fbpx

ხვიჩა კვლავ საუკეთესოა!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მადრიდის „რეალის“ და „მანჩესტერ სიტის“ გრანდიოზული წინსვლის პარალელურად, ჯერ „ნაპოლის“ და შემდეგ „ლევერკუზენის“ სახით გამოჩნდა ორი გუნდი, რომელთაც ფეხბურთის მოყვარულთა საყოველთაო სიმპათია დაიმსახურეს.

სამწუხაროდ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იბრძვის ლუჩანო სპალეტის პერიოდის აღმაფრენის დასაბრუნებლად, „ლევერკუზენს“ კი სრულიად სამართლიანად უკვე “ნევერლუზერის” მეტსახელიც შეერქვა, რაც გერმანიის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა მიმდინარე სეზონის პირველ ორ მატჩშივე დაამტკიცა.

თუკი გერმანიის სუპერთასის მოსაპოვებლად „შტუტგარტთან“ შეხვედრაში „ლევერკუზენის“ ფეხბურთელებს თერთმეტმეტრიანების სერია დასჭირდათ, ბუნდესლიგის გათამაშების პირველ ტურში „მიონხენგლადბახთან“ გასვლით დაპირისპირებაში გადამწყვეტი პენალტი ფლორიან ვირცმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე შეასრულა, ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე ყველას დაასწრო, ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა და „ნევერლუზერს“ ანგარიშით 3:2 გამარჯვება მოუტანა.

მთლიანობაში კი ფეხბურთის მოყვარულებს მთელი მატჩის განმავლობაში ისეთი სანახაობრივი ფეხბურთის ყურება მოუწიათ, რომ წამითაც შეუძლებელი იყო ტელეეკრანიდან თვალის მოწყვეტა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველი გოლი შორეული დარტყმით ერთი შეხებით გრანიტ ჯაკამ გაიტანა, ხოლო მატჩის 38-ე წუთზე კი ფლორიან ვირცმა თავბრუდამხვევი კომბინაციის შემდეგ სტუმართა უპირატესობა გააორმაგა და ამ გოლით თითქოს საქმე დაასრულა კიდეც სტუმართა სასარგებლოდ.

მაგრამ თურმე ასე არ ფიქრობდნენ „მიონხენგლადბახის“ ფეხბურთელები. 

მასპინძლებმა VAR-ის დამსახურებით ჯერ არჩათვლილი, მერე კი  ჩათვლილი გოლის შემდეგ, მატჩის 85-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, რის შემდეგაც „ნევერლუზერები“ თავზეხელაღებულ შეტევაზე გადავიდნენ და მატჩი ზემოთ ხსენებული ფლორიან ვირცის გადამწყვეტი გოლით დააგვირგვინეს.

აი ასეთი ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნა ჩაბი ალონსომ, რომელმაც, სხვა თუ არაფერი, უკანასკნელი წლების მიუნხენის „ბაიერნთან“ შედარებით, გაცილებით მეტი ხალისი და დადებითი ემოცია შესძინა ევროპულ საკლუბო ფეხბურთს. 

სწორედ ამიტომ სეირის მოყვარული გულშემატკივრები უკვე ახლავე დიდი ინტერესით ელიან „ნევერლუზერის“ დაპირისპირებას ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“, „მანჩესტერ სიტისთან“ თუ იმავე „ბაიერნთან“.  

ბუნდესლიგის გათამაშებაში „ლევერკუზენის“ მთავარი მეტოქეები – „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ მიმდინარე სეზონს ახალი მწვრთნელებით შეხვდნენ და პირველი მატჩების მიხედვით ამ კლუბების ხელმძღვანელები არც შემცდარან შესაბამისად,  ვენსან კომპანის და ნური შაჰინის არჩევანში.

ჩემპიონთა ლიგის შარშანდელმა ფინალისტმა შინ დამაჯერებლად „აინტრახტს“ ანგარიშით 2:0 სძლია, ხოლო „რეკორდმაისტერმა“ კი პირველი ტურის შეხვედრაში, „ლევერკუზენის“ მსგავსად, ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა იოლად მოიგეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლით დაკმაყოფილდნენ. შესვენების შემდეგ კი „ვოლფსბურგის“ ხორვატმა ლეგიონერმა მაიერმა სულ რაღაც რვა წუთის განმავლობაში  ბურთი ძელს გაარტყა, დუბლიც შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა.

კომპანიმ გაჭირვების ჟამს მოედანზე თომას მიულერი შეუშვა, რომელმაც გამოაცოცხლა სტუმრები, შეახსენა მათ ამ მატჩის მოგების აუცილებლობა და ორმა გოლმაც აღარ დააყოვნა მათი შესრულებით.

