„საჭაშნიკე“
ყველა ძველ ქალაქს ერთი საერთო დამახასიათებელი ნიშანი აქვს – ადგილები და შენობები, რომლებიც თითქოს არც კულტურულ-ისტორიული ფასეულობით გამოირჩევიან, არც სხვა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებენ, თუმცა რაღაც მისტიკური ძალით დროს გაუძლეს, ჩაიბეჭდნენ ქალაქის მკვიდრთა მეხსიერებაში, შეაყვარეს მათ თავი და ეს სიყვარული დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა. ასეთი ადგილები ქმნიან ქალაქის ხასიათს, იერსახესა და ინარჩუნებენ მის ავთენტურობას. მსგავსს „წერტილებს“ დღეს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება თანამედროვე დროებაში, როდესაც „ახალი“ ქალაქი დაუნდობლად შთანთქავს ძველი თბილისის კოლორიტულ ადგილებსა და მის ნარჩენებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ქალაქის ძველ უბანში, ვერაზე, კოსტავას N60-ში მდებარე „საჭაშნიკეა“, მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს გახსნილი ღვინის სარდაფი, რომელიც იმხანად თბილისელებს ღვინის ფართო ასორტიმენტს სთავაზობდა.
„საჭაშნიკემ“ პირვანდელი ფუნქცია დიდი ხანია დაკარგა და ეს ობიექტი არაერთხელ გარდაიქმნა. თუმცა დღეს ეს ადგილი, გარკვეულწილად, თავის ძველ საწყისს უბრუნდება და ამასთან ერთად, ახალ, ძალიან საინტერესო დატვირთვასაც იძენს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყველაფერი ახალი ბევრად უფრო საინტერესოა, როდესაც იგი დამყარებულია ძველზე და კოლორიტული ადგილების გაცოცხლებასა და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას ცდილობს.
მერაბ კოსტავასა და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების კუთხეში შეამჩნევთ ძველ ბარელიეფს, წარწერით „საჭაშნიკე“, რომელიც 1-ელი მაისიდან ისტორიითა და სენტიმენტებით გაჯერებულ ახალ, საინტერესო, მყუდრო და „გემრიელ“ სივრცეში გეპატიჟებათ.
„საჭაშნიკე“ – რესტორანი, პაბი და გრილი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესგანვითარების სააგენტო „გასტრონავტის“ ახალი პროექტია. „საჭაშნიკეს“ ბრენდინგი, სასმლის თუ გასტრონომიული მენიუები და ასევე მარკეტინგის კამპანია „გასტრონავტის“ შემუშავებულია. კომპანიის აქამდე განხორციელებული ყველა პროექტი თანამედროვე მიდგომებითა და საინტერესო შემოქმედებითი ხედვით გამოირჩევა, რაც ამ გუნდის 20-წლიანი გამოცდილებისა და წარმატებული მუშაობის შედეგია.
„გასტრონავტის“ ყველა პროექტს ერთი დიზაინერის, ესმა ხეცურიანის ხელწერა ახასიათებს და არც „საჭაშნიკეა“ ამ მხრივ გამონაკლისი. „საჭაშნიკეს“ პროექტს, როგორც აღვნიშნეთ, „გასტრონავტი“ მართავს, მისი დამფუძნებელი კი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული კომპანია „ბადაგონია“.
რას ჰპირდება განსხვავებულსა და გამორჩეულს „საჭაშნიკე“ სტუმრებს, როგორია მისი კონცეფცია და უახლოესი გეგმები? ამ და სხვა საკითხებზე AT. GE ესაუბრა „გასტრონავტის“ თანადამფუძნებელს და კრეატიულ დირექტორს ლალი პაპაშვილს.
საიდან დაიბადა „საჭაშნიკესთვის“ ახალი ცხოვრების მინიჭების იდეა?
