მე ვარ თოლია და არ მესმის ტალღების ხმა
ავტორი: ანი თენიეშვილი
ფოტო: ირაკლი ჯაფარიძე
ილუსტრაცია: საბა სურმანიძე
მესიზმრა, რომ თოლია ვიყავი, დავფრინავდი ქალაქის თავზე.
ჩემი სახლის წინ ცხრასართულიანი საბჭოთა კორპუსის სახურავზე, ქალაქში ყველაზე მეტი თოლია იყრის თავს. მათი ხმა მხოლოდ მაშინ ისმის, როცა წვიმს. სხვა დროს მათ ხმას ქალაქის ინდუსტრიული ხმაური შთანთქავს. წვიმის დროს კი თოლიები, თითქოს გამაფრთხილებელ ხმას გამოსცემენ, ანდაც იმ ყველაფრის მიმართ აქვთ პროტესტი, რაც ქალაქში ხდება. ახლა წვიმს, როგორც ზღვისპირა ქალაქს შეეფერება – მოულოდნელი და კოკისპირული წვიმა ეცემა კორპუსის სახურავს, აივანზე ვდგავარ და ვხედავ, როგორ დაფრინავენ კორპუსის გარშემო თოლიები, როგორ ეშვებიან ორგანიზებულად ორთქლად ქცეულ სახურავზე, თითქოს ქალაქზე თავდასხმას აპირებენო, როგორც ალფრედ ჰიჩკოკის ფილმშია.
ვუყურებ ეზოს, გარშემორტყმულს უამრავი კორპუსით, პარკინგითა და ეკლესიით და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პატარა ბათუმური ეზო, მისი განვითარების სტრუქტურა, არქიტექტურული მოდელი და საზოგადოებრივი ურთიერთობები ერთგვარი ილუსტრაციაა მთელი ქვეყნის.
ჩვენი ეზო
ჩვენ, ვინც 90-იან წლებში დავიბადეთ, ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ივენთი გამოვტოვეთ, ის ივენთები, რომლებმაც ჩვენი სოციალური სხეული ჩამოაყალიბა. ჩვენ არ მოვსწრებივართ საბჭოთა კავშირს, მაგრამ მისი ნეგატიური ნიშნები ჩვენში დაიტუმბა, ისევე, როგორც თბილისის სამოქალაქო ომს და 90-იანი წლების დაკანონებულ უკანონობას, თუმცა ეს ყველაფერი პატარა ასაკში ჩვენ კანზე ვიგრძენით. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც მცირედი გვახარებს და გვიხარია, რადგან რთულ დროში გავიზარდეთ. იქაური ამბები, ჩვენი გართობები, გაფუჭებული ტელეფონები, დედაშვილობანა, ვისი სული გსურს, დროშობანა და სხვა თამაშები, შეიძლება ახალი თაობისთვის სასაცილო და „ჩინური ენა“ იყოს, მაგრამ ჩვენთვის გადარჩენისა და გართობის მთავარ ხაზს წარმოადგენდა.
ეზომ დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა როგორც ვიზუალურად, ასევე ხასიათით, ადრე ღია და მეგობრული იყო, ახლა ჩაკეტილია, თითქოს კარები აქვს მოხურული, თანაც ისე უბრალოდ არა – გადარაზული, პირადი სიმშვიდე რომ არ დაერღვეს.
