fbpx

სასწაული დასრულდა…


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

პორტუგალიასთან მატჩის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლს შეეკითხნენ, თუ როდემდე გაგრძელდებოდა საქართველოს ნაკრების სასწაულები მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რაზედაც ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ ყველაზე დიდი სასწაული ამ ტურნირზე მოხვედრა იყო, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებდა.

ამ მომავალს ესპანელებთან მატჩის დებიუტშივე რეალური გაგრძელების პერსპექტივა შეექმნა, როდესაც კაკაბაძის გადაცემის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასთან ორთაბრძოლაში ესპანელთა ცენტრალურმა მცველმა ლე ნორმანდმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

გაშვებული გოლის შემდეგ ესპანელებმა იგრძნეს, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა და ტაიმის უგოლოდ დასრულება მათთვის დაუშვებელი იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენები მეკარე გიორგი მამარდაშვილის თაოსნობით ღირსეულად უმკლავდებოდნენ მეტოქის მწვავე შეტევებს და პირველი შესაძლებლობისთანავე ცდილობდნენ ბურთის საკუთარი საჯარიმოდან შორს გადატანას.

სამწუხაროდ ესპანელებმა მოახერხეს პირველ ტაიმშივე წონასწორობის აღდგენა. შესვენების შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიამ შენიშნა რა კარიდან საკმაოდ წინ გამოსული მეკარე უნაი სიმონი, მოედნის შუაგულიდან შესრულებული დარტყმის შემდეგ კინაღამ ხელმეორედ დააწინაურა საქართველოს ნაკრები.

სიმართლე უნდა ითქვას და როგორც მატჩის შემდგომმა მოვლენებმა გვაჩვენა, ჩვენები იმ ეპიზოდში რომც დაწინაურებულიყვნენ, სავარაუდოდ, მაინც ვერ შეძლებდნენ უპირატესობის შენარჩუნებას. 

მაგრამ მთავარი ეს სულაც არ გახლავთ. მთავარი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა პლეიოფში წარუმატებლობის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე ოთხი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლის გარეშე მოედანი ერთხელაც არ დაუტოვებია. 

გარდა ამისა, სწორედ ჩვენებმა დაარღვიეს ესპანელთა მშრალი მატჩების სერია მიმდინარე ჩემპიონატზე, რაც უდიდესი გმირობის ტოლფასია. 

და საერთოდ, ვინ არის დე ლა ფუენტეს ფორმაციის „ფურია როხას“ გამჩერებელი მიმდინარე ტურნირზე, თუ არა ისევ საკუთარი შეცდომები, რომელთა სამომავლო აღმოფხვრაზე, წესით და რიგით, როდრი და მისი თანაგუნდელები ისევ ქართველებმა დააფიქრეს და არა „სიკვდილის ჯგუფის“ მეტოქეებმა?

ესპანელთა მეტოქე მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები იქნება და ამ დაპირისპირებას ევრო 2024-ის ნაადრევი ფინალიც შეიძლება ეწოდოს, რადგან რომელიმე ამ გუნდის გარეშე ჩემპიონატი ხიბლს გარკვეულწილად დაკარგავს.

საქართველოს ნაკრების გამოვარდნის წინა დღეს ევროპის ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის გარეშე დარჩა. 

ან კი ვის სჭირდებოდა მეოთხედფინალში ისეთი გუნდი, რომელმაც ოთხ მატჩში ერთი ხეირიანი შეტევის მოწყობაც ვერ მოახერხა და ვერაფრით დაამახსოვრა თავი საფეხბურთო საზოგადოებას.

შვეიცარიასთან შეხვედრის წინ „სკუადრა აძურას“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სასტიკი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა ფაბიო კაპელოსა თუ სხვა იტალიელი ექსპერტების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ სთავაზობდნენ მას, ძირითად შემადგენლობაში ესა და ეს ფეხბურთელი დააყენეო.

სპალეტი გონივრულად მოიქცა, არაფრის მაქნისი რასპადორის გამოყვანას დაჯერება ამჯობინა და უკვე 0:2-ის შემდეგ მოედანზე ნატურალიზებული არგენტინელი რეტეგის შემოყვანით მთელ იტალიას ამცნო, თუ რას ჰგავს დღესდღეობით მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი საფეხბურთო სკოლა, რომელსაც კიელინის და ბონუჩის წასვლის შემდეგ, ნაკრების მცველებით შევსების უნარიც კი აღარ შესწევს.

თავისი საწყალობელი ფეხბურთელების შემყურე სპალეტის კი ალბათ ახსენდებოდა როგორც ხვიჩა კვარაცხელია, ისე „ნაპოლის“ სხვა ლეგიონერები – ზელინსკი და ლობოტკა, რომელთაც ჩვენი ვარსკვლავის მსგავსად, შესანიშნავად იასპარეზეს ჩემპიონატზე, თუმცა თითოეულ მათგანს უკვე მოუწია ტურნირის დატოვება.

