fbpx

ადამიანები ბორჯომიდან – ისტორია #11 ვიოლეტა ბალახაშვილი, ისტორიკოსი


გააზიარე სტატია

ქალაქის და ქვეყნის საგანძურის მცველი 31 წლის განმავლობაში იყო. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს, განსაკუთრებული სიყვარულით უფრთხილდებოდა, მათზე ზრუნავდა და ამ საქმეს მომავალ თაობასაც აყვარებდა.

„მსოფლიო ცივილიზაციის აკვანში დარწეულ-ნასაზრდოები ქართული მიწა, ულევი ისტორიით. უსაძირკვლო შენობა-მუზეუმი, ასევე უზომოდ საინტერესო ისტორიით. ერის საუნჯე, ერის საგანძური, ერის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ისტორიას უხსოვარი დროიდან ხელისგულზე გადმოგვიშლის,“ – ასე გვიზიარებს ვიოლეტა ბალახაშვილი თავის ემოციებს, რომლებიც მუზეუმთან აკავშირებს. 27 წლის განმავლობაში მუზეუმის დირექტორი იყო, დღეს ჩვენი მეგზური ამ უძველეს კედლებში სწორედ ის არის, თვითონაც წარსულში ბრუნდება და ცდილობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი ფაქტობრივი სიზუსტით გაიხსენოს და შემდეგ ჩვენ გაგვიზიაროს.

„სასიხარულოა რომ,  წლების წინ გაკეთებულმა  ექსპოზიციებმა – თანაც ოთხმა,  დროს გაუძლო. ასეულობით ჩატარებული ექსპედიცია, სამეცნიერო-თეორიულ კონფერენციები, ფოლკლორული საღამოები, საინტერესო შეხვედრები, არქეოლოგიური ანგარიშები, ბევრი წარმატება და აღიარება – ასეთი იყო მუზეუმში გატარებული წლები. ეს არის ადგილი, რომელიც ინახავს მხოლოდ ჩვენი ხეობისათვის დამახასიათებელ ბრინჯაოს დისკოებს და ქამრის ბალთებს. ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილია მინერალური წყალი „ბორჯომი,“ რომელიც ჩვენი სიამაყეა. არქეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის გზაგასაყარზე იცოდნენ ამ წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ. ვამაყობ, რომ ისტორიული მინერალური წყლის, უძველესი ბოთლები ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული,“ – ეს წარსულში მოგზაურობის მცირე ფრაგმენტია, რომელიც ქალბატონმა ვიოლეტამ გაგვიზიარა.

მუზეუმთან განშორება მისთვის მარტივი არ იყო, თუმცა, ქალაქზე ზრუნვას ვიოლეტა ბალახაშვილი დღესაც აგრძელებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ქალაქის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და დღესაც მზად არის, რომ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან გააცნოს ულამაზესი ბორჯომი უდიდესი წარსულით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.