ჩემს ბავშვობაში ეზო მთავარი სათამაშო არეალი იყო, აქ არც მოედანი, არც სკვერი და საქანელები არ იდგა, იყო მხოლოდ გარაჟები და ჩვენი ეზოს მთავარ ხერხემალს სწორედ ეს გარაჟები წარმოადგენდა, სადაც ბავშვები დავძვრებოდით და ვთამაშობდით ზემოთ ჩამოთვლილ თამაშებს, და არა მხოლოდ. გარაჟი იყო ჩვენთვის სამზარეულოც, სადაც გავშლიდით ხოლმე რომელიმე ჩვენგანის მოსაცმელ ჟაკეტს, ზედ კიტრსა და პომიდორს დავყრიდით, ხანდახან, იღბლიან დღეს კი შოკოლადებსაც მივაყოლებდით, და მივირთმევდით ეზოს ხერხემალზე გემრიელად. იქ ნაჭამს სხვა გემო ჰქონდა, არ ჰგავდა სამზარეულოში მშობლის მითითებით მირთმეულ საუზმეს, ვიყავით ლაღები და თავისუფლები, დედები კი ტრადიციულად ზემოდან გადმოგვცქეროდნენ და გამყინავი ხმით გვსაყვედურობდნენ: ჩამოდით, არ ჩამოვარდეთ! მაგრამ, ვის ესმოდა მათი…
ეზოზე მონოპოლიას ბავშვების ბანდა ვამყარებდით, თუმცა ერთ დღესაც საფრთხე შეგვექმნა – ეზოს „დიდ ბიჭებს“ კალათბურთს თამაში მოუნდათ, და ფარი დაკიდეს ერთ-ერთი გარაჟის თავზე, რომელიც ჩემი აივნის ქვეშ მდებარეობდა. შესაბამისად, ამ ფარზე გავლენას ისინი აწესებდნენ – მხოლოდ თანატოლ ბიჭებს აძლევდნენ საშუალებას ეთამაშათ, გოგოებზე საუბარი ზედმეტია. მთელი დღეების განმავლობაში ისინი თამაშობდნენ, ასე ვიჩაგრებოდით ხოლმე იქამდე, სანამ ჩვენში არ დაიბადა წინააღმდეგობა ამ უსამართლობისადმი. ერთ დღესაც, როდესაც ბიჭებმა მორიგ თამაშზე უარი გვითხრეს, გადავწყვიტე, ეზოს გოგოები ჩემთან სახლში ამეყვანა, აივანზე გავმაგრდით და სპეციალური იარაღის დამზადება დავიწყეთ, უზარმაზარ პარკში ჩავყარეთ და ჩავასხით ყველაფერი, რაც კი ხელში მოგვხვდა და ფოსტით – პირდაპირ აივნიდან კალათბურთის ფარის მიმართულებით გავუშვით… აქ დაიბადა პირველი წინააღმდეგობა ჩემში და ჩემს თანატოლებში. წინააღმდეგობა, რომელიც იბადება მაშინ, როცა გრძნობ უსამართლობის შეგრძნებას და გიჩნდება სურვილი თანასწორობისთვის ბრძოლის, როცა სივრცეს გართმევენ და შენ ამ სივრცის დაბრუნებას იწყებ. ეს მეთოდი ერთჯერადი არ იყო, როცა მივხვდით, რომ ეს წინააღმდეგობა შედეგის მომტანია, გავაგრძელეთ იგივე ქმედება, ისინიც მალევე დაგვნებდნენ, ასე მოვიპოვეთ თამაშის უფლება და ავტონომია ეზოზე.
მართალია, იმ პერიოდის მეგობრებთან აღარ მაქვს კონტაქტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათში ახლაცაა წინააღმდეგობის შეგრძნება და ისინი ამას გამოხატავენ სხვადასხვა ფორმით, ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში.
ჩვენი ეზო ეს იყო საჯარო შეკრების ადგილი, სადაც ვსწავლობდით მეგობრობას, ზრუნვას, სიყვარულსა და ბრძოლას გადარჩენისთვის, ცოტა სასაცილოდ შეიძლება ჟღერდეს ეს „ბრძოლა გადარჩენისთვის“, მაგრამ მერწმუნეთ, ეგრე იყო, ეს 90-იანი წლებია, რა დროსაც არ იყო მარტივი სახლში მშობლების „ჭადრაკის“ თამაშის ყურება, უმეტესად, მათი თამაში ხმაურიანად სრულდებოდა და შესაბამისად, ჩვენც გვერჩივნა თავი ეზოს შეგვეფარებინა და მაუგლებივით გვეძრომიალა გარაჟებზე. მახსოვს, იმ პერიოდში ერთი თამაში გვქონდა გამოგონილი, რომელიც, ჩემი აზრით, გარკვეულწილად, ინფანტილურად რეფლექსირებს, იმ პერიოდის სიმძიმესა და ველურ პირობებს, თამაში იყო გაძლებაზე – საბჭოთა კორპუსებს ჰქონდათ ნაგვის სპეციალური ბუნკერები, ამ ბუნკერში უზარმაზარი ვირთხები სახლობდნენ, თამაშის მთელი მუღამი კი ის იყო, რომ უნდა გამოგვეღო ბუნკერის კარი, შეგვედგა ფეხი და ერთი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად მდგარიყავით. ამას ვერავინ ბედავდა, რამდენიმე წამში ყოველ ჩვენგანს შიში გვიპყრობდა და გამოვრბოდით სამშვიდობოზე. ამ დავალებას თუ შეასრულებდი, შენ ხდებოდი უბნის გმირი და იმწამს შენს გმირობას ლეგენდები მოჰყვებოდა. ერთხელაც ძალა მოვიკრიბე და შევძელი ბუნკერში მოცემული დროის ინტერვალში ყოფნა, რა დროსაც, საბედისწეროდ, მამაჩემმა მომისწრო – ერთი კვირა ეზოს დავემშვიდობე. აივნიდან ვტკბებოდი და შევყურებდი გარაჟზე მორბენალ თანატოლებს, მაშინ წავიკითხე ჩემი პირველი წიგნი და სწორედ წიგნის წაკითხვით გავთავისუფლდი ურჩხულის კლანჭებისგან, რომელმაც ივნისის შუაგულში პრინცესასავით გამომკეტა სასახლეში.
