fbpx

მარცხის სიმწარე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასული კვირა მთელი რიგი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მოვლენებით აღინიშნა ევროპულ ფეხბურთში, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი, 2023 წლის 27 მაისის შემდეგ, „ლევერკუზენის“ პირველი მარცხია გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშებაში.

როდესაც ტაიმის უკანასკნელ წუთზე „ლაიპციგთან“ შეხვედრაში გრიმალდომ ვირცის გადაცემის შემდეგ ჩაბი ალონსოს გუნდი ორი ბურთის უპირატესობით დააწინაურა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ საბოლოოდ მასპინძლები დამარცხდებოდნენ. 

სტუმართა ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობას მათი მწვრთნელის, მარკო როზეს სათადარიგოთა სკამიდან სტადიონის ტრიბუნებზე გაძევებაც ართულებდა, რომელიც თურმე შაბათი საღამოს მთავარი ტაქტიკოსი გმირი უნდა გამხდარიყო.

„ლაიპციგის“ ფეხბურთელებმა, რომელთაც იქამდე თითქოს არაფერი გამოსდიოდათ, ტაიმის დამატებულ მე-7 წუთზე მოულოდნელად ერთი ბურთი გაქვითეს, შესვენების შემდეგ კი კონტრიერიშებზე სიმწვავეს უმატეს, იმდენად გათავხედდნენ, რომ შეტევაზეც გადავიდნენ და მე-80 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც.

მაყურებლები „ნევერლუზერისათვის“ ტრადიციული მატჩის შემოსაბრუნებლად  მოემზადნენ, ამ საქმის დიდოსტატი პატრიკ შიკიც გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ ამჯერად კოკამ წყალი ვეღარ მოიტანა და „ლევერკუზენი“ დამარცხდა.

სამაგიეროდ „ფრაიბურგთან“ შეხვედრა მშვიდად და დამაჯერებლად – ანგარიშით 2:0 მოიგო „ბაიერნმა“ და პირველი ორი ტურის შემდეგ „ლაიპციგთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში ქულათა მაქსიმუმით განთავსდა.

ბუნდესლიგის ჩემპიონის მარცხს ლა ლიგაში „ბილბაო“ გამოეხმაურა, რომელსაც „სან მამესზე“ ბოლოს ერთი წლის წინათ ჰქონდა წაგებული მატჩი. 

მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხი უაღრესად საწყენი აღმოჩნდა მასპინძლებისთვის, რადგან ერთადერთი ბურთი მათ შეტევაში ბურთის დაკარგვის და ელვისებრი კონტრიერიშის შემდეგ მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გაუშვეს.

იქამდე კი მთელი მატჩის განმავლობაში მადრიდელებს ერთხელაც არ დაურტყამთ ბილბაოელთა კარის მიმართულებით.

ლა ლიგის გათამაშებაში ჰანს დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით „ბარსელონა“ აშკარად ჩემპიონობას უმიზნებს. გასულ უიკენდზე ჰანს დიტერ ფლიკის გუნდმა ანგარიშით 7:0 გაანადგურა „ვალიადოლიდი“, ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია ქულათა მაქსიმალური რაოდენობით დაიკავა და უკვე ოთხი ქულით გაუსწრო „რეალს“.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კი მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულა „ვილიარეალთან“ მატჩში მოიპოვა. საქართველოს ნაკრების მეკარემ ტრადიციულად რამდენიმე ეპიზოდში გადაარჩინა თავისი გუნდი, მაგრამ პირველი ტაიმის დამატებულ მე-3 წუთზე მან ვერაფერი გააწყო პერესის ჩახვეული დარტყმის მიმართ.

გიორგი იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ წინა ტურში „ბილბაოსთან“ წაგების მიუხედავად, იგი იმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ცნეს. „ვალენსიას“ სათამაშო დონიდან გამომდინარე კი, მომავალ სეზონში „ლივერპულში“ გადასვლამდე, მას კიდევ მრავალჯერ მოუწევს უნიკალური „სეივების“ განხორციელება.

საფრანგეთის ჩემპიონატში „სტრასბურგთან“ შეხვედრაში პირველი გამარჯვება იზეიმა  გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“. ორბურთიანი სხვაობა მასპინძლებმა მოედანზე ქართველი ფორვარდის არყოფნის ჟამს აღმოფხვრეს და საბოლოოდ ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს.

საკუთარ კედლებში ასევე მძიმე მატჩი ჰქონდა „ნაპოლის“ დებიუტანტ „პარმასთან“, რომელმაც შესვენებამდე ძელების რახარუხი მოუწყო და გოლიც გაუტანა შარშანწინდელ „სკუდეტოს“ მფლობელს.

