fbpx

ლელობურთი – ბრძოლისა და გამარჯვების დღესასწაული


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი

ორ ზღვა შუა ძველის ძველად საომარი იყო ლელო
– გალაკტიონი

რამდენიმე წელია აღდგომას გურიაში ჩავდივარ, კერძოდ კი – სოფელ შუხუთში, მიზეზი ძველი ეროვნული სანახაობა – ლელობურთია. წელს ტრადიცია დავარღვიე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და პერმანენტულმა აქციებმა დამავიწყა ეს ტრადიცია. თან ისე, რომ საერთოდაც არ გამხსენებია არც გურია და არც ბურთი, რომელსაც ორი სოფელი დააგორებს აქეთ-იქით. ახლა, როცა ქუჩაში პოლიციური რეპრესიებია და პარლამენტი რუსული კანონის მიღებას ცდილობს, მახსენდება ლელობურთი, მისი წარმოშობა და ისტორია – ერთობა, ჩართულობა და მებრძოლი სული, რაც სუფევს ხოლმე აღდგომა დღეს, სოფელ შუხუთში. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, ცოტაოდენი მოგიყვეთ ამ შესანიშნავი სპორტის ისტორიის შესახებ და ეს ყველაფერი დავაკავშირო დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ლელობურთი ერთიანობისა და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა, მისი ათვლის დასაწყისი უცნობია, ის სხვადასხვა დროს გვხვდება როგორც ანტიკურ,  ისევე რენესანსის პერიოდში, თუმცა შუხუთში შემონახული ლელობურთის თამაშობა მეცხრამეტე საუკუნის მოვლენებს, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდს, კერძოდ კი, შუხუთფერდის ბრძოლას უკავშირდება, როდესაც ოსმალების არმიის (საგულისხმოა, რომ მოღალატეების რიგებში ქართველებიც ბევრნი იყვნენ, ჰასან-ბეგ თავდგირიძის სარდლობით) გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ გურიაში გაიმართა. ქართველების არმიამ შეძლო მტრის დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობით მომხვდური  ბევრად აღემატებოდა. ბრძოლის ველზე დამარცხდა თავად ჰასან ბეგ თავდგირიძეც, რომელიც ისტორიული წყაროების მიხედვით, აზნაურმა ჭყონიამ მოკლა ცაცხვების ქვეშ, სადაც ახლა წმინდა გიორგის ეკლესიაა აგებული, და სწორედ ამ ეკლესიის  წინამძღოლს  აქვს პატივი ლელობურთის დაწყებისას ბურთი ააგდოს. ოსმალების დამარცხება აღნიშვნას საჭიროებდა – სწორედ  1854 წლიდან მოყოლებული დღემდე იმართება  ლელობურთი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ასეც – რკენაი საკვირველი – უწოდებენ. თამაშს შუხუთში ესწრებიან საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან, სოფლებიდან, თუ უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები.

რამდენჯერმე მომხდარა ისე, რომ ლელო გურიაში არ ჩატარებულა, ერთხელ ეს ძველად  – მეორე მსოფლიო ომისას იყო, ხოლო შემდეგ 2020 წელს, როცა სამყარო კორონავირუსმა მოიცვა. თუმცა ამ დროს ლელობურთით შეპყრობილმა ბელარუსელმა მორაგბემ – კირილ მალსაკოვმა თამაში ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში მოაწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეროვნული თამაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდა.

2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„რკენაი საკვირველი“ – რასაც გურულები უწოდებენ თამაშს, სრულიად არ არის უადგილო, ასეცაა, სიტყვა – „რკენაი“ შეგვიძლია შერკინებასთან დავაკავშიროთ, თამაშიც, ძირითად შემთხვევაში შერკინებით მიმდინარეობს – 16 – 18 კილომდე ბურთით, რომელიც აუცილებლად საქონლის ტყავისგან იკერება, შემდეგ კი გრიგოლეთის სილით და ნახერხით ივსება. ძველ დროში ბურთში მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაების – აგუნას წვეთს ასხამდნენ. მოგვიანებით ის ალადასტურის ღვინომ ჩაანაცვლა. თამაშში მონაწილეობს ზემო და ქვემო შუხუთი, იკეტება სამანქანო მაგისტრალი, მოთამაშეები იკრიბებიან შუაში, ბურთის გატანის წერტილად კი, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს – ღელეები ითვლება ვინც  რომელი ღელისკენ მიაგორებს ბურთს, გამარჯვებულიც სწორედ ის ხდება. ბურთის მიგორებაში კი მნიშვნელოვანი სწორედ შერკინება ხდება, რომელსაც თავისებური ჭყლეტაც მოჰყვება ხოლმე, თუმცა უბედურების თავიდან ასაცილებლად ასეთი კანონი აქვს ამ ერთი შეხედვით ქაოსურ წარმოდგენას: ხელის აწევით შეგიძლია თამაში შეაჩერო იმ შემთხვევაში, თუ ხედავ რომელიმე მოთამაშე დაშავდა.