იტალიისგან განსხვავებით, გერმანიაში ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, რადგან ნატურალიზებულ ფეხბურთელებთან ერთად, აქაური მკვიდრნიც არიან ჩაბმულნი ნაკრების წინსვლაში. 

თუმცა, როდესაც დანიასთან მატჩის 48-ე წუთზე მასპინძელთა კარში გოლი გავიდა, სტადიონზე მისული გულშემატკივრები შიშით გაისუსნენ, სანამ მსაჯი მას გააუქმებდა…

გერმანიამ დროულად შეიგრძნო ხიფათი და ახალგაზრდა კაი ჰავერცის თაოსნობით მყისვე მეტოქის ნახევარზე გადავიდა. 

გოლმაც არ დააყოვნა. ბედის ირონიით იქამდე ერთი წუთით ადრე არჩათვლილი გოლის ავტორ ანდერსენს საკუთარ საჯარიმო მოედანზე ბურთი უნებლიეთ ხელში მოხვდა. 

თერთმეტმეტრიანი კაი ჰავერცმა კი გამოიყენა, მაგრამ თუკი შეიძლება პენალტის ლაჩრული ეწოდოს, ეს სწორედ წამიერი პაუზით შესრულებულ მის დარტყმას ეკუთვნის.

დაწინაურების შემდეგ ბუნდესნაკრებმა სისხლის სურნელი შეიგრძნო და სრულ უპირატესობას დაეპატრონა. 

თამაშის დასკვნით ნაწილში მოედანზე ტრადიციულად ფულკრუგიც გამოჩნდა და ამის შემდეგ მით უფრო გამწვავდა ტურნირის მასპინძელთა შეტევები. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მეორე ბურთმაც არ დააყოვნა დაბნეულ დანიელთა კარში, რომელიც შლოტერბეკის გადაცემის შემდეგ მუსიალამ გადაგზავნა კასპერ შმაიხელის კარში.

ამ უკანასკნელის ლეგენდარული მამა პიტერ შმაიხელი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ამშვენებდა დანიის ნაკრების კარს, როდესაც ამ გუნდმა ანალოგიური ანგარიშით 2:0 დაამარცხა ტურნირის მაშინდელი ფავორიტი გერმანიის ნაკრები.

აი ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს კი სლოვაკეთთან მატჩის 95-ე წუთამდე ალბათ არაერთხელ გაახსენდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ინგლისელთა მარცხი ისლანდიის ნაკრებთან.

მაგრამ რით სჯობს საუთგეიტი მაშინდელ მწვრთნელ როი ჰოჯსონს? რა თქმა უნდა, არც არაფრით და შეიძლება მასზე უარესიც იყოს. 

უბრალოდ, დღევანდელ ინგლისის ნაკრებს ჯუდ ბელინგემის სახით ჰყავს ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია გარეთ საუთგეიტის სახელის უკვდავყოფა, რადგან ის თუ ჩაიდენს იმ სასწაულს, ინგლისის ნაკრების გაჩემპიონება რომ ჰქვია.

ამ ფრაზამ ჩვენ ერთ-ერთ წინა რეცენზიაში გაიელვა. ნაწილობრივ წინასწარმეტყველურად კი იგი უკვე მერვედფინალში იქცა, რადგან რომ არა ბელინგემი, ინგლისის ნაკრებს უკვე სამშობლოში მოუწევდა გამგზავრება. 

საინტერესოა, რომ შემადგენლობამ, რომლის ღირებულებაც მილიარდ დოლარს აჭარბებს და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 24 გუნდთაგან ყველაზე ფასეულია, დამატებით დროში გატანილი სწრაფი გოლის შემდეგ კვლავ საკუთარ ნახევარზე გადაინაცვლა და იმდენი მოახერხა, რომ ერთი-ორჯერ გადაურჩა გოლს არაქათგამოცლილ გუნდთან მატჩში, რომელსაც „ნაპოლის“ გასული სეზონის ბოლო მწვრთნელი კალცონე წვრთნის.

აწი ბელინგემს მორიგი სასწაულის ჩადენა შვეიცარიის ნაკრებთან მართებს. შვეიცარია კი ის გუნდია, რომელმაც საგრძნობი უპირატესობით დაამარცხა ევროპის ყოფილი ჩემპიონი იტალიის ნაკრები.

ესპანეთი-გერმანიის დაპირისპირებისგან განსხვავებით, ინგლისი-შვეიცარიის წყვილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ტურნირის ნაადრევ ფინალს, მაგრამ გამოცდილი მურატ იაკინის დამოძღვრილი გუნდი რომ აქამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, მასპინძელ გერმანელებთან პაექრობამაც გვაჩვენა. ბელინგემი კი ის ფეხბურთელია, რომელსაც გარეთ საუთგეიტის სახელის უკვდავყოფა ძალუძს…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.