების ეფექტებს და განიხილავს ისტორიულ და თანამედროვე ალტერნატივებს, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდის ჯანმრთელობას და ჩვენს ღრმა ადამიანურ საჭიროებებს სიყვარულისა და თავისუფლების მიმართ.

დიქტატორები და დიქტატურები – ნატაშა ლინდსტადტი

რა შეიძლება ბევრი ითქვას ამ  წიგნზე – ის დაფუძნებულია ავტორიტარული სახელმწიფოების პოლიტიკის თვისებრივ კვლევაზე. იგი ამტკიცებს, რომ დიქტატურის პოლიტიკური შედეგები ძირითადად ლიდერებსა და ელიტებს შორის ურთიერთობებისა და შიდა სტრუქტურების შედეგია, რომლებიც გავლენას ახდენს ამ ურთიერთობების დინამიკაზე. წიგნი აანალიზებს განსხვავებებს, რამდენიმე ავტორიტარულ რეჟიმსა და მათ პოლიტიკურ განშტოებებს შორის. განხილულია პროცესი სამხედრო, ერთპარტიულ, მონარქიულ და ნახევრად ავტორიტარულ რეჟიმებში. წიგნი განმარტავს, თუ რას გულისხმობს დიქტატურა და როგორ მოქმედებს ავტორიტარული პოლიტიკა საზოგადოებაზე.

მიზეზის პრინციპი – მარტინ ჰაიდეგერი

გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ნაციონალ-სოციალიზმის მომხრე, ჰიტლერის მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, ეს  მისი ბიოგრაფიისა და ცხოვრების შავი ლაქაა და მოცემული წიგნი, გარკვეული თვალსაზრისით, სწორედ ამ ამბის ამოყირავებაა, ერთგვარი მონანიებაა.

მიზეზის პრინციპი ამბობს, რომ ყველაფერს უნდა ჰქონდეს მიზეზი ან მიზეზები. ეს პრინციპი პირველად ჩამოაყალიბა ვილჰელმ ლაიბნიცმა, შემდეგ კი განავითარა დიდმა ფილოსოფოსმა არტურ შოპენჰაუერმა.

ამ წიგნში მნიშვნელოვანი და გავლენიანი სალექციო კურსის ტექსტებია, რომელიც მარტინ ჰაიდეგერმა 1955-56 წლებში ჩაატარა ის სწორედ ლაიბნიცის პრინციპს ეყრდნობა: რომ არაფერია უმიზეზოდ. ფილოსოფოსი აქ გვიჩვენებს, რომ გონების პრინციპი, სინამდვილეში, ყოფიერების პრინციპია. მისი დისკუსიის დიდი ნაწილი მიზნად ისახავს მკითხველი მიიყვანოს „აზროვნების ნახტომამდე“, რაც მათ საშუალებას აძლევს გაითავისონ გონების პრინციპი, როგორც ყოფიერების პრინციპი. 

ეს ტექსტი წარმოადგენს ჰაიდეგერის ყველაზე ვრცელ რეფლექსიას ისტორიის ცნებასა და მის არსზე. ჰაიდეგერის ერთ-ერთი ყველაზე ოსტატურად შედგენილი ტექსტი  ასევე შეიცავს მნიშვნელოვან დისკუსიებს ენის, თარგმანის, მიზეზის, ობიექტურობისა და ტექნოლოგიების შესახებ.

ფაშიზმთან და ავტორიტარიზმთან ბრძოლა აუცილებელი წინაპირობაა ჯანსაღი საზოგადოების შექმნისა. ერთგან პოლონელი სოციოლოგი ზიგმუნდ ბაუმანი ერთგან ნიშანდობლივ კითხვას დასვამს: მოხდებოდა თუ არა ჰოლოკოსტი გერმანიის ნაცვლად სხვაგან? და თავადვე უპასუხებს, რომ კი, რადგან ადამიანები კაცობრიობის ყველა წერტილში ერთ მნიშვნელოვან კითხვას არ სვამენ, ეს კითხვაა – რატომ? ამ კითხვას უამრავი რამის შეცვლა შეუძლია, სანამ ნაბიჯს გადავდგამთ, სიტყვას ამოვიღებთ და ჩავერთვებით, მუდამ უნდა ვიკითხოთ – რატომ? და გვახსოვდეს, ფაშიზმის სახე ანონიმურია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.