fbpx

მსოფლიოში ესპანეთი და არგენტინა დომინირებენ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩების შემდეგ, ფეხბურთის მოყვარულებს მათთვის საინტერესო სათამაშო ეპიზოდების მრავალჯერ ხელახლა ხილვის მერე,  სამდღიანი ფიქრის საშუალება მიეცათ ტურნირის დამაგვირგვინებელი პაექრობის წინ.

ფინალამდე ესპანეთის და ინგლისის ნაკრებების განვლილ გზას თვალს თუკი გადავავლებთ, ნეიტრალურად განწყობილი გულშემატკივრების სიმპათია, რა თქმა უნდა, „ფურია როხას“ მხარეზე დარჩებოდა, რადგან ესპანელებმა ყველა მატჩში სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს და ჯგუფში დაფიქსირებული ასპროცენტიანი შედეგის შემდეგ, პლეიოფში მხოლოდ ტურნირის მასპინძელ გერმანიის ნაკრებთან ვერ შეძლეს მატჩის ძირითად დროში მოგება, თუმცა ამისთვის პენალტების სერია არ დასჭირვებიათ.

ინგლისის ნაკრები კი ჯგუფში ნაჩვენები უსახური თამაშის შემდეგ სამივე პლეიოფში შემთხვევით გაძვრა, რადგან ვერც სლოვაკეთთან და ვერც შვეიცარიასთან გასვლას „კლასის ხარჯზე“ ვერ ვუწოდებთ. 

პირველთან გარეთ საუთგეიტის გუნდი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე ჯუდი ბელინგემის მაკრატელამ, ხოლო მეორეში კი დამატებითი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ძელმა ორგზის გადაარჩინა.

ჰოლანდიის ნაკრების კარში თითქოს უსამართლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი გარეთ საუთგეიტის ბოლო წუთზე განხორციელებულმა „ზებუნებრივმა ცვლილებამ“ გადაფარა, რამაც ერთგვარად გააბათილა ინგლისელთა ყოველგვარ შინაარსს მოკლებული სვლა ფინალისკენ და ნეიტრალური გულშემატკივრები ამ ტურნირის დამაგვირგვინებელი დიდებული სანახაობისათვის შეამზადა.

ამისათვის კი ფეხბურთის სამშობლოს ნაკრებს გადამწყვეტ მატჩში ასპარეზობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყო და აქ მაინც ეჩვენებინა შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი და არა იძულების წესით თამაში, რომელიც მხოლოდ შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფეხბურთის მოყვარულებს ტურნირის დასრულების შემდეგ გულდაწყვეტით უნდა ეღიარებინათ, რომ ჩემპიონატმა სანახაობრივი თვალსაზრისით კი გაამართლა, მაგრამ არამცთუ ჩემპიონობას, არამედ ფინალში გასვლას მხოლოდ ესპანეთი იმსახურებდა. 

ერთი გუნდის ჩემპიონატი კი ამ ტურნირის ისტორიას არ ახსოვს, რადგან იგივე „ფურია როხა“, რომელიც გაცილებით ვარსკვლავური შემადგენლობისა იყო 2012 წელს, ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე პორტუგალიასთან ნახევარფინალში პენალტების სერიით გავიდა.

ფეხბურთის მოყვარულთა სასიხარულოდ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი სანახაობრივი თვალსაზრისით შესანიშნავი გამოდგა, მაგრამ ის მაინც ერთი გუნდის ტურნირად იქცა.

ამაში კი, რა თქმა უნდა, უდიდესი „დამსახურება“ საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებების მწვრთნელებს – დიდიე დეშამს და გარეთ საუთგეიტს მიუძღვით, რომლებმაც თავიანთ ფეხბურთელებს სანახაობრივი ფეხბურთის თამაშის, ხოლო ფეხბურთის მოყვარულებს კი მისი ყურების საშუალება მოუსპეს.

როდესაც ფინალური მატჩის 47-ე წუთზე ნიკო უილიამსმა ანგარიში გახსნა, ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივრები ხელების ფშვნეტით მოემზადნენ ინგლისის „აფეთქების“ საყურებლად. 

იქნებ ახლა მაინც შეეცვალა გარეთ საუთგეიტის გუნდს უღიმღამო სათამაშო ხელწერა და ცოტათი მაინც დამსგავსებოდა თავის მეტოქეს, რომელსაც შემადგენლობის სიძლიერის თვალსაზრისით, შეიძლება აღემატებოდეს კიდეც…

მაგრამ ხომ ნათქვამია – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. ინგლისმა კი მოახერხა საპასუხო გოლის გატანა, მაგრამ ამის შემდეგ მატჩის უკანასკნელ მეოთხედში ან დამატებით დროში შემთხვევითი გოლის გატანის იმედით, საუთგეიტის გუნდი ლაჩრულად კვლავ დაცვაში გამაგრდა.

