fbpx

ადამიანები ბორჯომიდან – ისტორია #9 კობა სილაგაძე


გააზიარე სტატია

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

კობა სილაგაძე – სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი მეტყევე.

ბორჯომსა და ბაკურიანში ყველა ადამიანი ტყის სიყვარულით იზრდება, თუმცა, ზოგჯერ ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ პროფესიაც ტყეს და მასზე ზრუნვას უკავშირდება. ასე მოხდა კობა სილაგაძის შემთხვევაშიც. უკვე 14 წელია ამ საქმეს ემსახურება და მისთვის ყოველი დღე ტყეზე ფიქრით იწყება. ​

„ეს არის საქმე, რომელიც ხალხზე და ბუნებაზე ზრუნვას აერთიანებს, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმით ვუფრთხილდები საქართველოს გარემოს. მეტყევის საქმე ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მეტყევეები ამ დამოკიდებულებას ვუზიარებთ სხვებსაც. ჩვენთან ერთად ისინიც ტყის მცველები ხდებიან, უფრთხილდებიან და უხეშად არ ერევიან ტყის ცხოვრებაში.

ყოველთვის ვამბობ, რომ ტყე არ არის მხოლოდ ხეთა სიმრავლე, ეს გაცილებით მეტია, სიცოცხლის წყაროა,“ – დაუსრულებლად შეუძლია ილაპარაკოს ამ კავშირზე, რომელიც მის ოჯახში ჯერ ძმამ დაიწყო, შემდეგ კი კობამ გააგრძელა. ბევრი რამ უფროსი კოლეგებისგან ისწავლა, ახლა თვითონაც მზად არის ახალგაზრდებს გაუზიაროს გამოცდილება და რაც მთავარია, გაუზიაროს ტყის სიყვარული.  ყველა ხე და ადგილი მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ხედი, რომელიც ამ მთებიდან იშლება თავის ისტორიას ატარებს.

თუმცა, კითხვაზე, რომელია მისთვის განსაკუთრებული ადგილი, პასუხი მარტივად მისახვედრია – „საქართველოში უამრავი ლამაზი ტყეა, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული მაინც ბორჯომის და ბაკურიანის ტყეებია, როგორც ყველა ადამიანისთვის, ვინც აქ დაიბადა და ამ ადგილის დიდი სიყვარულით გაიზარდა. ყოველდღე ვხედავ, როგორ იზრდება ჩემი დარგული ნერგები, რომელიც დღეს უკვე ტყის განუყოფელი ნაწილია. მათ შორის არის, კომპანია „ბორჯომის“ მიერ დარგული ნერგები და აღდგენილი ტყე, ვამაყობ, რომ ყველა დარგვის მონაწილე ვიყავი.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.