fbpx

5 წიგნი ფეხბურთზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

საქართველოს საფეხბურთო ტალღამ გადაუარა – დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ფეხბურთს ჩვენში არასდროს აკლდა პოპულარობა, თუმცა ამ ამბავმა ერთი ათად გაზარდა მაყურებლების რაოდენობა, ვისაც კი იქამდე ფეხბურთი ოცდაორი ბრიყვის ადევნება ეგონა ერთ ბურთზე, ისინიც კი ტელევიზორის ეკრანებს უსხედან თითის კვნეტითა და ნერვიული თვალებით, შეიგრძნობენ სპორტის სახეობებს შორის საუკეთესოს გემოს, მის ნარატივს ეცნობიან და სიღრმეში ვარდებიან. სოციალურ ქსელში მარტივად შევამჩნევთ, ვინც კი იცის, ან ვინც კი არ იცის, ყველა ფეხბურთზე ლაპარაკობს, მაგრამ ისე უაზროდ კი არა, ამა თუ იმ ფეხბურთელის მოქმედებას განიხილავენ, მწვრთნელების ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ. ერთი სიტყვით, ერმა ფეხბურთს მუღამი აუღო.

ეს მაგიური რიტუალი, მარტო ფეხის ქნევა და გოლის გატანა არ არის, მას მთელი სტრუქტურული გარემოებები აქვს, რითაც ის მარადიული და ადამიანთა ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება. დიდი მწერალი ალბერ კამიუ იმასაც ამბობდა, თუკი რამ ზნეობა გამაჩნია, საფეხბურთო მოედანზე ვისწავლეო. ჰგავს ფეხბურთი და ცხოვრება ერთი მეორეს, თუმცა განსხვავებაც არსებობს, ან ერთი მეორის შესავსებელია. ცხოვრება საერთოდ სხვა ლოგიკით მუშაობს, ფეხბურთს კი თავისი ავტონომიური ლოგიკა აქვს, რომელსაც შესწავლა სჭირდება, ალღო კი რთული ასაღები არ არის. ანუ ის, ცხოვრების ანარეკლი კი არა, რაღაც მსგავსია, რაც ცხოვრებას მოგვაგონებს.

მოცემულ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ მნიშვნელოვანი საფეხბურთო წიგნები, რომელსაც შეუძლია ზოგადი წარმოდგენების შექმნა ფეხბურთის შიდა სამზარეულოზე, ტაქტიკურ დაპირისპირებაზე და, რასაკვირველია, მის კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტზე.

 

იოჰან კრუიფი – ჩემი შემობრუნება

იოჰან კრუიფი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ის იმ იშვიათ შემთხვევითობას წარმოადგენს, თან რომ მაგარი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელიც რომ მაგარი გამოდგა, რინუს მიხელსის აღზრდილი და განსწავლული – Total Football-ის ფუძემდებელი – თამაშის სტილის, რომელიც ყველა მოთამაშეს მოიაზრებს მოედნის ნებისმიერ პოზიციაზე. დღეს ეს ფილოსოფია ცოცხალია ევროპულ გუნდებში, განსაკუთრებით კი კატალონიის ბარსელონაში, ბავშვთა გუნდიდან უმაღლეს გუნდამდე, მთავარი მამოძრავებელი ფილოსოფია სწორედ ტოტალური ფეხბურთია. წიგნი გვიყვება კრუიფის ცხოვრების შესახებ დაწყებული აიაქსიდან, სადაც მან რვა ეროვნული ტიტული და სამი ევროპის თასი მოიგო, გაგრძელებული ბარსელონით, სადაც მან მოიგო ლა ლიგა პირველივე სეზონში, და დამთავრებული მნიშვნელოვანი მიღწევებით – სამჯერ მოგებული ოქროს ბურთი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაყვანილი ჰოლანდიის ნაკრები და სხვა. სანამ კრუიფი მოედანზე ყველაფერს აკონტროლებდა,  მოედნის გარეთ მისი ცხოვრება უფრო მღელვარე იყო, სავსე გატაცებებითა და გაკოტრებით.

