fbpx

ევროპის ჩემპიონატის წინ…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

დაძაბული საკლუბო სეზონის შემდეგ გულშემატკივრებს წლეულს განსაკუთრებული სანაკრებო სანახაობები ელოდებათ, რადგან სულ რაღაც ორი თვის  განმავლობაში ერთდროული ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების შემდეგ, ოლიმპიური ტურნირიც ჩატარდება.

კარსმომდგარი სანაკრებო სეზონის წინ არსებულ მდგომარეობასთან ჩვენი დამოკიდებულება კი გასაგებ მიზეზთა გამო, ამჯერად სრულიად განსხვავებულია, რადგან მოუთმენლად ველით საქართველოს ნაკრების წარმატებას პირველივე მატჩში თურქეთის წინააღმდეგ.

საქართველოში უდიდესი მოლოდინია ჩვენი ნაკრების ასპარეზობის მიმართ და გუნდის პლეიოფის ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ჩვენი ბიჭები გარდა იმისა, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს გადაშლიან, თანამემამულეებს ძალაუნებურად მეტი სიმშვიდისკენ, ურთიერთპატივისცემისკენ, ურთიერთსიყვარულისკენ და საქმისადმი ერთგულებისაკენ მოუწოდებენ…

პლეიოფის ეტაპზე პოტენციურ მოხვედრასთან დაკავშირებით კი გულშემატკივრები სხვადასხვა მოდელს აწყობენ, რაც სინამდვილეს შეიძლება ეხმაურებოდეს კიდეც, რადგან საფეხბურთო მოვლენების შეფასებისას ყოველთვის შესაძლებელია  წარსულთან პარალელების გავლება.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილ 24 გუნდთაგან ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ანალოგიურ მდგომარეობაში იყო 2004 წელს საბერძნეთის ნაკრები, რომელმაც ტურნირის განმავლობაში, ძირითად დროში ორჯერ დაამარცხა ჩემპიონატის მასპინძელი პორტუგალია და ჩემპიონი ისე გახდა.

ჩვენმა გუნდმა წინა ევროპის ერთა ლიგის გათამაშების ფინალი დათმო, მაგრამ მომდევნო შანსი გამოიყენა და თანაც ისე, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენა ჯგუფებში გამარჯვებულ გუნდებს შორის და ამიტომ მას პლეიოფების საკუთარ მოედანზე თამაშის პატივი ერგო.

ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ ერთა ლიგის მეორე ტურნირი ჩვენთვის გაცილებით რთული იყო, რადგან ამჯერად უკვე C კატეგორიაში ვასპარეზობდით და აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ტურნირის მომდევნო გათამაშებას საქართველოს ნაკრები გაცილებით რთულ,  B კატეგორიაში ჩაატარებს, რაც ძალაუნებურად მისი თამაშის ხარისხის ამაღლებას განაპირობებს.

როგორც ვხედავთ, ჩვენი გუნდი თანდათანობით, მეთოდურად პროგრესირებს და ამიტომ ბუნებრივი კითხვა იბადება. რა უფრო რთულია, ერთა ლიგის ტურნირიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა თუ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა?

ამაზე პასუხს კვლავ ის საბერძნეთის ნაკრები გაგვცემს, რომლის ფეხბურთელებსაც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე არამცთუ ტიტულის მოპოვების, არამედ ჯგუფიდან გასვლის იმედი არ ჰქონდათ. 

პლეიოფებში კი მათ ზედიზედ საფრანგეთის, ჩეხეთის და მასპინძელი პორტუგალიის ნაკრებები დაამარცხეს.

ჩემპიონობაზე ალბათ არ ვფიქრობთ, მაგრამ რატომ არ უნდა დავძლიოთ ჯგუფური ეტაპი, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ზუსტად იმ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ აღმოვჩნდით, რომელიც ევროპის თასის მოგების 20 წლისთავის აღნიშვნას გერმანიის ჩემპიონატზე ოცნებობდა?

გავითვალისწინოთ ისიც, რომ საბერძნეთს წლეულს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ შესარჩევ ციკლში მან ვერაფერი გააწყო საფრანგეთის და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ, რაც სრულიად ლოგიკურია. ჩვენ კი საბერძნეთის ნაკრებს მოვუგეთ.

ამჯერად საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია და საბერძნეთის ნაკრების კატეგორიის ორი გუნდი – თურქეთი და ჩეხეთია. 

მეტოქეების თვალსაზრისით ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან კაცმა არ იცის, ჯგუფიდან გასვლის უფრო დიდი შანსი ჩვენ გვაქვს თუ მოქმედ ჩემპიონ იტალიას, რომელსაც მეტოქეებად ესპანეთი, ხორვატია და ბრაზიანი ალბანეთი ჰყავს.

ევროპის ჩემპიონატის წინანდელ ამხანაგურ შეხვედრებში ჩვენი მეტოქეებიდან მხოლოდ ყველაზე ძლიერმა, პორტუგალიამ წააგო.

