fbpx

ძიუდო და პოეზია, ანუ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

ქართული ძიუდოსთვის ტრივიალური გახდა – მეორე ოლიმპიადაა ასპარეზობას ტრიუმფით, ანუ ოქროს მედლით ერთადერთი ძიუდოისტი, გნებავთ, ჯუდოკა ლაშა ბექაური ახერხებს. მიუხედავად ასაკისა, ბექაური ვეტერანის გამოცდილებით გამოიყურება, როცა ტატამიზე დააბიჯებს და თავისი ძალის უნარით და გონებრივი გამჭრიახობით ახერხებს საქართველოს დროშა სხვა ქვეყნების დროშების თავზე იყოს მოქცეული, მთელი დარბაზი ეროვნულმა ჰიმნმა გაყინოს, თვითონ კი კმაყოფილი და ბავშვური გულწრფელობით იმღეროს თავისი ქვეყნის გასახარებლად.

ერთხელ მოგებულს, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადაა, სკეპტიკოსმა ჩასაფრებულმა  შეიძლება შემთხვევითობა დაარქვას, მაგრამ ორჯერ მოგებულს, წყალი არაფრით გაუვა, თანაც შენ – სპორტსმენს, 24 წლისას, ჯერ კიდევ ყმაწვილს – ლეგენდად გაქცევს, არამხოლოდ ქართული ძიუდოსი, მთლიანად მსოფლიოსი. ნებისმიერი უმაღლესი დონის მებრძოლი ინატრებდა მისი კარიერის ასეთ დასაწყისს, ჯერ რომ წესიერად არ გაქვს ფეხი შემომდგარი და უკვე ორგზის ოლიმპიური ოქროს მფლობელი, თითზე ჩამოსათვლელი კაცის თუ ქალის სიაში ეწერები ამ უძველესი და ულამაზესი სპორტის ისტორიაში.

ლაშა ბექაური საქართველოს მთიანეთის ერთ პატარა და ლამაზ სოფელში, არხილოსკალოში დაიბადა, სადაც ჰაერი მკაცრია და რელიეფი – რთული, ასეთ ლანდშაფტზე განავითარა მან ბუნებრივი გამძლეობა და ძალა, რაც შემდგომში მისი სპორტული კარიერის საფუძველი გახდა. არსებობს ასეთი ისტორიაც: სოფელს მიტოვებული დარბაზი ჰქონდა, სადაც მხოლოდ ჭერში დაკიდებული თოკი იყო დარჩენილი, სწორედ აქედან იწყება ბექაურის სპორტული მენტალიტეტის ჩამოყალიბება; ჯერ კიდევ ბავშვი ყოველდღიურად სტუმრობს დარბაზს და იწყებს თოკის დაპყრობას, საკუთარ სხეულს სწავლობს, სუნთქვის ტექნიკას ეუფლება და ძალას იკრებს ხელებში, რათა საკუთარი თავი აიყვანოს მაღლა, საკუთარ თავზე მაღლა.

ოლიმპიელის მენტალობის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ფიზიკური აქტივობის მკაცრმა რეჟიმმა იქონია, რაც პირველ ყოვლისა ბექაურების ოჯახის დამსახურებაა, რომელთა მთავარი ეთიკა შრომისმოყვარეობასა და დისციპლინაზე გადის. ეს მკაცრი ცხოვრების წესი ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად აყალიბებდა მის ხასიათს, გამძლეობის უნარს. ბექაურმა ნაადრევ ასაკშივე დაიწყო ძიუდოს ვარჯიში ადგილობრივ სპორტულ კლუბში. მწვრთნელმა მალევე დაინახა ახალგაზრდა ათლეტის პოტენციალი, უზრუნველყო მკაცრი ვარჯიშები და მენტორობა. შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ბექაურის თავდადებამ, მწვრთნელისა და ოჯახის მხარდაჭერამ ის მწვერვალზე აიყვანა. ვარჯიშის რეჟიმი ეტაპობრივად გახდა უფრო ინტენსიური, ხშირად მოიცავდა მთის ბილიკებზე სირბილს, რამაც ჩამოაყალიბა ძიუდოისტის ფიზიკური და გონებრივი სიძლიერე.

