fbpx

ფეხბურთი და ერის ქსოვილი: ერთიანობა პოლარიზაციის ფონზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

ახლა მთელი ქვეყანა, როგორც არასდროს, მოცული აქვს ფეხბურთს, პოლიტიკურმა პოლარიზაციამ სამწუხაროდ ფეხბურთშიც შეაღწია, რაც ამ დიდებულ სიხარულს ოდნავ უკარგავს სიტკბოს, მოკლედ რომ მოვხაზოთ, ქვეყანა ისე ვერაა მოწყობილი, რომ ეს საერთო სიხარული მთლიანად შევირგოთ. ფეხბურთი ათანასწორებს – სანამ ბურთი გორავს მოედანზე, ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ ათლეტების მოძრაობის პირისპირ, შემდეგ კი ცხოვრება თავისებურად გრძელდება. ფეხბურთი ერთგვარი ამოვარდნაა დინებებს შორის, რა დროსაც ეშვები ავტონომიური ლოგიკის მქონე მოცემულობაში, ამ ლოგიკის ამომავალი მოტივი  თამაშია, სანახაობა, რაც მილიონებს იტყვევებს.

გართობა, სანახაობა, ეს  კაცობრიობის შექმნის დღიდანვე ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ეს შეიძლება იყოს ფეხბურთის ან ნებისმიერი სხვა სპორტის შექმნის მოტივი, რაც  უნდა იყოს, სპორტის მთავარი დანიშნულება ხომ მაინც გართობაა. ეს სანახაობის კეთილშობილური ფორმაა. იგივე დანიშნულებისაა ხელოვნება, შემეცნების სფერო დამოუკიდებლად ვერ იქცევა მხატვრულ ფორმად, თუ მას არ დაემატა გართობა. ამრიგად, თეატრი, ლიტერატურა, ფერწერა – ყოველი მათგანის ძირითადი მამოძრავებელია გაართოს ადამიანი.

რა დროც არ უნდა იდგეს, ფეხბურთი მაინც თავისას შვრება და ათანასწორებს: ვხედავთ, როგორ ივსება უბნები ფეხბურთით. ქალაქის ყველა კუნჭულში პროექტორით გადმოეცემა ეროვნული ნაკრებისთვის ისტორიული კადრები, ხალხს სახლიდან გამოაქვს ტელევიზორი, გარაჟებში, პარკებსა და კორპუსებს შორის ამონტაჟებენ – მიდის ფეხბურთის ყურება. ბარები და კაფეები, რესტორნები და   სტადიონიც კი სავსეა, ფეხბურთს უყურებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც, ცარიელ გზაზე მიმავალი მძღოლი რადიო ტალღებიდან იგებს თამაშის პერიპეტიებს, საჭეს ნერვულად აქანავებს და თამაშს ხმამაღლა ახმოვანებს, უკანა რიგში მჯდომი მგზავრი ინტერნეტს აგინებს – სამუშაოდან ბრუნდება შინ, ერთი სული აქვს გზა შეჭამოს, მოკალათდეს ოჯახთან ერთად და დატკბეს იმ სიხარულით, რასაც შენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია.

ფეხბურთს დიდი ძალა აქვს, მას სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ომიც კი გამოუწვევია, არსებობს ისეთი ფაქტები – ომი შეუწყვეტია კიდეც, ორი სახელმწიფო გადაუმტერებია და შეურიგებია… რა მოთვლის. ფეხბურთი მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. 26 მარტს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, გარდა იმისა, რომ ისტორიაში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ამ გამარჯვებას კიდევ მოჰყვება მნიშვნელოვანი წამონაზარდი – რა შეიძლება დავარქვათ იმ განცდას, რაც მაშინ ვიგემეთ და როგორ შეიძლება ეს განცდა ტრანსფორმირდეს რეალური პოლიტიკური ცვლილებებისთვის. ამ განცდას უთუოდ შეიძლება დაერქვას სასწაული.

