fbpx

გერმანელი მედია-ხელოვანი, რომელიც DataFest Tbilisi 2024-ის მონაწილეებს სივრცითი ინსტალაციების შექმნაში დაეხმარება – ინტერვიუ სტეფან კრაუსთან


გააზიარე სტატია

 

სტეფან კრაუსი გერმანელი მედიახელოვანია, რომელიც საკუთარ პროექტებზე მუშაობასთან ერთად, კრეატიულ პროგრამირებას დაინტერესებულ ადამიანებსაც ასწავლის. სტეფანი DataFest Tbilisi 2024-ის ერთ-ერთი სპიკერია – თავდაპირველად ვორკშოპს გაუძღვება და მონაცემების 3D სივრცეში გამოსახვაზე ისაუბრებს, ხოლო შემდეგ მონაცემთა ანალიზით, ამბის თხრობითა და ვიზუალიზაციით დაინტერესებულ პირებს სივრცითი ინსტალაციის შექმნაში დაეხმარება.

გთავაზობთ ინტერვიუს სტეფან კრაუსთან. თუ მისი პირადად გაცნობა გსურთ, არ დაგავიწყდეთ, DataFest Tbilisi-ს ბილეთების ყიდვა 20%-იანი ფასდაკლებით ხოლო თუ სამუშაო ჯგუფით დაინტერესდით, მოგვწერეთ: [email protected].

როდის გადაწყვიტეთ  არქიტექტურისა და მედია-ხელოვნების თანაკვეთის  კვლევა? არტისტულ ხედვაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს არქიტექტურული უნარები?

თინეიჯერობის პერიოდში  ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა ენდი უორჰოლმა და პროექტმა „ფეთქებადი პლასტიკური გარდაუვალობამ“ (Exploding Plastic Inevitable) – მულტიმედიურმა სასცენო დადგმამ, რომელიც ლეგენდარული ბენდის, The Velvet Underground-ის მუსიკას, პერფორმანსებსა და პროექცირებულ ფილმებს შეიცავდა. 

როდესაც არქიტექტურას ვსწავლობდი, 3D მოდელირებასა და ანიმაციაზე სამუშაო პროგრამებს გავეცანი. ვიდეო-პროექტორებზე წვდომამ და 1999 წელს ექსპერიმენტულ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობამ მე და ჩემს მეგობრებს ვინტაჟური ვიდეო-მიქსერების შეგროვებისკენ გვიბიძგა. შედეგად, 2000 წლიდან ლაივ  ვიდეოების პროექციას ვაკეთებდით.  ბუნებრივია, ვირტუალურ მატერიებში არქიტექტურული სტრუქტურების ინტეგრირებამაც მალევე გაგვიტაცა – ამ მიმართულებას დღეს პროექციის მეპინგი ჰქვია.

 

როგორ გამოიყურება თქვენი კრეატიული პროცესი ახალი მხატვრული ინსტალაციის შექმნისას? მოგვიყევით, როგორ არჩევთ და აერთიანებთ სხვადასხვა ტექნიკასა და მედიას, რათა თქვენი ხედვა ფიზიკურ სტრუქტურებზე ასახოთ.

არ არსებობს ერთი, შაბლონური პროცესი, რომელიც თითოეული პროექტისთვის დამახასიათებელ ყველა დაბრკოლებას მოერგება. მომხმარებლები ხშირად მოდიან წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმებით, თუ რომელი ტექნოლოგიების გამოყენება სურთ, თუმცა იშვიათად იციან კონცეფცია, რომელზე დაყრდნობითაც ამ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ. ასე რომ, კლიენტებთან კვლევისა და კონსულტაციების ეტაპის გავლა გადამწყვეტია მათი რეალური საჭიროებებისა და სურვილების გასარკვევად. შედეგად, უკვე შემიძლია მათი ხედვა კონცეფციად ვაქციო და შევქმნა საინტერესო ნარატივი – შთაგონებული იმ სივრცით, რომელსაც ინსტალაცია დაიკავებს. 