ესპანეთმა კი თავდაცვა შეტევაში გადაწყვიტა, ტემპს და თავბრუდამხვევ გადაცემებს უმატა და საბოლოოდ „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელ ოიარზაბალის მიერ მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე გატანილი გოლით ევროპის ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ესპანელთა მწვრთნელის, დე ლა ფუენტეს ღვაწლი „ფურია როხას“ გაჩემპიონებაში. 

წლების მანძილზე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად ტიტულების მოპოვების შემდეგ დე ლა ფუენტემ ეროვნულ გუნდთან ერთად ერთა ლიგის პირველივე ტურნირი მოიგო. 

საინტერესოა, რატომ არ გაუშვეს ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან საუთგეიტი ამავე ტურნირზე გუნდის A კატეგორიიდან B კატეგორიაში ჩამოქვეითებისთვის?

რას წარმოადგენს ისტორიული ჯილდოების თვალსაზრისით ინგლისის ნაკრები ან მითუმეტეს თავად საუთგეიტი, რომ „არ ეკადრება“ ერთა ლიგის ტურნირზე მთელი ძალით თამაში?

საუთგეიტის უცნაური სამწვრთნელო მსოფლმხედველობის მიუხედავად, ინგლისის ნაკრები შემადგენლობით წლეულს იმდენად ძლიერი იყო, რომ მსოფლიოს წამყვანი საბუკმეკერო კანტორები მას ჩემპიონატის დაწყებამდე ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევდნენ.

ასეთი რევერანსი სრულიად გამართლებული იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ის არ შედგა და ამით სანახაობრივმა ფეხბურთმა უდიდესი გამარჯვება იზეიმა ანტიფეხბურთამდე მისულ პრაგმატიზმზე.

ინგლისელთა მარცხი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების წაგების გამოძახილიც იყო, რომელსაც არგენტინის ნაკრებთან შედარებით უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ ძალიან იშვიათად, მხოლოდ გოლის გაშვების შემთხვევაში უტევდა.

საბოლოოდ ესპანელებს სამი ფინალის ტოლფასი მატჩის ჩატარება მოუწიათ ტურნირის მასპინძლის, გერმანიის, შემდეგ კი საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებების წინააღმდეგ.

დელა ფუენტეს გუნდს ყველაზე მეტად გერმანელებთან გაუჭირდათ, მაგრამ რამდენიმე სადავო ეპიზოდის მიუხედავად, მათ ეს ბარიერიც დამსახურებულად გადალახეს.  

გერმანელები მხოლოდ იმიტომ არ იმსახურებდნენ ფინალში თამაშს, რომ საკუთარ მოედანზე უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, ისინი მაინც მდევრის როლში აღმოჩნდნენ ესპანეთის ნაკრებთან, რომელთანაც საბოლოოდ დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე გაუშვეს ბურთი. 

ნურც შვეიცარიასთან ჯგუფურ მატჩში დავივიწყებთ გერმანელთა წვალებას, რომელთაც თავი შეაკლეს მატჩის ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრებას…

ქართველ გულშემატკივრებს კი სალაპარაკოდ დარჩებათ, რომ ევროპის ჩემპიონობის გზაზე ესპანელებს ჩვენი გუნდის დამარცხებაც მოუწიათ და თანაც საკამათო გოლით  ანგარიშის გათანაბრების ხარჯზე…

კოპა ამერიკის ფინალში კი ერთმანეთს არგენტინის და კოლუმბიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გადამწყვეტ მატჩამდე ორივე გუნდმა წაუგებლად მიაღწია. ამიტომ მსოფლიოს და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები შეიძლება არც ყოფილა გამორჩეული ფავორიტი იმ გუნდთან შეხვედრაში, რომელმაც იქამდე ნახევარფინალში ბრაზილიის გამომგდები ურუგვაის ნაკრები პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლით და მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში  კაცნაკლული შემადგენლობით გამოასალმა ტურნირს.

კოლუმბია ფინალური მატჩის პირველ ტაიმში უფრო მეტს უტევდა და მეტსაც უხეშობდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მათ ლიონელ მესის ისე ჩაარტყეს, რომ ტრავმამ მეორე ტაიმში იჩინა თავი და 64-ე წუთზე ლეგენდარულ არგენტინელს აცრემლებულს მოუწია მოედნის დატოვება.

მეორე ტაიმიდან მოყოლებული და დამატებით დროში კი არგენტინელებმა გაამწვავეს თამაში, 112-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა, 116-ე წუთზე კი ანხელ დი მარიამ უკანასკნელად დატოვა მინდორი არგენტინის ნაკრების მაისურით…

არგენტინა მეთექვსმეტედ  გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.