კრუიფი ღარიბ ოჯახში გაიზარდა, მისი დედა დამლაგებლად მუშაობდა ამსტერდამის “აიაქსში”, ოჯახს არ ჰქონდა სახსრები პატარა იოჰანი ფეხბურთზე შეეყვანათ, ის ამ სპორტით შეპყრობილი იყო, საბოლოოდ კი დედამ “აიაქსის” წარმომადგენლებს უამბო მისი შვილის შესახებ, რის შემდეგაც კრუიფმა აიაქსის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში, და ასეც დაიწყო ევროპული ფეხბურთის უდიდესი ისტორია.

ხშირად გავიგებთ ფეხბურთის ქომაგებისგან, ნამდვილი ფეხბურთელები მეოცე საუკუნეში იყვნენო, ბურთის გორაობის გარდა, კიდე ჰქონდათ რაღაცაო, ძირითადად სამოქალაქო შეგნებაზეა აქცენტი. ასეთი იყო კრუიფიც, მემარცხენე პოლიტიკური განწყობების მქონე, რომელიც ბევრს საუბრობდა ექსპლუატატორი მსოფლიოს მავნებლობაზე.

1999 წელს იოჰან კრუიფი ევროპის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, 2016 წლის მარტში კრუიფი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი. ბრწყინვალე მასწავლებელი, ფეხბურთელი და ანალიტიკოსი – ამას გვაჩვენებს წიგნი “ჩემი შემობრუნება”. ის იოჰან კრუიფის მემკვიდრეობის შესახებაა. “ფეხბურთი მარტივი თამაშია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში ყველაზე რთულია”.

 

სიმონ კუპერი – ფეხბურთი მტრის წინააღმდეგ

 

დეივიდ გოლდბლეტი – ფეხბურთის ეპოქა

ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა. ის ხშირ შემთხვევაში გადის სპორტის საზღვრებიდან, ეს წიგნი სწორედ ამის შესახებ გვიყვება – როგორ აძლიერებს ფეხბურთი რევოლუციებს და ინარჩუნებს დიქტატორულ ხელისუფლებებს.

წიგნის ავტორმა, სიმონ კუპერმა იმოგზაურა ოცდაორ ქვეყანაში, რათა აღმოეჩინა, თუ რა უცნაური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფეხბურთს პოლიტიკასა და კულტურაზე. ამავე დროს, ის ცდილობს გამოიკვლიოს, თუ რა გამოსარჩევი ნიშნები აქვს სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო აზროვნებას.

კუპერი გზაში ხვდება გულშემატკივრებს – დაწყებული აღმოსავლეთ ბერლინიდან, დამთავრებული არგენტინით. ეს არის ანთროპოლოგიური ჟანრის ბრწყინვალე წიგნი თამაშის შესახებ, გასაოცარი კვლევა ფეხბურთის და მისი ადგილის მსოფლიო პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში.

სიმონ კუპერის კვალდაკვალ სპორტის მწერალი დეივიდ გოლდბლეტი წიგნში „ფეხბურთის ეპოქა“ იკვლევს ოცდამეერთე საუკუნეში ფეხბურთის მასშტაბური პოპულარობის ფენომენს, მისი ხედვის არეალშია კულტურული აღმავლობის, ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და ღრმა პოლიტიზების ფენომენი.

გოლდბლეტი საოცარი წერის უნარითა და ღრმა ცოდნით ამტკიცებს ფეხბურთის სასიცოცხლო როლს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, მის კავშირებს სოციალურ უთანხმოებასთან ახლო აღმოსავლეთში და პოლიტიკურ დაყოფასთან ევროპაში; ცდილობს დაადგინოს ფეხბურთის გასაოცარი პოპულარობის მიზეზი ჩინეთში, ინდოეთში და შეერთებულ შტატებში, გარდა ამისა, დაინტერესებულია ლიბერალური სპეკულაციით, ფეხბურთის გამოყენების მექანიზმებით თანასწორობისა და ადამიანის უფლებების გლობალურ პროგრესში. ავტორის მტკიცებით, თანამედროვე სამყაროს გაგებისთვის, მნიშვნელოვანია მისი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობის მუშაობის სპეციფიკის გაგება.

