fbpx

გზა ტყვეობიდან ოლიმპიური გამარჯვებისკენ – გენო პეტრიაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

სპორტს თავისი კანონზომიერებები აქვს, და თუკი ყველა ნიშანს სწორად დაამთხვევ, აუცილებლად იმუშავებს – თუ შრომასა და მონდომებას, იმედსა და რწმენას ერთმანეთს შეუთავსებ, შესაძლებლობები – როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი – მაღლა აიწევს, მერე კი ტრიუმფი გარდაუვალია. ასე მოხდა პარიზის ოლიმპიადაზე, უიღბლობა, რომელიც ქართველ მოჭიდავეს – გენო პეტრიაშვილს სარეველასავით ჰქონდა შემოხვეული, ერთბაშად გაქრა და ოქროს მედალს კბილი მოუსინჯა, რის შედეგადაც ლეგენდარული ჯუდოკას – ლაშა შავდათუაშვილის გვერდით დაიკავა ადგილი – გორის სკოლის გიგანტები სამივე სინჯის მედლით  იწონებენ თავს.

გენოს მიმართ მოლოდინი დიდი იყო, რაც ზეწოლას უფრო და უფრო ზრდიდა, მთელი ქვეყანა და მსოფლიო ჭიდაობის ქომაგები ელოდნენ მის გამოსვლას, წინ კი ორი კითხვა ტივტივებდა: მოიპოვებდა მესამე ცდაზე პეტრიაშვილი ოლიმპიურ ოქროს, თუ კვლავ გაექცეოდა შანსები ხელიდან. თანაც, პირადი ამბის გარდა, ქართული ჭიდაობის პრესტიჟი იდო სასწორზე. ბერძნულ-რომაულში რა და როგორ მოხდა, მოყოლას არ დავიწყებ, შორს წაგვიყვანს, თან ისეთ დეტალებამდე ჩაგვიყვანს, რომ გენოზე მიძღვნილ ტექსტს ეგ არ მოუხდება. სხვა დროს იყოს. ერთი სიტყვით, გენო ორმაგი მისიით იყო წარდგენილი, ეხსნა საკუთარი და სამშობლოს პრესტიჟი.

შეუძლია პეტრიაშვილს წლების შრომა და თავგანწირვა ტრიუმფად აქციოს? ეს იყო მთავარი კითხვა, რაზეც ჩვენებურად სათანადო პასუხი გასცა, თითოეული ხალიჩაზე გასვლა თავისთავად იყო ნებისყოფის ბრძოლა, გამძლეობისა და სტრატეგიის გამოცდა, სადაც ყოველი სვლა, ყოველი კონტრშეტევა, სიზუსტითა და განზრახვით შესრულდა. პეტრიაშვილის ჭიდაობამ უარი უთხრა აბსტრაქციასა და სპონტანურობას, ის იყო კონკრეტული, როგორც არასდროს, რაც ფიზიკური და გონებრივი წვრთნის შედეგია, წლების განმავლობაში დაუღალავი ვარჯიშით რომ გაუჯდა სხეულში.

გენოს ისტორია სცილდება სტანდარტულ სპორტულ ისტორიებს, რომელიც სავსეა ტრაგიკული და ტრიუმფალური მომენტებით, დაცემებითა და აღმაფრენებით, რასაკვირველია, ეს დრამატურგიული სტრუქტურა მის კარიერაშიც დაცულია, თუმცა აქ სულ სხვა რამეზე მაქვს სწორება: ჩვენი ჩემპიონი საზღვრისპირა, ოკუპირებულ სამაჩაბლოს შვილია, და მის ცხოვრებას საჭიდაო გამოცდილების გარდა, თან ერთი უსიამოვნო შემთხვევა დაჰყვება, საოკუპაციო ზონაში ცხოვრება ნიშნავს ცხოვრებას მუდმივ აპართეიდსა და შიშში. ჩვენი ჩემპიონი 2005 წლის აგვისტოში  სოფელ ნულის სიახლოვეს, 11 წლის ასაკში, პირდაპირ მდინარიდან გაიტაცეს. მაშინ ოსეთში ედუარდ კოკოითი იყო თავი კაცი, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფებებს მფარველობდა, პატარა გენოც სწორედ მათი მსხვერპლი გახდა. სამ თვეზე მეტ ხანს ტყვეობაში მყოფი საბოლოოდ ნოემბერში  გაათავისუფლეს. ამ ამბის შემდეგ თავისთავად სტრესს განიცდიდა,  გამოსავალი კი ჭიდაობაში იპოვა, როგორც ამბობენ, ურთულესი წლები გენოს გამზრდელმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გადაატანინა. სამწუხაროდ, ის გენოს ოლიმპიურ ოქროს ვერ მოესწრო.