ერთი ვერსიის თანახმად, სამყარო მიედინება, ჩვენ ვცხოვრობთ დინებებით გარშემორტყმულ გეოგრაფიულ მდინარეთში, სადაც ჩვენი ყოველი მოძრაობა, გარშემო არსებული ნიშანი, ცუდი ძილის მომტანი ბალიში თუ გაშვებული და გატანილი გოლი მიედინება. ესე იგი, სამყარო თანაფარდობისა და ურთიერთკავშირის მოცემულობით მუშაობს. და ეს დინებები ერთი შეხედვით განსაზღვრულია, ნიშნების გადაადგილება და მისი წარმოება იძლევა კალაპოტს დინებისთვის, თუმცა ამ განსაზღვრულობაში არსებობს ამოვარდნის მომენტები, შემთხვევითობები, როცა ნიშანთა თვისება საკუთარი კალაპოტიდან ვარდება, და ხდება გარკვეული სახის ხდომილება. ეს შემთხვევითობები იშვიათ შემთხვევაში ჯადოსნურია.

შემთხვევითობა ჰგავს გოლის გატანის მომენტს, ჩვენი ცხოვრება კი, თითქოს ისეა განსაზღვრული, რომ ფეხბურთს ვთამაშობთ კარის გარეშე, გოლის გატანის პერსპექტივის გარეშე, და ყველაფერი დადგენილი წესრიგის მიხედვით მიედინება. ნიშნები თანმიმდევრობის ცვლილებას საჭიროებს, რადგან სასწაული შეიძლება მოვიდეს მოულოდნელად, თუმცა მის გამოხეთქვას სწორი ნიშნებისა და სიმბოლოების შექმნა და წარმოება სჭირდება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოპოვებული სიხარული მოულოდნელად მოსული სიხარულია, რომელიც შრომაზე და რწმენაზეა დაფუძნებული, და გარკვეული სახის ხდომილებას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის:

თუკი დავაკვირდებით დამოუკიდებელი საქართველოს   მოკლე ისტორიას, მარტივად შევნიშნავთ: ჩვენი გაერთიანება ხდება დიდწილად ტრაგედიის გარშემო, გავიხსენოთ 9 აპრილი, 13 ივნისის ტრაგედია ან, თუნდაც, ბოლო დროს განვითარებული – შოვი. ასეთ დროს გაერთიანების შესაძლებლობა ბევრ რამეზე მიუთითებს, თუმცა, თითქოს ისე დაგვიდგინეს, რომ საერთო სიხარულის გარშემო გაერთიანება არ შეგვეძლოს. ასეთი სიხარული იყო სწორედ ფეხბურთელების მიერ მოპოვებული სიხარული, რომელმაც მთელი ერი ერთის გარშემო გაერთიანა.

ჩვენი ქვეყანა საჭიროებს საერთო სიხარულს, რომელსაც მთელი ერი საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობაზე იგრძნობს, ან სიხარულს, რომელიც ასეთი ცხოვრებისთვის ბრძოლის ჟინს და რწმენას გააჩენს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი სიხარულია, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ამბავი შევირგოთ, გვჭირდება სხვაგვარი სიხარული, მისი  მოპოვება. ფეხბურთელების შემთხვევა იძლევა რწმენას, რომ ეს შესაძლებელია, რომ სიხარულის გარშემო გაერთიანება მშვენიერი, ამაღლებულია.

ახლა დროა დავშორდეთ წყევლას, რომლის მიხედვითაც ტრაგედიაა ჩვენი მთავარი მაკავშირებელი და ვეძიოთ საერთო სიხარულის საბაბი. ქვაღორღიან ნიადაგზე შეიძლება წყალმა ამოხეთქოს. ასეთია წესი: სასწაული მოულოდნელია, თუმცა მას გამოძახება სჭირდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.