პირველი ქართველი ალპინისტი ქალი – ალექსანდრა ჯაფარიძე
ავტორი: ანი თენიეშვილი
პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში ქალებმა დამოუკიდებელი ექსპედიციით კავკასიონის ორთავიანი მწვერვალი უშბა დაიპყრეს. მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ ჯერ გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ შხარაზე და საბოლოოდ ჩრდილოეთ უშბას მიაღწიეს. სვანეთში მოგზაურობამდე გოგოები არჩილ ბადრიაშვილის სახელობის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები იყვნენ.
ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ჩაიწერება ქართული ალპინიზმის ისტორიაში და რაც მთავარია, უამრავ ქალს მისცემს სტიმულს.
ქართული ალპინიზმი მრავალფეროვანი და დიდი ისტორიით გამოირჩევა, მასში არიან როგორც განთქმული მამაკაცები, ასევე ქალებიც. მამაკაცების ასვლის ამბავი ბევრი ვიცით, ქალებისა კი – ცოტა, ამიტომ გოგოების ამ შესანიშნავი წარმატების შემდეგ, გადავწყვიტე, პირველი ქართველი ალპინისტი ქალის, ალექსანდრა ჯაფარიძის შესახებ მოგითხროთ.
მეფის რუსეთში პირველი ალპური კლუბი თბილისში გაჩნდა, 1977 წელს. ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა, რომ კავკასიელი ხალხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველებიც, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ფლობდნენ ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს. მთაში მცხოვრები ხალხისთვის ეს საარსებო საშუალებასაც კი წარმოადგენდა, მატერიალური მასალების მოსაპოვებლად. ამრიგად, ქართულ ლექსიკონში დიდი ხანია გვხვდება ალპინიზმისთვის მნიშვნელოვანი აქსესუარების დასახელება. სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში“ რამდენიმე მათგანს განმარტავს კიდეც, მაგალითად, სიტყვა წრიაპი – ესე არც რკინა შემზადებული კბილებიანი, ტერფთა ამოსაკრავად, რათა ფრიალოთა მავალსა კაცსა ფეხი არ მოუცურდეს. ან, მაგალითად, კიდევ ერთი სიტყვა: წერაქვი – ცალგნით სათხრელი აქვნდეს კლდეთ დასარღვევად.
ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი ძვ.წ. I საუკუნის ჩანაწერებში კავკასიის რეგიონში მცხოვრები ქართველების წინაპრებს ასე აღწერს: მწვერვალი ზამთრობით გაუვალია, მხოლოდ ზაფხულობით ადიან, ფეხებზე ლურსმნებით დაჭედილი, დამუშავებული ტყავით ამოკრულები, ეს ტყავები სიფართოვით დაფის ოდენაა და ამას იკეთებენ თოვლისა და ყინულის დასაძლევად.
კავკასიონის მთები მუდამ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა მსოფლიო მთამსვლელებისთვის, პირველი ინტერესი ინგლისელებში გაჩნდა, შემდეგ დაემატნენ ფრანგები, გერმანელები და შვეიცარიელები. უცხოელ მთამსვლელებს გამყოლად გამოცდილი ქართველები ახლდნენ, რომლებმაც კარგად იცოდნენ მთის პირობები და იქ მოძრაობის წესები. სხვადასხვა წყაროებით შემონახულია ზოგიერთი მათგანის სახელები: მურათბი კიბოლანი, გახა წიკლაური, იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ლობჟანიძე და სხვა. თავად ალპინიზმის, როგორც სპორტის ისტორია საქართველოში უკვე მეოცე საუკუნის ოციან წლებში იწყება, როცა პროფესორების, ბიძინა ჩუბინიძის, გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის თაოსნობით ექსპედიცია მოეწყო მყინვარწვერზე. გიორგი ნიკოლაძის 18-კაციანმა ჯგუფმა მწვერვალს პირველმა მიაღწია. გამარჯვებულ მთამსვლელებს შორის 5 ქალი იყო.
მომდევნო მნიშვნელოვანი გამარჯვება ეკუთვნით და-ძმა ჯაფარიძეებს. ეს იყო პირველი ალპინისტი ქალის ასვლა უშბაზე – ალიოშამ და ალექსანდრამ მიზანს მიაღწიეს. მათთან ერთად იაგორ კაზალიკაშვილიც და გიორგი ნიგურიანიც ყოფილან. ამ ასვლამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ალპინიზმის ისტორიაში და საფუძველი დაუდო ტექნიკურად რთული მწვერვალების ათვისებას.
ალექსანდრა ჯაფარიძე შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ ქართველ ალპინისტ ქალად, რომელიც ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი პიონერია. მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ ალპინისტურ სკოლას, შემდეგ კი ჩამოყალიბდა მისივე სახელობის ალპური კლუბი, შესრულებული აქვს ასზე მეტი ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. ის თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი იყო, რასაც იოსებ ნონეშვილის მისადმი მიძღვნილი ლექსიც მოწმობს. შემოგთავაზებთ ლექსის სრულ ვერსიას, რადგან იმდენად სრულყოფილი და მთლიანია, რომ ვერც ერთი სტროფი ვერ გამოვარჩიე. ამიტომ იყოს სრულად:
ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდა მინანქარს.
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს…
ქალი ხარ, ალი ხარ, მითხარი, ვინა ხარ?
არ გეყო, ძალით რომ დაიპყარ ეს გული?
ახლა მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული.
უფრთხილდი, ლამაზო, მთა განა გულია?