პეტრიაშვილი სიძლიერისა და ტექნიკის სინონიმია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ის მეომრების სამჭედლოდან მოდის – გორის ჭიდაობის სკოლა, სადაც დახვეწა თავისი უნარები,  უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სავარჯიშო მოედანი – ეს არის ერთგვარი ქარხანა, სადაც ნედლი ნიჭი ყალიბდება ჩემპიონად. გორში ჭიდაობა მხოლოდ სპორტი არ არის; ეს არის ცხოვრების წესი, ტრადიცია, რომელიც თაობებს გადაეცემა, ამის მაგალითია გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე, 17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი, მომავლის ფალავანი. ეს ცოდნა სპორტული დარბაზის საზღვრებს სცილდება. სკოლის ფილოსოფია მარტივია, მაგრამ ღრმა: შეუპოვრობა კაეშნიანი ამინდის მიუხედავად, დაუნდობელი სწრაფვა ბრწყინვალებისკენ და რწმენა იმისა, რომ არანაირი დაბრკოლება არ არის გადაულახავი, თუ ადამიანი მტკიცედ დარჩება გამარჯვების გზაზე, და მიზნის მისაღწევად იმდენჯერ გაივლის გაკაფულ გზას, რამდენჯერაც საჭირო გახდება, თუმცა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გაზრდილი. ასეთი იყო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გენო, თითქოს მხრებზე მოკიდებული უზარმაზარი ტვირთი, რაც მის კარიერას აჩრდილივით დაჰყვება, ძალად გარდაქმნა. დაკვირვებული მაყურებლის თვალი ჩვენებური ფალავნის გამოსვლის რიტუალებში შეამჩნევდა სხეულის ჰარმონიულობას – ცხრა მთა გადავლილი, ათას ურჩხულს დაპირისპირებული და უკვე კარგად დაღვინებული, გამოცდილი მეომარი, თავდაჯერებული მზერით მიაპობდა გზას ხალიჩისკენ, სადაც აუღელვებელი, რიტმული მუშაობით მარტივად უმკლავდებოდა მეტოქეებს.

პეტრიაშვილი თითოეულ გამოწვევას ერთნაირი მტკიცე გადაწყვეტილებებით ხვდებოდა, გასულ ოლიმპიადაზე, ტოკიოში, ფინალურ სესიაში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, როცა ექვს წამში მოგებული ბრძოლა წააგო ამერიკელ ფალავანთან, ბევრი ვერ გაუძლებდა, სტრესი და სასოწარკვეთა შეჭამდა და დაღმა წაუვიდოდა კარიერა, მაგრამ გენომ იპოვა ძალა, გააცნობიერა, რომ ყოველი დაცემა არის შესაძლებლობა უფრო ძლიერად წამოდგომის – ეს გორის ჭიდაობის სკოლის ტრადიციაა, ესაა შუქი, რომელმაც კარიერის ყველაზე ბნელი წუთები გადაატანინა.

ოკუპანტების ტყვეობიდან პარიზის ოლიმპიურ სცენამდე პეტრიაშვილმა დიდი და რთული გზა განვლო, ტრიუმფით კი კიდევ ერთხელ ჩაწერა თავისი სახელი ჭიდაობის ისტორიაში. ფინალურმა დაპირისპირებამ ირანელ გიგანტთან, ამირ ჰოსეინ ზარესთან, მთელი ქვეყანა სიხარულით ორჯერ აგვავსო, შუალედში კი მაგრად გვანერვიულა. პირველ ჯერზე, როცა გენომ მოწინააღმდეგე შეცდომაზე დაიჭირა და ბრწყინვალე ილეთი უთავაზა, ძირს დანარცხებული კი ტომარასავით ატრიალა აქეთ-იქით, ყველას გვეგონა, რომ ამბავი მორჩა, მათ შორის არბიტრებსაც, და რომ არა სანტიმეტრები, ასეც იქნებოდა – ქულა მოხსნეს და ბრძოლამ დაძაბული ელფერი მიიღო, მეტოქეც ნელ-ნელა წამოეწია. თანაც, რა დასამალია და, ცოტა პეკინის ფინალის დეჟავიუ დატრიალდა, სტევესონთან ექვს წამში წაგებული ფინალის. დარწმუნებული ვარ, გენოც იფიქრებდა, კერკეტი კაკალი ხომ არ არის ეს ამბავიო, ადამიანები ვართ, რაც არ უნდა ძალ-ღონე გვქონდეს, ჩნდება ცრურწმენა თავისებურად. 

