fbpx

გადამწყვეტი მატჩების მოლოდინში


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როგორც ევროპის, ისე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატებზე გადამწყვეტი მატჩები დაიწყო და უკვე ამ კვირაში კონტინენტების გამარჯვებული გუნდების ვინაობასაც შევიტყობთ.

სამწუხაროდ ეს ორი ტურნირი ერთდროულად ტარდება. გარდა ამისა, კოპა ამერიკის მატჩების დაწყების დრო დიდ უხერხულობას ქმნის გულშემატკივრებისთვის, რის გამოც არგენტინის ნაკრების გაჭირვებით გასვლა თერთმეტმეტრიანების სერიაში ნახევარფინალში ეკვადორთან ლიონელ მესის გაფუჭებული პენალტის თანხლებით, ფეხბურთის მოყვარულების დიდმა ნაწილმა გამთენიისას, მატჩის ხილვის გარეშე შეიტყო.

მესის მსგავსად, რონალდუც პირველი გამოცხადდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან საფრანგეთთან მეოთხედფინალური მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში და არგენტინელისგან განსხვავებით, გამოიყენა თავისი შანსი, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებს მაინც მოუწია ტურნირის დატოვება, რადგან ფრანგებმა ისე შეასრულეს თერთმეტმეტრიანების სერია, როგორც იქამდე არასდროს.

თამაში კი ნულოვანი ფრის მიუხედავად, მოსაწყენი ნამდვილად არ ყოფილა და დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე ნუნო მენდეშს დარტყმისას მეტი სითამამე რომ გამოეჩინა, პორტუგალიის ნაკრები ფრანგებს, 2016 წლის ჩემპიონატის მსგავსად, დაამარცხებდა.

თამაში თანაბარი იყო, მაგრამ ბურთის ფლობაში პორტუგალიელთა საგრძნობმა უპირატესობამ ფეხბურთის ნეიტრალურ გულშემატკივრებს ტრადიციულად საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან დიდიე დეშამის გაშვების სურვილისკენ უბიძგა, რადგან გულდასაწყვეტია, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, მუდმივად უსახურ ფეხბურთს თამაშობს და ნახევარფინალში სამი გატანილი ბურთით გადის, რომელთაგან ორი ავტოგოლია…

მაგრამ გოლების გატანის თვალსაზრისით ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმაც ანტირეკორდი დაამყარა. 

კრიშტიანუ რონალდუმ, ბერნანდუ სილვამ, ბრუნო ფერნანდეშმა და მათმა  თანაგუნდელებმა იმდენი მოახერხეს, რომ საქართველოს ნაკრებთან ანგარიშით 0:2 წაგების შემდეგ, ზედიზედ კიდევ ორ მატჩში დამატებითი დროის ჩათვლით, ერთი ბურთის გატანაც ვერ შეძლეს. ამიტომ ამ გუნდის გავარდნა ჩემპიონატიდან მაინცდამაინც გულდასაწყვეტი არ არის. 

ესპანეთი – საფრანგეთის დაპირისპირების სახით ჩემპიონატი ესპანეთი – გერმანიის მატჩის შემდეგ, მაყურებელს კიდევ ერთი ფინალის ტოლფას შეხვედრას უმზადებს, რომელიც იმედია, სანახაობრივი თვალსაზრისით გაამართლებს. 

ამ მხრივ პირველი ბადე უფრო ეფექტური ჩანს მეორესთან შედარებით, თუმცა კაცმა არ იცის, დარჩენილი ოთხი გუნდიდან რომელი მოიგებს წლევანდელ ტურნირს.

ნეიტრალური მაყურებლების სიმპათია ალბათ ესპანეთის ნაკრების მხარეს უნდა იყოს, რადგან ამ გუნდმა აქამდე ჩატარებულ ხუთივე მატჩში შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა.

ჩემპიონატის მასპინძელ გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირების დროს კუკურელიოს ხელით თამაშის ეპიზოდთან დაკავშირებით პენალტის არდანიშვნას თურმე თავისი ობიექტური მიზეზიც ჰქონია, ტონი კროოსის მიერ შეხვედრის დებიუტში პედრის „მონადირებას“ კი ინგლისელი მსაჯის მხრიდან ღვაწლმოსილი გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ყვითელი ბარათი მაინც უნდა მოჰყოლოდა.

როგორც შემდგომში გაირკვა, პედრი გერმანელთა დამღუპველმა დანი ოლმომ შეცვალა, რომელმაც ამ მატჩში წარბშეუხრელად გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ფლორიან ვირცმა კი ფეხბურთის მოყვარულებს ტრადიციული გერმანული ხასიათი გაახსენა, როდესაც ბუნდესნაკრებს მატჩის ბოლო წუთზე თამაშების გადარჩენა და შემობრუნება შეეძლო. 

თუმცა, ნახევარი საათის შემდეგ გერმანელებმა დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე უკვე საკუთარ კარში გაუშვეს გოლი, რამაც გულშემატკივართა შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან წაგებული მატჩის ემოციები აღძრა. 