გაიმარჯვა მარკო როზეს „ლაიპციგმაც“ და აქედან გამომდინარე, პირველ ტურში ფავორიტთაგან მხოლოდ „შტუტგარტი“ დამარცხდა გასვლაზე „ფრაიბურგთან“.

განვლილი უიკენდი ძალზედ ცუდად დაიწყო ჩვენი ლეგიონერებისთვის ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში.

გიორგი მამარდაშვილს „სელტასთან“ ჩინებულად აღებული პენალტის მიუხედავად პოზიტივში ნამდვილად ვერ ჩაეთვლება ამ შეხვედრაში სამი და ორი ტურის შემდეგ გაშვებული ხუთი ბურთი.

ორი მატჩის შემდეგ ასევე ხუთი გოლი აქვს მიღებული კარში გიორგი მიქაუტაძის „ლიონსაც“, ოღონდ „ვალენსიასგან“ განსხვავებით მას ჯერ თავად ერთი ბურთიც არ აქვს გატანილი.

„მონაკოსთან“ შეხვედრაში თავიდანვე განწირული ჩანდნენ მასპინძლები ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან „რენთან“ განადგურების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მთელი გუნდის გაყიდვის შესახებ გაავრცელა განცხადება.

როგორც ვხედავთ, „აიაქსის“ შემდეგ მიქაუტაძე დიდი ალბათობით კვლავ წყალწაღებულ კლუბში აღმოჩნდა, რომელსაც მოცემულ მომენტში განვითარების პერსპექტივა თითქოს არც გააჩნია.

მაგრამ როგორია „ნაპოლის“ განვითარების პერსპექტივა?

ვერონაში ფიასკოს შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდი უკვე ვალდებული იყო სამი ქულა მოეპოვებინა შარშანდელი სეზონის აღმოჩენა „ბოლონიასთან“ დაპირისპირებაში.

ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ცენტრალური ფიგურა იყო მოედანზე და პირველი ტაიმის მიწურულს სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გახსნა ანგარიში დი ლორენცომ.

შესვენების შემდეგ ხვიჩამ უკვე თავად გაიტანა მიმდინარე სეზონში პირველი ბურთი, რითაც ფაქტობრივად განაპირობა სამი ქულა „ნაპოლისთვის“.

ქართველმა ვარსკვლავმა ამ გოლის შემდეგაც განახორციელა ორი პოტენციური საგოლე გადაცემა და მონაწილეობა მიიღო იმ კომბინაციაშიც, რომელიც მეოთხე დამატებულ წუთზე ჯოვანი სიმონემ მესამე გოლით დააგვირგვინა.

საბოლოოდ ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

წარმატებული გამოდგა გასული უიკენდი მეორე დივიზიონებში მონაწილე ჩვენი ლეგიონერებისთვის. 

როგორც ბუდუ ზივზივაძემ, ისე გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემები მიითვალეს. მათი კლუბები „კარლსრუე“ და „უოტფორდი“ კი შესაბამისად, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში და ინგლისის ჩემპიონშიპში ლიდერის პოზიციაზე იმყოფებიან და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან. 

ინგლისის პრემიერლიგაში უდანაკარგოდ „მანჩესტერ სიტი“, „ბრაიტონი“, „არსენალი“ და „ლივერპული“ ასპარეზობენ.

„არსენალმა“ მეორე ტურში გასვლაზე „ასტონ ვილა“ ანგარიშით 2:0, ხოლო „ბრაიტონმა“ კი შინ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:1 დაამარცხა.

 

გადის წლები და არაფერი იცვლება „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშში, რომელიც კოლოსალური ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებს იმ თამაშის და შედეგის ჩვენებას, რასაც ამ კლუბს სერ ალექს ფერგიუსონის დანატოვარი მემკვიდრეობა ავალდებულებს.

მადრიდის „რეალმა“ კი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება შინ „ვალიადოლიდთან“ იზეიმა. 

აღსანიშნავია, რომ ანგარიში ამ შეხვედრაში, „ატალანტასთან“ სუპერთასის მატჩის მსგავსად, ფედერიკო ვალვერდემ გახსნა. მეორე და მესამე ბურთები კი მეორე ტაიმში შესული ბრაიმ დიასის და 18 წლის ენდრიკის ანგარიშზეა, რომელთაც შეტევაში შესაბამისად, გიულერი და მბაპე შეცვალეს.

ორი ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში უდანაკარგოდ „სელტას“ და „ბარსელონას“ ვხედავთ, ორივე შეხვედრა კი „ვალენსიასთან“ ერთად მხოლოდ დებიუტანტმა „ესპანიოლმა“ დათმო.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.