fbpx

პოსტინდუსტრიული ბიჭები „მთვრალი პოეტების სინდიკატში“


გააზიარე სტატია

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა არის „მთვრალი პოეტების სინდიკატი“, ვეტყვი, რომ ეს დავით აღმაშენებლის N133-ში მდებარე კოქტეილ-ბარია, სადაც ეგზოტიკური და ფერადი კოქტეილების ფონზე, ნაირგვარი სტილის მუსიკა ჟღერს და არტთან დამეგობრებული ადამიანები ხშირად იკრიბებიან.

სწორედ „მთვრალი პოეტების სინდიკატში“, ფიროსმანის „თავადების ქეიფით“ ინსპირირებული მოზაიკის ფონზე, გაიმართა პოეტის, დრამატურგის და თანამედროვე პერფორმანსში გაწაფული არტისტის, ირაკლი კაკაბაძის (მისი არტისტული ფსევდონიმია ანტონინ მარტო) წიგნის – PostiIndustrial Boys-ის პრეზენტაცია. 

ეს პატარა, სულ რაღაც 100-გვერდიანი წიგნი, სინამდვილეში, ვრცელი და ტევადია როგორც შინაარსობრივად, ისე თემატურად. აქ თავმოყრილია ჯერ კიდევ იმ პერიოდის ლექსები,  როცა ირაკლი კაკაბაძე ამერიკაში, სტენფორდის უნივერსიტეტის ონლაინ ჟურნალში იბეჭდებოდა. ლექსები თითქოს გარითმულია ფილოსოფიურ  ესეებთან, მაგალითად, ესე „ხელახლა დაბადებული კომუნიზმი“ სლავოი ჟიჟეკის შესახებ, ან გიორგი მაისურაძის, “ფუსი რაიოტისა” და ჩუბიკას ანალიზი გვაძლევს თანამედროვე ბურჟუა დისკურსის საინტერესო ალტერნატივას.

ანტონინ მარტო ორ წერილს უძღვნის 21-ე საუკუნის ალბათ ყველაზე სოციალურად მნიშვნელოვან, ხმაურიან და ქუჩით მუდმივად შთაგონებულ პოეტს, ზურა რთველიაშვილს. რომლის სახელობის პერფორმანსის ფესტივალის დაარსებაში ზურას გარდაცვალების შემდეგ, მთავარი როლი სწორედ ირაკლი კაკაბაძემ ითამაშა.

გამორჩეულია ტექსტი ირაკლი ჩარკვიანისა და ბობ დილანის შემოქმედებითი პარალელებით, მათი პოეტური თუ მოქალაქეობრივი პოზიციების გათვალისწინებით. არანაკლებ საინტერესოა თანამედროვე ამერიკელი პოეტის, იანა ჯინის (ჯინჯიხაშვილის) შესახებ ესე – „პოეზია საკუთარი თავის მოტყუების წინააღმდეგ“. თითქოს პოეზიის რიტმიდან ამოვარდნილია წერილი მუსიკოსის და პოეტის, მეთიუ კადანეს შესახებ, რომელიც პანკ-როკის ტრადიციებს გაბედულად არღვევს. 

კონტრასტულად და გაბედულად გამოიყურება თეატრის დისკურსის შემოტანაც, კერძოდ, ანტონინ მარტო გვთავაზობს იბსენის ცნობილი პიესის („ხალხის მტერი“) დეკონსტრუქციას და სვამს კითხვას   – „არის თუ არა დღეს მწერალი „ხალხის მტერი“? კლასიკური დრამატურგიის მომდევნო დეკონსტრუქცია მედეას მითს ეძღვნება. ფაქტობრივად, ეს არის ანტონინ მარტოს რეფლექსია საკუთარი პიესის, „მედეა და ოიდიპოსის“ შესახებ: როგორი იქნება პოსტ-ინდუსტრიული მედეა?

თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ირაკლი კაკაბაძესა და გოგი ძოძუაშვილს უშუალო ატმოსფეროში გასაუბრებოდნენ და უფასოდ მიეღოთ წიგნები ავტორის ექსკლუზიური ავტოგრაფით.

შეხვედრა პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებთან დაიწყო და დასრულდა კომპოზიციით Postindustrial Boys, რომელშიც ცხადად იგრძნობა ცოცხალი დრაივი, ერთგვარი პაროდიული ნაივი და თანამედროვე ამერიკული პოეზიის გავლენაც.

ანტონინ მარტოს პოეტური ტექსტით შთაგონებულმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, გოგი ძოძუაშვილმა ამავე სახელწოდების მუსიკალური კომპოზიცია ლექსის დაწერიდან რამდენიმე წელში შექმნა. ანტონინ მარტოს ირონიულ და საკმაოდ მძაფრ სოციალურ ვიბრაციას მუსიკოსმა ცოტა მისტიკურობა, ოდნავ რბილი, ოდნავ მელანქოლიური და დასამახსოვრებელი ელექტრონული ჟღერადობა  შესძინა. 

ეს არის ამ ორი არტისტის პირველი და დღემდე ყველაზე შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი კოლაბორაცია. სხვათა შორის, კომპოზიცია PostiIndustrial Boys უკვე დიდი ხანია ევროპულ ჩარტებში ხვდება და ძალიან პოპულარულია ინტერნაციონალურ მსმენელთა შორის. ეს მაგარ შანსს აძლევს ქართულ თანამედროვე არტს კიდევ უფრო განვითარდეს და ახალი იდეების გენერირებას შეეცადოს.

ანტონინ მარტოს ტექსტი ორენოვანია და ავტორი ინგლისურად და ქართულადაც ინარჩუნებს რვამარცვლიანი ლექსის  სიმარტივეს და სიცხადეს. ის ირონიულია, მძაფრია და ამავე დროს, მსუბუქი რითმებითაა აკინძული. რაც შეეხება გოგი ძოძუაშვილის მუსიკას, ის ერთგვარად შენელებულია და გადასულია რბილ, ზედაპირულ, ლივლივა მისტიციზმში. მსმენელს საშუალებას აძლევს გარკვეული დისტანცირება მოახდინოს ტექსტის სოციალური ველიდან.

ასე რომ, ვისაც გასულ შაბათს, საღამოს, Postindustrial Boys-ის პრეზენტაციაზე მოსვლა, ზაფხულის ხვატის მიუხედავად არ დაეზარა, მშვენიერი საჩუქარიც მიიღო და გოგი ძოძუაშვილის მუსიკის რბილი და თბილი მელანქოლიაც იგრძნო, მითუმეტეს რბილი კოქტეილების თანხლებით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.