fbpx

ფალოცენტრული ქანდაკებები – სივრცის აღდგენა ქართველი ქალებისთვის


გააზიარე სტატია

ნახატის ავტორი: ანი თენიეშვილი

გრაფიკული ავტორი: თორნიკე ჯაველიძე

 

ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მივდივარ, ზაფხულის მცხუნვარე მზე აჭერს ქუჩებში, ავტობუსში ვზივარ, კონდიციონერის ქვეშ, ხელი ფანჯრის თხელ მოაჯირზე მიდევს, რითაც ნიკაპს ვიმაგრებ და ფანჯრის მიღმა ვიწყებ ყურებას. 

თბილისში ზაფხული სულ სხვა ფენომენია, ვისაც ერთხელ მაინც გიგემიათ ეს – მიხვდებით, როცა მზე პიკის საათს აღწევს და მოურიდებლად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, რამდენიმე საათით სახე გვეჭმუჭნება, ოფლად ვიღვრებით და აუტანელ დაღლილობას ვერაფრით ვებრძვით – დაახლოებით ასეთი თავბრუდამხვევი ალი ასდიოდა ქალაქს, ირგვლივ ყველას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ მთელი ქალაქი თითქოს ჩუმ და გადაუდებელ ფიქრს მისცემოდა. 

ქალაქი ქაოსურია, ცხელი და ხმაურიანი, მანქანები სიჩქარეებს ცვლიან და ნერვული მანერებით მიემართებიან დანიშნულების წერტილისკენ. 

ყველა ვჩქარობთ, თბილისი ასეთი ქალაქი გახდა, მეტროში, სამარშრუტო ტაქსიში, ავტობუსში თუ სხვა სატრანსპორტო  საშუალებაში ვჩქარობთ, რომ ადგილი არ დაგვასწრონ, ვჩქარობთ მიზნის მისაღწევად, რომელიც ბუნდოვანია, და თუკი არ იჩქარებ, ვიღაც ყოველთვის დაგასწრებს, მარათონია – ან ის გასწრებს, ან შენ, თუ იღბლიანი დღე გაქვს, როგორც მე – ავტობუსში ადგილი დავიკავე, თანაც ფანჯარასთან, მაგრამ დღეს თითქოს არავის აქვს ამ მარათონის თავი, სიცხისგან გაბრუებული ზომბებივით ვმოძრაობთ და ირგვლივ ჩვენი ტლანქი ფიქრებია მიმოფანტული, ზოგი ბავშვობაშია ჩავარდნილი, ზოგი სახლში ვენტილატორის ან კონდიციონერის ქვეშ წარმოიდგენს ნეტარებაში ჩავარდნილ საკუთარ თავს, ზოგი ფიქრებით დასავლეთ საქართველოს რომელიმე პლაჟზეა ადგილობრივი ლუდის ბრენდის ქოლგის ქვეშ, ნებივრობს და ჩაესმის სანაპიროს საუნდტრეკი: „ციიივი პივა, ფააანტა, კოოკა-კოოოლა, ბოოორჯომი“… სხვას რას უნდა ნატრობდე ამ სიცხეში.

ჩემი ფიქრები და ნატვრა ძეგლებს აქვს შეწოვილი, ფანჯრიდან ვიყურები და ქალაქის ძეგლებს ვათვალიერებ, რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, აქ არიან მეფეები, გმირები, აბსტრაქტული პერსონაჟები, მწერლები, პოეტები, საზოგადო მოღვაწენი, უცხო ქვეყნის პრეზიდენტები და სხვა… 

 

ვინ საზღვრავს საქართველოში, ვისი ძეგლი დაიდგმება და სად? რა დამსახურებაა ამისთვის საჭირო?

ადვილი გასარჩევია, ძირითადად მამაკაცები ჭარბობენ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მჭრის თვალს,  იმის შესახებ გეტყვით: ორთაჭალაში, ბაგრატიონის მოედანზე ცხენზე ამხედრებული გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლია აღმართული, რომელსაც ხმალი აქვს მოქნეული, რამდენადაც უცნაური  უნდა იყოს, ეს ხმალი არა ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რუსეთისთვისაა აღმართული, ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ. 

