fbpx

ალექსანდრე დიუმა – ცოტა ხნით ჩვენთან, თბილისში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

1802 წლის 24 ივლისს „სამი მუშკეტერისა“ და „გრაფი მონტე-კრისტოს“ ავტორი, ალექსანდრე დიუმა დაიბადა. ცხოვრების საწყის ეტაპზე დიუმა კანცელარიაში მუშაობდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება დაეწყო. მისი პირველი ისტორიული რომანი „იზაბელა ბავარიელი“ 1835 წელს გამოქვეყნდა. მალევე დიუმა ძალიან პოპულარული გახდა და, ფაქტია, გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს მისი შემოქმედება აქტუალურობას. 1858-59 წლებში მან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში იცხოვრა, ამის შემდეგ ჩაერთო იტალიის გაერთიანებისათვის შექმნილ სახალხო მოძრაობაში. ათოსის, პორთოსის, არამისისა და დარტანიანის ისტორია ბევრი დიდი მწერლის შთაგონების წყაროდ ქცეულა, დიუმას შემოქმედებამ გაუძლო დროს და თანაც ისე, რომ არ არსებობს თაობა, რომელიც მისი შემოქმედების საბურველში არ ეხვევა…

სტატიაში გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ალექსანდრე დიუმას ცხოვრებისა და მისი კავკასიური მოგზაურობის შესახებ.

 

  • შერეული რასა და დიდი პოპულარობა

ფრანგი კლასიკოსი შერეული რასის წარმომადგენელი გახლდათ. ბებია აფრიკული წარმოშობის შავკანიანი მონა იყო, ხოლო ბაბუა კი – ფრანგი დიდგვაროვანი. ამ მრავალფეროვანმა, წარმოშობასთან დაკავშირებულმა ფაქტებმა მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დიდი კვალი დატოვა. დიუმა ცნობილი იყო, როგორც თანასწორობის მომხრე და მონობის წინააღმდეგი. გარდა ამისა, ალექსანდრე დიუმა სიცოცხლეშივე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლიტერატურულ წრეებშიც. მისი ნამდვილად ძალიან ვრცელი შემოქმედება არაერთ რომანს, პიესასა და არამხატვრულ ტექსტს აერთიანებს.

 

  • ისტორიული შთაგონება და სამხედრო სამსახური

ფრანგი კლასიკოსის ბევრი რომანი არაერთი ისტორიული მოვლენითა და ფიგურითაა შთაგონებული. ჩვენთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი გმირებიდან ზოგი ლუი XIV-ის კარზე მსახური მუშკეტერის პროტოტიპია, დიუმას შემოქმედებას კი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები მუდამ თან სდევს და კიდევ უფრო ღრმას, საინტერესოსა და ჩახლართულს ხდის მის შემოქმედებას. 

ალექსანდრე დიუმას საინტერესო სამხედრო კარიერა ჰქონდა. საფრანგეთის რევოლუციის დროს იგი საფრანგეთის არმიაში მსახურობდა და ნაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობის პერიოდში არმიის გენერლის წოდებამდეც კი ავიდა. გარდა წარმატებული სამხედრო კარიერისა, მწერალი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. მთელი ცხოვრება მხარს უჭერდა ლიბერალიზმს, ცოტა ხნით მონაწილეობდა 1830 წლის ივლისის რევოლუციაში და ეკავა ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა, როგორიცაა ეროვნული ასამბლეის წევრობა. 

 

  • ლიტერატურულ დაპირისპირებებში გახლართული ექსტრავაგანტური მფლანგველი

ალექსანდრე დიუმა თავისი სამწერლო კარიერის განმავლობაში რამდენიმე ლიტერატურულ დაპირისპირებაში იყო ჩართული, მას უთანხმოება ჰქონდა სხვა დიდ მწერლებთან და კრიტიკოსებთან. მაგალითად, ვიქტორ ჰიუგოს ის იდეების ქურდობაში ადანაშაულებდა. სწორედ ასეთმა დაძაბულმა, ექსტრავაგანტურმა ცხოვრებამ განსაზღვრა შემდგომში მისი ცხოვრების წესიც.  

