fbpx

სეზონი დაწყებულია!


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

გასულ კვირას სუპერთასის მატჩით ევროპის საკლუბო სეზონი გაიხსნა და ფეხბურთის მოყვარულები აქამდე არნახული და არგაგონილი დატვირთვის მქონე წელიწადისთვის შეამზადა, რომლის თავდაპირველი შტრიხებიც მადრიდის „რეალის“ და ბერგამოს „ატალანტას“ მატჩში გამოიკვეთა.

წლის ბოლოსკენ ეს დაპირისპირება უკვე აღარავის ემახსოვრება, ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ასეთი ძლიერი ალბათ არასოდეს ყოფილა…

თუკი ახლო წარსულში „სამეფო კლუბი“ გვაოცებდა საოცარი იღბლიანობით და თითქმის უიმედო მდგომარეობაში გამოგლეჯილი გამარჯვებებით, მბაპეს იქ მისვლის შემდეგ ამ გუნდის გამჩერებელი თითქოს აღარც ჩანს.

წლების განმავლობაში დავეჩვიეთ, რომ „მანჩესტერ სიტის“, „ბაიერნის“, „ინტერის“ თუ სხვათა მუდმივი გაძლიერების ფონზე მადრიდის „რეალი“ ზოგჯერ გუნდიდან ლიდერების წასვლის შემთხვევაშიც ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

„ატალანტასთან“ მატჩში კი მაყურებლებმა მოედანზე შეტევაში ერთდროულად იხილეს ბელინგემი, ვინისიუსი, მბაპე და როდრიგო. მიუხედავად ამისა, პირველი გოლი შეხვედრაში, კარლო ანჩელოტის თქმით, ტონი კროოსის შემცვლელმა ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა.

მადრიდის „რეალი“ ფეხბურთს კი არ თამაშობდა, არამედ ხატავდა. მთავარი ფერმწერები კი მოედანზე ბელინგემი და ვინისიუსი იყვნენ. მბაპე კიდევ გაიხსნება, თუმცა სადებიუტო მატჩში მან მთავარი მისია შეასრულა – გოლი გაიტანა.

კარლო ანჩელოტიმ არც სხვა შემტევებს – არდა გულერს და ბრაჰიმ დიასს აწყენინა, რომლებიც მატჩის მიწურულს შეუშვა მინდორზე. ტიბო კურტუამაც გამოავლინა თავისი კლასი, როდესაც პაშალიჩის პრაქტიკულად აუღებელ თავურ დარტყმაზე რეაგირებით  ცხადყო, რომ კარის ხაზზე იგივეა, რაც ბელინგემი და ვინისიუსი შეტევაში…

ვინ და რამ უნდა შეუშალოს ხელი მადრიდის „რეალს“ მიმდინარე სეზონში ტიტულების მოგებაში? ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ დანი კარვახალი, მოდრიჩი, რიუდიგერი თუ სხვები ასეთი ძლიერი შემტევი ხაზის მიუხედავად, თავადაც ყოველ წუთას მზად იქნებიან ნებისმიერი მეტოქის კარის დასალაშქრად.

ევროპის სუპერთასის მატჩისგან განსხვავებით, ამხანაგური შეხვედრის ოდნავი ელფერიც არ დაჰკრავდა გერმანიის სუპერთასის დაპირისპირებას, რომელშიც „ლევერკუზენმა“ და „შტუტგარტმა“ დახოცეს ერთმანეთი, ორ-ორი გოლი გაიტანეს, ჯამში 11 ყვითელი ბარათი მიიღეს და პენალტების სერიაც შეასრულეს.

თუკი ბერგამოს „ატალანტას“ არ ჩავთვლით, რომელმაც შარშანდელ სეზონში ერთადერთი და თანაც უმძიმესი მარცხი მიაყენა „ლევერკუზენს“ ევროპის ლიგის ფინალში, „შტუტგარტი“ ყველაზე უხერხული მეტოქეა გერმანიის ჩემპიონის და თასის მფლობელისთვის, რადგან უკვე მეორე სეზონის განმავლობაში იგი   სამივეჯერ ფრედ ეთამაშა ამ მეტოქეს და თანაც აქედან ორ შეხვედრაში მატჩის ბოლო წუთებზე აღადგინა წონასწორობა.

სუპერთასის შეხვედრაში „ლევერკუზენი“ საკუთარ კედლებში თავდაპირველად დაწინაურდა, მაგრამ საპასუხო გოლი ოთხ წუთში მიიღო, ტაიმის მიწურულს მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩა და ტაიმის მიწურულს ჰრადეცკის კარის ძელმაც ბურთი ორჯერ აისხლიტა.

რიცხობრივ დანაკლისს მოედანზე მასპინძლებს ტრიბუნების მხარდაჭერა უნაზღაურებდა, მაგრამ „შტუტგარტმა“ მატჩის 63-ე წუთზე მაინც შეძლო დაწინაურება, როდესაც მოედანზე იქამდე ერთი წუთით ადრე შესულმა კრატციგმა და უნდავმა საგოლე კომბინაცია ბურთთან პირველივე შეხებით გაითამაშეს!

