fbpx

სად წავიდნენ ციცინათელები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო დარასელი 

დღე არ გავა, ვინმე არ დაიკარგოს. ძველად ბავშვები და მოხუცები იკარგებოდნენ, ოღონდ ცოტა ხნით, ახლა კი უამრავი ადამიანი სადღაც ქრება.

რაღაც ფილმებს მაგონებს ეს ამბები, მაგრამ კინო რომ არაა, და ასეთი უცნაური რეალობა გვაქვს? რა ხდება, სად მიდის ეს ხალხი, სად უჩინარდებიან, ვის გაურბიან, რას ვერ უძლებენ?

არადა ახლა უადგილოდ ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა, რამდენიმე წლის წინანდელი.

ჩემი, ჩვენი ახლობელი დაიკარგა თბილისში. იმის გამო, რომ პოლიტიკაში იმ დროისათვის აქტიურად ერეოდა, ჩვენ, მისმა მეგობრებმა, ამ გაუჩინარებას სასწრაფოდ პოლიტიკური სარჩული მოვუძებნეთ – ამბავი ავტეხეთ, ტელევიზიებს ინტერვიუებს ვაძლევდით. მის საეჭვო გაუჩინარებაში, რა თქმა უნდა, მთავრობის კვალს ვხედავდით. გვიყურა, გვითმინა ორი, შეიძლება მესამე დღეც, მაშინდელმა სუს-მა, თუ ვინც იყო… მერე მიხვდნენ, ჩვენ თვითონ რომ ვერ მივხვდებოდით, მითუმეტეს, ვერც მივაგნებდით და მიადგეს სახანძრო მანქანა ერთ აივანს, ერთ უბანში და თავის მალულ შეყვარებულთან მყოფ “დაკარგულს” აივანზე გარედან დაუკაკუნეს 🙂

დავიშალეთ 🙂

ასე არ ჯობდა – შეყვარებულთან ყოფნა ისე, რომ ვერ გაგნებდნენ? ინბოქსში შეხვედრებს – რეალური პაემნები? ფბ-ზე დაბლოკვას – ერთი კაი დასამახსოვრებელი ჩხუბი? ლაიქების და გულების დასმას – შეხვედრა და სიყვარულის ახსნა? დაბადების დღის ფბ-ზე მოლოცვას – კარზე მიდგომა? მეგობრისთვის მესინჯერში რჩევებს ფსიქოლოგზე თუ რაღაც დამამშვიდებელ ტაბლეტებზე – შეხვედრა, სახლში ავლა, გამხნევება და გამოცდილების გაზიარება? რჩევები, კამათი და შერიგება??

კი შეყვარებულებიც იკარგებოდნენ, მაგრამ მოგენატრებოდა და ქუჩა-ქუჩა მოძებნიდი – ან სადღაც ჩაგისაფრდებოდა თავად, ან შენ შემთხვევით ჩაივლიდი, ვითომ შემთხვევით. ახლა კი არავის აღარავინ ენატრება. ყველა სოციალურ ქსელში ვართ – გაგახსენდება, დასქროლავ, მოძებნი, მოგენატრება, ეგრევე მიწერ.

ფბ-ზე თუ სხვა ქსელებში ერთად ვიღვიძებთ, ერთად ვჭამთ, ერთად ვბრაზობთ, ერთად ვგულშემატკივრობთ, ერთად ვუტევთ, ერთად გვიყვარს და არ გვიყვარს, მათ შორის – ერთმანეთიც. მაგრამ აღარ გვენატრება.

  

ჰოდა, ამ დროს ვიღაცებს არ ყოფნით… ფიზიკურად ვენატრებით და ვჭირდებით. მათაც მონატრება სჭირდებათ. არ ყოფნით ეს კონტაქტი. უნდათ, რომ დაგენახონ, გაგიზიარონ,

თვალებში ჩაგხედონ, თავი გაგახსენონ. ალბათ ცოტა მოკითხვა გიორგისაც სჭირდებოდა, ნატალიასაც… და ალბათ ლევანსაც. დანარჩენი სახელები შეიძლება მოვიგონე, მაგრამ… ლევანი ტყუილად არ მიხსენებია.

ლევან სვანიშვილის გამო დავწერე ეს ამბავი ზუსტადაც. აი რამდენიმე დღის წინ “დაკარგულ” ბიჭად რომ გაიცნო უმეტესობამ, არადა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, გემოვნებიანი, საინტერესო და მაგარი მუსიკოსი იყო. ძალიან მეამაყება, რომ მისი და რადარას ალბომი – Rodriguez “ანაბეჭდით” გამოვეცით.  მაგრამ მერე? მერე სადღაც დაიკარგა. 

არა, ასე ბოლომდე არა. ფბ-ზე ჩანდა, იშვიათად, მაგრამ ეტყობოდა, რომ ცუდ ხასიათზეა, რომ შფოთავს, რომ რაღაც აწუხებს. ალბათ უნდოდა, ეკითხათ, რა ხდება. უნდოდა, შეწუხებულიყვნენ… მონატრებოდათ. და მორიგი სქროლვისას, ბოლო დროს, მის ნაწერს ხშირად თვალს ვარიდებდი. ვღელავდი, რომ ღელავდა, არადა მეკითხა, შევწუხებულიყავი. ჩავსქროლე.

ბოლოს რომ მომწერა მეც, ალბათ როგორც სხვებს, აქ დამიმატეთო, ახალი პროფილი მაქვსო, ვიღაცამ დაიმატა, მე დამავიწყდა და მხოლოდ გუშინ გამახსენდა, რომ თავიდან დამემეგობრებინა, როდესაც მისი დაკარგვის ამბავი გავიგე.

ჰოდა, აღარ უპასუხია, აღარც უნახავს, სულ დაიკარგა.

ძალიან ვდარდობ, ძალიან ვნანობ და კიდევ ერთხელ საკუთარ თავს ვეუბნები და თქვენც გახსენებთ, ადამიანები მანამდე უნდა მოვძებნოთ, სანამ დაიკარგებიან. გაქრებიან. გაქრებიან და ჩაქრებიან, როგორც ციცინათელები.

ისე, მართლა, ბოლოს როდის ნახეთ, ხომ არ იცით, სად წავიდნენ ციცინათელები?


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.