მანდ ყველგან ქარიშხლის ფრთა განაბულია.
და როგორც ლომები პირს რისხვით აღებენ,
ნისლებში ნაპრალთა ვეება თაღები.
უფრთხილდი, ყაზბეგიც ბერი ნუ გგონია,
ჭაბუკის გული აქვს ჭაღარა გოლიათს.
მაგ თვალთა ცდუნებას ვაჰ, თუ ვერ გაუძლოს,
დაგტოვოს თავისთან, მყინვართა საუფლოს.
… მაგრამ შენ სრულიად არ უფრთხი არაფერს
და როგორც კიბეებს, აბიჯებ ქარაფებს.
პირველი მიუძღვი გამოცდილ მთამსვლელებს…
ხან თოვლი გეყრება, ხან წვიმა გასველებს.
მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია,
წერაქვი მიჭირავს, წრიაპი მაცვია…
და ფრთხილად მოგყვები, შენსავით ვიქცევი…
რამდენჯერ აშკარა მარცხისგან მიხსენი.
ფეხი თუ დამიცდა, ხელს მიწვდი მაშინვე,
რამდენჯერ დაღუპვას შენ გადამარჩინე.
მაგრამ ძირს, ქალაქში, როდესაც ჩავდივართ,
მთამსვლელთა ადათ-წესს ივიწყებ ადვილად.
შემხვდები ქუჩაში, გულცივად მიყურებ,
მანიშნებ: ბარშიაც მხსნელად ნუ მიგულებ.
ვგრძნობ, მე არ ვეკუთვნი მაგ თვალთა არჩევანს
და ვხედავ ჩვენს შორის ნაპრალის გაჩენას.
მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვვარდები,
ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდები.
მე ყველა ნაპრალზე ეს მეტად მაშინებს…
კვლავ ხელი მომეცი, კვლავ გადამარჩინე.
ალექსანდრა ჯაფარიძემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მთას – მთების დალაშქვრასა და ქართული ალპინიზმის განვითარებას, მან ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის, მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი „ანაპურნა“.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ბევრი უცხოელი ცდილობდა უშბაზე ასვლას და ბევრსაც წარმატებით გამოსდიოდა ექსპედიცია, თუმცა 1934 წელს განხორციელებული ასვლა, რომელშიც თავად ჯაფარიძეც მონაწილეობდა, ისტორიულია. ალექსანდრა იხსენებს ფიქრებსა და განცდებს:
„ჩანდა ყველა მწვერვალი, თითქოს ხელს გავიწვდიდი და იალბუზის შეხებას ვიგრძნობდი. ღამე სულ სხვაგვარად ბრწყინავდნენ ბროლის კოშკივით აღმართული ყინულოვანი ქედები. ზევით უშბა იყო და მე უკვე ვიცოდი, რომ ხვალ, ჩვენ, ყველანი მწვერვალზე ავიდოდით. მხოლოდ აქ, ამ უფსკრულებში გებადება ნამდვილი პატივისცემის გრძნობა იმის მიმართ, ვინც პირველმა შებედა უშბას, ვინც ავიდა, ან იფიქრა მასზე ასვლა.“
ნაბადში გახვეულ ალექსანდრას მთელი ღამის გატარება თოკზე დაკიდებულს მოუწია, რომ მეორე დილას უშბის მწვერვალზე ასულიყო, ეს იყო არა მხოლოდ პირველი ქართული ასვლა, არამედ ამით ალექსანდრა გახდა პირველი ქალი, რომელმაც უშბის მწვერვალზე დადგა ფეხი.
შემდეგ კი უკვე თავად მეთაურობდა ექსპედიციებს; მისი ჯგუფის პირველი ექსპედიცია შედგა ბეთლემის გამოქვაბულზე, მყინვარწვერის კალთებზე, ზღვის დონიდან 4100 მ სიმაღლეზე. შეგახსენებთ, ეს ის გამოქვაბულია, რომელიც ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილშია“ აღწერილი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მწერალი ლევან გოთუა თავის დისადმი მიწერილ წერილში წერს:
„ქალმა დაამხო ძველი განდეგილი ბერი და ისევ ქალმავე აღმოაჩინა იგი – ალბათ, თავისი ძლიერების ხელმეორედ დასადასტურებლად.“
მწვერვალის დალაშქვრა ურთულესი ამოცანაა, რომელსაც საჭირო მომზადება სჭირდება, როცა ბუნების სასწაულს უახლოვდები, ხვდები და გრძნობ, თუ როგორი პატარა ხარ სამყაროში, მაგრამ ამ დროს არ გაქვს არავითარი შიშის უფლება, შენ მიდიხარ მწვერვალის დასაპყრობად – ეს უზენაესია, ამისთვის კი, პირველ რიგში, თავდაჯერებაა საჭირო, თუ ეს სასწაული გაგიბრაზდა, თავი უნდა დაუხარო და მეგობრულად გაუღიმო, სთხოვო, რომ გზა გაგიკვალოს ნისლისგან, აგარიდოს ქარი და უბედურება.
90 წლის წინ უშბაზე პირველი ქართველი ქალი ავიდა ექსპედიციით, სხვა მამაკაცებთან ერთად. მას შემდეგ ეს არაერთხელ მომხდარა, თუმცა ახლა, 2024 წელს, ეს ქალებმა დამოუკიდებლად შეძლეს – მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ. ეს გზა სწორედ ალექსანდრა ჯაფარიძის მიერ გაკვალული გზაა.