კატარის ჩემპიონატზე კი პლეიოფის გზა დღევანდელზე უფრო სუსტ გერმანელებს ასევე უფრო სუსტმა ესპანელებმა გადაუღობეს…

პირად შეხვედრებში მცირე უპირატესობის მიუხედავად, ესპანელებისთვის დიდ ტურნირებზე საფრანგეთი საკმაოდ უხერხული მეტოქეა, თუკი გავიხსენებთ, რომ 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ფრანგებმა იზეიმეს გამარჯვება. 

თუმცა, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანელებმა მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, ამის შემდეგ კი ჯერ ნახევარფინალში პორტუგალიას თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლიეს, შემდეგ კი ფინალში იტალია 4:0 გაანადგურეს.

მაშინ გუნდის თამაშის შემოქმედებით მხარეს ჩავი, ინიესტა, ჩაბი ალონსო და ფერნანდო ტორესი განასახიერებდნენ, ახლა კი გერმანიასთან მატჩის ბედი შეცვლაზე შესულმა „რეალ სოსიედადის“ ნახევარმცველმა მიკელ მერინომ გადაწყვიტა, რომელიც ალბათ ვერც წარმოედგინა აყლაყუდა რუდიგერს, რომ საჯარიმო მოედანზე, მატჩის უკანასკნელ წუთზე მის ზურგს უკან აღმოჩნდებოდა და გადამწყვეტ გოლს მის სიმაღლეზე ამხტარი, თავით გაიტანდა…

ალბათ ვერც შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელები წარმოიდგენდნენ, რომ ინგლისთან დაპირისპირების დამატებითი დროის დასასრულისკენ ერთ შეტევაში ზედიზედ ორჯერ გაარტყამდნენ ბურთს ძელს და პენალტების სერიაში უკვე ამის შემდეგ დამარცხდებოდნენ.

გარეთ საუთგეიტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან გუნდი თერთმეტმეტრიანების სერიის შესასრულებლად მაინც მოამზადა უმაღლეს დონეზე. 

სანახაობრივი თვალსაზრისით კი ინგლისის ნაკრები საფრანგეთის უარესი ვერსიაა ჩემპიონატზე და საუკეთესო შემადგენლობის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ჯუდი ბელინგემის და აშკარა გამართლების წყალობით იმყოფება ნახევარფინალში.

შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი მურატ იაკინი ალბათ ნანობს, რომ ძირითადი მეკარის ადგილი დამსახურებული იან ზომერის ნაცვლად, ახალგაზრდა გრეგორ კობელს არ ანდო, რომელსაც არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა დორტმუნდის „ბორუსიაში“.

შვეიცარია ისე გავარდა, რომ ჩემპიონატზე ერთი მატჩიც არ წაუგია, ნიდერლანდები კი ნახევარფინალში ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ გავიდა და თანაც ისე, რომ პლეიოფებში აქამდე შედარებით ხელსაყრელი მეტოქეები შეხვდა.

თურქეთთან მატჩში რონალდ კუმანის გუნდი 35-ე წუთიდან მოყოლებული მარცხდებოდა, მაგრამ უკანასკნელ მეოთხედში „ნარინჯისფრებმა“ საკმაოდ იოლად შეძლეს თამაშის შემობრუნება და მისი გამარჯვებამდე ძირითად დროშივე მიყვანა.

ევროპის ჩემპიონატის პლეიოფებისგან განსხვავებით, კოპა ამერიკაზე მატჩის ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გუნდების დამატებით დროს არ თამაშობენ და პირდაპირ პენალტების სერიას ასრულებენ.

ასე მოხდა ურუგვაის და ბრაზილიის ნაკრებების შეხვედრაშიც, რომლის ძირითადმა დრომაც გაუთავებელი ძიძგილაობის, უხეშობის და სიმულაციის ფონზე ჩაიარა და პრაქტიკულად საგოლე მომენტების გარეშე ფრედ – 0:0 დასრულდა.

პირველი პენალტები მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს და თუკი ურუგვაელი ვალვერდეს დარტყმამ ივარგა, ბრაზილიელ მილიტაოს ურუგვაელთა გოლკიპერმა სერხიო როჩეტმა აუღო, თავიდანვე მოპოვებული უპირატესობა ურუგვაელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს, სადაც ისინი კოლუმბიას დაუპირისპირდებიან.

აი მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს A ჯგუფის მონაწილეები – არგენტინა და კანადა შეხვდებიან. 

მსოფლიოს და სამხრეთ ამერიკის მოქმედმა ჩემპიონმა ტურნირზე მიწვეული გუნდი ერთხელ უკვე დაამარცხა და წყვილში ამჯერადაც ფავორიტია. ფინალში კი, საჭიროების შემთხვევაში, კოპა ამერიკაზეც არის გათვალისწინებული დამატებითი დრო, რომელსაც აქამდე არსებული სტატისტიკის მიხედვით, საკმაო ალბათობით ვიხილავთ კიდეც. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.