ხორვატიის ნაკრებმა არაჩვეულებრივად ითამაშა ევროპის 2016 წლის ჩემპიონის წინააღმდეგ და მეტოქე სტუმრად ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ შეხვედრის დაწყებამდე მიცემულ ინტერვიუში პორტუგალიელთა მწვრთნელ რობერტო მარტინესს ხორვატია ევრო 2024-ის ფავორიტთა შორის არ დაუსახელებია. იქნებ ამიტომ იყვნენ გამარჯვებაზე ასე მომართულნი ხორვატები ამ მატჩში, გარდა იმისა, რომ მათ იქამდე ერთი მოგებაც არ ჰქონიათ პორტუგალიელებთან?

პროგნოზირების სხვადასხვა პრესტიჟული კვლევითი ცენტრების თანახმად, ტურნირის მთავარ ფავორიტად ინგლისის ნაკრები ითვლება, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ისლანდიასთან ამჯერადაც დამარცხდა. ოღონდ ეს უკვე საკუთარ მოედანზე და მთელი 90 წუთის განმავლობაში გატანილი ბურთის გარეშე მოხდა.

ამხანაგური მატჩები ყოველთვის დიდი სატყუარაა ამა თუ იმ გუნდის თამაშის ხარისხის შესაფასებლად, მაგრამ გარკვეული სისუსტეების დანახვა ზოგჯერ შესაძლებელია.

ორიოდე სიტყვით მეკარეების თამაშს თუკი შევეხებით, უნდა ითქვას, რომ წაგებული მატჩის და ორი გაშვებული ბურთის მიუხედავად, ხორვატებთან შეხვედრაში პორტუგალიელთაგან საუკეთესო ალბათ მათი გოლკიპერი დიოგუ კოშტა იყო.

გერმანიის ნაკრები კი ფრთხილად უნდა იყოს ძირითადი მეკარის არჩევანთან დაკავშირებით, რადგან საბერძნეთთან გაშვებულმა გოლმა ცხადყო, რომ მანუელ ნოიერს მადრიდის „რეალთან“ „ბაიერნისთვის“ დამღუპველი გოლი შემთხვევით არ გასვლია და მას ტრავმიდან მობრუნების შემდეგ, ზოგჯერ სისხარტე ღალატობს ხოლმე, მაგალითად, კურტუასგან განსხვავებით, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი უშეცდომოდ ჩაატარა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ანგარიშით 5:1-ის განადგურების მიუხედავად, ესპანელთა გოლკიპერი უნაი სიმონი არ ყოფილა ბოლომდე დამაჯერებელი ამ მატჩში, ხოლო ისლანდიელების წინააღმდეგ შეხვედრაში გაშვებულ ერთადერთ გოლში კი ინგლისელთა მეკარე რამსდეილის დადანაშაულებაც შეიძლება.

აი გიორგი მამარდაშვილმა კი ერთი ისეთი ბურთი აიღო მონტენეგროსთან შეხვედრაში, როგორსაც მსოფლიოს ნებისმიერი მეკარე ინატრებდა.

ზოგადად, საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გასვლაზე მონტენეგროსთან და ანგარიშით 3:1 ისე გაიმარჯვა, რომ გუნდის ნებისმიერმა მოთამაშემ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

პირველი გოლი მატჩის მე-10 წუთზე ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა, როდესაც მეტოქის საჯარიმო მოედანში ჩასულმა გველესიანმა ბურთი თავით კიტეიშვილს გადაუგზავნა. ამ უკანასკნელს კი ლამის კარის ხაზიდან გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

მეორე გოლი მატჩის 33-ე წუთზე მიქაუტაძემ კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა, ხოლო ყველაზე დასამახსოვრებელი საქართველოს ნაკრების მიერ მატჩის 84-ე წუთზე გატანილი ბურთი აღმოჩნდა, რადგან მასში მონაწილეობა იქამდე ოთხი წუთით ადრე მოედანზე შესულმა ერთბაშად სამივე ფეხბურთელმა – მექვაბიშვილმა, დავითაშვილმა და ზივზივაძემ მიიღო. 

მექვაბიშვილმა  ბურთი გაგზავნა  დავითაშვილის მისამართით, ეს უკანასკნელი საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ სანამ მსაჯი პენალტის დანიშნავდა ან არ დანიშნავდა, ზურიკოს წამაქცევ მცველს ზივზივაძემ ბურთი აართვა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ სამი გოლის გარდა, საქართველოს ნაკრებმა აურაცხელი მომენტები შექმნა მეტოქის კართან და თამაშის უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო. მონტენეგროსთან გასვლაზე ორი ბურთის უპირატესობით მოგებაზე უარს კი ევროპის საფეხბურთო გრანდებიც არ იტყოდნენ. 

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ეტაპზე გასვლა უფრო ადვილი აღმოჩნდება, ვიდრე იქამდე ამ ჩემპიონატზე მოხვედრა… 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.