ზოგადად, პროექტებს სტეიკჰოლდერებთან საუბარი, ძირითად კონცეფციასთან სხვადასხვა რესურსის (დროის, სივრცისა და ბიუჯეტის) დაბალანსება და ინსტალაციის მიზნების გაწერა განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ მსურს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ ძლიერ კონცეფციებს ვითვალისწინებდე, სინამდვილეში პროექტს რესურსები აყალიბებს. თუმცა რესურსებთან დაკავშირებული დაბრკოლებებისადმი ღიაობა მეხმარება, კრეატიულად მივუდგე თითოეულ პროექტს და პრობლემების გადაჭრის ინოვაციური მეთოდები მოვძებნო. ტექნოლოგიური განვითარებისთვის ფეხის აწყობა და მომხმარებლებისთვის ინფორმირებული რჩევის მიცემა ჩემი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

 

რა დაბრკოლებებს აწყდებით ინტერაქციულ ინსტალაციებსა და ლაივ პერფორმანსებზე მუშაობისას?

არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, რომლებსაც მუდმივად ვაწყდები – მაგალითად, ხშირად სტეიკჰოლდერების ტექნოლოგიური უნარები და დიზაინერული დეტალების აღქმა ლიმიტირებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური სამუშაოები ინდივიდუალურია, პროექტის მთავარი მიზნის მისაღწევად თითოეული პრობლემის დამოუკიდებლად გაანალიზება და მოგვარებაა საჭირო. არ არსებობს გადაწყვეტის წინასწარ დადგენილი  გზები; პროექტზე მუშაობა იწყება კვლევითა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებით, რასაც ნათელი ხედვა ამყარებს.

რაც შეეხება ხელოვნებას, მთავარი დაბრკოლება კრეატიულობის შენარჩუნებაა, როდესაც მიწევს დიდი ყურადღება დავუთმო ტექნოლოგიური კომბინაციების უფრო და უფრო კომპლექსური სისტემების საზოგადოებამდე გამართულად მიწოდებას.  

ამ გამოწვევებიდან ზოგიერთის შემცირება პროექტზე მუშაობის თავდაპირველ ფაზებშივეა შესაძლებელი, თუ სივრცითი და ტექნოლოგიური რესურსები თავიდანვე რეალისტურად განისაზღვრება. ხოლო ადგილზე შექმნილი პრობლემები გასამკლავებლად უფრო რთულია, რადგან ისინი გარემო პირობებს, ხმაურსა და იმ რიგ სირთულეებს უკავშირდება, რომლებიც იდეების რეალობაში გარდაქმნასა და ბიუჯეტის მორგებას სდევს თან.

 

გვიამბეთ თქვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პროექტის ან კოლაბორაციის შესახებ.

სინათლის ინსტალაცია – LINIE, რომლის შექმნაც 2019 წელს ვაიმარში ბაუჰაუსის მუზეუმის გახსნისთვის დამევალა, ბევრი მიზეზით იყო ინოვაციური. მთავარი დაბრკოლება საჯარო სივრცეში მასშტაბური ინსტალაციის მწირი ბიუჯეტით შექმნა გახდა. გამოწვევასთან გასამკლავებლად ვითანამშრომლე ადამიანებთან, რომლებმაც პროექტის ფიზიკური და ინჟინრული ასპექტები ჩაიბარეს, ხოლო მე დიზაინსა და  პროგრამის გამართვაზე ვფოკუსირდი. უნიკალური ფორმატისთვის – იატაკიდან სამი მეტრის დაშორებით განთავსებული სინათლის ორმოცდაათმეტრიანი ზოლისთვის – არტისტული კონტენტის შექმნა საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა და ახლებური მიდგომა დასჭირდა. საბოლოოდ სინათლის სკულპტურა ლაივ რეჟიმში ორი დღის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. 

პროექტის განმეორებით ვერსიაზე მუშაობისას  შესაძლებლობა მქონდა, სტუდენტების ჯგუფთან ერთად მემუშავა ახლებური ფორმატით აბსტრაქტული ნარატივების შექმნაზე. საბოლოოდ ინსტალაცია კიდევ ერთხელ წარმოვადგინეთ Weimar Triangle კონფერენციის ფარგლებში, 2021 წლის ზაფხულში. ეს პროექტი LED მწკრივებისა და მოტორიზებული მოძრაობის გამართვაში ჩემი პირველი გამოცდილება იყო – მას შემდეგ, რაც პროექციაზე თითქმის ოცი წლის განმავლობაში ვიყავი ფოკუსირებული.

https://mxav.net/linie-100-years-of-bauhaus 

https://mxav.net/linie-weimar-triangle 

 

რა მეთოდებს იყენებთ სტუდენტებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის კრეატიული კოდების წერისა და მედიახელოვნების სწავლებისას?