 

ჯონათან ვილსონი – პირამიდის ინვერსია: ფეხბურთის ტაქტიკის ისტორია

ფეხბურთზე წერა ცალკე ჟანრია ლიტერატურაში, და როგორც ყველა სხვა ლიტერატურას, მასაც ჰყავს თავისი კლასიკოსები, სწორედ მათ რიგს მიეკუთვნება ჯონათან ვილსონი, რომლის ენობრივი აპარატიც სრულიად უარს ამბობს მდორე მთხრობლის როლზე (რაც წერას ასე, თავისთავად მოჰყვება ხოლმე) არ არსებობს აბზაცი, რომელიც ინტერესის მორევში არ გითრევს, ეს დიდწილად მწერლის ერუდიციისა და დეტალური ანალიზის დამსახურებაა. რაც  უნდა იყოს და როგორც  უნდა იყოს, ტაქტიკა ფეხბურთში უმთავრესია. შეიძლება ერთი გუნდი მეორეზე ათი თავით იყოს ძლიერი, მაგრამ საქმე ისე მოხდეს, რომ ნაკლებად ძლიერმა გაიმარჯვოს. მოცემული წიგნი, სწორედ ტაქტიკების შესახებაა,  დაწყებული ჯერ კიდევ იმ დროით, როცა ფეხბურთში ტაქტიკაზე მეტად ქაოსი სუფევდა, და დამთავრებული თანამედროვე გიგანტების ტაქტიკებით. როგორც ავტორია კლასიკოსი, ისე მოცემული წიგნია საფეხბურთო ლიტერატურის კლასიკა, და მას განსაკუთრებული რეკომენდაციით გირჩევთ.

 

ანდრეა პირლო – ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ

დეკარტის ცნობილი გამონათქვამის ალუზიით, პირლო წერს წიგნს: ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ, და მართლაც, ეს ფრაზა აღწერს იმას, რასაც ანდრეა პირლო გვაჩვენებდა, ტიემპოს ბუცებით შეიარაღებული მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული და ჭკვიანი ნახევარმცველი, რომელსაც საკუთარი გამჭოლი, ხვეული და არანორმატიული პასებით თუ შორი მანძილიდან დარტყმებით შეეძლო კლიმატის შეცვლა მოედანზე.

პირლო გარდა საინტერესო ფეხბურთელისა, საინტერესო ადამიანიც არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძნელი მოსაძებნია ფეხბურთელი, რომელიც ბურთს “ინტერშიც”, “მილანშიც” და “იუვენტუსშიც” აგორავებდა. ეს წიგნი სკანდალური ცხოვრებისეული დეტალებით არის სავსე, გაჟღენთილია იუმორით, გვიყვება მუნდიალის გამოცდილების შესახებ, რინო გატუზოს ჩანგლით თავდასხმების ისტორიებს, მოგონებებს ფეხბურთის გამორჩეულ აგენტებთან, “მილანიდან” “იუვენტუსში” გადასვლის სკანდალზე და სხვა.

მაქსიმილიანო ალეგრიმ ანდრეა პირლო უვარგისი ფეხბურთელების ნუსხაში შეიყვანა, თამაშიდან თამაშამდე სკამის გათბობა პირლოს მოსწყინდა და ახალი გუნდის ძიება დაიწყო, ასე აღმოჩნდა ის ტურინის “იუვენტუსში”, სადაც ახალი სუნთქვა გაეხსნა, სკუდეტოს სკუდეტოზე იგებდა, თუმცა, მთავარი საფეხბურთო მონაპოვარი – ორი ჩემპიონთა ლიგის თასი – მას მილანური გრანდის რიგებში აქვს მოპოვებული.

