fbpx

ევროპის ჩემპიონატის ირგვლივ


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

განვლილი ევროპის ჩემპიონატი სანახაობრივი თვალსაზრისით შეიძლება საუკეთესოც კი იყო ამ ტურნირის ისტორიაში და ამიტომ მის შესახებ საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

მოვლენათა შეფასება საინტერესოა ფეხბურთის ნეიტრალური მაყურებლების და არა ამა თუ იმ ნაკრების „ფანების“ თვალსაზრისით, რომლებიც რატომღაც განიცდიან „თავიანთი“ გუნდების წარუმატებლობას ტურნირზე, სადაც თვით საქართველოს ნაკრების დებიუტი შედგა…

ნეიტრალური გულშემატკივრის თვალით დანახული ტურნირი კი ობიექტურ შეფასებას ემყარება, რომლის მიხედვითაც გადავწყვიტეთ განვლილ ევროპის ჩემპიონატზე თითოეული მონაწილე გუნდის ასპარეზობის შეფასება.

ტურნირის მაღალი დონე გუნდების უმეტესობის მიერ მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენამ განაპირობა, რამაც როგორც თამაშების სანახაობრივ მხარეზე, ისე შედეგიანობაზეც მოახდინა ზეგავლენა.

ტურნირს, რა თქმა უნდა, ანტიგმირებიც აღმოაჩნდა და მათ შესახებაც ვისაუბრებთ.

A ჯგუფში მასპინძელმა გერმანიამ, შვეიცარიამ, უნგრეთმა და შოტლანდიამ მოიყარეს თავი. 

გერმანიამ მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა. მთლიანობაში კი მან ისე იასპარეზა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ისტორია ვერაფრით გაამდიდრა და ვერც ფეხბურთის მოყვარულები მოხიბლა რაიმე განსაკუთრებულის ჩვენებით. თუმცა, სანახაობაც არ გაუფუჭებია. ფლორიან ვირცის გარეშე კი ბუნდესნაკრები ესპანელებთანაც ვერ შეძლებდა მატჩის დამატებით დროში გადატანას.

A ჯგუფის გამორჩეული გუნდი შვეიცარიის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც ყველა საკვანძო მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, გაამწარა როგორც გერმანიის, ისე ინგლისის ნაკრებები და ტურნირს მხოლოდ უიღბლობის გამო გამოეთიშა.

B ჯგუფმა ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები შვა, რომლის მსგავსი ჩემპიონი შეიძლება ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში არც ყოფილა. 

ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე იტალიის, ხორვატიის, მასპინძელი გერმანიის, საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებებს აჯობა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მან პლეიოფში ჩვენი გუნდიც დაამარცხა, გული ძალაუნებურად სიამაყით გვევსება, რომ ტურნირის გამორჩეულ ჩემპიონთან წავაგეთ…

იტალიამ და ხორვატიამ სუსტად იასპარეზეს, თუმცა ამ უკანასკნელის მონაწილეობით სანახაობრივი თვალსაზრისით სამივე მატჩმა ივარგა, თვით ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგაც კი, რომელმაც მისთვის უმაღლეს დონეზე ჩაატარა სამივე შეხვედრა და უკვე ნახსენები შოტლანდიის და უნგრეთის ნაკრებებისგან განსხვავებით, შერცხვენილს არ დაუტოვებია ტურნირი.

ამაყად თავს ვერც C ჯგუფის გამარჯვებული და მომავალი ფინალისტი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები უნდა გრძნობდნენ, რადგან ამ შემადგენლობით მწვრთნელთაგან ტურნირს ორი „მთავარი დამნაშავე“ – გარეთ საუთგეიტი და დიდიე დეშამი თუ ვერ მოიგებდნენ.

აქედან გამომდინარე, ინგლისის ნაკრების მსგავსი ეპითეტებით საფრანგეთის შემკობაც შეიძლება, რომლის მწვრთნელმაც, საუთგეიტის მსგავსად, თავის ფეხბურთელებს შემოქმედებითი მხარე, ხოლო ფეხბურთის მოყვარულებს კი სანახაობრივი თამაშის ყურების შესაძლებლობა მაქსიმალურად მოუსპო.

ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ჯუდი ბელინგემია დაზარალებული, რომლის უშუალო ქმედებების შედეგად, ინგლისის ნაკრების ფინალში გაყვანის მიუხედავად, მას სიმბოლურ ნაკრებშიც არ აღირსეს ადგილი, სადაც რატომღაც მუსიალას სახელი კიაფობს. სხვა მხრივ კი იქ ყველაფერი წესრიგშია…

ინგლისთან ერთად ჯგუფში დანიის, სლოვენიისა და სერბეთის ნაკრებები ასპარეზობდნენ. ყოველმა მათგანმა სანახაობრივი და მთელ რიგ ეპიზოდებში შემტევი ფეხბურთი ითამაშა და ამაში მათ ხელი ინგლისმაც შეუწყო, რომელიც ყველა თამაშში თავს იცავდა და მხოლოდ იშვიათად, „საჭიროების შემთხვევაში“ თუ გადადიოდა შეტევაზე.

სწორედ ამიტომ შექმნეს სლოვენიელებმა პიკფორდის კართან არაერთი საგოლე მომენტი, ისევე როგორც პლეიოფში პორტუგალიელებთან, რომლებმაც ზედიზედ სამ მატჩში, რომელთაგან ორში დამატებითი დრო დაინიშნა, ერთი გოლის გატანაც ვერ შეძლეს.

