fbpx

„უხილავი თამაში“ – პრემიერა „Cavea +“-ზე


გააზიარე სტატია

ახალი სერიალის პრემიერა  9 ივნისს შედგება. პროექტზე ორი რეჟისორი – გიორგი ქადაგიძე და სოსო ბლიაძე ერთობლივად მუშაობდნენ და დასში ახალი და ძველი თაობის ყველაზე ცნობილი მსახიობები მოიწვიეს.  სერიალი ქართველი მწერლის, მარიამ ბექაურის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. ახალ, ფსიქოლოგიურ ტრილერზე მსახიობები – კახა კინწურაშვილი და ნინო კასრაძე გვესაუბრებიან.

კახა კინწურაშვილი დიდი ხანია არ გამოჩენილა ტელეეკრანებზე – სერიალ „ტიფლისის“ შემდეგ. „უხილავ თამაშში“ მსახიობი ფსიქოლოგის როლს ასრულებს. ნინო კასრაძემ კი თავი დაგვამახსოვრა ძლიერი, დამოუკიდებელი ქალების როლების თამაშით.  ნინო ახალ პროექტში გამომცემლობის დირექტორის როლს ასრულებს და აქაც დიდი კრიზისების მართვა უწევს. 

 

რა განსხვავებაა თეატრსა და კინოში/სერიალში თამაშს შორის? 

კახა კინწურაშვილი: გადაღებების დროს ყველაფერი სწრაფად ხდება, რთულია გაიაზრო მთლიანი ამბავი, როდესაც თეატრის მსახიობისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია რეპეტიციები, სადაც დიდხნიანი მუშაობისა და ცდების შემდეგ მიდიხარ საბოლოო შედეგამდე. 

ნინო კასრაძე: თეატრი სხვა რუტინული სამუშაოა, ამ თვალსაზრისით არის განსხვავება, მაგრამ ორივე ერთმანეთს ავსებს და ორივე გამოცდილება საინტერესოა მსახიობისთვის. ფილმი რეჟისორის არის, სპექტაკლი ჩვენ გვრჩება, კინო კი არა – არ ვიცით, საბოლოოდ რა გამოვა.  

 

რატომ იყო ეს პროექტი თქვენთვის საინტერესო? რა გამოწვევების წინაშე დადექით? 

კახა კინწურაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხედავ სურვილსა და რწმენას, მივხვდი, თუ როგორი მნიშვნელოვანია ხელოვნებაში, როდესაც რამეს აკეთებ არამხოლოდ გამოცდილებისა და წარმატების გამო. ამ შემთხვევაში ეს გახდა საპირწონე მიზეზი. არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა და ეს იყო გამოწვევა, უბრალოდ ვენდე ადამიანს, მივეცი შანსი ჩემს თავსაც და მასაც და შედეგმა, ვფიქრობ, გაამართლა.  

ნინო კასრაძე:  გავიგე, რომ მარის  (ავტორი) წიგნის მიხედვით იღებდნენ სერიალს, რაც უკვე საინტერესო დამთხვევა იყო ჩემთვის. ასევე ყოველთვის საინტერესოა ახალი პერსონაჟის განსახიერება და ახალი გამოცდილების მიღება.  

წაიკითხეთ თუ არა წიგნი, თუ კი, რამდენად დაგეხმარათ როლის შესრულებაში?

კახა კინწურაშვილი: ვაპირებდი წიგნის წაკითხვას, რადგან მარიამს და მის შემოქმედებას ვიცნობ, მაგრამ როდესაც შევხვდი მარის, მივხვდი, რომ ჯობდა ყველაფერი თეთრი ფურცლიდან დამეწყო, რადგან სცენარი ყოველთვის განსხვავებულია. 

ნინო კასრაძე: წიგნი წაკითხული მაქვს, მაგრამ მერე ბევრი რამ შეიცვალა, ერთობლივი ნამუშევარი გახდა, რეჟისორებისა და მარის, მეც მივაწოდე ბევრი იდეები. 

 

რამდენად მოგწონთ ფსიქოლოგიური ტრილერის ჟანრი? 

ნინო კასრაძე: ყველაფერი კარგია, რაც კარგად გაკეთებულია. მითუმეტეს, როდესაც  ჩვენთან სიმწირეა პროდუქციის და ჟანრებს შორის დიდი არჩევანი არ არის. არსებობს ცუდი და კარგი კინო. 

კახა კინწურაშვილი: ფსიქოლოგიური ტრილერი თავისთავად საინტერესოა, მაგრამ სერიალში მისტიკაც არის ჩართული, რაც ერთგვარ რისკსა და გამოწვევას ქმნიდა, რადგან შეიძლებოდა არადამაჯერებელი გამოსულიყო. მაგრამ ყველანი მზად ვიყავით იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ დაგვეჯერებინა ეს ამბავი და ისე მოგვეყოლა. 

 

ჰგავს თუ არა თქვენი პერსონაჟი თქვენ მიერ შესრულებულ სხვა პერსონაჟებს? გგავთ თუ არა ის თქვენ? 