მასპინძელთა თამაში, როგორც ყოველთვის, ხვიჩა კვარაცხელიაზე იყო აწყობილი, რომელიც შესანიშნავი გადაცემებით ამარაგებდა პარტნიორებს და რამდენიმეჯერ თავადაც ეცადა გოლის გატანას.

დრამატული მოვლენები მატჩის დამატებულ წუთებზე განვითარდა, როდესაც ჯერ ლუკაკუმ „ნაპოლის“ შემადგენლობაში პირველივე მატჩი გოლით აღნიშნა, ხოლო შემდეგ კი ანგისამ შესანიშნავი თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა.

საინტერესოა, რომ ამის შემდეგ, უკვე დამატებულ მე-10 წუთზე, „ნაპოლის“ მეკარე მერეტიმ აშკარა გოლისგან იხსნა მასპინძლები, როდესაც ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზე საოცარი რეაგირება მოახდინა.

მნიშვნელოვანი იყო საბა გოგლიჩიძის წარმატებული დებიუტი „ემპოლის“ შემადგენლობაში. 20 წლის ქართველმა მცველმა უცვლელად ჩაატარა „ბოლონიასთან“ გასვლითი შეხვედრა, რომელიც ფრედ 1: 1 დასრულდა.

 „ნაპოლისგან“ განსხვავებით იოლად მოიგო „სკუდეტოს“ მთავარმა მაძიებელმა „ინტერმა“, რომელმაც ანგარიშით 4:0 თვით ამბიციური „ატალანტა“ გაანადგურა.

მასპინძლები მე-10 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდნენ და იმთავითვე ნათელი იყო, რომ ეს თამაში ლევერკუზენური სცენარით არ განვითარდებოდა. მეორე ტაიმის მეათე წუთისთვის კი სიმონე ინძაგის გუნდმა უკვე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და დარჩენილი დრო ბურთის გორაობას მოანდომა, რაც სამწვრთნელო შტაბის შესანიშნავად გაწეულ სამუშაოზე მეტყველებს.

მიმდინარე სეზონში პირველი ქულები „იუვენტუსმა“ დაკარგა, რომელიც შინ ფრედ 0:0 ეთამაშა „რომას“.

პრემიერლიგაში უდანაკარგოდ ასპარეზობენ „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“, რომელთაც შესანიშნავ სტილში დაამარცხეს გასვლებზე შესაბამისად, „ვესტ ჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

პეპ გვარდიოლას გუნდში მიმდინარე სეზონში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა ერლინგ ჰალანდმა. „მანჩესტერ სიტიმ“ ზღაპრული კომბინაციები აჩვენა, რომელთა წამომწყებიც ხშირად ინგლისის ნაკრების უკვე ყოფილ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტის დაწუნებული ჯეკ გრილიში იყო.

საუთგეიტის მსგავსად, ალბათ გუნდიდან გასაშვებია „მანჩესტერ იუნიტედის“ მწვრთნელი ტენ ჰაგიც, რადგან ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელში გუნდი რომ მიმდინარე სეზონშიც ვერ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ განცდილმა სრულმა ფიასკომ წარმოაჩინა.

ამ მატჩში სალაჰის ორი საგოლე გადაცემით ლუის დიასმა დუბლი შეასრულა, ხოლო თვით სალაჰმა კი მესამე ბურთი სობოსლაის გადაცემით გაიტანა.

ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში „არსენალმა“ შინ „ბრაიტონთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და უფრო ახლოს წაგებასთან იყო, ვიდრე მოგებასთან, რადგან მეორე ტაიმში დეკლან რაისის გაძევების შემდეგ სტუმრებმა „მეთოფეები“ საკუთარ ნახევარზე მიაჯაჭვეს და რამდენიმეჯერ დაწინაურებასთანაც ახლოს იყვნენ. 

განვლილ უიკენდზე განსხვავებული იყო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ასპარეზობა სხვადასხვა ჩემპიონატებში. 

როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამ შეიწირა გურამ კაშიას „სლოვანის“ სავარჯიშო პროცესი, რომელიც ზედიზედ ოთხი მოგებული მატჩის შემდეგ მოულოდნელად შინ „ჟილინასთან“ ანგარიშით 0:5 დამარცხდა. 

ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა „ტიროლთან“ ანგარიშით 4:2 მოგებულ შეხვედრაში, ხოლო ბუდუ ზივზივაძის გოლის მეშვეობით კი „კარლსრუემ“ მორიგი სამი ქულა მოიპოვა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მატჩში „ბრაუნშვაიგის“ წინააღმდეგ. 

ინგლისის ჩემპიონშიპში, „შეფილდ იუნაიტედთან“ შეხვედრაში პირველი მარცხი იწვნია გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“, რომელმაც ერთადერთი ბურთი მატჩის მეორე წუთსვე ავტოგოლით გაუშვა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.