fbpx

სტამბული ნებისმიერ ამინდში – რას გავიგებ დღეს N19


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე


რას გავიგებ დღეს? 

 

გულის და გონის სმენაში სამი თვით სტამბულში ამოვყავი თავი. 

საუცხოოა სტამბული ნებისმიერ ამინდში, თავისი მასშტაბური ხალხმრავალი უბნებით, აღმართებიდან დანახული ბოსფორის ხედებით და ხმაურიანი ბაზრებით.

ამ სტატიის წერა სტამბულში დავიწყე, უამრავი რამის მოყოლა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, თითქოს უნდა დამესრულებინა ხანგრძლივი ვოიაჟი, რომ თბილისიდან შემეჯამებინა. ეგრეც მოხდა, საქართველოში დავბრუნდი, საკმაოდ ნაომარ, მრავალაქციაგამოვლილ, აწ უკვე რუსული კანონის გამტარებელ, ევროპის ჩემპიონატზე ნამგზავრ  ქვეყანაში. ფიქრი გამექცა და ვგრძნობ, რომ სტატიაში სტამბულზე საქართველოს არჩევნები ემოციური ლეგიტიმაციით შემიძლია დავაინტეგრირო.

 

სტამბულზე გავაგრძელოთ. 

ერთი გზის ბილეთი ვიყიდე და სტამბულში, უსასრულო ქალაქში, წავედი, რომ ჩემი თავი მშობლიური კომფორტის ზონისგან მოშორებით მეპოვა, მენახა, ვინ ვარ იქ. სადაც არავის ვიცნობ და არავინ მიცნობს, სადაც ქართული არც ენა და არც გაგება ესმით.

 სტამბული 17-მილიონიანი უშველებელი ქალაქია, რომელსაც ბოსფორი აზიურ და ევროპულ ნაწილებად ყოფს. იცით რას ვნანობ? ამ სამი თვის განმავლობაში ერთი სრული დღე როგორ არ დავუთმე ბორანს! ბებეკიდან – ბეშიქთაშში, ბეშიქთაშიდან – ქადიქოიში, ქადიქოიდან – უსკუდარში, უსკუდარიდან – ქაბათაშში, ქაბათაშიდან – ემინონუში, მერე უკან. საერთოდ, თბილისშიც სულ ვნატრობდი ხოლმე წყლის ტრანსპორტს, სტამბულში კი, როგორც იქნა, გემო გავუგე. თან იქაურ სტაბილურ ქაოსს და ხალხმრავლობას ეგ თუ დამიბალანსებდა. მზის ჩასვლის ან ღამის ბორანზე მშვიდი და დროში გაჩერებული არც არაფერი შემხვედრია იქ. თითქოს დრო იყინებოდა, ხალხის შეუჩერებელი ყაყანი და მღელვარება წყდებოდა და ძრავას ხმაური, რომელიც ერთი მოსმენით მონოტონურ გამღიზიანებლად გეჩვენება, 1000-ობით ხალხის ჩოჩქოლ-გნიასთან შედარებით სიმშვიდის და მარტოდ ყოფნის სილამაზის სიმბოლოდ გევლინება. 

ბევრი რამით მოვიხიბლე სტამბულში, მაგრამ ბორანი ჩემი კომფორტის ზონა აღმოჩნდა. საერთოდ წყალთან ახალი კავშირები გამიჩინა ბოსფორზე განლაგებულმა ქალაქმა. აზიურ ნაწილში მზიან ამინდში სეირნობისას თევზების მაღაზიას წავაწყდი, წყალში ათამაშებულმა კუდებმა, ფარფლებმა და დაუჯერებელმა ფერებმა გული ამიფანცქალა. ერთსაათიანი დაკვირვებისა და აკვარიუმებზე კაკუნ-ღიღინის შემდგომ მეპატრონე გაგულისხმიერდა და ახალ, ჯერ არ გახსნილ სექციაში შემიპატიჟა. ინდონეზიიდან ჩამოყვანილი მარჯნების პატარა ლურჯ ოთახში აღმოვჩნდი, ძალიან ცნობისმოყვარე, nerd მესამე- ან მეოთხეკლასელად ვტრანსფორმირდი და კითხვებს უწყვეტ რეჟიმში ვსვამდი. მეპატრონეც გახარებული და ენთუზიაზმით სავსე ჩანდა, ეტყობა, ხშირად არ უწევდა ცოდნის გაზიარება წყალში მცხოვრებ „უცხოპლანეტელებზე“. მოკლედ, 2 საათი მე ის ოთახი ვერ დავტოვე, ხელებიც ჩავყავი და შევეხე ამ არასტანდარტული ფორმისა და მომაჯადოებელი ფერის, ნახევრად ცხოველებსა და ნახევრად მცენარეებს. გამოვედი დაღლილი, აღტაცებული, კაბის მკლავები სულ სველი მქონდა. ნექტარინები ვიყიდე და მადლობის ნიშნად მივართვი მაღაზიის პერსონალს. არ ვიცოდი, მადლიერება როგორ მეგრძნობინებინა. მას შემდეგ რამდენიმეთვიანი ობსესია დაიწყო. 

