fbpx

საფეხბურთო ზეიმი გრძელდება!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ისტორიაში აუცილებლად შევა როგორც სანახაობრივი თვალსაზრისით გამორჩეული ტურნირი, რადგან პირველ ორ ტურში შემდგარი ამდენი საინტერესო დაპირისპირება აქამდე არცერთ ჩემპიონატს არ შემოუნახავს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კი თამამად შეუძლიათ თქვან, რომ თავადაც მიიღეს მონაწილეობა ამ საფეხბურთო დღესასწაულში, რადგან მათი მონაწილეობით აქამდე ჩატარებული ორივე შეხვედრა დიდი საფეხბურთო სპექტაკლის ნაწილად იქცა.

ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო ისტორიის ფურცელი ჯერ კიდევ 26 მარტს გადაშალა, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ბოლო – 24-ე საგზური მოიპოვა. 

ამჯერად კი მესამე ტურში პორტუგალიის დამარცხების და მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, მას ამ ისტორიაში კიდევ ერთი ფურცლის გადაშლის შესაძლებლობა მიეცემა.

მაგრამ, როგორც არ უნდა დასრულდეს მესამე ტურის შეხვედრა, ფაქტია, რომ ჩვენმა გუნდმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინა, ორივე თამაშში გოლის გატანა შეძლო და კიდევ არაერთი საგოლე ეპიზოდი შექმნა.

საინტერესოა, რომ ჩეხებთან მატჩში ჩვენები პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე დაწინაურდნენ და მატჩის უკანასკნელ შეტევაში ახლოს იყვნენ სამი ქულის მოპოვებასთანაც, ხოლო თურქებთან შეხვედრაში კი მატჩის ბოლოსკენ მათ ბურთი ძელს გაარტყეს და გოლის შემთხვევაში ვინ იცის, იქნებ დარჩენილ დროში საკუთარ კარში გაშვებული დასანანი გოლის სანაცვლოდ, დაწინაურებულიყვნენ კიდეც.

ამ ეპიზოდებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს თითქოს ერთი მატჩი მაინც უნდა მოეგო, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენების კართან შექმნილ მრავალ საგოლე მომენტს და პირველი ორი ტურის მიხედვით ტურნირის საუკეთესო მეკარის – გიორგი მამარდაშვილის არაჩვეულებრივ „სეივებს“ არ გავითვალისწინებთ. 

მთლიანობაში ჩვენმა გუნდმა კოლოსალური გამოცდილება მიიღო და ტურნირზე მოპოვებული ისტორიული ქულა სრულიად სამართლიანად დაიმსახურა. 

ცალკეული ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის შეფასება კი ალბათ სამომავლო საქმეა, როდესაც გუნდს უკვე გაცილებით მაღალი სტატუსით მოუწევს საფეხბურთო არენაზე გამოსვლა და პროგრესირება, რადგან საოცრად ერთგული, მაგრამ უკვე გაცილებით მომთხოვნი გულშემატკივრების წინაშე უკან დასახევი გზა უკვე აღარ იარსებებს. 

ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიის ნაკრებმა კი თურქებთან საჩემპიონო მატჩი აჩვენა და მეტოქე მშრალი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

კიდევ ვინ აჩვენებს საჩემპიონო თამაშს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე?

ალბათ განსაკუთრებულ სიმპათიას ესპანეთის ნაკრები იმსახურებს, რომელმაც გარდა იმისა, რომ როგორც ხორვატიის, ისე იტალიის ნაკრებები აშკარა უპირატესობით დაამარცხა, ამ შეხვედრებში საკუთარი კარის მშრალად შენარჩუნებაც შეძლო.

ესპანელებს მოენატრათ ტიტული, რაზეც მათი აშკარა წინსვლა მეტყველებს გუნდში მწვრთნელად დე ლა ფუენტეს მისვლის შემდეგ, რომელმაც ასაკობრივ ნაკრებებთან მოპოვებული წარმატებების შემდეგ ერთა ლიგის ბოლო ტურნირიც მოიგო.

არ არის გამორიცხული, რომ ესპანელებს მიმდინარე ტურნირზე კიდევ ერთხელ და თანაც გადამწყვეტ მატჩში მოუწიოთ მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება, რადგან არც ლუჩანო სპალეტია ამბიციას მოკლებული მწვრთნელი, რომელმაც შარშან „ნაპოლი“ ევროპის საკლუბო ფეხბურთის აღმოჩენად აქცია ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად…

ტურნირზე ზოგადად იტალიური საფეხბურთო აზროვნება დომინირებს, რადგან თვით „სკუადრა აძურას“ გარდა, იტალიელი მწვრთნელები ჰყავთ სლოვაკეთის, თურქეთის და უნგრეთის ნაკრებებს.