ბექაურის სტილი თავიდანვე გამოჩნდა, ხასიათდებოდა სიძლიერითა და უნაკლო ტექნიკით, რაც გამოარჩევდა სხვა თანატოლებისგან. ძალის, სიჩქარისა და სტრატეგიული აზროვნების შერწყმით, ის ხალიჩაზე ყველა მებრძოლისთვის რთულ მეტოქედ იქცა. შრომამ შედეგი მალევე გამოიღო და ლაშა ბექაური პირველ სერიოზულ პრიზს დაეუფლა – ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს, რასაც ევროპის ჩემპიონობაც დაუმატა და უკვე შემდეგ წელს, 20 წლის ასაკში, ყველასგან მოულოდნელად პირველი ოლიმპიური ოქრო იზეიმა.

ევროპის ჩემპიონობის შემდეგ გავიგეთ, რომ ლაშა ბექაური გარდა გდებების მეტაფორებისა, ლექსებსაც წერს. ასეთ დროს კი უმალ დიდებული მუჰამედ ალი გვახსენდება – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე, გარდა ყბების ნგრევისა, ლექსების წერითაც იყო გართული. ალის ჰქონდა ისეთი ლექსებიც, რომლებიც ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდა მოწინააღმდეგეს, ერთგვარი თრეშთოლქი, მისი რითმები იყო სტრატეგია ფსიქიკური ომის, რომელიც მიზნად ისახავდა მოწინააღმდეგეების დაშინებას, თუმცა ალი გარდა სასტიკი და ქარიზმატული ლექსებისა, საკუთარ გრძნობებსაც აქტიურად გამოხატავდა. საერთოდ, არსებობს ასეთი მითოლოგია, რომ ძალისმიერ სპორტს ხისტი და მასკულინური კრიზისის მქონე ადამიანები მისდევენ, რაც ბანალური და არასწორი აზრია, ამის მაგალითად მუჰამედ ალის გარდა, ბექაურიც შეგვიძლია მოვიყვანოთ – პოეტი, რომელიც წერს ლექსებს ბავშვური აღტაცებით ბუნებაზე, სიყვარულზე, ღმერთზე, სამშობლოზე, რა დროსაც ყველაზე მგრძნობიარე არსებად გარდაიქმნება, შემდეგ კი გადის ტატამიზე და ყველაფრის ფასად მოწინააღმდეგეებს დაუნდობლად ანარცხებს მიწაზე, რასაკვირველია, სტილის დაცვით, და ეს სტილი – ქართულია, ურყევი და მებრძოლი. ბექაურის გატაცება პოეზიით, მას განსაკუთრებულ პერსონად გარდაქმნის, რომელიც თავის სხეულში მთელი თავისი დიდებულებით ატარებს ამბივალენტურ მოცემულობებს – დაუნდობელ მებრძოლსა და სენსიტიურ პოეტს.

როცა ის საბრძოლო ველზეა გასული, ფეხები კავკასიონის მთებივით უდრეკი უხდება, კიდურები კი მდინარესავით სწრაფად იწყებენ მოძრაობას, რაც პარიზის ოლიმპიადის დასკვნით ნაწილში კარგად ვნახეთ, როცა იაპონელს მომგები ვაზარი უთავაზა: ერთმანეთს შეკრულნი, მარცხენა ფეხის ერთი წახტომით სხეულს ტრაექტორია შეუცვალა, მოწინააღმდეგეზე დგომის უპირატესობაში მოექცა და სხარტად ძირს დაანარცხა. სანშირო მურაო, ეს იაპონელი ბიჭი, ამომავალი ვარსკვლავია, რომელსაც იქამდე ბექაური დამარცხებულიც ჰყავდა, ერთი სიტყვით, ხელწამოსაკრავი ვინმე არ გეგონოთ, თუ ჩვენებურის დგომას კავკასიონს ვადარებთ, იაპონელი სულაც ტიბეტი და ჯომოლუნგმაა – ცოდნისა და სიმყარის სიმბოლო, თანაც იაპონელებს რომ დგომა აქვთ, ისეთი არავის სხვას, ეს კარგად გამოჩნდა გრიგალაშვილი – ნაგასეს დაპირისპირებაში, მაგრამ ბექაურმა ცვლადი უპოვა ერთი შეხედვით მიწისკენ დაუძვრელ მებრძოლს, გადაიქცა სუპერ გმირად და დაამტკიცა, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელი სინამდვილეში შესაძლებელია. ეს პრაქტიკა კი შესაძლოა გარდაიქმნეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან სპორტი, როგორც თეატრი, ხანდახან კი არ ცვლის კანონებსა და იურიდიულ ფორმებს, არამედ გარდაქმნის ადამიანის გამოცდილების სენსუალურ ფორმებს, რაც მძიმე ჟამიანობას წყალივით გვჭირდება – რწმენისა და ძალის პოვნა საკუთარ შესაძლებლობებში, საერთო გარდაქმნისთვის.

