fbpx

საფეხბურთო ზეიმი დაწყებულია!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპის ჩემპიონატს ამჯერად პანდემიის გამო მხოლოდ სამ წელიწადს ველოდით და გახსნის ცერემონიალის დროს ბევრ გულშემატკივარს ალბათ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს წინა ტურნირი ეს ეს არის დასრულდაო.

მაგრამ მატჩმა, რომელიც ცოტა ხანში ვიხილეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ათი წლის წინანდელი ამბავი გაგვახსენა, როდესაც გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კრიშტიანუ რონალდუს ნაქები პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

იმ ტურნირზე საბოლოოდ გერმანიამ ბრაზილია მისივე მოედანზე ანგარიშით 7:1 დაამსხვრია, ხოლო ფინალში არგენტინა მარიო გიოტცეს გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. 

მაგრამ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიო თუ ევრო ასპარეზზე, იგი მუდმივმა წარუმატებლობებმა მოიცვა.

ევრო 2024-ის გახსნის მატჩში მაშინდელი პორტუგალიის როლი შოტლანდიამ იტვირთა, 2014 წლის დიდი გუნდიდან კი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მოედანზე ორი ფეხბურთელი – მანუელ ნოიერი და თომას მიულერი გამოჩნდა. 

იმ შემადგენლობის კიდევ ერთ წარმომადგენელ მათს ჰუმელსს, რომელსაც წლეულს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, არ გაუმართლა, როდესაც ნაკრების შემადგენლობის მიღმა დარჩა.

ნოიერმა კი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ალბათ ყველაზე შემთხვევითი ბურთი გაუშვა, რადგან შოტლანდიელებს მთელი მატჩის განმავლობაში მისი კარის მიმართულებით საერთოდ არ დაურტყამთ, რუდიგერი კი ნამდვილად არ იმსახურებდა ავტოგოლს იმ მატჩში, რომელიც საუკეთესო იყო გერმანიის ნაკრებისთვის უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

შოტლანდიის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი რომ არ არის, ცოტა ხნის წინ თავის თავზე თვით ესპანეთის და სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებებმა გამოცადეს, მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია და სკოტებისთვის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში მოხვედრა, როგორც ჩანს, ტრადიციულად ისეთივე მიუღწეველი დარჩება, როგორც შემადგენლობაში ჰარი კეინის მყოლ გუნდს ჩემპიონის ან თასის მფლობელის ტიტულის მოპოვება…

ტონი კროოსმა ანგარიშით 5:1 მოგებულ მატჩში 102 გადაცემიდან 101 ზუსტად შეასრულა, მაგრამ საგოლე გადაცემები და გოლები სხვების, და რაც მთავარია, სულ სხვადასხვა ფეხბურთელების ანგარიშზეა. 

სტატისტიკური თვალსაზრით კი უმთავრესი ფლორიან ვირცის გოლია, რადგან სწორედ „ლევერკუზენის“ ახალგაზრდა ფორვარდმა გახსნა ევრო 2024-ზე გოლების ანგარიში.

A ჯგუფში გერმანიის მსგავსად შვეიცარიის ნაკრებმაც გაიმარჯვა. უნგრელები პირველი ტაიმის ანგარიშით 0:2 წაგების შემდეგ, შესვენების მერე თითქოს გონს მოეგნენ და ერთი ბურთი გაქვითეს კიდეც, მაგრამ შვეიცარიელებმა  კარგად გამოიყენეს ელვისებრი კონტრიერიშების იარაღი და მატჩის ბოლომდე ორბურთიანი უპირატესობის აღდგენის გარდა, კიდევ არაერთი საგოლე ეპიზოდი გაანიავეს.

შაბათ საღამოს განსაკუთრებული ინტერესით მაყურებლები B ჯგუფის მატჩს ელოდნენ ესპანეთის და ხორვატიის ნაკრებებს შორის, რომელმაც ტურნირის პირველ ორ შეხვედრას როგორც ინტრიგის, ისე სანახაობრივი თვალსაზრისითაც აჯობა.

„სიკვდილის ჯგუფის“ მოწინააღმდეგენი შარშან ერთმანეთს ერთა ლიგის ტურნირის ფინალშიც დაუპირისპირდნენ, რომელშიც ესპანელებმა თერთმეტმეტრიანების სერიით გაიმარჯვეს. 

იმ მატჩში ხორვატთაგან პენალტი ბრუნო პეტკოვიჩმა ვერ გამოიყენა. ახირებულმა ხორვატმა ამ შეხვედრაშიც გადაწყვიტა თერთმეტმეტრიანის შესრულება, რომელიც უნაი სიმონის სულელურ შეცდომას მოჰყვა, მაგრამ ესპანელთა მეკარემ გამოასწორა დანაშაული. 