ღრმად მწამს, რომ ტექნიკური უნარები კრეატიული მიდგომების განვითარების საფუძველია. ეს მოსაზრება ჩემს არქიტექტურულ ცოდნას ემყარება: როგორც ფიზიკური შეზღუდვების გათვალისწინებაა გადამწყვეტი არქიტექტურული სტრუქტურების აგებისას, ისევეა შეუძლებელი, იმუშაო ინოვაციური მედია-ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით, თუ ტექნოლოგიურ უნარებს არ ფლობ. ვცდილობ, სწავლებისას ორივე მიმართულება გავაერთიანო – როგორც ხელსაწყოების გაცნობა, ისე მათი ექსპერიმენტული გამოყენების მეთოდები. მნიშვნელოვანია, რომ კონცეფციებზე მუშაობისას სტუდენტები დაბრკოლებებს გადააწყდნენ და მათი გადაჭრა ისწავლონ. რეცეპტების გაზიარების ნაცვლად, ჩვენ სტუდენტებს ვუხსნით, თუ რა როგორ მოქმედებს  და პრობლემების გადაჭრის მეთოდებს პროექტებზე მუშაობისას ვასწავლით.

ჩემი სწავლების მეთოდები დიდ გამოცდილებასა და სამუშაო პროცესის გამარტივების პრაქტიკას აერთიანებს, თუმცა მთავარი მაინც უნარია, შეგეძლოს აქამდე უცნობი პრობლემების გადაჭრა. ერთი სიტყვით, ფიქრს უფრო ვასწავლი, ვიდრე  კონკრეტულ ტექნიკას, რადგან ეს უკანასკნელი მუდმივად იცვლება და ისეთი ტემპით ვითარდება, რომ სწავლებისას მათზე დამოკიდებულება არაპრაქტიკულია. ამ კონტექსტში აუცილებელია მსგავს პროექტებზე მომუშავე ადამიანების გამოცდილების მოსმენაც. საბოლოოდ ერთმანეთის დახმარება და ცოდნის თავისუფლად გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი და დადებითი მხარეა იმ კრეატიული კოდების წერის თემში, რომლის წევრიც მე ვარ.

 

რას ურჩევდით მედია-ხელოვანებსა და კრეატიულ ინჟინრებს, რომლებიც ინდუსტრიაში დამკვიდრებას ცდილობენ?

უპირველეს ყოვლისა, მთავარია, სხვა ადამიანების პროექტზე გადამეტებულად არ ფოკუსირდე. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ხელოვანებისგან ინსპირაციისა და ცოდნის მიღება მნიშვნელოვანია, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არსებული პროექტებიდან მაგალითების გადამეტებით აღებამ – განსაკუთრებით, ინსტაგრამის მსგავს პლატფორმებზე, სადაც ყველაფერი იდეალურად გეჩვენება.

 

უბრალოდ, შექმნა დაიწყე და ეცადე, თითოეულ მომდევნო პროექტზე მუშაობა გააუმჯობესო. არ ისწრაფოდე იდეალურობისკენ; ლიმიტირებული რესურსების ფარგლებში შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინე. დოკუმენტაციას რაც შეეხება, ადამიანი აიყვანე, რომელიც ამ საკითხს მიხედავს. ამასთანავე, არ შეგეშინდეს შენი მიღწევების წარმოჩენის. თავდაჯერებული იყავი და საკუთარ თავში გადამეტებულად არ შეიტანო ეჭვი. თუმცა შესაძლებლობებში ხანდახან ეჭვის შეტანა ხშირად კომპეტენტურობაზე მიუთითებს, რადგან ვინც მართლა არაკომპეტენტურია, იშვიათად თუ დაფიქრდება საკუთარ უნარებზე. 

ესაუბრე ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც გხიბლავს და გსურს, მათთან ერთად იმუშაო – ისინიც  დახმარებაზე უარს არ გეტყვიან, თუ ნამდვილად გსურს რაიმე ღირებულის შექმნა. ეცადე, კონკურენციაზე ნაკლებად კონცენტრირდე; პირიქით, პროექტებზე კოლაბორაციულად იმუშავე და სხვებს შენი ცოდნაც გაუზიარე. ჯერჯერობით ეს ყველაფერი დასაწყისია და ერთმანეთისგან თუ ვისწავლით, ყველა შევძლებთ განვითარებას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.