მიუხედავად მისი უდიდესი ლიტერატურული წარმატებისა, დიუმა მთელი ცხოვრების განმავლობაში ფინანსურ სირთულეებს აწყდებოდა. გართობის მოყვარული, აზარტული, უიღბლო კაცი საბოლოოდ გაკოტრდა. დიუმას ბიოგრაფიის ეს ხაზი, ეჭვგარეშეა, ძალიან დიდ კონტრასტს წარმოქმნის მის ლიტერატურულ წარმატებასა და მატერიალურ ცხოვრებას შორის. 

 

  • მოგზაური ალექსანდრე დიუმა 

ალექსანდრე დიუმას მრავალთაგან ერთ-ერთი ჰობი მოგზაურობა გახლდათ. ფრანგმა ავტორმა მთელ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში იმოგზაურა. მოგზაურობისგან მიღებული გამოცდილება ბრწყინვალედ აისახა მის შემოქმედებაზე. ამის ნათელი დასტურია „გრაფი მონტე-კრისტო“, რომელიც იტალიაში ვოიაჟის გავლენით დაიწერა. როგორც აღვნიშნეთ, მწერალი ნაწარმოებების შექმნისას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ისტორიულ მოვლენებს, რაც მისი მოგზაურობის სიხშირიდან და ისტორიის სიყვარულიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა. დიუმამ თბილისი და კავკასია დაათვალიერა. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ცხოვრებამ მწერალს ძალიან ბევრი საინტერესო რამ გააცნო…

 

  • ცოტა ხნით ჩვენთან, თბილისში…

1858 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიწერა: დეკემბერს პირველითგან, ამა წლისა, ქალაქ ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელნიცა იყო ამ ახლო ხანში ჩუენის ცისკრის ტიპოგრაფიაში, სადაცა გასინჯა ყოველი კუთვნილება რედაქციისა. მთელს ხმელეთზედ გამოჩენილი მწერალი ესე მოგზაურობს. ვისაც წაუკითხავს “გრაფი მონტე ქრისტო”, ის უეჭველია კარგათ იცნობს ამ მწერალს და ვისაც არ წაუკითხავს, ვეცდებით მომავალს წელს წავაკითხოთ, რადგანაც კიდევა გვაქვს რედაქციაში გადმოთარგმნილი“.

ალექსანდრე დიუმამ წიგნში „კავკასია“ საქართველოსა და ქართველებზე საუბარს ძალიან დიდი დრო დაუთმო. მწერალს თბილისისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება და მულტიკულტურულობაც არ დარჩენია ყურადღების მიღმა. როგორც თავად ამბობს, თბილისში ის საფრანგეთის კონსულმა გამოგზავნა. იმდროინდელი სიმდიდრით განთქმულ ივანე ზუბალაშვილის სახლში ცხოვრობდა „ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი“. ის გააოცა თბილისის ოპერის თეატრმა – დიუმას შეფასებით, მსგავსი შენობა არსად უნახავს…

თბილისის მულტიკულტურულობა დიუმას ჩანაწერებში ერთ-ერთი მთავარი  რგოლია. ქარვასლებითა და ბაზრებით შთაგონებულ მწერალს თუ დავუჯერებთ, ვის არ შევხვდებით თბილისში – თურქებს, სომხებს, არაბებს, ჩერქეზებს…

ქარვასლები, ოპერა და ბაზრები რომ მოილია, ექსტრავაგანტური გართობის მოყვარული მწერალი აბანოს ეწვია, ამას მოჰყვა გარეუბნების დათვალიერება… სწორედ ეს მოვლენებია დეტალურად აღწერილი წიგნში „კავკასია“.  ხსენებული ნაწარმოები ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სარგებლობს დიდი პოპულარობით, რადგან ესაა საოცარი მხატვრული ოსტატობით გადმოცემული მოგზაურობის ამბავი, რომელიც ზუსტად ისე ლაღად და სასიამოვნოდ იკითხება, როგორც დიუმას მთელი შემოქმედება. 

1859 წლის 11 იანვარს ფრანგმა კლასიკოსმა თბილისი დატოვა, მაგრამ მისი მოგზაურობა როგორც საკუთარი შემოქმედებისთვის, ისე საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად დარჩა, კავკასიაში ნანახსა და განცდილს დიუმას სხვა ნაწარმოებებშიც ამოიკითხავთ, ხოლო ჩვენ კი ვიტყვით, რომ XIX საუკუნეში აქ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მთხრობელმა იმოგზაურა, რომ ასეთი მაგარი ქალაქია თბილისი…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.