ჩემს სტამბულის ლამაზ ბინაში, შიშლიში, დღეში რამდენიმე დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი წყალქვეშა სამყაროზე, მყვინთავებზე, გადაშენების პირას მყოფ მარჯნებზე, დაბინძურებულ წყალზე. თითქოს ბავშვობიდან მახსოვს კადრებად: ზვიგენის დანახვაზე უთვალავი რაოდენობის შეჯგუფებული დამფრთხალი თევზები, მოუსვენარ მარჯნებში შეყუჟული ანცი კლოუნი თევზები, მზის მშვიდი ნათება წყალმცენარეების მოლივლივე ტყეში (ტექნიკის მაღაზია გამახსენდა, ტელევიზორის გამოსახულების ხარისხის შესადარებელი სანიმუშო ვიდეოებით). ამჯერად სხვა ემოციური კავშირი შემექმნა და მის გასაინტენსიურებლად წავედი ფლორიაში, სტამბულის აკვარიუმში, აი ისეთში, შენ თვითონ რომ ხარ აკვარიუმში და თევზები ყველა მხრიდან რომ გაკვირდებიან. თვალს ვერ ვწყვეტდი ძაააააალიან ნელა მოძრავ არსებებს. ამოვიღე სახატავი ალბომი და შთაგონებულმა ახალი ნახატიც დავიწყე. აკვარიუმიდან გამოვედი და მარმარილოს ზღვაში ჰორიზონტის პარალელურად ჩამწკრივებული გემები დამხვდა, წინა პლანზე, კაფეებში, ხალხი ყავით, ჩაით და ნამცხვრებით იქცევდა თავს. აქაც გაჩერებული იყო დრო, მგონი, წყალში და წყალთან დრო ზანტდება. გადაწყდა! ინდონეზიაში ვარ წასასვლელი რამდენიმე თვით, რომ ყვინთვა შევისწავლო, ჩემსა და ზღვის სამყაროს სიღრმეებში მობინადრე ბიომრავალფეროვნებას შორის ფიზიკური ბარიერები უნდა გავაქრო! ნელ-ნელა გემით მოგზაურობის სურვილიც გაჩნდა და ღამით შუაგულ ოკენეაში კაიუტას ილუმინატორიდან დანახული წყლის საფარველი ტვინის ოცნებების სექციაში სამუდამოდ აღმებეჭდა. 

მინდა, გირჩიოთ ერთი აუცილებლად სანახავი ფილმი: Chasing Coral 

იცით, რა მინდოდა მეთქვა? დიდ ქალაქში შენს კომფორტის ზონას, თავის შესაქცევს და გატაცებას ადვილად პოულობ, ხელის გულზეა აღმოცენებული უამრავი საინტერესო კარი, სადაც ფეხით, მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით, მარმარაით, საბაგიროთი, ტრამვაით ან მეტრობუსით უპრობლემოდ მიხვალ. სტამბულის სატრანსპორტო სისტემა ცალკე გასარჩევი საკითხია. ბორანის მერე მეტრობუსს გამოვარჩევდი, ყველგან ვერ მიდის, მაგრამ 24 საათი მუშაობს და ელვის სისწრაფით შეუფერხებლად გადაადგილდება ჯებირებით გამოყოფილ პირად ზოლში, მარტო აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ხიდზე უერთდება მანქანების ნაკადს. ეჰ, ჩემი მეჯიდიქოის მეტრობუსის გაჩერება… ნოსტალგიაც ვიგრძენი, ალბათ ეს გრძნობა მაკლდა იქ, ამიტომაც ვერ დავწერე სტატია სტამბულში, იქ სულ საქართველოზე მეწერებოდა. 