ჩვენ ამ დროს სიამაყით ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ისტორიულ მშრალ მოგებას ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან…

C ჯგუფიდან ყველაზე დიდ სიმპათიას უდავოდ სლოვენია იმსახურებს, რომელმაც ტურნირი, შვეიცარიის მსგავსად, წაგების გარეშე დატოვა. აი პენალტების დარტყმაში კი მათ, ეტყობა, არც უვარჯიშიათ. ალბათ არ ელოდნენ, რომ ამის გაკეთება მოუწევდათ…

D ჯგუფში საფრანგეთთან ერთად მონაწილე ავსტრიის, ნიდერლანდების და პოლონეთის ნაკრებებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს და თამაშის სანახაობრივი მხარეც შექმნეს.

უცნაურია, მაგრამ ყველაზე ნაკლებ სიმპათიას ამ ჯგუფიდან საფრანგეთი იმსახურებს, რომელიც თითქმის ყოველთვის სპობდა თამაშის სანახაობრივ მხარეს. ერთადერთი გამონაკლისი ჰოლანდიასთან მეორე ტაიმში ჩატარებული 30-წუთიანი შემტევი მონაკვეთი იყო, როდესაც შეუძლებელი გახდა  ტელეეკრანიდან თვალის მოწყვეტა.

ფრანგებს მაშინ კონტრშეტევა გამოეპარათ, რაც მათ კარში გატანილი ბურთით დასრულდა. მსაჯმა ეს გოლი კი გააუქმა, მაგრამ დეშამი ამ ეპიზოდმა ალბათ განსაკუთრებით დააფიქრა ესპანელების მიერ საქართველოს ნაკრების კარში გატანილი ანალოგიური გოლის ჩათვლის შემდეგ. 

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებმა ჰოლანდიელებთან მათ კარში არჩათვლილი გოლის შემდეგ დარჩენილ ოთხ მატჩში სულ რამდენიმე შეტევა განახორციელა და ტურნირი საბოლოოდ 4 გატანილი გოლით დაასრულა, რომელთაგან ორი ავტოგოლი იყო…

რას დაამსგავსა დეშამმა ფეხბურთელები საკუთარ ხელში?! მან ხომ თვით მბაპეს და გრიზმანს მოუსპო საფეხბურთო ფანტაზია. ნაადრევი ხომ არ არის იმის თქმა, მბაპემ თამაშის ხარისხს უკლოო? ამ კითხვაზე პასუხს მალე კარლო ანჩელოტი გაგვცემს, რომელიც სავარაუდოდ დაეხმარება ფრანგ ვარსკვლავს შემოქმედებითი მხარის აღდგენაში.

E ჯგუფი ყველაზე თანაბარი იყო მონაწილეთა თვალსაზრისით, თავიდანვე ნათელი ჩანდა, რომ ევროპის ჩემპიონს აქედან ვერ ვიხილავდით და უკრაინის ნაკრებისადმი განსაკუთრებული სიმპათიის მიუხედავად, ნეიტრალური მაყურებლებისთვის ამ ჯგუფის ერთადერთი ფუნქცია ის იყო, რომ გუნდებს ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი ეჩვენებინათ.

საბედნიეროდ ასეც მოხდა და ექვსივე მატჩი დასამახსოვრებელი გამოდგა მაყურებელთათვის. პლეიოფში სლოვაკეთი, საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ტურნირის კიდევ ერთ უდიდეს სენსაციასთან იყო ახლოს, რაც მხოლოდ ჯუდ ბელინგემმა არ დაუშვა 95-ე წუთზე შესრულებული ულამაზესი მაკრატელათი.

რუმინეთმა უკრაინასთან უძლიერესი შორეული დარტყმებით, ხოლო ბელგიამ ლუკაკუს არჩათვლილი გოლებით და გაუთავებელი შეტევებით დაგვამახსოვრა თავი. აი ფრანგებთან კი ამ უკანასკნელს ისტორიულად არ შეუძლია გოლის გატანა…

E ჯგუფის მსგავსად F ჯგუფშიც სანახაობრივი თვალსაზრისით ყველა მატჩმა ივარგა და ამაში ლომის წილი საქართველოს ნაკრებს მიუძღვის. 

დიდია თურქეთის დამსახურებაც, რომელმაც გახსნილი და უშიშარი ფეხბურთი ითამაშა და ივარგა პლეიოფებში როგორც ავსტრიასთან, ისე წაგებულ მატჩში ჰოლანდიასთან.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გარდა იმისა, რომ მან გიორგი მიქაუტაძის სახით ტურნირს საუკეთესო ბომბარდირი შესძინა, გიორგი მამარდაშვილიც თითქოს უნდა გამხდარიყო ტურნირის საუკეთესო მეკარე. 

მაგრამ ამ მხრივ ობიექტურობა გვმართებს და უნდა ვაღიაროთ, რომ მერვედფინალიდან გამოვარდნილი გუნდიდან შეუძლებელია ტურნირის საუკეთესო მეკარის არჩევა ჩეხეთთან შესრულებული სარეკორდო რაოდენობის „სეივების“ მიუხედავად. 

მაგრამ ერთი რამ გაურკვეველია:  რატომაა მითითებული „ვიკიპედიას“ საიტზე 3 გოლის გამტან ტურნირის 6 საუკეთესო ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე ჰარი კეინი და მხოლოდ მას შემდეგ მიქაუტაძე?

მიქაუტაძე და სლოვაკი შრანცი აუცილებლად პირველ ორ ადგილზე უნდა იმყოფებოდნენ, რადგან მათ სამი ბურთი 4 მატჩში გაიტანეს. აი ჰოლანდიელი გაკპო, გერმანელი მუსიალა, ინგლისელი კეინი და ესპანელი ოლმო კი მათ შემდეგ უნდა დაეწერათ. 

საბოლოოდ კი ევრო 2024 ერთი გუნდის ტურნირად იქცა, რომლის თამაშის აღწერაც ცალკე განხილვას იმსახურებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.