fbpx

“საგანი, როგორც ფორმის განმსაზღვრელი მთავარი პირობა” – ანუკა თავართქილაძე


გააზიარე სტატია

ავტორი: თათუკა კვაშალი             

 

არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი – ანუკა თავართქილაძე  უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს პროდუქტის დიზაინზე, მისი ობიექტები გამოირჩევა ესთეტიკურობითა და ფუნქციურობით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავსი პროდუქციის შექმნისას.                                         

მისი პირველი პროდუქტი, რომელმაც დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა, სამომავლო პროექტების განსახორციელებლად სტიმული და ბიძგი აღმოჩნდა.   დღეს კი მოგიყვებით მის ორ ახალ ობიექტზე – სასანთლესა და შეყვარებულების სკამზე, რომელიც გამოირჩევა დახვეწილობით, დეკორატიულობითა და ფუნქციურობით.                                 

 

სასანთლე გამოირჩევა სახასიათო ვიზუალით, რომლის ბაზა – სფეროსებრი ბირთვი სტაბილურობისა და ესთეტიკური სიამოვნების განცდის მომგვრელია, ხოლო მისგან ამომავალი ფოლადის მილი, რომელიც კვანძით ბოლოვდება, დინამიკურობის ელფერს სძენს ერთი შეხედვით სტატიკურ ობიექტს.

რაც შეეხება ე.წ. შეყვარებულთა სკამს (“A Lovers’ Chair), იგი განსაკუთრებული შარმით გამოირჩევა და შექმნილია ორი ადამიანისათვის, მათ შორის – დიალოგის წარმართვისა და კავშირის დამყარების მიზნით. მისი ფოლადის კონსტრუქცია და სწორხაზოვანი სილუეტი  მინიმალისტური სტილით ხასიათდება, რაც განსაკუთრებით მიესადაგება თანამედროვე ინტერიერებს.  

მათი განლაგება შესაძლებელია როგორც მაღაზიებში, ასევე მუზეუმში, პარკებსა და ქუჩებში. ობიექტის მთავარი დეტალი სკამების დამაკავშირებელი კვანძია, რომელიც როგორც ვიზუალურ, ასევე სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რაც ორი ადამიანის კავშირისა და ერთიანობის ნიშანია. დიზაინერის მიერ სხვადასხვა დროს განსხვავებული დიზაინით შექმნილი ნივთები უდავოდ დასამახსოვრებელი, თბილი და რომანტიკულია, სწორედ ამიტომ ვგულშემატკივრობთ და ველით მისგან სიახლეებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.