fbpx

ნესტან მიქელაძის გამოფენა “კორიდორში” – DE INTUS


გააზიარე სტატია

 

 

7 ივნისს გალერეა “კორიდორმა” ნესტან მიქელაძის სოლო გამოფენას უმასპინძლა. DE INTUS ლათინურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც “შიგნიდან”. ნესტანის წარმოდგენილი ნამუშევრები კი შინაგანად დაგროვილი ენერგიის გამოხატულებაა.

გამოფენაზე მის მიერ სხვადასხვა დროს  შესრულებული ნახატებია შერჩეული, ისინი მხატვრის ერთიან, მაგრამ მრავალფეროვან სამყაროს წარმოაჩენენ. 

ყოველი მათგანი მოგითხრობს ისტორიას და ერთგვარ ისტორიის ხაზს ქმნის მნახველთათვის. მაგრამ ნესტანი თავის შემოქმედებით არ გესაუბრება პირდაპირ, საჭიროა იცოდე და იცნობდე სიზმრისეულ ენას, რომელიც ყოველ ჩვენგანში ბუდობს და უბრალოდ გახსენება და დაკვირვება სჭირდება გასაგებად. 

გამოფენის – DE INTUS-ის კურატორი კატი არსენიშვილია.  “ჩვენთვის საინტერესოა,  მაყურებელმა ნახოს მისი წლების წინ შესრულებული ნამუშევრები, თუ როგორ მართავს დიალოგს  ახალი სტილით შესრულებულ ტუშის ნამუშევრებთან და ასევე როგორ იმეორებს ახალ ტილოზე წარსულ ფორმებს. პირველად ავტორი ქმნის ინსტალაციებს თავისი სიზმრების მეტაფორული ფორმებით, რაც მისთვის საინტერესო ექსპერიმენტია”. – კატი არსენიშვილი. 

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა მედიუმში და ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნიკითაა შესრულებული. აღსანიშნავია ინსტალაცია, რომელიც საგამოფენო დარბაზის შუაგულში თივის გორის სახით არის წარმოდგენილი.

გორა, სიზმრისეული თხრობის მეტაფორული გზაა, რადგან სიზმარიც სწორედ ამგვარ მინიშნებებს გვაძლევს სასაუბროდ. თივაზე გადადებული შავი ტყავის ფრაგმენტი კი ერთგვარი მხატვრული გამოხატვაა ცხოვრების გზის, რომლის გავლაც ყოველ ადამიანის უწევს რთულ პერიოდში, დასასრულს, “პიკში”, სადაც ყველაზე დიდ სიძნელეს აწყდება ინდივიდი, თავისუფლდება იმ მოგვრილი ტკივილისა თუ დაღლისაგან, რაც ამ აღმართმა მოუტანა. შემდეგ კი იწყება დაღმართი, რომელიც შედარებით მარტივი სავალია.  

ნესტანის ფერწერაც, განსაკუთრებით კი ახალი, აკრილის ტუშით შესრულებული ნამუშევრები,  ექსპერიმენტია, რომელიც ავტორის რთული პერიოდის შემდეგ შეიქმნა, თუმცა ერთი შეხედვით გამოსახულებები მსუბუქია, რადგან არტისტიც სწორედ ამ გზით გათავისუფლდა და ამჩატდა. მსუბუქი, მოლივლივე ესთეტიკის მიღწევაში კიმატერია (აკრილი, ტუში) დაეხმარა. აბსტრაქტული ფიგურები ღრმა ოკეანის ბინადრებს ემსგავსებიან, რომლებიც ზემოთ ამოტივტივებისას სულ ახალ-ახალ ფერებს იძენენ. გრადაციული ფერები და ფორმები ნესტანის საუბრის მთავარი ელემენტებია. ცხოვრების სრულიად განსხვავებულ ეტაპებზე, განსხვავებულ გარემოში, სტილსა და ტექნიკაში ისინი მეორდებიან და ახლებურად იჩენენ თავს და მნახველს ამბის მოყოლის, ინდივიდუალური ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევენ.  

აღსანიშნავია, რომ წყალი არტისტის შემოქმედებაში ხშირად იჩენს თავს,   ამჯერად კი საგამოფენო სივრცეში, ტილოების გარემოცვაში, წყლის მცირე ინსტალაციაც არის წარმოდგენილი, რომელიც განათებისა და ანარეკლების სახით ყოველი კუთხიდან თითქოსდა ახალ ნამუშევარს ქმნის და უფრო მეტ დატვირთვას აძლევს კონცეფციას.

სარკეში არეკლილი ობიექტები, წყლის მიღმა, ნესტანის სიზმრის ინტერპრეტაციაა, სადაც თავის გადარჩენას ცდილობდა, როცა სახე მთლიანად წყლით ჰქონდა დაფარული. დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ ინსტალაციაში ჩახედვისას  სწორედ არტისტის სიზმრისეულ მოგონებებს შეხედონ. 

 

შიგნიდან გადმოღვრილი სამყარო ზეთში, აკრილის ტუშში და სხვა ახალ მედიუმში ნესტან მიქელაძის შემოქმედების გზაა. ძიება, აღმოჩენა და შემდგომ გამჟღავნება სხვადასხვა ექსპერიმენტული ფორმებით ტილოზე თუ სხვა მატერიებით.

 ახალგაზრდა ქართველი არტისტის, ნესტან მიქელაძის პირველი სოლო გამოფენა 2015 წელს შედგა, მას შემდეგ  მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ჯგუფურ და სოლო გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის – პარიზში, მადრიდში, ბერლინსა და ნიუ-იორკში.

DE INTUS-ის ნახვა “კორიდორში” 21 ივლისამდეა შესაძლებელი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.