„გასტრონავტის“ პარტნიორი ამ პროექტში კომპანია „ბადაგონია“. როდესაც პირველად „ბადაგონის“ დამფუძნებელს, გიორგი სალაყაიას შევხვდით და ერთად დავიწყეთ ფიქრი და მსჯელობა, თუ რა ტიპის სივრცედ უნდა გარდაქმნილიყო აქაურობა, მივედით ერთ საერთო აზრამდე, რომ ქალაქის გასტრონომიული განვითარებისა და ცარიელი ნიშის გათვალისწინებით, ამ სივრცეს მოუხდებოდა მაღალი ხარისხის საინტერესო პაბი. ზოგადად, „გასტრონავტის“ ყველა პროექტი ამ პრინციპითაა შექმნილი: ობიექტის ადგილმდებარეობა, სივრცე, ქალაქისთვის გასტრონომიული განვითარებისთვის საჭიროება და ცარიელი ნიშა.
სივრცეში იგრძნობა ამ შენობის წარსული და ისტორია, როგორ მოახერხეთ ძველი დატვირთვისა და ახალი კონცეფციის შერწყმა?
პროექტის დაწყების პირველი ეტაპი ყოველთვის გულისხმობს მოკვლევას, თუ რა ტიპის შენობაში შევდივართ. ძველი, ისტორიული სივრცეები განსაკუთრებულ მიდგომას ითხოვს და სწორედ ასეთი აღმოჩნდა „საჭაშნიკე“ – შენობა უნიკალური ბარელიეფით, რომელზეც ამოტვიფრულია კაცისა და ქალის გამოსახულებები ყურძნის მტევნებით და ასევე თარიღი – 1969 წელი. ბარელიეფი იმდენად საინტერესოა, რომ კითხვას, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო სივრცე, პასუხი თავისთავად გაეცა. ჩავატარეთ ფოკუს-კვლევა და აღმოჩნდა, რომ ძველი თაობის თბილისელებს კარგად ახსოვთ საჭაშნიკე, ადგილი, სადაც ღვინის საყიდლად დადიოდნენ. ჩვენთვის ამ შენობამ სენტიმენტალური დატვირთვა მიიღო და ამ შთაგონებით შევიმუშავეთ ბრენდინგი. შენობის ისტორიამ დიდი გავლენა იქონია კონცეფციაზე და ამავდროულად, კარგად შეერწყა თანამედროვეობას. მუსიკალური მიმართულების ინსპირაცია კი მამაჩემის „ფლეილისტი“ გახდა, ის, რაც ჩემი ბავშვობიდან მახსოვდა…
ერთ სივრცეში მოქცეულია გრილი, პაბი და რესტორანი. როგორ მოხდა ამ სამი სტილის ერთმანეთთან დაკავშირება და ერთ კონცეფციად გადაქცევა?
პრინციპში, მარტივად – ეს სამი ერთმანეთს უხდება. პაბში, რა თქმა უნდა, წამყვანი სასმელი ლუდია. ლუდს კი სპეციფიკური, ხორციანი კერძები ძალიან უხდება. კარგად მომზადებული ხორცისთვის კი საჭიროა გრილი. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ბრენდ „მიბრასას“ გრილი, რომელიც წამყვანია ამ მიმართულებაში.
საინტერესოა, რამდენად რთული იყო სამი სტილის ინტერიერში გათვალისწინება ისე, რომ შენარჩუნებულიყო ძველი „საჭაშნიკეს“ ელემენტები და ხასიათი?
„გასტრონავტის“ არცერთ პროექტს არ აქვს ერთი კონკრეტული სტილისტური მიმართულება ინტერიერში. ჩვენი პროექტები დიზაინერ ესმა ხეცურიანთან კოლაბორაციით იქმნება და ყველა მათგანის მთავარი მიზანია იყოს ამბის მთხრობელი და არა რაიმე კონკრეტული დიზაინერული მიმართულების. ჩვენი ყველა პროექტი ეკლექტურია და სხვადასხვა ეპოქის ნაზავია. ისტორია – სწორედ ეს ქმნის ინტერიერს საინტერესოს.
რა განსაკუთრებულ კერძებს სთავაზობს „საჭაშნიკე“ სტუმრებს, როგორ ხდებოდა მენიუს კონცეფციის შემუშავება და რაზეა დასმული მთავარი აქცენტები?