აივანზე ვდგავარ, ვუყურებ წვიმით გალუმპულ ეზოს, მოპირდაპირე ცხრასართულიანი კორპუსის სახურავს თოლიები არიან შესეულნი და გახურებულ ალუმინის ქსოვილზე ცდილობენ სხეულის გათბობას. არ მახსოვს, როდის ან საიდან გაჩნდა ამდენი თოლია იქ, ან რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს ადგილი. თოლიები უცნაური ფრინველები არიან, მაგათ ამბავს ვერაფერს გაუგებ, ერთი კი ნათელია, მათი ხმა, ისევე, როგორც ზღვის ხმა ქალაქში, აღარ ისმის, ეს ხმები ბურღის, ჩაქუჩის და მშენებლობის ეკლექტურმა ტექნომ ჩაანაცვლა. ეს ხმები კი ადგილობრივების ცხოვრების მთავარი საუნდტრეკია. აივანზე ვდგავარ და ვცდილობ გავიხსენო ძველი ხედი, როცა აქედან ზღვა ჩანდა, ახლა ყველაფერი მშენებლობებს აქვთ შეჭმული, ერთი კორპუსის მწკრივს მეორე ენაცვლება, მაღალს – დაბალი. ბელეტაჟის სახლის გვერდით ახალი, თანამედროვე შუშებში გადაწყვეტილი ბილდინგია წამომდგარი, ატლანტურ სახლებსა და გერმანულ არქიტექტურას გაურკვეველი წარმოშობის მიშენებები ენაცვლება, ეს დისბალანსი, რასაკვირველია, აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე, რაც იწვევს შფოთვისა და დეპრესიის მომატებას. არქიტექტურის სტუდენტებს წამყვან უნივერსიტეტებში პირველ რიგში ასწავლიან ცნებას, რომლის მიხედვითაც არქიტექტურა გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის გარემოსთან ურთიერთობის ფორმირებაში. ის გავლენას ახდენს ურბანულ ქსოვილზე, გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ჯგუფების წარმოქმნაზე და განსაზღვრავს ქალაქის იდენტობას. ესთეტიკის გარდა, ის ითვალისწინებს სივრცეების ფუნქციონალურ საჭიროებებს, გარემოს მდგომარეობასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. მათ ასწავლიან იმას, რომ არქიტექტორის მთავარი ფუნქციაა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითობას, კავშირს და კეთილდღეობას და ტოვებს მნიშვნელოვან კვალს ადამიანების ცხოვრებაში.
ის ველური პოლიტიკა, რომელსაც დაპატრონებული აქვს ჩვენი ქალაქები და სოფლები, მიზნად ისახავს ჭარბწარმოებას, შესაბამისად, მზარდ მოგებას და ფეხზე იკიდებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ადამიანი, გარემო, ჯანდაცვა, კულტურული მემკვიდრეობა, ის რაღაცით ვამპირს ჰგავს, რომელიც სწოვს სისხლს.
ხშირად გავიგებთ აზრს, რომ თუკი ქალაქში ზღვაა, დეპრესია ნაკლებია. ეს აზრი გარკვეული თვალსაზრისით სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ვამპირად ქცეული დღის წესრიგი, უზარმაზარი ბეტონის კონსტრუქცია ნელ-ნელა ზღვასაც შთანთქავს. სახლი ზღვის ხედით უკვე ფუფუნების საგანია, თუკი არ გაქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა, ვერ ყიდულობ ჯანმრთელობას. ქალაქის ურბანული დაგეგმარება ჩვენს ცხოვრებას ჰგავს, ვერ გაგვირკვევია, როგორი გვინდა იყოს, ამ პროცესში კი ის ინერტულობას აფრქვევს და მოსახლეობას მდორე ქსელში იწოვს. თითოეული შენობა ამპარტავან ადამიანს ემსგავსება, ხარბს, რომელიც თვითნებური აბზუებული ცხვირითაა მიმართული ცისკენ, მისი სიმაღლის მიუხედავად, უკმაყოფილოა, რადგან არ ჰყოფნის და მეტი უნდა.