ხორვატებმა დამატებაზე კი გაიტანეს, მაგრამ პენალტის დარტყმამდე მეტოქის საჯარიმო მოედნისკენ პერიშიჩის ნაადრევი გაქცევის გამო, მისი საგოლე გადაცემის შედეგად გასული ბურთი არ ჩაითვალა.

სინამდვილეში კი მეორე ტაიმი მხოლოდ მეორეხარისხოვანი დამატება იყო იმ საოცარი მატჩისა, რომელშიც ესპანელებმა პირველ ტაიმშივე დააფიქსირეს ანგარიშით 3:0 მოგება. 

პირველი გოლი ფაბიან რუისის ალვარო მორატას მისამართით გაკეთებულ დიდებულ გადაცემას მოჰყვა, რომელიც ამ უკანასკნელმა უნაკლო დარტყმით დააგვირგვინა. 

შემდეგ უკვე თვით რუისმა გამოიჩინა თავი, რომელმაც ჯერ მოდრიჩს აუარა გვერდი, შემდეგ კი შუტალოს ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი და გოლი ისე გაიტანა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე კი ლამინ იამალის გადაცემას საჯარიმო მოედანზე მოულოდნელად შეჭრილი დანი კარვახალი გამოეხმაურა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გოლი თავის პირველივე მატჩში გაიტანა.

როგორ უცნაურადაც  უნდა გვეჩვენოს, ხორვატებთან მატჩი კარვახალისთვის ამ ტურნირზე მართლაც პირველი იყო, რადგან წინა ორი ჩემპიონატი მადრიდის „რეალის“ მცველმა ტრავმის გამო გამოტოვა. 

იამალი კი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ და 16 წლის ასაკში ყველაზე მცირეწლოვანი საგოლე გადაცემის ავტორად იქცა, რასაც გარკვეული ალბათობით მომავალ მატჩებში ამავე სტატუსის გოლსაც მოაყოლებს.

საინტერესოა, რომ ხორვატები საკუთარ კარში გოლებს მეტოქის კართან საგოლე ეპიზოდებით ეხმაურებოდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათ ან უნაი სიმონი ეღობებოდათ გზაზე, ან დარტყმის ეპიზოდში დამაჯერებლობა ღალატობდათ.

ხორვატიის ნაკრებმა ამ მატჩში ერთი დიდი სენსაცია მაინც მოახდინა. მან ბურთის ფლობის უპირატესობა წაართვა თვით ესპანეთის ნაკრებს, რაც 2008 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს… 

ამ ჯგუფის მეორე მატჩშიც სამივე ბურთი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა. ფედერიკო დი მარკოს დაუდევრად ჩამოწოდებული აუტით ალბანელმა ბაირამიმ ისარგებლა და მატჩის 30-ე წამზე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

მაგრამ ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები შაბათ საღამოს წაგებას სულაც არ აპირებდა. „სკუადრა აძურა“ მალე გონს მოეგო და მე-11 წუთზე ბასტონის და მე-16 წუთზე ბარელას გოლებით ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

ანალოგიური ანგარიშით დასრულდა D ჯგუფის პირველი მატჩი ნიდერლანდებისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის. 

თამაში თავიდანვე „ნარინჯისფერთა“ დომინირებით დაიწყო, მაგრამ გოლი მათ ლევანდოვსკის შემცვლელ ბუკსას მიერ შესანიშნავად შესრულებული თავური დარტყმის შემდეგ გაუშვეს.

ჰოლანდიამ ანგარიში პირველ ტაიმშივე გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი ვეგჰორსტმა მოედანზე გამოსვლიდან ორიოდე წუთში ბურთთან პირველი შეხებისთანავე გაიტანა. 

გასაკვირი ამაში არც არაფერი ყოფილა, რადგან წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ამ თავდამსხმელმა მოედანზე შესვლის შემდეგ არგენტინას ერთბაშად ორი ბურთი გაუტანა, რომელთაგან პირველი პოლონეთის მსგავსად 83-ე წუთზე, ხოლო მეორე კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-11 წუთზე დაფიქსირდა. 

აქ ნახსენები ხუთი მატჩიდან თითოეულში სულ მცირე სამი გოლი გავიდა. C ჯგუფში კი გუნდებმა სულ სამი ბურთი გაიტანეს. 

ინგლისის ნაკრებმა ჯუდ ბელინგემის გოლის წყალობით სერბეთი დაამარცხა და ამასთან ერთად ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო დანიისა და სლოვენიის შეხვედრაში კი ევროპის ჩემპიონატზე პირველი ფრე  (1:1) დაფიქსირდა. 

ამ მატჩში განსაკუთრებულად სასიხარულო იყო კრისტიან ერიქსენის გოლი, რომელმაც გააქარწყლა 2021 წელს დანიელ ფეხბურთელთან დაკავშირებული ამ ტურნირის ყველა დროის ყველაზე საშიში მოგონება… 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.