fbpx

წიგნები და წინ ზაფხულის ორი თვე


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

ზაფხული ადამიანებისთვის ყოველდღიური, დამქანცველი რუტინისგან თავის დაღწევის, დასვენებისა და ახალი ენერგიის მოკრების სეზონია. ჩვენ სხვადასხვა ადგილებს ვირჩევთ დასასვენებლად – იქნება ეს ზღვა, მთა, სოფელი თუ სხვა, მაგრამ, სადაც  უნდა მივდიოდეთ, ჩემოდანში მაინც ვუთმობთ ადგილს წიგნს და ამ გზით კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ვხდით ამ სეზონს. 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ ის რამდენიმე ნაწარმოები, რომლებიც დაგეხმარებათ, იმოგზაუროთ მრავალფეროვან, საინტერესო და, როგორც ოლდოს ჰაქსლი იტყოდა, “საოცარ ახალ სამყაროში”.

 

 

  • გაბრიელ გარსია მარკესი „შევხვდებით აგვისტოში“

 

ყველასათვის საყვარელი კოლუმბიელი მწერლის კიდევ ერთი ნაწარმოები წარდგება მსოფლიოს წინაშე. რომანი „შევხვდებით აგვისტოში“ მაგიური რეალიზმის გამორჩეული ნიმუშია. ისტორია ანა მაგდალენა ბახზე, რომელიც ბორანს ყოველ აგვისტოს იმ კუნძულზე ჩაჰყავს, სადაც დედამისია დაკრძალული. წარსულის მოგონებების კვალდაკვალ მოგზაურობა ფორმასა და შინაარსს იცვლის და პერსონაჟს ერთი ღამით განსხვავებულ ადამიანად აქცევს. ბედნიერებისა და სიამოვნების სურვილი დროს უპირისპირდება და ცდილობს, გაექცეს მას. მკითხველი პირველივე წამიდან ეხვევა გაბოს საბურველში და რომანის სიუჟეტის გაცნობასთან ერთად, უკვე კარგად ნაცნობ გმირებსა და ადგილებსაც უნებლიედ იხსენებს.

 

  • ოსკარ უაილდი – “DE PROFUNDIS”

დორიან გრეის ლეგენდარული ისტორიის შემქმნელს სხვა არაერთი შედევრიც დაუწერია, რომელთაგან გამორჩეულად სწორედ “DE PROFUNDIS” უნდა მივიჩნიოთ. პატიმრობაში მყოფი ირლანდიელი გენიოსი ციხეში ყოფნისას მიღებულ განცდებზე გვიამბობს. იესო ქრისტეს ფენომენი, უძველესი ბერძნული ტრაგედიები, სახარება და ყველა დიდი ფილოსოფია ოსკარ უაილდის პერსპექტივიდან მოდის მკითხველამდე და ერწყმის მწერლის ძალიან ღრმა და ფილოსოფიურ განცდებს. უაილდის აღსარება მსოფლიო ლიტერატურის შედევრია და ზაფხულის ცხელ დღეებში შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს.

 

 

  • ანი ერნო – „მოვლენა“

 

უაღრესად ღრმა ადამიანურ შრეებში მკითხველის გადასროლა ფრანგი მწერლის, ანი ერნოს, შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ხელწერაა. 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ამ მცირე  ნაწარმოებით საკუთარ განცდებს გვიამბობს. ის, რაც ნაწარმოებში ხდება, მწერალს 23 წლის ასაკში გადახდა თავს. გავიდა 40 წელი,  ავტორმა წარსული გაიხსენა და სრული სიცხადით გადაუშალა გული მკითხველს. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მკითხველთან სიახლოვე და გულწრფელობაა. 2021 წელს ოდრი დივანმა ფილმიც გადაიღო წიგნის მიხედვით და ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრემიაც დაიმსახურა. 

 

  • რეიმონდ კარვერი – „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე“ 

 

მოთხრობების ჟანრის ოსტატი, ამერიკელი რეიმონდ კარვერი მინიმალისტური სტილითა და ღრმა ქვეტექსტით ხვდება მკითხველს. კრებული „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე“ უიმედო, გაუბედურებული და უთქმელი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ამ დუმილშია სწორედ ყველაზე დიდი ემოციური ძვრები, იქნებ კარვერის პერსონაჟები სწორედ მაშინ ლაპარაკობენ, როცა სდუმან? – ამის გასარკვევად ზაფხული უდავოდ კარგი პერიოდი, კარვერის მინიმალისტური სტილით თავბრუდახვეულ და ღრმა ქვეტექსტის ლაბირინთში ჩაკარგულ მკითხველს დიდი სიამოვნება ელის. 

 

  • მეგინელსონი – „არგონავტები“

 

ამერიკელი მწერალი და პოეტი, მეგი ნელსონი ქართველი მკითხველისთვის ხათუნა ცხადაძის ბრწყინვალე თარგმანის წყალობით ხდება ცნობილი. ნაწარმოები „არგონავტები“ იმ დიდი და ინტრიგებით სავსე სიყვარულის ამბავს გვიყვება, რომელიც თავად მეგი ნელსონს გადახდა. უცნაურობებით სავსე ისტორია ურთიერთობისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ შტრიხებსაც მოიცავს, იქნება ეს ქორწინება, ოჯახი, სიყვარული სექსი თუ სხვა. წიგნის მთავარი ღირსება და ინტრიგა სწორედ ამ ცნებათა რყევაში, მათი ფორმის რადიკალურ ცვლილებაში მდგომარეობს…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.