fbpx

კანონი VS ლიტერატურა – “რუსული კანონის” კვალდაკვალ


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

კანონი აგენტების შესახებ, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება, მიუხედავად პროტესტისა, მიიღეს და სულ რამდენიმე დღის წინ ძალაშიც შევიდა. კანონი, რომელიც ადამიანებისთვის ღირსების შემლახველია, ჩაეშვა მიმოქცევაში და მისი შედეგები სადამდე მიგვიყვანს, არავინ იცის. დადებითი რომ არაფერი გვემუქრება, ეს ცასავით ნათელია. კანონი, თანაც ისეთი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ იღებენ, იმისაა, რომ ჰეგემონის ძალაუფლება კიდევ და კიდევ განმტკიცდეს,  ადამიანთა მორჩილება  გაიზარდოს. ეს კლასიკური საკითხია ლიტერატურის და ხელოვნების ისტორიაში, როცა დაწესებული კანონი ინდივიდისა და საზოგადოების კეთილდღეობის წინააღმდეგ მოქმედებს, ეს შეიძლება შევაფასოთ, როგორც დაპირისპირება ინდივიდუალურ თავისუფლებასა და ძალაუფლებრივ წესრიგს შორის.

კანონისა და ინდივიდის დაპირისპირების საკითხი განხილული და შესწავლილია სხვადასხვა კუთხით, მათ შორის – მორალის, სამართლისა და ადამიანის უფლებების პრიზმიდან. ხელოვანები სვამდნენ დიდ კითხვის ნიშანს იმ კანონების წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ ადამიანურ ქცევას და მათ აღმასრულებელ ინსტიტუტებს, და გარკვეულწილად, არაჰუმანური კანონების გაწვევა სწორედ ბრძოლისა და ინტელექტუალური დაპირისპირებულობის ნაყოფად შეგვიძლია მივიჩნიოთ. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ თუნდაც ჰომოსექსუალობა დემოკრატიულად მოწინავე ქვეყნებშიც კი აკრძალული იყო, რომ არაფერი ვთქვათ, ფერადკანიანი ადამიანების უფლებებზე. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ, რამდენიმე მნიშვნელოვან ლიტერატურულ ნაწარმოებს, სადაც ჩანს დაპირისპირება კანონსა და ინდივიდს, ან ინდივიდთა ჯგუფებს შორის, სადაც განხილულია კანონის მორალური და ჰუმანური ნიშნები.

ესქილე – მიჯაჭვული პრომეთე

შემორჩენილ წყაროებზე დაყრდნობით, ესქილეს პიესა – “მიჯაჭვული პრომეთე” პირველი თეატრალური ტექსტია. ამბავი გმირის, ან ანტიგმირის, პრომეთეს შესახებ, რომელიც ღმერთების მიერ დაწესებული კანონების წინააღმდეგ მიდის; ესქილე გვიჩვენებს დრამატულ კონფლიქტს ადამიანის პროგრესის თავისუფალ ნებასა და ღვთიური კანონით დადგენილ შეზღუდვებს შორის. პრომეთე მთაზე  მიაჯაჭვეს, მას მარადიული ტანჯვა მიესაჯა, რადგან გაბედა და ღმერთებს ცეცხლი მოჰპარა და დედამიწაზე ხალხს ჩაუტანა.

გმირის ფენომენი ბერძნულ მითოლოგიასა  და აზროვნებაში საკმაოდ მკაცრად არის განსაზღვრული, და რაც  უნდა იყოს, ის ჰეგემონიის სამსახურში მდგარ ადამიანს, ან ნახევრად ღმერთკაცს გამოხატავს, რომელიც არასდროს ეუბნება ღმერთების მიერ დაწესებულ წესრიგს უარს, პირიქით. პრომეთეს შემთხვევა კი გამონაკლისია და პერსონაჟის სტრუქტურული მახასიათებლით, ის არა იმდენად კლასიკური გმირია, რამდენადაც – ანტიგმირი. ტიმოთე ლირი ერთ ადრეულ ტექსტში პრომეთეს დაახასიათებს, როგორც – კიბერპანკს (მოწინავე პილოტი). ცეცხლი, რომელსაც გმირი ხალხს აჩუქებს, ფილოსოფოსისთვის ინფორმაციის სიმბოლოა, ახალი ტექნოლოგიის, პროგრესის.