ანდრეა პირლოს წიგნი ფეხბურთის სილაღის, სიმძიმისა და სირთულეების გასახდელში შეგახედებთ, სადაც ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

 

სერ ალექს ფერგიუსონი – ჩემი ბიოგრაფია


კარლო ანჩელოტი – მშვიდი ლიდერობა: მოგებული გულები, გონება და მატჩები

ბრიტანულ ფეხბურთს უამრავი მნიშვნელოვანი მწვრთნელი ჰყოლია, გახსენებად ღირს ბრაიან კლაფი, ნოტინგემ ფორესტით რომ ორჯერ მოიგო ზედიზედ ჩემპიონთა თასი, დონ რევისი და ბევრი სხვა, მაგრამ არავინ იმსახურებს პირველობას უფრო, ვიდრე სერ ალექს ფერგიუსონი, გენიოსი, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედს ორი ჩემპიონთა თასი მოაპოვებინა და ამ გუნდის ყალიბი მთლიანად შეცვალა.

ორ ათწლეულზე მეტხანს ის “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი იყო და გუნდში დიდი ცვლილებები მოახდინა. მისი სამწვრთნელო ფსიქოლოგია და დომინანტური ხასიათი ქმნის საკმაოდ საინტერესო დონის საფეხბურთო სტრატეგიას – ამ წიგნში ფერგიუსონი სწორედ ამ ყველაფრის შესახებ საუბრობს. გარდა საფეხბურთო მომენტებისა, ის მეტოქეების მიმართ პროვოკაციული დაპირისპირებების შესახებ ჰყვება, რომელიც ფერგიუსონის კარიერის თანმდევი ნიუანსია.

პაპა კარლო მეხუთედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს, როგორც მწვრთნელი, ფეხბურთელის რანგში კი ორჯერ აქვს ეს ტურნირი მოგებული, როცა არიკო საკის მეოცე საუკუნის ალბათ ყველაზე ძლიერ გუნდში, “მილანში” ასპარეზობდა. პაპა კარლო ის კაცია, ვისზე მეტჯერაც არავის აქვს მოგებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი. მისი ხასიათი, აზროვნება, გამოცდილება, დაწყებული ჯერ კიდევ არიგო საკისთან მუშაობით, გარკვეული სახის სიმაღლეს ქმნის. ანჩელოტი ინტელექტუალია, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, რაც წიგნსაც თავის კვალს უტოვებს, სადაც აღწერილია ურთიერთობები ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიცაა ზინედინ ზიდანი, რიკარდო კაკა, კრიშტიანუ რონალდო და სხვა. ეს უკანასკნელი ანჩელოტის საუკეთესო კრიზის მენეჯერად მიიჩნევს.

ანჩელოტის ამ წიგნში შეიძლება დაკვირვებულმა მკითხველმა იპოვოს გასაღები, რითაც კარლო მუდმივად გამარჯვებისკენ მიმავალ გუნდს ქმნის.

+ ბონუს წიგნი – მხატვრული ლიტერატურა, სადაც ფეხბურთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

 

პიტერ ჰანდკე – მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში

ნობელიანტი მწერლის, პიტერ ჰანდკეს ფსიქოლოგიური რომანი – “მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში” გვიყვება ყოფილი მეკარის შესახებ, რომელიც ამჟამად ელექტრომოწყობილობის მემონტაჟეა და საქმესთან ერთად სჩადის მკვლელობებს. იოზეფ ბლოხი პოლიციის მოლოდინშია და საზღვრისპირა სოფელს აფარებს თავს. საინტერესოდ არის მეკარის ფსიქოლოგიური შფოთვები მკვლელობის აქტთან გაიგივებული, ეს ერთი შეხედვით დეტექტიური ნამუშევარი საბოლოო ჯამში თვალსა და ხელს შუა მძაფრ ფსიქოლოგიურ ნაწარმოებად გარდაიქმნება კაცზე, რომელიც დადგენილ წესრიგს არღვევს, და შესაბამისად, განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს. გარდა ამისა, ჰანდკე ბლოხის პერსონაჟით გვაჩვენებს ევროპული საზოგადოების ერთგვარ კრიზისს, გაუცხოებას, ენისა და საგნების, მათი აღმნიშვნელების და აღსანიშნების ცვალებადობას, ესაა სწორედ ნაწარმოების მამოძრავებელი საკითხი.

მოცემული წიგნი, სამართლიანად ჰანდკეს შემოქმედების მაგნუს ოპუსია, ის 1972 წელს გერმანელმა რეჟისორმა ვიმ ვენდერსმა ფილმად აქცია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.