„შტუტგარტის“ დაწინაურების შემდეგ გუნდებმა ერთიმეორის კარის ძელი კიდევ ერთხელ შეაზანზარეს, მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი საგოლე კომბინაცია უკვე „ლევერკუზენში“ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა – გრიმალდომ და შიკმა გაითამაშეს და უაღრესად თვალსასეირო მატჩი პენალტების სერიაში გადაიყვანეს, რომელიც უკეთ „ლევერკუზენის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს.

ამრიგად, ჩაბი ალონსოს გუნდმა გასული სეზონის დასასრულს მოპოვებულ ორ ტიტულს მიმდინარე სეზონის დასაწყისშივე მოპოვებული ტიტული შემატა და ამით ფეხბურთის მოყვარულებს ამცნო, რომ წლეულსაც ეცდება ყველა ტიტულის და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოგებას…

ჩვენ კი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ჩვენი თანამემამულეების ასპარეზობა გვაინტერესებს ევროპის სტადიონებზე და გვახარებს როგორც გურამ კაშიას „სლოვანის“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე გასვლა, ისე ბუდუ ზივზივაძის მიერ შესრულებული „ჰეთ-თრიკი“ მეორე ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩში და გიორგი ჩაკვეტაძის გოლი და საგოლე გადაცემა „უოტფორდის“ პირველ ორ მოგებულ შეხვედრაში ინგლისის ჩემპიონშიპში. 

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კი ლა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში „ბარსელონას“ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების მეკარემ თამაში უშეცდომოდ ჩაატარა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ორჯერ მოუწია ბურთის საკუთარი კარის ბადიდან გამოტანა.

შეუდარებელი იყო მოედანზე რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც თანაგუნდელთაგან პირველ რიგში დაეტყო გუნდში ახალ მწვრთნელ ჰანსი ფლიკის მისვლა, რადგან ამ დუეტის ბრწყინვალე თანამშრომლობას უკავშირდება „ბაიერნის“ ტრიუმფალური 2019-2020 წლების სეზონი.

ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანიც კი, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, აუღებელი „ცხრიანით“ აღბეჭდა მასპინძელთა კარში, რომელთაც პირველ ტაიმში დაწინაურების მიუხედავად, სტუმრებმა შესვენების შემდეგ თუნდაც ქულის მოპოვების ყოველგვარი შანსი მოუსპეს.

„ვალენსიასგან“ განსხვავებით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა „მალიორკამ“, რომელმაც მადრიდის „რეალთან“ შეძლო ქულის მოპოვება. 

შეხვედრის დებიუტი როდრიგოს გოლის შემდეგ თითქოს კარგს არაფერს უქადდა მასპინძლებს, მაგრამ მათ მეორე ტაიმში ყველაფერი გააკეთეს მდგომარეობის გამოსასწორებლად, საპასუხო გოლიც გაიტანეს და დაცვაში გამაგრებულებს რამდენიმე ეპიზოდში კონტრშეტევის შედეგად დაწინაურებაც შეეძლოთ მათდამი ქედმაღლურად განწყობილ ფავორიტთან.

ანჩელოტიმ დიასი და გულერი ამ მატჩში უკვე ვინისიუსის და ბელინგემის ნაცვლად შეიყვანა, რითაც კილიან მბაპესაც აგრძნობინა, რომ ერთხელ მასაც დასვამს სათადარიგოთა სკამზე…

სერია A-ს გათამაშების პირველ ტურში „ნაპოლი“ შარშანწინდელი საჩემპიონო სეზონის მსგავსად, ამჯერადაც „ვერონას“ ეწვია. გუნდს ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით თამაშის წინ განწყობაც შესანიშნავი უნდა ჰქონოდა, რადგან წინა დღით „ინტერმა“ და „მილანმა“ ქულები გაანიავეს. მაგრამ „ნაპოლიმ“ პირველივე მატჩში შარშანდელი ფეხბურთი აჩვენა და სამარცხვინო ანგარიშით – 0:3 დამარცხდა. 

საგულისხმოა, რომ პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას ძალისხმევით სტუმრებმა ერთი-ორჯერ სიტუაცია გაამწვავეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ტრავმის გამო მის გარეშე დარჩენილმა, ყოველგვარ ფანტაზიას მოკლებულმა გუნდმა ვერაფერი გააწყო „ვერონას“ ახალბედა ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომელთაც შარშანწინდელი 2:5-ისთვის რევანში პირწმინდად აიღეს.

საწყენი კი ისაა, რომ სწორედ „ვერონასთან“ სადებიუტო გოლით დაიწყო ხვიჩას ტრიუმფალური სვლა სერია A-ში, რაც „სკუდეტოთი“ და მისი 2022/2023 წლების სეზონის იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებით დაგვირგვინდა.

„ნაპოლის“ მსგავსად, ანგარიშით 0:3 „რენთან“ მატჩში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ დამარცხდა. ქართველი ფორვარდი ბევრს აქტიურობდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში მოედანზე იყო  და პენალტიც ვერ გამოიყენა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.