ასე იწყება ცივილიზაცია…

სოფოკლე – ანტიგონე

დავრჩეთ ძველი საბერძნეთის მიდამოებში და გავიხსენოთ სოფოკლეს პიესა -“ანტიგონე”, რომელიც ინდივიდსა და ძალაუფლებას შორის კონფლიქტის კომპლექსებს იკვლევს. პიესაში ერთმანეთს ეწინააღმდეგება  საღვთო კანონი და კრეონის (მმართველის) მიერ ძალაუფლების განმტკიცებისთვის შექმნილი კანონი. ანტიგონე ცდილობს, დაკრძალოს მისი ღვიძლი ძმა, თუნდაც ეს ადამიანური კანონის დარღვევას გულისხმობდეს. ეს ტრაგიკული დაპირისპირება პირად მოვალეობასა და სახელმწიფო კანონს შორის ბადებს კითხვებს სამართლიანობის, მორალური ვალდებულებისა და სახელმწიფო ძალაუფლების საზღვრებს შორის.

სოფოკლე ოსტატობით გვაჩვენებს თითოეული პერსონაჟის დადებით და უარყოფით მხარეებს, მათ სიმართლეს და ინფანტილურ ადამიანურ ვნებებს, რომლებიც დიდი ტრაგედიების საწინდარია.

ვიქტორ ჰიუგო – საბრალონი

ფრანგი კლასიკოსის, ვიქტორ ჰიუგოს მონუმენტური ნაშრომი  “საბრალონი”  იკვლევს კონფლიქტს ადამიანსა და კანონს შორის. ჟან ვალჟანის პერსონაჟი ღარიბი ქურდია, რომელიც იპარავს საკვებს საკუთარი მშიერი ოჯახის გამოსაკვებად, რა დროსაც მას ეჯახება კანონის ხისტი და დაუნდობელი ბუნება. პოლიციელი ჟავერტი კვალში დაჰყვება, მას ურყევი ერთგულება აქვს კანონისადმი, განურჩევლად კონტექსტისა თუ პიროვნების გარემოებებისა. ჰიუგო აღწერს და აკრიტიკებს სამართლებრივი სისტემის მოუქნელობის საკითხს.

ფრანც კაფკა – პროცესი

აქ ალბათ არცაა ბევრი არაფერი სათქმელი – ფრანც კაფკას რომანი ყველაზე უკეთ გამოხატავს უსამართლობის სასოწარკვეთასა და სისასტიკეს – ესაა ნაწარმოები, ერთგვარი ეგზისტენციალური წარმოდგენა ადამიანისა და კანონის კონფლიქტზე. მთავარი გმირი იოსებ კ. დაპატიმრებულია იდუმალი და მჩაგვრელი სამართლებრივი სისტემის მიერ ისე, რომ არც კი იცის თავისი  დანაშაული. კაფკას რომანი ესაა ბიუროკრატიული სამართლებრივი სისტემების თანდაყოლილი აბსურდისა და დეჰუმანიზაციის კოშმარული ასახვა. ის იკვლევს დანაშაულის, უძლურებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის გაუგებარ და გულგრილ სამყაროს. მეოცე საუკუნის დასავლურ აზროვნებას კაფკას ნაწარმოებები ისე მოედო, როგორც კიბო  – შეუჩერებელი და სასტიკი.

ჰარპერ ლი – ნუ მოკლავ ჯაფარას

ნობელის პრემიის ლაურეატი რომანი, სიმბოლო ჰუმანიზმისა, განიხილავს კონფლიქტს მორალურ სინდისსა და სამართლებრივ უსამართლობას შორის. აღწერს იმ მძიმე რეალობას, რაშიც უწევდათ ცხოვრება ათწლეულების წინ შავკანიან ადამიანებს. ჰარპერ ლი ამხელს რასიზმს და სამართლებრივი სისტემის წარუმატებლობას, უდანაშაულო ადამიანის დასჯის ფენომენს, მისი საზოგადოებრივი და რასობრივი კუთვნილებიდან გამომდინარე.  ლი მწვავედ აკრიტიკებს იურიდიული სისტემის მორალურ წარუმატებლობას.