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გასტრონომიულ მიმართულებაში გრილია: სტეიკი, ქაბაბი, თევზი, ბოსტნეული, მწვადი და ქათამი – ყველაფერი გრილზე მზადდება. ჩვენი გრილი, რეცეპტურაში ზედმეტი ჩარევის გარეშე, კერძებს გემრიელ, შებოლილ მარტივ გემოს აძლევს, ლუდს კი ეს გემოები ყველაზე მეტად უხდება. „საჭაშნიკეს“ გასტრონომიული კონცეფცია სხვა პაბებისა და გრილის ტიპის რესტორნებისგან განსხვავებულია.
დესერტების შერჩევისას გადავწყვიტეთ ნოსტალგიური ხაზი აქაც გაგვეტარებინა. გვყავს მომხმარებლები, რომლებიც ჩვენთან მხოლოდ დესერტისთვის მოდიან და მიირთმევენ ძველებურ ე.წ. „ტრუბოჩკას“, „მედოკს“, ვაშლისა და კომშის ღვეზელს… ისინი აღნიშნავენ, რომ ეს გემოები მათ ბავშვობაში აბრუნებს და ბებიის მომზადებულ დესერტებს აგონებს.
„საჭაშნიკეს“ ისტორიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა ღვინის ასორტიმენტი.
ღვინის ბარათი ჩვენთვის კონცეპტუალურ და ისტორიულ დატვირთვას ატარებს. ამიტომ, გარდა გამორჩეული მრავალფეროვანი ლუდის ბარათისა, ასევე გვაქვს ღვინის და ჭაჭის საუკეთესო და მრავალფეროვანი არჩევანი, რომელსაც მეღვინეობა „ბადაგონი“ სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს.
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ლუდის მიმართ ინტერესი იზრდება. რამდენი სახეობის ლუდს სთავაზობთ სტუმრებს?
„საჭაშნიკე“ მომხმარებელს 8 სახეობის ჩამოსასხმელ და ასევე, 8 სახეობის ბოთლის ლუდს სთავაზობს. გვაქვს ბელგიური, განსაკუთრებული ლუდის ჩამოსასხმელი აპარატი მაცივრის სისტემით, რომელიც ლუდის ტემპერატურას 3-5 გრადუსამდე ინარჩუნებს. ლუდის აპარატს აქვს ყველა მნიშვნელოვანი თვისება ხარისხიანი ლუდის მიწოდებისთვის.
გვიახლოვდება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული პერიოდი – ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. წელს ეს ღონისძიება განსაკუთრებით აქტუალურია და საქართველოს ნაკრების თამაშებს უკვე მთელი ქვეყანა ელოდება. ამ პერიოდში რაიმე განსაკუთრებულს ხომ არ სთავაზობს „საჭაშნიკე“ გულშემატკივრებს?
„საჭაშნიკეს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ნაწილი ჩვენს სივრცეში სპორტული ასპარეზობების ჩვენებაა. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა ეკრანები, რომლებიც დარბაზის ყველა წერტილიდან კარგად ჩანს. სივრცეში დამონტაჟებულია ასევე ერთი ძალიან დიდი ეკრანიც. გარდა ამისა, სივრცეს აქვს უმაღლესი ხარისხის ჯიბიელის ხმის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშების უმაღლესი ხარისხის, 360-გრადუსიან გახმოვანებას. მსგავსი ხარისხის ხმის აპარატურას თბილისურ პაბებში ვერ შეხვდებით. „საჭაშნიკეს“ გახსნას ძალიან კარგად დაემთხვა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და საქართველოს ნაკრების პირველი მონაწილეობა ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. დიდი სიხარულით ველოდებით სტუმრებს, რომლებიც გემრიელი კერძებისა და სასმლის თანხლებით, კომფორტულ გარემოში შეძლებენ თამაშების ყურებას. ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია და ჩვენი სივრცე საკმაოდ დიდი ინტერესით სარგებლობს – დარბაზის დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. ჩემპიონატის მსვლელობისას ასევე დაგეგმილია ბევრი საინტერესო აქტივობა, გათამაშებები, სპორტსმენებთან კოლაბორაცია და სხვა.