fbpx

“ლურჯი მოცვი” – ოდა სიყვარულისა


გააზიარე სტატია

 ავტორი:  თინა ლაღიძე

20 ივლისს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიევში ელენე მიქაბერიძის ფილმმა  – “Blueberry Dreams”   სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა! 

 “ლურჯი მოცვის” მსოფლიო პრემიერა 19 მარტს CPH:DOX-ის 2024 წლის საკონკურსო სექციაში – Next:Wave კოპენჰაგენში გაიმართა! მსოფლიო ჩვენებები გრძელდება: ტრიესტე – ბრიუსელი – კიევი… 

“ლურჯი მოცვი” – ოდა სიყვარულისა  

.. არ არსებობენ ფუტკრები სურნელის გარეშე.

                                                    რეი ბრედბერი 

 

სერვანტესს, გოფმანს, ჟიულ ვერნის, ლინდგრენს, ბრედბერის, ფელინის, ტრიუფოს, ჯარმუშს, ტარანტინოს, ოსამუ ტეძუკას და მათ პერსონაჟებს რომ არ წარმოედგინათ, დაეშვათ და გაებედათ, ჩვენ როგორები ვიქნებოდით? რამდენად   გავბედავდით ბრძოლას ოცნებების ასახდენად?  

ელენე მიქაბერიძის სადებიუტო, სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური  ფილმი ”ლურჯი მოცვი” მეოცნებეებზეა. ფილმის რეალური გმირები კი შიონენ – ანიმეს პერსონაჟებს ჰგვანან, ზუსტად ისეთებს, როგორებსაც ფილმის ყველაზე უმცროსი გმირი, ლაზარე ხატავს. ხატავს  ყველგან: პატარა რვეულში, საკუთარი სახლის თუ მიტოვებული შენობების კედლებზე. 

მელაძეების ოჯახს, რომელიც ხუთი სულისგან  შედგება: დედა, მამა, ორი ძმა და ძაღლი – ჯული ხუთივე ძირითადი  სტიქია გადანაწილებული აქვთ. 

სუპერძალას კი: სულის, სხეულის, სიკეთის და ფანტაზიის სტიქიებს, თავად ფილმის ავტორი, ელენე მიქაბერიძე ფლობს, რომელიც  მაქო-შოუჯოდ (მაგიური ძალის მქონე ჯადოქარი გოგო) გვევლინება და თავის გმირებს რთულ მომენტებში აძლიერებს. ავტორის და გმირების  შეხვედრა მეოცნებეების გაერთიანებას ჰგავს, რომელთა საერთო იდეა წარმატებისთვისაა განწირული, მიუხედავად ამ გზაზე თანმდევი უამრავი მარცხის, ეჭვისა თუ წარუმატებლობისა.

ფილმი მთავარი მეოცნების – სოსო მელაძის და მისი ოჯახის ფერმერულ თავგადასავალზე მოგვითხრობს. სოსო  “დანერგე მომავალი” – სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო, იპოთეკური სესხი აიღო და ზუგდიდში, დე ფაქტო საზღვართან მოცვის პლანტაციის გაშენება გადაწყვიტა. იდეა თავისთავად უწყინარია, მოცვიც – გემრიელი. უბრალოდ, თავად  სახელმწიფო პროგრამაა ყოველგვარ გარანტიებს მოკლებული და ფინანსური რისკებით სავსე. ყოფილი ინჟინერი, იდეალისტი – სოსო მელაძე ამ რისკებს დაუღალავ შრომას უპირისპირებს  და ფერმერობაში თავით ეშვება. მისთვის ეს ახალი წამოწყება პირადი პერპეტუუმ მობილეც  არის  და ბავშვების სტაბილური მომავლის წყაროც. 

რეალობა სასტიკია. ჩვენ მომსწრე ვხდებით, თუ როგორ აისახება მელაძეების “Start-up”-ზე  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პრობლემები. ლოკალური და მსოფლიოს მმართველების მანკიერი მხარეები.  ველური კაპიტალიზმი, კლიმატური ცვლილებები, პანდემია, ბანკების ხისტი პოლიტიკა მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და დაუმუშავებელი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც დამწყებ ფერმერებს იუტუბის ვიდეოების და მეგობრების რჩევების ამარად ტოვებენ.

 

სოსო და ნინო:  ფილმის დასაწყისში შრომაში გახვითქული სოსო ამბობს: “მთავარია, რო გაიზარდოს (მოცვის ნერგები) და მოგვცეს მოსავალი, მერე მოვლა არ ჭირდება” ..