არტურ მილერი – სეილემის პროცესი

ორ იმპერიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის იდეოლოგიურმა დაპირისპირებებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ლამის ინკვიზიციის ესთეტიკით დაიწყო დევნა მემარცხენედ განწყობილი ხელოვანების, რომელთა იარლიყიც აგენტობას წარმოადგენდა. ამას შეეწირა მათ შორის დიდებული ჩარლი ჩაპლინი, არტურ მილერიც დევნის ობიექტი იყო, ლიტერატურის ისტორიას ახსოვს ერნესტ ჰემინგუეის ფენომენიც, რომელმაც სიცოცხლის ბოლოს შიშით ჭკუა დაკარგა,  რომ უთვალთვალებდნენ. არტურ მილერის ეპოქალურ პიესაში – “სეილემის პროცესი” ავტორი ამერიკის რეალობას გვაჩვენებს შუა საუკუნეების ინკვიზიციის სასამართლოს დახმარებით. ნაწარმოები აღწერს, თუ როგორი სასტიკია კანონი, რომელიც ადამიანის ღირსებებისა და ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, და როგორ ცვლის ის საზოგადოებრივ ცხოვრებას, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე გაწიროს თავისი კმაყოფის გამო და სხვა. 

ჰაინრიხ ბიოლი – ჩემი ნაღვლიანი სახე

გერმანელი ნობელიანტი მწერლის, ჰაინრიხ ბიოლის შემოქმედება სავსეა ანტიმილიტარისტული და ანტიფაშისტური განწყობებით. მისი მოთხრობა – “ჩემი ნაღვლიანი სახე” შესანიშნავად აღწერს ძალაუფლების მიერ კანონის დაწესების ტრივიალურობასა და აბსურდულობას, თუ როგორ შეუძლია ანტიდემოკრატიულ, ავტორიტარულ მმართველობას თავის სასარგებლოდ ცვალოს კანონი. ამ  მოთხრობაში აღწერილია ადამიანის ისტორია, რომელსაც ნაღვლიანი სახის გამო დააპატიმრებენ.

ბერტოლტ ბრეხტი – კავკასიური ცარცის წრე

მოდერნული პერიოდის გერმანელი დრამატურგისა და თეატრის რეფორმატორის, ბერტოლტ ბრეხტის პიესა – “კავკასიური ცარცის წრე”, ქართველებისთვის საკმაოდ ცნობილია, მიზეზი 70-იანი წლების ეპოქალური თეატრალური დადგმაა. ესაა ფრაგმენტული ხასიათის პიესა სამართლიანობის შესახებ, სადაც ბევრ ამბავთან ერთად მიმდინარეობს  მოსამსახურე ქალის, გრუშეს ისტორია, რომელიც უბედურების ჟამს ბატონის მიტოვებულ შვილს სიკვდილისგან გადაარჩენს და მიუხედავად ჩვილზე ნადირობისა, მას ისე გაზრდის, როგორც მშობელი დედა.  წლების შემდეგ კი, დროის ცვალებადობასთან ერთად, ქალაქს უბრუნდება ბატონის ცოლი – ბავშვის ბიოლოგიური დედა, ის გრუშეს სასამართლოში უჩივის. მოსამართლედ კი ჯამბაზი აზდაკია დანიშნული.

ბრეხტი დაინტერესებული იყო თეოლოგიით. ამ პიესაში ის მოიხმობს ბიბლიურ იგავს სოლომონისა და ორი დედის შესახებ – საბოლოოდ კი სამართლიანობის წრე შეიკვრება, აზდაკი სალომონისეულ ხრიკს გამოიყენებს და გამოარკვევს ნამდვილ დედას. აზდაკი უარს ეუბნება იურიდიულ კანონს და წინ ადამიანურ, მორალურ კანონს აყენებს.

ეს პიესა სამართლიანობის აღსრულებით მთავრდება, ხოლო სამართლიანობის მოთხოვნით კი იწყება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.