გამარჯვებულ გუნდს, ბურთი ახლად გარდაცვლილი ახალგაზრდის საფლავზე მიაქვთ, წესი ასეთი აქვთ.

თამაში დაარსების დღიდან აღდგომას  იმართება. საბჭოთა კავშირის დროს, როცა უამრავი თამაშობა და სახალხო დღესასწაული გაუქმდა, ლელობურთს ვერაფერი მოუხერხეს, ის ჩვეულებრივ აღინიშნებოდა, თუმცა ნაცვლად აღდგომისა, პირველ მაისს იმართებოდა.

ლელოს გატანა მიზნის მიღწევას, გამარჯვებას გულისხმობს, თუმცა მას აქვს უძველესი შესატყვისიც – ის ასოცირდება წარმართული მზის ღმერთთან. გურულ ლელოს თამაშსაც აქვს ის ნიშნები, რომელიც სწორედ მის წარმართულ ხასიათზე მიგვანიშნებს, ერთ-ერთია თუნდაც წმინდა გიორგის ეკლესიის აქტუალობა. იქამდე, სანამ ქრისტიანობა შემოვიდოდა საქართველოში, ჩვენ უძველეს წინაპრებს ციური სხეულების რწმენა ჰქონდათ, ზოგან ეგონათ, რომ სამყაროს მზე, ზოგან კი – მთვარე განაგებდა. წარმართული დღეობებიც სწორედ ვარსკვლავებისადმი პატივის მიგებით იყო სავსე, ზოგჯერ პატივს მიწას და სხვა საარსებო საშუალებებს მიაგებდნენ. ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად, ზოგიერთი წარმართული დღეობა და წესი ქრება, ზოგიც კი ქრისტიანობაში გადადის, და წმინდა გიორგის ხატში ერთიანდება. ამის ერთი მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ შუბით შეიარაღებული წმინდა  გიორგი ქრისტიანობამდეც წარმოადგენდა ქართველებისთვის მნიშვნელოვან სიმბოლოს, ნადირობისა და სიძლიერის ნიშანს, შესაბამისად, მას სათანადო ადგილი ეკავა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წარმართული ნიშნები გვხვდება სხვადასხვა რეგიონში.

მართალია, თამაში გურულია და თავიც სწორედ ამ კუთხეში შემოინახა, თუმცა მას თამაშობდნენ აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოშიც კი. ერთი სიტყვით, მთელ დასავლეთ საქართველოში. არსებობს ცნობები, რომლის მიხედვითაც, ადრე, თამაშის დასრულების შემდეგ, გამარჯვების აღსანიშნავად, გამარჯვებულები ხეს ფესვებიანად მოთხრიდნენ და ეკლესიის კართან აგდებდნენ, მღვდელი კი ლოცვას წარმოთქვამდა: „დიდებულო წმინდა გიორგი, შენ მიეცი მათ შეძლება, მშვიდობა, დღეგრძელობა, ძალი და ღონე და ისე გაამარჯვებინე ყოველ წელს, როგორც ახლა“.

ლელო – წარმართი ღმერთის სახელია, არსებობს ვერსია, რომ ის უძველესი ქართული თამაშია, და თავისი სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა ყოფილიყო საბრძოლო მომზადების ერთ-ერთი საშუალება. თამაშის სტრატეგიაც გარკვეული თვალსაზრისით, მართლაც წააგავდა საბრძოლო მოქმედებას, ის მიზნად ისახავს ადამიანის ფიზიკურ აქტივობას და გამძლეობის ჩამოყალიბებას, თამაშის დროს კი პიროვნებას უყალიბდება გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი და სწორი ტაქტიკის შერჩევის ხერხი. მაგალითად, ერთ სოფელში თავადი მიქელაძის მიერ გამართულ ლელობურთში 1500 ქვეითი და 500 ცხენოსანი მონაწილეობდა. თამაშის დასასრულს გამარჯვებული მხარე სიხარულს საბრძოლო შეძახილით აღნიშნავდა – ლელო, ლელო!