პეტრე დიდი მეომარი ყოფილა, ნაპოლეონს მასზე ისიც უთქვამს, ყველაზე მეტად მას ერიდეთო, მაგრამ ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ, რატომ უნდა იდგეს მისი ძეგლი თბილისის უძველეს უბანში, თვალს ეს იმდენად არ მჭრის, რამდენადაც მსგავსი ტიპის ძეგლები, სადაც პერსონაჟები, აუცილებლად მამრობითი სქესის, ცხენზე არიან შემომჯდარნი, ეს არ არის უბრალო აკვიატება, საქმე საერთოდ სხვა რამესთან გვაქვს: ძველი საბრძოლო კანონი ითვალისწინებს იმას, რომ მნიშვნელოვანი პერსონები, მდედრობითი სქესის, ცხენზე ამხედრებულიყვნენ, რადგან მდედრობითი სქესის ცხენს მამრობითი სქესის ცხენისგან განსხვავებით, შეუძლია ნებისმიერ მდგომარეობაში მოშარდვა, სირბილის დროსაც კი, ამიტომ ომში მეფეები და დიდგვაროვნები უპირატესობას მდედრობით ცხენს ანიჭებდნენ, თუმცა თუკი დავაკვირდებით ძეგლებს, საქმე პირიქითაა – მეფეები და სხვა მეომრები არა მდედრობით, არამედ გენიტალიებით “შეიარაღებულ” მამრობით ცხენებზე არიან აღმართულნი. 

ასეა ბაგრატიონის ძეგლის შემთხვევაშიც, გავიხსენოთ ელგუჯა ამაშუკელის მეტეხის ტაძართან  აღმართული ვახტანგ გორგასალი და მისი ცხენი, ქალაქის შემოსასვლელში მდგარი დავით აღმაშენებელი ან თელავის ცენტრში ცხენზე ამხედრებული ერეკლე მეორე. მათი ცხენები ერთი მნიშვნელოვანი ნიშნით ჰგვანან ერთმანეთს, ეს ბანალური პატრიარქალური ჟესტია, რომელიც აყალბებს ისტორიას, და ქმნის სიძლიერის სიმულაციას. ახალ ფსიქოანალიზში ამას ფალოგოცენტრიზმი ეწოდება.

ეს ტერმინი ორი დამოუკიდებელი ტერმინის ერთობლიობაა: ფალოსი ფსიქოანალიტიკურ თეორიაში გამოიყენება არა მხოლოდ მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელად, არამედ როგორც იმ ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც პატრიარქალურ სისტემაში მამაკაცებს აქვთ. მსგავსი ძალაუფლება დაკავშირებულია პენისის ვიზუალურ ხატთან და ქალსა და მამაკაცს შორის ბიოლოგიურ სხვაობაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ფალოცენტრისტულია კულტურა, რომელშიც ვცხოვრობთ, რადგან მამაკაცის განსაზღვრებას განსაკუთრებული სიმბოლური ღირებულება აქვს. 

ფალოგოცენტრულია მათ შორის ქალაქის არქიტექტურა, რომელიც გამოხატულია ფორმაში – განსაკუთრებით თანამედროვე არქიტექტურა, უზარმაზარი ფალიკური შენობები ან უბრალოდ ტროტუარის აღმნიშვნელი ბარიერები. ერთი სიტყვით,  ქალაქი აღებული აქვთ მამრ ცხენებზე ამხედრებულ კაცებს, ზოგი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ზოგი ნაკლებად, ზოგი კი საერთოდ არაფერ კავშირშია ჩვენი ერის ისტორიულ და მენტალურ ქსოვილთან.

ძეგლებით გარშემორტყმულ ქალაქში რთული მოსაძებნია გამოჩენილი ქართველი ქალების მონუმენტები. ვინმეს ალბათ ქართლის დედაც გაახსენდება, მაგრამ ეგ ხომ აბსტრაქტული ნამუშევარია, სადაც სწორედაც რომ ქალი და მისი როლია განსაზღვრული. მე საუბარი მაქვს ქალებზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ეს ქვეყანა ისეთი, როგორიცაა, ასე გამორჩეულად კი რომელიმე ქართველი ქალის ძეგლის გახსენება, ცოტა არ იყოს და, გაგვიჭირდება, შეიძლება გახსენებად სოფიკო ჭიაურელისა და ნატო ვაჩნაძის ძეგლებისა, თუმცა ეს არ არის საკმარისი…

საქართველოში ძეგლების ღირსება, როგორც წესი, განისაზღვრება საჯარო დისკურსის, ისტორიული მნიშვნელობისა და სამთავრობო გადაწყვეტილებების ერთობლიობით, ამ უკანასკნელის შედეგად მივიღეთ სხვა ქვეყნის პრეზიდენტების ძეგლები, რომლებიც ჩვენს მენტალობასთან თუ ისტორიასთან არაფერ კავშირში არ არის, ამას თვითკოლონიალიზმი შეიძლება ვუწოდოთ. ძეგლთა დადგმის პროცესში ასევე მონაწილეობენ ისტორიკოსები და კულტურის ექსპერტები. საბოლოო ჯამში, მთავრობამ ან შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ ძეგლების განთავსება, მოხსნა ან მოდიფიცირება იმდროინდელი ისტორიული სიზუსტის, კულტურული აქტუალობისა და სოციალური ღირებულებების საფუძველზე, როგორც ჩანს, ჯერ არცერთი ხელისუფლება არ დაფიქრებულა ამ კუთხით, და წლების შემდეგ თუკი მოგვინდება, რომელიმე მათგანის მმართველობა განვსაზღვროთ, კარგი იქნება დავაკვირდეთ ძეგლებს, რომლებიც მათ დადგეს ან აიღეს.