მოსავალი მართლაც კარგი და უხვია. იუტუბიც ამართლებს, მაგრამ იწყება ახალი გამოწვევები: მოსავლის დაფასოება, დაბინავება, დისტრიბუცია, რეალიზაცია, ფასების რეგულაციის არარსებობის პირობებში ვაჭრობა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ახალი ბიზნესის განვითარებას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე და მოსავლის გაყიდვა ოჯახს დაბალ ფასში უხდება. ფორსმაჟორულ სიტუაციაში სახელმწიფო ბენეფიციარებს არ ეხმარება, მელაძეების სახლ-კარი კი იპოთეკით დატვირთული რჩება. 

მეორე წლის ბოლოს სოსო მეუღლეს ეუბნება: “გავდივარ ბეწვის ხიდზე, რომელიც კაციშვილმა არ იცის როდის ჩატყდება… ან ყველაფერს ვკარგავ, ან რაღაცას მივაღწევ. შენ ყოველთვის გჯეროდა ჩემი. იცოდი, რომ ყველაფერს შევძლებდი და შევძლებ…” 

ნინოც ეთანხმება და სჯერა მეუღლის… ნინოც მეოცნებეა, სჯერა ოჯახის, ბიჭების მომავლის. ნინოს გარეშე ეს სამყარო ვერ იარსებებდა, ჩუმი და მოსიყვარულე, ის თავად ქმნის იმედის ველს, სადაც ყველას ოცნება უნდა ასრულდეს…

ბიჭები: ლაზარე გაზაფხულივითაა – სიცოცხლით, იუმორით და, რა თქმა უნდა, ოცნებებით სავსე… “ქარის სტიქიაა” – მოუხელთებელი, ლაღი და ვარსკვლავური.  გიორგი – მშვიდი, დაფიქრებული და მოსიყვარულე – “მიწის სტიქიას“ ფლობს: მისი არაბავშვურად სევდიანი თვალები არავის ტოვებს გულგრილს და არ აქვს მნიშვნელობა, მისი რომელი ოცნება ახდება, გახდება ის არქიტექტორი, ფსიქოლოგი, ფერმერი თუ სამივე ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, ის სანდოა და მომავლის საყრდენია.

ფილმის ხანგრძლივობა საათი და თხუთმეტი წუთია, ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებით ოჯახის ორწლიან ცხოვრებას, დროის მსვლელობას, ბავშვების და  მოცვის ზრდას. იანიკ ლეროის, ერთი შეხედვით, მარტივი მონტაჟი იდეალურად უხდება თხრობის სტილს, ავტორის იუმორის გრძნობას. ის ქმნის დროის ციკლურობის შეგრძნებას და ფილმს დინამიკურობას სძენს.

უნდა აღინიშნოს გერმანელი ფოტოგრაფის და ოპერატორის – პატრიკ ვენდტის ნამუშევარი, რომელიც ქართული სოფლის პეიზაჟებს, გარემოს, მთავარ გმირებსა და ცხოველებს ისე იღებს, რომ ფილმის სამყარო უფრო ჰარმონიული და ლამაზია, ვიდრე  რეალობა.

ფილმის მთავარი ღირებულება  თითოეულ კადრში გადამღები ჯგუფის აკუმულირებული სიყვარულია   საკუთარი გმირებისადმი. გმირების ერთმანეთისადმი, დაქირავებული დღიური მუშებისადმი, გარემოსადმი და ცხოველებისადმი. ფილმში რთულად მოიძებნება კადრი, შინაური ცხოველი არ იყოს წარმოდგენილი მთელი თავის “პიროვნებით” , იქნება ეს ლეკვი ჯული, კურდღელი პიტი, სახელი ბრედ პიტის პატივსაცემად  რომ შეურქმევიათ, თუ თავდაჯერებული ინდაური.

ნეტა  როდის გახდა სიყვარული ასეთი რარიტეტული და იშვიათი სანახავი? მაყურებელი ბედნიერია, თითქოს რეჟისორს უსიყვარულობით გაჩენილი სიცარიელის  შევსებისთვის ემადლიერება. მაყურებელს არ აწუხებს, რომ ფილმში წამოჭრილი პრობლემები სიღრმისეულად არ განიხილება. აუდიტორიის რეაქცია ყველგან ერთნაირია, იქნება ეს: კოპენჰაგენი, ტრიესტე,  ბრიუსელი თუ კიევი.

“როდესაც ბელგიაში საქართველოზე ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი ჩემს თავს, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ასე წარმომედგინა. ასეთია ჩემი საქართველო.” – ამბობს რეჟისორი.