ინგლისელი გარეთ საუთგეიტი კი აგრძელებს თავის არასახარბიელო ტრადიციას და   უღიმღამო ხელწერით აწვალებს როგორც საკუთარ ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს. 

საინტერესოა ვის და რას უნახავდა ძალებს ინგლისის ნაკრების თავკაცი, როდესაც ერთა ლიგის ტურნირზე ჯგუფში უკანასკნელ ადგილს უმიზნებდა, გადაჰყავდა რა გუნდი B კატეგორიაში?

ამის შემდეგ იგი გუნდიდან არ გაუშვიათ. სამაგიეროდ მან თავად გაუშვა პეპ გვარდიოლას გამოზრდილი ჯეკ გრილიში და ყველაზე სანდო მცველი ჰარი მაგუაიერი. ნუთუ ასე გაძლიერდა ინგლისის ნაკრების დაცვა მის გარეშე?

აი ბელინგემი კი ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია გარეთ საუთგეიტის სახელის უკვდავყოფა, რადგან ის თუ ჩაიდენს იმ სასწაულს, ინგლისის ნაკრების გაჩემპიონება რომ ჰქვია.

მაგრამ ახალგაზრდა ფენომენს შეიძლება უკვე ნერვებმა უმტყუნა კიდეც, რადგან დანიასთან მატჩში ის იმდენად ეფექტური აღარ ყოფილა. 

სრულიად გასაგებია მისი მდგომარეობა, რადგან ალბათ რთულია კარლო ანჩელოტის მითითებების შემდეგ გარეთ საუთგეიტის რჩევა-დარიგებების მოსმენა…

ინგლისის ნაკრების მსგავსად, გამორჩეულად ძლიერი შემადგენლობა ფრანგებს ჰყავთ. 

მაგრამ საუთგეიტის საქმეს იქ დიდიე დეშამი ასრულებს, რომელსაც თითქოს მინიმალური შესაძლებლობებით სურს წარმატების მიღწევა და ესპანელებისგან განსხვავებით სპექტაკლებით არასოდეს ასაჩუქრებს ფეხბურთის მოყვარულებს.

საფრანგეთის ნაკრების თამაშები მუდმივად ცალკეული ზღაპრული ეპიზოდებისგან შედგება, მატჩის ძირითადი ნაწილი კი ვითომ შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული ფეხბურთია.

სწორედ ასეთმა ფეხბურთმა დასაჯა ფრანგები გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც მათ არგენტინელებთან ფინალში პენალტების დარტყმა მოუწიათ… 

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრიელებთან პირველი მატჩი მეტოქის ავტოგოლით მოიგო, დანარჩენი დრო კი ბურთის გორაობას და 1:0-ის შენარჩუნებას მოანდომა.

საბედნიეროდ, სრულიად საპირისპირო ხასიათისა გამოდგა საფრანგეთის და ჰოლანდიის ნაკრებების დაპირისპირება, რომელშიც, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე პირველი 0:0 დაფიქსირდა, მაყურებლებმა მრავალი საგოლე მომენტი, ფრანგების ფანტასტიკური მეორე ტაიმი და მათ კარში მატჩის მიწურულს გასული, ოღონდ არჩათვლილი გოლი იხილეს. 

თუნდაც ამ ფაქტიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ პროგრესირებადი ნიდერლანდების ნაკრებიც ჩაერთოს ჩემპიონობისათვის ბრძოლაში.

მეორე ტურში შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს ნიდერლანდელთა მეზობელმა ბელგიელებმაც, რომელთაც პირველ ტურში უკრაინასთან მომგებ რუმინელებს შანსი არ დაუტოვეს თამაშის გადასარჩენად. რომელუ ლუკაკუ კი ტურნირის ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია, რადგან მას ორი მატჩის ჯამში VAR-ის მიერ უკვე მესამე არჩათვლილი გოლი დაუგროვდა.

ტურნირის მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა შოტლანდიის განადგურებით შესანიშნავად დაიწყო ტურნირი, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე გააუარესა თამაშის ხარისხი და საბოლოოდ კინაღამ მეორე ადგილი დაიკავა ჯგუფში, რომელსაც ორი ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობდა.

რამდენად უნდა განიხილებოდეს გერმანიის ნაკრები მიმდინარე ჩემპიონატის ფავორიტად?

შვეიცარიელებთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფულკრუგის სახით ნაგელსმანის გუნდმა ბირჰოფის და კლოზეს საქმის გამგრძელებელი გამონახა, მაგრამ ბუნდესნაკრების ასაკოვან ახალბედა ცენტრფორვარდს პარტნიორების მხრიდან საერთო მიზნის მისაღწევად მეტი თავგანწირვა რომ დასჭირდება, ესეც აშკარაა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.