ძეგლების წინააღმდეგ ბრძოლა 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მასობრივად დაიწყო ძეგლების დემონტაჟი, ბელადების მონუმენტებს შეეწირა მნიშვნელოვანი პროგრესულად მოაზროვნე პერსონაჟების მონუმენტები, მაგალითად, 1923 წელს დადგმული ფემინიზმის პიონერის, როზა ლუქსემბურგის ძეგლი 1991 წელს გაანადგურეს. 

დიდი ტრანსფორმაციის შემდეგ ზოგი ძეგლი აიღეს, ზოგიც კი უკვალოდ დაიკარგა, ასეთია ქართველი სახალხო გმირის  მაია წყნეთელის ძეგლის ისტორიაც. ქალისა, რომელმაც ბატონის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა, (რამაც მისი მშობლების სიცოცხლე შეიწირა) უპასუხოდ არ დატოვა, კაცად გადაიცვა და შურისძიება დაიწყო, მეფე ერეკლეს კარზე სამსახურიც იშოვა და გადმოცემის მიხედვით, ყიზილბაშებზე გაყიდული უამრავი ბავშვი გაათავისუფლა. საბოლოოდ კი სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. ცხენზე აღმართული მაია წყნეთელის ძეგლი გაიტაცეს, ნაწილებად დაანაწევრეს და გაყიდეს.

ძეგლების ფენომენი უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს. ეგვიპტელებმა ააშენეს ქანდაკებები თავიანთი ფარაონების პატივსაცემად და თვლიდნენ, რომ ისინი ადამიანის სახით ღმერთები იყვნენ. ბერძნები და რომაელებიც მიჰყვნენ ეგვიპტელების გზას და თავიანთი ლიდერები, გმირები და რაც მთავარია, ღმერთები ქანდაკებებითა და ბიუსტებით გამოსახეს. ძეგლები გარკვეული თვალსაზრისით ძალაუფლების, ავტორიტარიზმისა და უკვდავების სიმბოლოა… საინტერესოა, რატომ არის ეს ქვის ან სხვადასხვა მეტალის ფიგურები ძირითადად მამაკაცებისა?

სამყაროში, რომელსაც კონტურებს უქმნის პატრიარქატი, გასაკვირი არ არის, რომ ძეგლების პანთეონში მამაკაცები დომინირებენ. საუკუნეების მანძილზე კაცებს ჰქონდათ ძალაუფლება, ასე გრძელდება ახლაც, მათი ბატონობა უკვდავია ყველგან – საჯარო სივრცეში, პარკებსა და შენობების ფასადებზე. ისინი დომინირებენ ისტორიულ ნარატივში და მცირე ადგილს უტოვებენ ქალებს, რომლებმაც თანაბარი წვლილი შეიტანეს საზოგადოების მშენებლობაში.

მსოფლიო ისტორიაში რთული მოსაძებნია მომენტი, როცა ძალაუფლება ხელში ქალს ეპყრა. ჩვენი ისტორია კი ასეთ ორ ქალს იცნობს – თამარს და რუსუდანს. პირველ რიგში კი, რასაკვირველია, თამარ მეფეს, რომელიც თავისი სპეციფიკური, დინჯი და სწორუპოვარი მმართველობით გამოირჩეოდა, და როცა ვსაუბრობთ დემოკრატიისა თუ გენდერულ საკითხებზე, თამარი პირველ რიგში დგას – სასაუბრო თემის თავში. თამარ მეფე სწორედ ის პერსონაა, რომელიც ასობით სხვა ერისგან გამოგვარჩევს, მისი ძეგლი კი ქვეყნის დედაქალაქში საერთოდ არ გვხვდება, მისი ნახვა მხოლოდ მესტიაში და ახალციხეშია შესაძლებელი, რაც შეგვიძლია მისი საფლავის მისტიფიკაციით განვსაზღვროთ – როგორც იცით, თამარის საფლავი უცნობია, ყველაზე პოპულარული ვერსიების თანახმად კი, ის მესხეთის მიწაზე ან სვანეთში უნდა იყოს. ახლა კი უბრალოდ წარმოიდგინეთ თბილისის და ქვეყნის დიდი ქალაქის ცენტრში აღმართული მეფე თამარის ძეგლი. ან ქართული ისტორიოგრაფიისთვის მარგინალი რუსუდანის, რომელსაც ქვეყნის მეფობა ურთულეს პერიოდში მოუხდა. ეს იქნებოდა ფსიქოგეოგრაფია და ის ბევრად უფრო მსუბუქს გახდიდა პატრიარქატით გაჟღენთილ ურბანულ ესთეტიკას.