ჩვენებურს გამარჯვება ისე სწყუროდა, სულ ფეხზე ეკიდა პრაგმატული, რიტმული მიყოლა, როგორც ამას მთელი ოლიმპიადის განმავლობაში აკეთებდა, და ფეხს დაუწყო ადევნება, ეს ირანელი ბიჭი კი, რომელსაც გენო გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჰყავს დამარცხებული, ბრუნვის ოსტატია, სწრაფად და მარტივად შეუძლია ნებისმიერი ზურგი აიღოს, ზუსტად ეგეთ კაცზე იტყვიან, ზურგს ვერ ანდობო. საბედნიეროდ, გენომ სათანადოდ დაიცვა თავი, დროც აღარ იყო იმდენი და ასე თავიდან, თითქოს ლაღად მოგებული ოქრო, გაჭირვებით, მაგრამ ტკბილად ჩამოვიკიდეთ ყელზე. გენომ კი თავზე გვირგვინიც დაიდგა, ლებრონ ჯეიმსის სტილში, როგორც ეს ნახსენებ მსოფლიო ჩემპიონატზე თავად ზარემ უთავაზა ქართველ ფალავანს.

ნამდვილი პოეზია მერე დაიწყო, კვარცხლბეკზე დგომისას – დარიგდა მედლები, აფრიალდა დროშა, ქართული სხვების თავზე მოექცა… სანამ ეს სცენა გაიშალა, ლაშა ტალახაძემ დაუწყო მესამე ოლიმპიურ ოქროს შეტევა. ეგ ამბავი კი იცით, მარტივია, როგორც კალკულაცია. სიხარულიც მაგას ერქვა, საქართველოს ჰიმნი საათ-ნახევრის ინტერვალში ორჯერ გაჟღერდა პარიზში. ტალახაძის შემთხვევაში ტრადიციული სურათი მივიღეთ – ის დგას ცენტრში, მარცხნივ და მარჯვნივ კი სომეხი ძალოსნები – ლალაიანი და მინასიანი დგანან. ერთი ხუმრობის მიხედვით, მათ უკვე ჩვენი ეროვნული ჰიმნიც კი შეისწავლეს. პოეზია შემოიჭრა  ჭიდაობაშიც  – ამბავი ისე დატრიალდა, რომ ეროვნული ჰიმნის მელოდიაზე  ორმა მებრძოლმა დაიდო  გულზე   ხელი.  ერთი რომ გენო პეტრიაშვილია, ვიცით, მეორეც ჩვენებური, ონის საჭიდაო სკოლის აღზრდილი და აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელი გიორგი მეშვილდიშვილია, გენომ რომ ნახევარფინალურ შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხა. მან თავის მხრივ ბრინჯაო მიიღო და ასე შეიქმნა ულამაზესი, ისტორიული სცენა ქართული სპორტისთვის.

გენო პეტრიაშვილის გამარჯვება არის ტრიუმფის ისტორია, არა მხოლოდ მის ოპონენტზე, არამედ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც სამყარო აჩენს. ეს არის ისტორია, რომელიც არა მხოლოდ ჭიდაობის ხალიჩაშია მოქცეული, არამედ იწვევს  თითოეულ ჩვენგანს შთაგონებისთვის, რომ რამდენი და როგორი ფორმის მარცხიც არ უნდა მოვიდეს, გამარჯვების ოცნება არ უნდა შევწყვიტოთ.

გენო პეტრიაშვილი ამ ურყევი რწმენის მაგალითს იძლევა.

ეს კი მნიშვნელოვანია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.