საბრძოლო ხელოვნების მოყვარულები გამიგებთ, სხვებიც, ზოგჯერ ბრძოლამდე გამოსვლის რიტუალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი გამოხედვით და ენთუზიაზმით გამოდის მებრძოლი, რამდენად აქვს მის მზერას უნარი ნებისმიერი შიში მოინელოს, რამდენად არის დარწმუნებული, რომ შეუძლია მოწინააღმდეგე დაამარცხოს; თუკი გამოსვლის რიტუალში ყველა ნიშანი ემთხვევა ერთმანეთს, შეგიძლია თქვა,  ის გაიმარჯვებს. ასეც მოხდა, ბექაურის გამოსვლა, ბიჭის, რომლის სოციალური სხეულიც მას მხიარულ და უდარდელ ადამიანად აჩენს, უეცრად მთელი თავისი მშვენიერებით გარდაიქმნება მებრძოლად, რომელიც მზად არის ყველაფრის ფასად დაიცვას თავისი ტიტული და კიდევ ერთხელ აჩუქოს სიხარული თავის ქვეყანას.

ბექაური ქმნის მენტალიტეტს, რაზეც ახალმა თაობამ უნდა გაიაროს – საკუთარ თავში იპოვოს ძველი სპორტული დარბაზი, სადაც ერთადერთი თოკი ჰკიდია – გამარჯვებისკენ სწრაფვა, საკუთარი თავის იმდენით დატვირთვა, რამდენიც ერთი შეხედვით შეუძლებელია, ესე იგი უარყოფის აღმნიშვნელი სიტყვის უარყოფა. ის ამბობს: დიახ, მაშინაც, როცა არ შეუძლია და აკეთებს, ეს ვარჯიშის და მენტალური წვრთნის  ნაყოფია, რომელიც შედეგს იღებს – ლაშა ბექაური ოლიმპიადას ოლიმპიადაზე ისე ლაღად და მარტივად იგებს, როგორც ტკბილს მოწყურებული ბავშვი ხსნის კანფეტს.

წინა  ოლიმპიადაზე ლეგენდარულ ტედი რინერთან საუბრისას მან სიტყვა დადო, კარიერას ოთხი ოლიმპიური მედლით დავასრულებო – საქმე წარმატებით მიდის  – 24 წლის ასაკში ორგზის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ლაშა ბექაური დასახული მიზნისკენ მიიწევს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძიუდოს საკმაოდ ძლიერი სკოლა აქვს, უკვე მეორე ოლიმპიადაა მხოლოდ ბექაური ახერხებს ოქროს მედლის მოპოვებას. ჩვენებურები ფიზიკურად საკმაოდ ძლიერად დგანან, თუმცა  პრობლემაა  ფსიქოლოგია, რაც ფიზიკურ აქტივობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, და როგორც ჩანს, ამ ამბავში ბექაური მოწინავე ადგილს იკავებს.

არხილოსკალოში, სადაც ლეგენდარული ძიუდოისტი დაიბადა, მიმდინარეობს   მისი სახელობის ახალი და უნივერსალური სპორტული დარბაზის მშენებლობა, ეს კი შეიძლება დიდი ქართული სპორტის დაბადების ახალ წერტილად იქცეს. 

ბექაურის მენტალიტეტი უნდა იქცეს საერთო სახალხო მენტალობად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.