fbpx

არქიტექტურის (გა)ხსენება: მეხსიერება, ტრანსფორმაცია და იდენტობა გამოფენის გახსნა


გააზიარე სტატია


27 ივნისს კინოს ჰაბი უმასპინძლებს გამოფენას, სახელწოდებით – ,,არქიტექტურის (გა)ხსენება: მეხსიერება, ტრანსფორმაცია და იდენტობა”.  გამოფენა აჩვენებს მულტიდისციპლინური  ხელოვანის, კრისტინ ვენცელის ინიციატივით და თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის, ,,უბნის” მიერ ორგანიზებული კვლევითი სემინარის შედეგებს, რომელიც თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართა. 

სემინარის ფარგლებში  მონაწილეები გაეცვნენ თბილისის  არქიტექტურას, ჩაატარეს საველე სამუშაო, შეაგროვეს თბილისის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მცირე ფრაგმენტები,  აიღეს მათი ყალიბები და შემდეგ თაბაშირით შექმნეს ასლები. ამ  პროცესმა გააერთიანა  მონაწილე სტუდენტების სუბიექტური ხედვა და კოლექტიური მეხსიერება ქალაქთან მიმართებაში. 

გამოფენაზე წარმოდგენილი ქალაქის ფრაგმენტების მიკროარქივი შესაძლოა იქცეს ქალაქის იდენტობის ერთგვარ მონაცემთა ბაზად, რაც საზოგადოებას  არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალ გზებზე დააფიქრებს.  

კრისტინ ვენცელი  აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა.  ხელოვანი ყურადღებით აკვირდებოდა სოციალისტურ არქიტექტურას, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ ეტაპობრივად ქრებოდა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების ქალაქებიდან.  კრისტინის მხატვრული პრაქტიკა  და ხედვა დავიწყებული და თითქმის გამქრალი გარემოს იდეის გარშემო განვითარდა. ინსტალაციების, ქანდაკებისა და  სპეციფიკური ადგილებზე ნამუშევრების შექმნით  იგი განიხილავს ქალაქს და მის არქიტექტურას, როგორც ექსპერიმენტულ გარემოს და სივრცეს მეხსიერების შესანარჩუნებლად.

,,პროექტი ,,არქიტექტურის (გა)ხსენება” (2018-იდან  დღემდე) ქალაქ ბუქარესტში სეირნობით დაიწყო. პირველი ჩამოვარდნილი ორნამენტი 2018 წლის აპრილში ბატიშტეის ქუჩაზე ვიპოვე. ქალაქში სეირნობა რეალურად ჩემი ყოველდღიურობა იყო. ესაა გზა ახალი ქალაქის გასაცნობად. ყოველდღე სხვადასხვა ადგილას დავდიოდი. ერთ-ერთ გასეირნებაზე ჩამოვარდნილი ორნამენტის სახლში წაღება გადავწყვიტე,  ვიფიქრე, რომ ეს ძალიან კარგი საჩუქარია ბუქარესტიდან! ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მე და ქალაქი ამ სახით ვამყარებდით კომუნიკაციას. ეს იყო ახალი პროექტის დასაწყისი, თანდათან უფრო მეტი ყურადღება მივაქციე ჩამოვარდნილ დეტალებს და უკვე ყველგან ვპოულობდი მათ. ეს ასეა – თუ რაიმეზე ფოკუსირდები, რა თქმა უნდა, მას ყველგან იპოვი”.

კრისტინ ვენცელი

მონაწილეები: კრისტინ ვენცელი დაიბადა 1983 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში, ქალაქ გოთაში. იგი ცხოვრობს და მუშაობს ბუქარესტსა და გოთაში. ვენცელი სწავლობდა ქანდაკებას დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში. 2013 წელს დაამთავრა მაგისტრატურა. მისი მრავალფეროვანი პრაქტიკა მოიცავს ფართომასშტაბიან ინსტალაციებს, ქანდაკებასა და საჯარო სივრცეებში მუშაობას, რის შედეგადაც ხშირად წარმოიქმნება ადგილ-სპეციფიკური და ადგილ-სენსიტიური სოციალური გარემო. კვლევისა და რეინტერპრეტაციის გზით მიღწეული ტრანსფორმაცია, იქნება ეს კონცეპტუალური თუ მატერიალური, კრისტინ ვენცელის პრაქტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია, რომლის საშუალებითაც იგი  წარსულსა და აწმყოს აკავშირებს.

ასევე მონაწილეობენ: მარიამ აბაშიძე, ანა ახალკაცი, საბა ბერიძე, ნინა ბუღაძე,  დავით ბროდსკი, ანა ჩორგოლაშვილი, ავთანდილ დათაშვილი, ლევან დუნდუა, მარიამ ერეგინა, ანა გოგუაძე, მზია გულედანი, აკაკი მეტრეველი, ანა მირზაშვილი, ნუცა პაპაშვილი, გვანცა ფოცხიშვილი, სესილი სორდია, ლიკა თაგვაძე, ანა თეთრაძე, ეკატერინა ვალეტოვა. 

პროექტის პარტნიორები: აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და გოეთეს ინსტიტუტი. გამოფენა და კვლევითი სემინარი დაფინანსებულია ევროკავშირისა და თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის, ,,უბნის” მიერ. 

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი “უბანი”- არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ წრეებს შორის ურთიერთობის დამყარება და ერთობლივი პლატფორმის შექმნა ინფორმაციისა და იდეების გაცვლის მიზნით.  

მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2;  კინოს ჰაბი (კინოს სახლის შენობა), მე-3 სართული

 

გამოფენის გახსნის შემდეგ, მისი დათვალიერება შესაძლებელი იქნება წინასწარი შეთანხმებით  13:00-იდან 19:00  საათამდე, 2024 წლის 29 ივნისის ჩათვლით;
საკონტაქტო ელფოსტა : [email protected]


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.