fbpx

ესპანეთი…


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2024 წელი საფეხბურთო მოვლენებით განსაკუთრებით დატვირთულია, რადგან ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატებმა ლამის დასრულება ვერ მოასწრეს, რომ მაყურებელთა წინაშე უკვე ოლიმპიური ფეხბურთი და ევროტურნირები გადაიშალა.

ჩვენმა კლუბებმა სამწუხაროდ ვერ გააგრძელეს ნაკრების მიერ დასახული ომახიანი გზა და „იბერია 1999“-ის გამოკლებით ზოგიერთმა მათგანმა უკვე დატოვა ევროსარბიელი, ზოგიერთი კი ახლოსაა ტრადიციულ ხვედრთან. 

ევრო 2024 კი ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით დაამახსოვრდებათ, რადგან უდიდეს საფეხბურთო ფერხულს საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი კვალი დაატყო და დაამშვენა კიდეც მისი სანახაობრივი მხარე ხუთი გატანილი გოლით, მინდვრის ყოველ მტკაველზე თავგანწირული ბრძოლით, მეკარის საოცარი „სეივებით“ და კიდევ მომავალი ევროპის ჩემპიონის კარში ამ ტურნირზე გატანილი პირველი გოლით.

ეს მერვედფინალში მოხდა, იქამდე კი „ფურია როხამ“ „სიკვდილის ჯგუფში“ სამივე თამაში ისე მოიგო, რომ კარი მშრალად შეინახა.

ესპანელებმა პირველი მატჩი ხორვატებთან ჩაატარეს და ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს.

ახლანდელი გადასახედით ამ ანგარიშიდან და ტურნირზე ხორვატების ჯგუფში ჩარჩენიდან გამომდინარე, ადვილია იმის თქმა, რომ დე ლა ფუენტეს გუნდმა ეს შეხვედრა ადვილად მოიგო.

სინამდვილე კი სრულიად სხვაგვარია, რადგან ხორვატები მატჩის პირველი წუთიდანვე აღვსილნი იყვნენ ერთა ლიგის ფინალში წაგებაზე რევანშის სურვილით, რისთვისაც მეტოქეს გახსნილი და შემტევი ფეხბურთი შესთავაზეს.

ასეთ სტილზე უარს, რა თქმა უნდა, „ფურია როხაც“ არ იტყოდა და ამიტომ თამაშმა სანახაობრივი თვალსაზრისით თავიდან ბოლომდე გაამართლა.

მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივი იერიშებით აღინიშნა. ესპანელთა თითოეულ გოლს ხორვატებმა მხოლოდ საგოლე მომენტებით უპასუხეს და საბოლოო ანგარიში უკვე შესვენებამდე დაფიქსირდა. 

ვითომ სუსტი იყო ხორვატიის ნაკრები, ესპანელებმა ასეთი დღე რომ აყარეს?

როგორც მომავალმა მატჩებმა გვიჩვენეს, ხორვატებმა ტურნირი ერთდროულად პრაგმატულობის ნაკლებობის და უიღბლობის გამო დატოვეს, თორემ პლეიოფში გასვლის შემთხვევაში მოდრიჩს და მის თანაგუნდელებს შეიძლება შორს გაეკვლიათ გზა.

ხორვატების განადგურების შემდეგ ესპანელებმა, რომელთაც ცალი ფეხით უკვე მერვედფინალში შეაბიჯეს, საკუთარ თავში ძალა ირწმუნეს და მეორე ტურში იტალიელებს მინიმალური ანგარიშით, ოღონდაც თავისუფლად მოუგეს.

დე ლა ფუენტეს გუნდმა ამ მოგებით „სიკვდილის ჯგუფის“ მითი მოსპო, რადგან მისთვის ერთი და იგივე იყო ხორვატია, იტალია და ალბანეთი. 

პლეიოფებმა კი ცხადყო, რომ ტურნირი საერთოდ ერთი გუნდისა იყო და ძალიან ცდებოდნენ ისინი, ვინც მას ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არ აღიარებდნენ.

ჯგუფში ესპანელთაგან გოლი ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, იტალიელებთან მატჩში კი თავი კალაფიორიმ ავტოგოლით ისახელა.

მერვედფინალში ჩვენთვის ისტორიული მატჩი შედგა, რომლის დებიუტშივე ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენამ – საქართველოს ნაკრებმა მომავალ ჩემპიონს ტურნირზე პირველი გოლი გაუტანა.

ხვიჩა კვარაცხელიას ზეწოლის ქვეშ მყოფმა ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 

ეს გოლი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით პირველ რიგში თვით ესპანელთათვის იყო, რომლებიც ტურნირზე პირველად და ალბათ უკანასკნელად დაიბნენ და მსაჯის დახმარებით და კიტეიშვილის დაშავების გამო, ტაიმის მიწურულს მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. 

როგორც მომდევნო პლეიოფებმა აჩვენა, ყველაზე მეტად „ფურია როხას“ მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელ გერმანიის ნაკრებთან გაუჭირდა თამაში, სადაც მან საპასუხო გოლი შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გაუშვა.

ეს მატჩი გერმანელთათვის ტურნირზე საუკეთესო იყო, რადგან იქამდე მან მხოლოდ არაფრისმთქმელ შოტლანდიასთან გახსნის დაპირისპირებაში გაიბრწყინა.