სტამბულში ტურისტობამ და მალე უკვე ლოკალობამ მედლის ორივე მხარეზე ამიხილა თვალი. ჩემი მეხსიერების ლიფტს გიგანტური თოლიებით ანიმირებულ ცასთან ერთად ნაგავიც ჩავაყოლე. ნაგავი არის ყველგან, ნაგვის სუნი დგას ბევრგან, არადა ყოველდღე თითქოს საფუძვლიანად ირეცხება ქუჩები. ჩავაყოლე გამონაბოლქვიც, რომელიც ამ გაცხელებული ზეთივით ატკაცუნებულ ქალაქს არ აკლია კომპლექსური ტრაფიკის გამო, არადა რამდენი სატრანსპორტო საშუალებაა, ხომ ვახსენე ზემოთ. გაგეცინებათ და მედლის ბნელ მხარეს აღმოჩნდა ისტიკლალის ცნობილი ქუჩაც ტაქსიმთან, სადაც ხალხის უწყვეტი მდინარე კალაპოტსაც ივიწყებს ხოლმე, თეთრი ხმაურის გენერატორია, ჯოჯოხეთია. მაღაზიები, მაღაზიები, მაღაზიები, დონერი, დონერი, დონერი, სველი ბურგერი! დაორთქლილი ბურგერის გასინჯვა ვერ გავრისკე, ვერ ვცდუნდი. მაგრამ ვცდუნდი თავსაფრიანი ქალების გოზლემეთი, რომელიც უსასრულო ყოველკვირეული ბაზრების მშვენება და საჭირო პიტსტოპია. იცით რა, თითქოს თურქულ კერძებს შრე, სიმდიდრე, გ ე მ ო აკლია (სუბიექტური შეფასება), რასაც მათ საკონდიტრო ნაწარმზე ვერ ვიტყვით. ჩემი სახლიდან 2-3 კილომეტრში ერთ-ერთ არაფრით განსხვავებულ რიგით კაფეში (ასეთი სტამბულში არის მილიონი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე) ტაჰინის ხვეულა აღმოვაჩინე. ყოველი დილა შემიძლია დავიწყო იმ ახალგამომცხვარი, თბილი, მძიმე, ნოტიო, თხილიანი, ოდნავ მომწარო, მწკლარტე ნამცხვრით, ლოკაციასაც მოგინიშნავთ რუკაზე, იქნებ მოხვდეთ და Julius Meinl-ის ნალექიან ყავასთან ერთად დააგემოვნოთ.


Peleki Bomonti – Location

3 თვე არც ისე ცოტა დროა ყოფილა სადმე საცხოვრებლად. ვზივარ და არ მთავრდება გასაზიარებელი მოგონებები, სტატია კი არა ავტობიოგრაფიული ათთავიანი ნაწარმოები გამომივა, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანი მგონია, ის რომ გიამბოთ. არადა გარიჟრაჟის ეზანზე (სალოცავად მომხმობი მელოდიური შემოძახილი) როგორ არ ვთქვა რამე ან ოთხშაბათის ბაზრის მანგოებზე, სეფიოლიტის დელიკატურ ნაკეთობებზე, მეჩეთად გადაკეთებულ შენობებში ბიზანტიურ მოზაიკებზე, რომლის თვალიერებისას, მგონი, ხერხემლის პრობლემები მომიგვარდა, ბაირამებზე, ყავახანებზე, უხერხულ შეგრძნებაზე, რომელიც ფატიჰში, ყველაზე კონსერვატიულ მუსლიმანურ უბანში სეირნობისას მიჩნდებოდა, მეზობელი ტაქსა ძაღლის ემოციურ მსახიობ პატრონზე, ბერძნულ კოლეჯზე, ფატიჰ აკინის გერმანიაში გადასახლებულ თურქებზე შექმნილ კინოებზე…


ეს ბოლო პუნქტი ადვილია, ახლავე გირჩევთ რამეს:


Love, Deutschmarks and Death – ჯემ კაიას top დოკუმენტური კინო თურქულ მუსიკალურ ინდუსტრიაზე გერმანიის დიდ ქალაქებში და gastarbeiter, ანუ სტუმარ მომუშავეებზე.

Short Sharp Shock – ფატიჰ აკინის დრამა და ტრილერი ჰამბურგში მცხოვრებ თურქ გაბრიელზე, სერბ ბობისა და ბერძენ კოსტაზეა. 

P.S. სტამბულში 5 კილოგრამი დავიკელი. თითქოს ბევრს ვჭამდი, თან ცომეულს, მაგრამ დამაჰიპნოზებელი ქუჩები კალორიების წვის გარანტი იყო. ჩემი ერთ-ერთი რჩევა იქნება: მეჩეთები, განსაკუთრებით – არალოცვის დროს, მშვიდი, აუღელვებელი, სარელაქსაციო, ჭრელი და ვრცელი გარემოა, მათი მოძებნა, მერწმუნეთ, სტამბულში არ გაგიჭირდებათ, ყველგანაა! ჰოდა სიარულისგან დაქანცული ფეხების და გონების დასასვენებლად ფეხზე გახდის და რბილ ხალიჩაზე წამოწოლის შანსი – ხელიდან არ გაუშვათ. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.