კახა კინწურაშვილი: მსახიობი ემოციური ათლეტია, უწევს სხვადასხვა მდგომარეობისა და ემოციის შემოშვება, ტარება და შემდგომ ჩვენება. საერთოდ, რა თქმა უნდა, როდესაც ერთი ადამიანია მსახიობი, მასზე შენდება ნებისმიერი პერსონაჟი. შესაბამისად, ყველა გმირს რაღაც საერთო აქვს. ჩემი გმირი არის ფსიქოლოგი, რომელმაც დიდი ტრავმა გადაიტანა, რაღაც დროის შემდეგ, როცა პოულობს საკუთარ თავში ძალას, ყველაფერს თავიდან იწყებს. რადგან პროფესიის გარდა სხვა არაფერი დარჩა. შემოდის ახალი პაციენტი და იწყება ახალი სიუჟეტი. სერიალის მთავარი ხერხემალიც ეს არის, დანგრეული ადამიანი, ცდილობს ამოყვინთოს, ეჩეხება ახალ გამოწვევებს და კვლავ ცდილობს იპოვოს საკუთარ თავში ძალები. 

ნინო კასრაძე: საბოლოოდ ყველა პერსონაჟი შენ გგავს. მთავარია, სხვადასხვა ისტორიაში სხვადასხვა ადამიანის ამბავს ჰყვებოდე. ჩემი პერსონაჟი რადიკალურად განსხვავებული ვერ იქნება, რადგან ერთ სამყაროში, ერთ სოციუმში არსებობს. მთელი ჩვენი ცხოვრება არის მიზეზშედეგობრივი კავშირი და იგივე ხდება ჩემი პერსონაჟის ცხოვრებაშიც – ექვსი სერიის განმავლობაში, რაღაც დასკვნებამდე მიდის, კათარსისს გადის ჩემი გმირი.   

სხვა რომელი პერსონაჟი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო? 

კახა კინწურაშვილი: ამ პროექტში ყველა გმირი საინტერესოა მსახიობისთვის, რომ მისი ცხოვრება გაიაროს. მეც ინტერესით ვიყავი ჩართული გიორგისთან ერთად მათ განვითარებაში.  

ნინო კასრაძე: ეკა დემეტრაძის პერსონაჟი უაღრესად საინტერესოა ჩემთვის, ქართულ რეალობაში მსგავსი გმირი ჯერ მინახავს. 

 

როგორი იყო გუნდთან მუშაობა? 

ნინო კასრაძე: თემიკო ჭიჭინაძესთან ძალიან საინტერესო იყო მუშაობა, რადგან აქამდე ხშირად გვითამაშია ერთად. დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი და ბევრი საინტერესო რამის სწავლა შეიძლება მისგან. 

კახა კინწურაშვილი: პირველად ვიმუშავე ორ რეჟისორთან, რაც ახალი, საინტერესო გამოცდილება იყო და ეს პირიქით, დაეხმარა პროცესს. იმედია მაქვს, რომ მსგავსი პროექტები ბევრი და ხშირი იქნება, მითუმეტეს ახლა, როცა კინო საფრთხეშია. საქართველო ყოველთვის იყო იდეა და არასოდეს დავნებდებით არც მე და არც თქვენ.  

 

რას უნდა ელოდოს მაყურებელი? (პასუხები სპოილერების გარეშე)

კახა კინწურაშვილი: მაყურებლის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, რადგან თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი აღქმა და განვრცობის უნარი. ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით, რა რეაქცია ექნება მაყურებელს.  

ნინო კასრაძე: გადაღებების შემდეგ, როდესაც ჩვენ ვტოვებთ გადასაღებ მოედანს, ფილმი ხვდება რეჟისორის ხელში, ასე რომ, ჩვენც არ ვიცით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენც განვცვიფრდებით. იმედგაცრუებისა და დაპირისპირების ფონზე, განსაკუთრებით ამ გარემოში, რომელიც ახლა ძალიან დამთრგუნველია, ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა გავაკეთოთ, შევეწინაღმდეგოთ კანონს, ვიმუშაოთ, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის და საკუთარ ქვეყანაში შევქმნათ ხელოვნება. 

 

მინისერიალი 6 სერიისგან შედგება და მისი სიუჟეტი ასეთია: თბილისში ლიტერატურული გამომცემლობა გადაწყვეტს ორი ახალგაზრდა დებიუტანტი მწერლის წიგნის გამოცემას. დედლაინის დღეს მწერალი და რეპერი ნიკოლოზ მეში (გივიკო ბარათაშვილი) გამომცემლობას დაუსრულებელ წიგნს უგზავნის. გამომცემლობის დირექტორი ნანა (ნინო კასრაძე) წიგნის პირველი ნაწილის წაკითხვისას აღმოაჩენს, რომ ბლოგერ სოფია გილგას (ნინა ლორთქიფანიძე) ამბავი მეშის წიგნის პერსონაჟის ამბის იდენტურია. ბლოგერს რეტროგრადული ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა. სერიალის გმირები ცდილობენ გაიგონ პასუხი, თუ როგორ მოხდა, რომ ერთი მწერლის გამონაგონი მეორე მწერლის ცხოვრებაში რეალობად იქცა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.