ლელობურთის წესებმა ბევრი გამოიარა, ერთ დროს მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ქვეითნი, არამედ ცხენოსნებიც. გამარჯვებულიც ეგრე წყდებოდა – ვისაც მეტი ცხენი ჰყავდა, ის იგებდა.

აჭარაში ერთხელ ასეთი შემთხვევაც მომხდარა: თამაში იმართებოდა ბათუმში, დღევანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე, ლელობურთის თამაშს, ხშირად ახლდა დაპირისპირება როგორც მოასპარეზეთა, ასევე მოსახლეობასა და მთავრობას შორის. სწორედ ასეთი დაპირისპირება მოხდა ბათუმში, როდესაც კვირაცხოვლობის დღეს თამაში მოსწონებიათ დამსწრეებს, მათ შორის უცხოელებსაც, ერთ-ერთ უცხოელს კი თამაშის დროს ბურთი მოუპარია და პოლიციის განყოფილებაში წაუღია, რათა თამაში ჩაეშალა, თუმცა უშედეგოდ, მოთამაშეებმა თამაში სხვა ბურთით გააგრძელეს. პოლიციას უცხოელის მხარე დაუკავებია, თამაშის უფლება არ მიუცია და დაშლა დაუწყია, რამაც გამოიწვია დაპირისპირება, საქმე გადაიზარდა ხელჩართულ დაპირისპირებაში. არეულობისას დაშვებულა პოლიციის უფროსი, სიტუაციის განსამუხტად კი საქმეში გუბერნატორის თანაშემწე ჩარეულა, რომელმაც საზოგადოებრივი შფოთის აღკვეთის მიზნით მოთამაშეებს ლელოს თამაშის უფლება მისცა. ბუნებრივიცაა ეს ყველაფერი, ლელოს თამაშისას ადამიანი ისეთი ჩართულია, რომ ძნელია ვინმემ გამოიყვანოს ამ შინაგანი პროცესიდან, მითუმეტეს – პოლიციამ.

მეგობარი მწერს, გმირთა მოედნის გადაკეტვა იგეგმებაო, მივდივარ. თავიდან ცოტანი ვართ, ისე ცოტანი, რომ პოლიცია გვერევა. ვარაზისხევზე ასასვლელი გზის გადაკეტვას ვცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის, არც გამოცდილებაა სათანადო და არც რაოდენობა. ჩვენ წინ აბლაბუდაა გაშლილი – გმირთა მოედნის სახით. წინააღმდეგობებმა შედეგი გამოიღო, მალე ჩვენი რაოდენობა გაიზარდა, თუმცა პოლიცია მაინც გვერევა, ვხედავთ, როგორ გვეცლება ხელიდან ადამიანები – იჭერენ. შემდეგ თავისით, უნებურად, ტაქტიკა მოვიდა – ჯერ აბლაბუდის ერთ საცეცთან მივდიოდით და ვკეტავდით, როცა პოლიცია მოვიდოდა, მეორე საცეცისკენ გავრბოდით, როცა იქაც მოვიდოდა, მესამისკენ, ან ისევ იქ ვბრუნდებოდით და ასე. საბოლოოდ გმირთა მოედანი გადაიკეტა, ერთიანობისა და შერკინების მეთოდით.

ლელობურთის დროს ბურთს იგერიებ, რომ გაიმარჯვო, აქ – ერთმანეთს. ხალხს ვარწმუნებთ, რომელიც საცობში დგას, რომ შემოგვიერთდეს, იქ – მიწოლით არწმუნებენ ერთმანეთს – ლაპარაკის დრო არ აქვთ. ყველამ შესაძლებლობის მიხედვით გადავინაწილეთ საქმე და ეს იქვე, გამოუცდელობაში, ერთიანობისა და უკეთესობის სურვილში დაიბადა – ვისაც სირბილი შეეძლო, დარბოდა და გზებს კეტავდა, ვიღაცა პოლიციის გადაადგილებას ზვერავდა. ლელობურთის დროს, როცა ასობით ადამიანი ერთმანეთს აწვება და მხარი  მხარს  აქვთ შეერთებული, დახრილები არიან, და როგორც რაგბის თამაშისას, შერკინებით აწვებიან ერთმანეთს, თუ კი ვინმეს ხელი გამოჩნდება ცაში აღმართული – ე.ი. ვიღაც დაშავდა და  თამაში ჩერდება, იქამდე სანამ დაშავებული ცენტრიდან სამშვიდობოს არ აღმოჩნდება. ერთადერთი, რაც ლელოს რამდენიმე წუთი აჩერებს – ზრუნვაა, ზრუნვა ერთმანეთზე. როდესაც ქუჩას ვკეტავდით და ასფალტზე ვისხედით, ხელი ზევით გვქონდა აწეული, მშვიდობის ნიშნად,  არ დავეშალეთ, მაგრამ ისინი მაინც ახერხებდნენ თითო თითოდ მოგერიებას და ჩვენს მოპარვას.

