fbpx

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21-29 სექტემბერს გაიმართება


გააზიარე სტატია



მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21-29 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალი დაარსებიდან მე-40 წლისთავს აღნიშნავს.

ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.


მსმენელის წინაშე საყოველთაოდ აღიარებული უცხოელი და ქართველი მუსიკოსები წარდგებიან, მათ შორის ვირტუოზი მევიოლინე სვეტლინ რუსევი, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე 2001 წელს სენდაის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შემდეგ გამოჩნდა, სადაც აუდიტორიის რჩეულისა და ასევე ბახის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზები გადაეცა. რუსევი ამჟამად ვიოლინოს კლასის პროფესორია პარიზის მუსიკისა და ცეკვის უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში. მსმენელის წინაშე ასევე წარდგება მუსიკალურ სამყაროში არანაკლებ ცნობილი, “ლა სკალაში” “Dino Ciani”-ს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ანდრეა ლუკეზინი.



მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს ელისო ვირსალაძეს, ფლეიტისტ არიელ ცუკერმანს, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, თელავის ქალთა კამერულ გუნდს (ქორმაისტერი სოლომონ გოგილაშვილი) და ოპერის კამერატას (კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე).

ფესტივალი 21 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიურ ორკესტრსა და ოპერის კამერატას ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი – არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.

22 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში, თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური სპექტაკლი “სევილიელი დალაქი” გაიმართება, ხოლო საღამოს თელავის თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსები წარდგებიან.



ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილე გამოჩენილი მუსიკოსები მასტერკლასებს ჩაატარებენ მუსიკალური სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე:

ღონისძიების პარტნიორი: მაგთიკომი

ფესტივალის მხარდამჭერები: თელავის მუნიციპალიტეტის მერია, “STEINWAY &SONS”, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახლობის სამუსიკო სასწავლებელი, თელავის ისტორიული მუზეუმი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო “ფორტუნა”, AT.ge, სასტუმრო “თელა”, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ თელავი”, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.