თამარის და რუსუდანის გარდა სხვა ქალებიც გვყავს, რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ გამოსაჩენ, ცენტრალურ ადგილას ყოფნას; წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც მმართველი, მეცნიერი, მხატვარი, მწერალი, მოაზროვნე ქალების ქანდაკებებია მამაკაც კოლეგებთან ერთად. წარმოიდგინეთ თავისუფლების მოედანზე, რომელიმე ღირსეული ქართველი ქალის სკულპტურა. ეს იქნება არა მხოლოდ რამდენიმე ქანდაკების დამატება, არამედ იმის ხელახალი განსაზღვრა, რასაც ჩვენ ვაფასებთ და აღვნიშნავთ, როგორც საზოგადოება. ეს არის იმის აღიარება, რომ ქალების წვლილი სისტემურადაა იგნორირებული, ეს კი იქნება ისტორიის გამყარება, მისი ერთგვარი განახლება.

ძეგლები და ბიუსტები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვა და ბრინჯაო; ისინი ჩვენი ღირებულებებისა და რწმენის ანარეკლია. სამყაროში, სადაც პატრიარქატი მოქმედებს, გასაკვირი არ არის, რომ მამაკაცები დომინირებენ სივრცეებზე, მაგრამ დროა ამ სტატუს-კვოს გამოწვევისთვის. ქალები იმსახურებენ თავიანთ ადგილს კვარცხლბეკებზე არა მხოლოდ ისტორიის წიგნებში, არამედ იმ პეიზაჟებში, სადაც ყოველდღიურად ვცხოვრობთ.

წარმოიდგინეთ, ერთ დილას ქალაქი აღებს ღამის ქაოსით დამძიმებულ თვალებს და ირგვლივ ყველგან, პარკებსა და მოედნებზე, ქუჩებში, უნივერსიტეტებთან ქართველი ქალების სკულპტურებია მოდებული, მთელ ქალაქს იკავებენ, დგანან და თითქოს კი არ დგანან, დადიან, მოძრაობენ და ქალაქის ჰარმონიას ქმნიან. თამარის, რუსუდანის, ქეთევან წამებულის ძეგლებს ენაცვლებიან პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწეები კატო მიქელაძე, ბარბარე ჯორჯაძე, ეროვნული გმირი  მარო მაყაშვილი, ქიმიკოსი ქეთევან თავაძე, მიკრობიოლოგი და პირველი ქართველი ქალი ექიმი კატო ჯავახიშვილი, დიდოსტატი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია, ბრწყინვალე პოეტი ანა კალანდაძე და მარიჯანი, ბიოლოგი მარიკა ებრალიძე, მხატვარი  ელენე ახვლედიანი ან ესმა ონიანი… რა მოთვლის იმ დედოფლებს, მეფეებს, საზოგადო მოღვაწეებს, ეროვნულ გმირებს, პოეტებსა თუ მწერლებს, რომლებმაც შექმნეს ჩვენი კულტურა, მენტალობა და ისტორია.

დააკვირდით ხატებს ტაძრებში, ყველა ერთმანეთს ჰგავს, ვერც ერთ ხატზე ვერ ნახავთ ცოცხალ სახეს, ასეთია დაახლოებით ქართული ძეგლები, მცირე გამონაკლისის გარდა, ასეთ გამონაკლის წარმოადგენს ბათუმში, 26 მაისის პარკის კოლონადებთან აღმართული მფრინავი, სათამაშო თვითმფრინავით ხელში, რომელიც ქვეშ მდგარ ბავშვს უყურებს. ეს ფადიკო გოგიტიძის ძეგლია, ქობულეთში დაბადებული პირველი ქართველი მფრინავი გოგოსი, რომელიც თავისი ნიჭიერებით განთქმული იყო და სიცოცხლე ნაადრევად  დაასრულა – პროფესიას შეეწირა. ეს შესანიშნავი ძეგლი თავისი სპეციფიკური ფორმითა და შინაარსით ნამდვილად გამოირჩევა ქვეყანაში მდგარი სხვა ძეგლებისგან. 

ფადიკოს ძეგლი წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს სკუპლტურა თანამედროვე დროში. ამ განსხვავებსაც ქალები ქმნიან.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.