იქვე იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ, პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. ზრუნვა – ლელობურთის დროს და აქაც – საერთოა – ის, რასაც ვერავინ ვერასდროს წაშლის და გამჯდარი გვაქვს საერთო დნმ-ში.

რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული აქცია მალე ფართომასშტაბიანად გადაიქცა – შემოგვიერთდნენ პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტებიც. რაც გმირთა მოედანზე ვიგრძენი, მახსენებს გურიას, სოფელ შუხუთს, უძველეს ქართულ თამაშს – ლელობურთს, რომელიც აღძრავს ქაოსურ, სტიქიურ და თანამონაწილეობის გადაუდებელ სურვილს.

გასულ წელს, როცა ბოლოს შუხუთში ვიყავი, სანამ თამაში დაიწყებოდა, მე და ჩემი მეგობარი, ანრი, მაისის მცხუნვარე მზეს წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მდგარ იასამნის ხის ჩრდილში ვაფარებდით თავს, თან ვსაუბრობდით, თუ რამდენად ნორმალური იყო ეს ტრადიცია, სადაც უამრავი ადამიანი შავდება, და ზოგიც კვდება კიდეც. ადრე ლელობურთი თავისი წესებითა და ადათით იმართებოდა – ალკოჰოლი მკაცრად აკრძალული იყო, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა – ეს მშვენიერი დღესასწაული ზოგჯერ ღრეობაში გადადის, თუმცა რაც  უნდა იყოს და როგორც  უნდა იყოს, თავის მთავარ მამოძრავებელ წერტილს არ კარგავს – ერთიანობისა და გამარჯვების.

როგორ შეიძლება გააკონტროლო ის, რომ არავინ დაშავდეს, ეს გარდაუვალია, ერთადერთი, ხანში შესული, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არ უნდა ეკარებოდნენ თამაშს, მაგრამ მიდი და გააჩერე გადარეული, ტემპერამენტიანი გურული, არა მგონია, ეს ვინმემ შეძლოს.

დავინახეთ მამა საბა ბურთით ხელში, ეკლესიიდან გამოდიოდა და ჩვენც ეზოდან სკოლისკენ დავიძარით. თამაში რამდენიმე წუთში დაიწყო. თავიდან ფოტოებს დისტანციით ვიღებდით, შემდეგ კი სანახაობამ ისე მიგვიზიდა, რომ უფრო მივუახლოვდით, იყო მომენტები, თავად მონაწილეები ჩერდებოდნენ და უსაფრთხო დერეფანს მიკეთებდნენ, კარგი კადრებისთვის. ამ პროცესში ანრის ფოტოაპარატის ლინზა დაუზიანდა და მალევე ზემოელებსა და ქვემოელებს თამაშში შეუერთდა, ისიც აწვებოდა, თითქოს ეს მისი ბრძოლა იყო. რამდენიმეწუთიანი დაკვირვებისა და დოკუმენტაციის შემდეგ მივხვდი, რომ ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ფოტოგრაფიით გატაცება, ეს იყო ჩვენი კოლექტიური ბრძოლა, წინააღმდეგობის არსი და ძნელად მოპოვებული თავისუფლება, რომელიც თან ახლავს ჩვენს ისტორიას – ეს რეზონანსი იყო ანრიში, ჩემში და ადამიანებში გარშემო. ამ ჟინმა გადაარჩინა ეს ტრადიცია, რომელიც, როგორც ვახსენე მტერზე გამარჯვების აღსანიშნავად დაიწყეს გურულებმა. ზუსტად ამ გამარჯვების ჟინი ჩქეფს ჩვენში ახლაც.

ბოლოს ობიექტივის წინ ვიდექი, გაუცნობიერებლად მათი თამაშის მონაწილე გავხდი.

ბრძოლა გრძელდება და იმედია სამართლიანად დამთავრდება: „ლელო! ლელო!”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.