ეს ტურისტული ქალაქია და აქ ტურისტებს თუ სხვა დამსვენებლებს ის სურვილი აქვთ, რომ წვიმა არ წამოვიდეს, რომ ცა იყოს ღია და მზიანი, ჩემი სურვილი კი საპირისპიროა – მიყვარს, როცა აქ წვიმს, მხოლოდ მაშინ არ ისმის მშენებლობის ბიტები, ტინიტუსივით რომ გაჭერს და გაწუხებს.
ორი იერარქია – ბიზნესი და ეკლესია
ეზოს ხერხემალი – გარაჟები ახალ ურბანულ პოლიტიკას ემსხვერპლა, ისინი აიღეს და რამდენიმე წელში გამოკითხვა ჩაატარეს, რა აეშენებინათ მოტიტვლებულ ეზოში: კორპუსი თუ ეკლესია? ჩვენი ყოველდღიურობა ხომ მსგავსი მეტაფიზიკური კითხვებით არის გარშემორტყმული, არჩევანს არა მოტივები, არამედ გადაუდებელი, სისტემის მიერ შემოთავაზებული აუცილებლობები წარმოადგენს. ეკლესიის მშენებლობას მოჰყვა პატარა სკვერის აშენება, რომელშიც ერთი საქანელა იყო მხოლოდ. მალევე ეზოს საბჭოს გადაწყვეტილებით საქანელა აიღეს. ახლა მთელი ეზო ეკლესიას და პარკინგს უკავია.
რამდენიმე წლის წინ ერთ სახელოვნებო პროექტზე ვმუშაობდი, რა დროსაც ეზოში პრაგმატული ხასიათის გამოკითხვა ჩავატარე. მაინტერესებდა, სხვა ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში, რომელს აირჩევდა მოსახლეობა. შესაბამისად, კვლევის მთავარი მიზანი იყო გამერკვია, მოსწონდათ თუ არა მოსახლეებს ეზოს იერსახე და ისურვებდნენ თუ არა მის გაჯანსაღებას. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობას სურდა მწვანე საფარი და ბავშვების გასართობი მოედანი.
ადამიანი თავისებურად მოთვალთვალე არსებაა, ის დაინტერესებულია, რა ხდება მისი კორპუსის წინ გაშლილ ფანჯრებში. მეც მყავდა ასეთი ჩემი „ფავორიტი“ მეზობელი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რაც თავი მახსოვს, მთელ დროს აივანზე ატარებს. თოლიების გარდა, ჩემი მთავარი თვალთვალის ობიექტი ის იყო, იდგა აივანზე, ეწეოდა და ჭკვიანური სახით გადაჰყურებდა უბანს, მის მზერაში ტვინის ნაოჭების მოძრაობა ჩანდა, შესაბამისად, განსაკუთრებით მაინტერესებდა მისი აზრი ეზოს შესახებ, ვგრძნობდი, რომ მისი პასუხები ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან მან იცოდა, როგორი იყო ეზო ადრე და როგორია ახლა, თუმცა ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. კარზე ვუკაკუნებ და ვესალმები. ვუსვამ კითხვებს, დავინტერესდი, რას ფიქრობდა იმის შესახებ, რომ ძლივს აშენებული პატარა საქანელა აიღეს, რაზეც გაკვირვებული ხმით მკითხა: საქანელა აიღეს?
არადა საქანელა კითხვის დასმიდან რამდენიმე წლით ადრე დადგეს და აიღეს კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი „ფავორიტი მეზობელი“ ქალაქის თავისებურ მდორე ქსელშია გაბმული, სადაც ეკლექტური ურბანული დაგეგმარება და სამშენებლო ტექნო მის ფსიქიკას და უძრაობას განსაზღვრავს.
მესიზმრა, რომ თოლია ვიყავი, დავფრინავდი ქალაქის თავზე და უმიზნოდ ვიმეორებდი:
მე ვარ თოლია და არ მესმის ტალღების ხმა.