fbpx

ახალი სასწაულის მოლოდინში


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

პორტუგალიის ნაკრებთან მოგების შემდეგ ამ მატჩში პირველი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ თქვა, ქართველებმა წინ უნდა წავიწიოთო.

უკეთეს ნათქვამს კაცი ვერ წარმოიდგენს, რადგან ეს იყო ამ საოცარი გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედის მიერ წარმოთქმული სრულიად ალალი, გულიდან ამომავალი სიტყვები, რომლებსაც ზურგს უმაგრებდა ის საოცარი შემართება და შრომისმოყვარეობა, რაც ხშირად ვერ ემეგობრებოდა ხოლმე ქართულ ნიჭს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იშვიათად თუ აისახებოდა ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე.

თუკი წლების განმავლობაში  საქართველოს ნაკრების ისტორიულ მოგებებს გავიხსენებთ, თვალწინ წარმოგვიდგება 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან ბულგარეთთან, უელსთან, პოლონეთთან, უნგრეთთან, შოტლანდიასთან და ხორვატიასთან მოგებული შეხვედრები. 

მაგრამ ოფიციალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრების დონის გუნდის დამარცხება იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ფეხბურთი ხელახლა დაიბადა, როგორც ეს უხსოვარ 1936 წელს მოხდა, როდესაც თბილისის „დინამოს“ ბორის პაიჭაძის თაობამ ფეხი შედგა იმ ქვეყნის ჩემპიონატში, რომელიც დღეს აღარ არსებობს და პირველივე სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

ქართველებმა 1960 წელს ევროპის ჩემპიონატის დაარსებისთანავე ისახელეს თავი ამ ტურნირზე, მაგრამ მაშინ რკინის ფარდის მიღმა მცხოვრები ხალხები დასავლური სამყაროსთვის „რუსებად“ აღიქმებოდა. 

ამიტომ ქართველი გულშემატკივრები სრულიად განსხვავებულად განიცდიდნენ ერთი და იმავე ფეხბურთელების წარმატებასა თუ წარუმატებლობას თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

საბედნიეროდ გულშემატკივრების ახალი თაობისთვის ასეთი გაორებული გრძნობა სრულიად უცხოა. 

ერთიანი ძალისხმევით შეკრულმა საზოგადოებამ კი ნაკრებს უდიდესი სამსახური გაუწია, რადგან დიდია მისი როლი ეროვნულ გუნდში გამარჯვებულის მუხტის გაჩენასთან დაკავშირებით.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი 24-ე საგზური უეფას საჩუქრის, ერთა ლიგის ტურნირის გზით მოიპოვა და იქ რეიტინგით ასევე უკანასკნელ 24-ე ადგილზე დამკვიდრდა…  

იმ დღიდან პორტუგალიის ნაკრების დამარცხებამდე ზუსტად სამმა თვემ განვლო, მაგრამ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირით და მეკარითაა გასული.

გარდა ამისა, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შესაბამისად, ჩეხეთთან  და პორტუგალიასთან მატჩების საუკეთესო ფეხბურთელებად დაასახელეს, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილს კი თურქებთან შეხვედრის MVP-მდე სწორედ ის ბურთი დააკლდა, რომელიც ძელზე მოხვედრის ნაცვლად კარში რომ გასულიყო, მერვედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე არა ესპანეთი, არამედ ავსტრია იქნებოდა. 

მაგრამ რა სჯობს? იქნებ მეოთხედფინალისკენ გაცილებით ძლიერ გუნდთან ჭიდილში სჯობს, რომ გავიწიოთ, რაც ავტომატურად ევროპის ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტთან არცთუ ისე შორეულ წარსულში მარცხზე რევანშის ტოლფასი იქნება და ამხანაგურ შეხვედრაში მასთან ისტორიულ გამარჯვებასაც გაგვახსენებს. 

რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთაგან უშუალოდ მიმდინარე ტურნირზე ყველაზე პროგრესირებადია და გარდა ამისა, მისი მონაწილეობით აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი შესანიშნავი გამოდგა სანახაობრივი თვალსაზრისით.

თუკი პირველმა ორმა დაპირისპირებამ ქართველ გულშემატკივრებს ცალკეული ფეხბურთელების თამაშის ხარისხის გამოყოფის საბაბი მისცა, პორტუგალიელებთან შეხვედრა ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თითოეულმა ფეხბურთელმა შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა და თანაბარი როლი შეასრულა გადამწყვეტი სამი ქულის მოპოვებაში. 

საქართველოს ნაკრების პირველივე კონტრშეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ აუღებელი დარტყმით დააგვირგვინა. სწრაფმა გოლმა კი გულშემატკივართა შორის უჩვეულო გრძნობა წარმოშვა. 