საყოველთაოდ ცნობილია ძირითადი დროის ბოლოსკენ ანგარიშის გამთანაბრებელი გუნდის ფსიქოლოგიური უპირატესობის შესახებ დამატებით დროში. ამის საუკეთესო მაგალითი 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის და იტალიის ნაკრებების დაპირისპირებაა, რომელიც დავიდ ტრეზეგემ „ოქროს გოლით“ დააგვირგვინა. 

ესპანეთის ნაკრები კი თვით ხასიათის მედეგობით გამორჩეულ გერმანელებთანაც კი არ შედრკა და დამატებით დროში კუკურელიოს ხელთან დაკავშირებული აშკარად სანერვიულო ეპიზოდის მიუხედავად, იოტისოდენადაც არ დაბნეულა, ტურნირის მასპინძელ გუნდს მისი მხარდამჭერი გადავსებული ტრიბუნების წინაშე შეუტია და გადამწყვეტი გოლი ზედ სავარაუდო თერთმეტმეტრიანების სერიის წინ გაუტანა.

მისი ავტორი იქამდე ცოტა ხნით ადრე მოედანზე შესული „სოსიედადის“ ფეხბურთელი მერინო აღმოჩნდა, რომელიც თვით აყლაყუდა რუდიგერის ზურგს უკან ისეთ დროს აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელმა ის ვერც შენიშნა…

მოვლენებს ოდნავ წინ თუ გავუსწრებთ, ფინალის ბედი ასევე შეცვლაზე შესულმა „სოსიედადის“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ოიარზაბალმა გადაწყვიტა, რომელსაც თვალი არ დაუხამხამებია მატჩის მიწურულს პიკფორდის კარში აუღებელი დარტყმის შესრულებისას.

იქამდე საფრანგეთთან ნახევარფინალში იუნიორმა ლამინ იამალმა გოლი-შედევრი გაიტანა, ხოლო ოლმო კი ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძეს დაეწია. 

თუმცა, თუკი ესპანელმა 3 ბურთი 7 მატჩში გაიტანა, ქართველმა ფორვარდმა ანალოგიური შედეგის მიღწევა 4 შეხვედრაში შეძლო. 

საფრანგეთთან ნახევარფინალში ესპანელებმა ხასიათის სიმტკიცე კიდევ ერთხელ გამოავლინეს, რადგან გუნდი პირველი ბურთის გაშვების მერე ფსიქოლოგიურად აქაც არ გამტყდარა, გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ანგარიშის გათანაბრებას და დაწინაურებას სულ რაღაც ხუთი წუთი მოანდომა.

ფინალში ესპანელებმა კი ის გააკეთეს, რაც აქამდე დამატებითი დროსკენ მიმავალ არცერთ მატჩში არცერთ ფინალისტს არ გაუკეთებია.

ინგლისელებმა ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კვლავ საკუთარ ნახევარზე დაიხიეს. იმავეს გაკეთება ესპანელებსაც შეეძლოთ, რადგან ამ დროს გარისკვა გუნდს შეიძლება საკუთარ კარში კონტრიერიშზე გაშვებულ გოლადაც დასჯდომოდა.

მაგრამ მატჩის უკანასკნელ ათ წუთში მათ მეტოქეს ისე შეუტიეს, თითქოს თამაში გადასარჩენი ჰქონდათ, რაც დე ლა ფუენტეს გუნდის უჩვეულო ფსიქოლოგიურ განწყობაზე მეტყველებს.

აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მატჩის მეორე ტაიმი ტრავმის გამო გუნდის ლიდერ როდრის არ ჩაუტარებია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი „ფურია როხაზე“ არ ასახულა.

ესპანეთის ნაკრებმა ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე 7 მატჩიდან ხუთი სუპერგუნდებთან – ხორვატიასთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ინგლისთან მოიგო.

ასეთი რთული გზა ამ გუნდს არც 2008 და 2012 წლის ევროპის და არც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონობისას არ ჰქონია. 

და საერთოდ, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებზე, გაუვლია კი ოდესმე რომელიმე გუნდს მსგავსი რთული და ეკლიანი გზა ტიტულისკენ?

ფეხბურთის სტაჟიანი მოყვარულები ასეთი შედარებისას აუცილებლად გაავლებენ პარალელებს იტალიის, ბრაზილიის, გერმანიის, საფრანგეთის, არგენტინის თუ იმავე ესპანეთის ჩემპიონურ მსვლელობებთან 21-ე საუკუნეში, მაგრამ დე ლა ფუენტეს გუნდს ნებისმიერ მათგანთან უპირატესობა ექნება როგორც ფავორიტ მეტოქეთა დამარცხების რაოდენობის, ისე ამ შეხვედრებში ნაჩვენები თამაშის ხარისხის თვალსაზრისით. 

მთავარი კი ესპანელთა მიერ ფინალის მოგება იყო, რადგან ფეხბურთისთვის ეს ნამდვილად უკეთესია. 

წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევდა გარეთ საუთგეიტის „სიბრძნის“ და ინგლისის ნაკრების „კლასის ხარჯზე“ ტურნირის მოგების მსგავსი სისულელეების მოსმენა როგორც ფეხბურთის „ექსპერტების“, ისე „ფანების“ მხრიდან, რისი აცილებისთვისაც უღრმესი მადლობა ესპანეთის ნაკრებს!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.