ელენე/ლენიკო მიქაბერიძე

ელენეს, ოჯახთან ერთად, 5 წლის ასაკში მოუწია საქართველოს დატოვება და ბელგიაში, ემიგრაციაში წასვლა. საქართველოში ოთხმოცდაათიან წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო, ერთმანეთზე შეყვარებულმა ქართულ-აფხაზურმა ახალგაზრდა წყვილმა ნათესავების, მეგობრების, გარემოს ორმხრივ წნეხს ვერ გაუძლო და ემიგრაციაში წავიდა. საბჭოთა პრივილეგირებული ოჯახების შვილები ემიგრაციის  რთულ პირობებში არაპრაქტიკულები აღმოჩნდნენ და უამრავი სირთულის გადალახვა მოუწიათ. ოჯახი  ერთმანეთის და გარშემომყოფებისადმი სიყვარულმა, იუმორის გრძნობამ და შრომისმოყვარეობამ გადაარჩინა. ამგვარმა გარემოებებმა ელენე  გამოუსწორებელ მეოცნებედ და ქველმოქმედად აქცია. სხვისი დახმარება მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა.

ალბათ, ამიტომაა, რომ რეჟისორი საერთაშორისო ფესტივალებს, კრიზისულ თემებზე სალაპარაკო პლატფორმადაც იყენებს – იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა პალესტინაში, ბარბაროსული ომი უკრაინაში, გარემოს დაცვითი საკითხები, ცხოველთა უფლებების დაცვა თუ  რუსეთის ექსპანსია საქართველოში, დემოკრატიის დაკარგვისა და ხელოვნებაში ცენზურის დამკვიდრების საფრთხე…

“ვეცადე გადამეღო ფილმი ომის შესახებ ისე, რომ ომი არ მეჩვენებინა. ფილმი მრავალ ომგამოვლილ ქვეყანაზე, რომელიც ფეხზე დადგომას ცდილობს. ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე მადლობა გადამიხადეს იმისთვის, რომ ფილმი თბილ და ნათელ გრძნობებს იწვევს. სწორედ ასეთი ფილმის გადაღება მინდოდა. 

ამ ფილმის უკრაინაში ჩვენება ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგანაც აღმოვაჩინე ქვეყანა და ხალხი, რომელიც რუსული აგრესიის მიუხედავად, სიცოცხლით და ენერგიითაა სავსე.  მადლობელი ვარ ფესტივალზე მოწვევისთვის, მადლობა ყველაზე მამაც და უშიშარ ხალხს! 

ელენე  საქართველოში 25 წლის ასაკში აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მხარეთმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით დაბრუნდა, მისი კვლევის საგანი იყო: ომის ასახვის გზები ქართულ კინოში. დაბრუნდა ქვეყანაში, სადაც მისი იდენტობის შემადგენელი “ორი სამშობლო” დღემდე გადაუჭრელ კონფლიქტშია, რუსეთის მიერ ოკუპირებული და  საზღვრით გაყოფილია.

სწორედ ამ საზღვრიდან 12 კილომეტრში შემთხვევითობამ შეახვედრა ლენიკო თავის გმირებს, როდესაც ის ბებიის სანახავად  და ბიძაშვილების გასაცნობად მიდიოდა. მაშინ  რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული გვარის და პასპორტის გამო არ შეუშვეს. ამიტომ  მოუწია ზუგდიდში, საოჯახო სასტუმროში გაეთენებინა ღამე.  სასტუმროს წინ  ხეზე ამძვრალმა ათი წლის მოუსვენარმა მასპინძელმა შეკითხვები თავზე მწიფე თუთასავით დააყარა, მერე მთელი ოჯახი გააცნო და ისტორიის თხრობაც დაიწყო. 

„ყველაფერი, რაც მინდოდა, ჩემი ფილმით მეთქვა, ამ ოჯახში ვიპოვე.“

 

ყველას ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ მელაძეების ოჯახს: დონაციის ლინკი

 

დამატებით ინფორმაცია:

ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით შეიქმნა. ფილმს ასევე მხარს უჭერენ:  საფრანგეთის და ბელგიის ეროვნული კინოცენტრები, დოჰას კინოინსტიტუტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, RTBF ბელგიის ტელევიზია, ფრანგული მაუწყებელი TENK, Al Jazeera Documentary არხი, USAID სოფლის მეურნეობის პროგრამა საქართველოში და ფრიტ ორდის ფონდი.

გადამღები ჯგუფი:

  • სცენარის ავტორი: ელენე მიქაბერიძე, პროდიუსერი: ელენე მარგველაშვილი,
  • კოპროდიუსერები: ბატისტ ბრუნერი, იზაბელ ტრუკი, საპროდიუსერო კომპანია  Parachute Films;
  • კოპროდიუსერული კომპანიები: Wide Productions (საფრანგეთი), Iota Production (ბელგია);
  • ოპერატორი: პატრიკ ვენდტი, მონტაჟი: იანიკ ლეროი, ფილიპ ბუკი, ხმის დამუშავება: მარკო პასკალი, ხმის მიქსი: ჟორდან ტროლო;
  • ფერების კორექცია: დამიან პელეწიე ბრანი, შარლ დებუშე, ნიკო ტარიელაშვილი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.