ნუთუ ეს სინამდვილეა? გავძლებთ კი დარჩენილ 90 წუთს? ბოლოს და ბოლოს მოედანზე ხომ თვით კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ერთი სული აქვს, გოლს როდის გაიტანს მისთვის მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც აქამდე 14 ბურთი აქვს გატანილი…

თუნდაც კრიშტიანუს ფაქტორიდან გამომდინარე, მრავალ ფეხბურთელს მუხლები აუკანკალდებოდა მოედანზე, მაგრამ არა საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის ჩემპიონატზე 100%-იანი მაჩვენებლით გასული მარცხს მიუჩვეველი პორტუგალიელები თავიდანვე ჩვენების ნახევარზე დასახლდნენ და სათამაშო ინიციატივას სრულად დაეპატრონნენ.

მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მათზე უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, ევროპის 2016 წლის ჩემპიონთა გამუდმებული შეტევების უვნებელყოფა შეძლეს და შესვენებაზე პირველ წუთზე გატანილი გოლის უპირატესობით გავიდნენ.

იმთავითვე ნათელი იყო, რომ მეორე ტაიმის საწყისი წუთები ურთულესი იქნებოდა ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ვილი სანიოლი და მისი ბიჭები სრული მზადყოფნით შეხვდნენ მოსალოდნელ საფრთხეებს, რომელთა კულმინაციადაც გიორგი მამარდაშვილის მიერ დიოგუ დალოს დარტყმული აუღებელი დარტყმის მოგერიება იქცა. 

მაგრამ მიქაუტაძის მეორე გოლმა, კრიშტიანუს გაყვანამ და ვილი სანიოლის გონივრულმა ცვლილებებმა გატეხა ევროპის 2016 წლის ჩემპიონი, რომლის შეტევებმაც ჩვენი მცველების მუდმივი სიფხიზლის ფონზე სიმწვავე თანდათანობით დაკარგა და ბურთმა თამაშის ბოლოსკენ სულ უფრო ხშირად გადაინაცვლა მეტოქის ნახევარზე.

დადგა მატჩის ყველაზე საშიში პერიოდი. ტაიმის უკანასკნელი მეოთხედი, რომელსაც მსაჯის მიერ რამდენიმე წუთი უნდა დამატებოდა. ამ პერიოდში მოედანზე კვირკველია, მექვაბიშვილი და დავითაშვილი გამოჩნდნენ.

ამ ფეხბურთელებმა კი იქამდე შესულ წიტაიშვილთან ერთად უნაკლოდ შეასრულეს მათზე დაკისრებული ამოცანები და დიდი როლი ითამაშეს პორტუგალიელთა შეტევების ეფექტურობის აღმოფხვრაში.

ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთი ინტენსიური თავგანწირულობით არამცთუ ზედიზედ სამ მატჩში, არამედ შეიძლება რომელიმე ერთ შეხვედრაშიც კი არ უთამაშია.

ეს შეიძლება ტურნირის რანგიდანაც გამომდინარეობდეს, მაგრამ აქ ხომ სხვებიც იყვნენ, რომელთაგან ზოგიერთმა, მაგალითად, ერთ-ერთმა ფავორიტმა ხორვატიის ნაკრებმა ისე დატოვა ჩემპიონატი, რომ ზედიზედ ორ მატჩში გოლები ბოლო შეტევაში, სწორედ მობილიზების და თავგანწირვის დეფიციტის გამო გაუშვა.

როდესაც მატჩის შემდეგ ვილი სანიოლს ჰკითხეს, თუ როდემდე აპირებს გერმანიაში საქართველოს ნაკრები სასწაულების მოხდენას, მან უპასუხა, რომ ყველაზე დიდი სასწაული აქ მოხვედრა იყო. მას შემდეგ კი ათვლა უბრალოდ გრძელდება და უკვე კაცმა არ იცის როდის დასრულდება. 

საინტერესოა ჩემპიონატის მონაწილე დანარჩენი 23 მწვრთნელიდან, რომელი შეძლებდა მსგავსი შედეგის მიღწევას საქართველოს ნაკრებში? 

შემთხვევით ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ხომ არა, რომელიც სლოვენიასთან 0:0-ის შემდეგ მინდორზე გავიდა და ამაყად უკრავდა ტაშს თანამემამულე გულშემატკივრებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ძირითადად გალახვით ემუქრებიან მას ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.

ჩვენი მიზანი აუცილებლად ვილი სანიოლის შენარჩუნება უნდა იყოს, რომელმაც 21-ე საუკუნის ფეხბურთში ოტო რეხაგელის მიერ დამყარებული 20 წლის წინანდელი რეკორდი უკვე მოხსნა. მის გაუმჯობესებამდე კი ფრანგ მწვრთნელს სულ რაღაც ოთხი მატჩი აშორებს…

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.