fbpx

სევდასთან ჩახუტებული იოზეფ როთი


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

1894 წლის 2 სექტემბერს დაიბადა ავსტრიელი ჟურნალისტი და პროზაიკოსი იოზეფ როთი. მაშინ ავსტრია-უნგრეთის იმპერია იყო, მისი აღმზრდელი გარემო კი მულტიკულტურული და ეს მრავალფეროვნება რომანებსაც გამოჰყვა. სულ სამხრეთამერიკელ საფეხბურთო ვარსკვლავებს მაგონებდა, ცოტა ხნით რომ გაიელვებენ, მაგრამ რაღაც არნახულს დატოვებენ, მერე დავიწყებას მიეცემიან და რომ ვერ გაიგებ ისე, უმიზეზოდ, დაბრუნდებიან სიდიადის წიაღში. ქართველ მწერლებზეც ბევრჯერ თქმულა, რა ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ დრო იყო ისეთი, ვერ შედგნენ მწერლებადო, თითქოს იოზეფ როთიც მაგ სიბრტყეშია, დრომ რომ გადაუარა და შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება არ მისცა, მაგრამ სამწერლო ტექნიკას ვერაფერი დააკლო და მაინც დატოვა ლიტერატურულ ოლიმპოზე.

პროზაიკოსობამდე მიმავალი ხიდი ჟურნალისტობამ აუშენა, ომიდან დაბრუნებული „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს მემარცხენე გაზეთში, სოციალურ-პოლიტიკურ ამბებს მიმოიხილავდა და აქ დაგროვებული ცოდნა რომანებში წაიღო. გადასახლებებსაც ვერ გაექცა და ვაიმარის რესპუბლიკის კრიტიკამ ხან პარიზში ამოაყოფინა თავი, ხან ვენაში. 

სახლში ღმერთის რწმენას უნერგავდნენ, ეს პათოსიც არ უარყო და 1930 წელს  რომანი „იობი“ დაწერა, ბიბლიური ალუზიების ოსტატი იყო, მარტო ფორმას ცვლიდა ისტორიებისას, არსს ტოვებდა და მარადიულ შეკითხვებზე პასუხებს ბიბლიით ადგენდა. რამაც მის ცხოვრებას „მსახვრალი ხელი“ დაატყო, ყველაფერი ფურცლებზე გადაიტანა. ებრაელების თემა და მის მიღმა აღმოცენებული იდენტობის კრიზისი, რელიგია და პოლიტიკა…

ჩვენებურად თუ ვიტყვით, ლოთი იყო, მაგრამ ამ ლოთობას დაუღალავად ებრძოდა. ჯანმრთელობა შეერყა, ნაწერიც ისეთი მწყობრი ვეღარ იყო, მაგრამ ბოლოს თითქოს მთელი ძალა მოიკრიბაო და 1932 წელს „რადეცკის მარში“ დაწერა. ტროტების საგვარეულოს თაობებზე გვიამბო, უბრალოდ პოლიტიკურ ასპექტებს ხელი არც აქ ჰკრა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაცემის ამბავი რომანს რეფრენად გაადევნა. ამ რომანზე მარიო ვარგას ლიოსამ გვითხრა, უკეთესი პოლიტიკური ნაწარმოები არ არსებობსო, ალბათ, ეგრეა, ისევ თავად ლიოსა თუ გაეჯიბრება, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, ევროპული, მწყობრი და გაწონასწორებული წიგნი, ლიოსასი კი ტექნიკური, ფეხბურთს რომ ვახსენებდით, რონალდინიოს ფინტის მაგვარი, მაგიური და თან რეალიზმის საბურველში ჩანთქმული. 

სულ მგონია, რომ ოჯახის შექმნით ბედს გაეჯიბრა, სიყვარულში მაინც გამიმართლებსო, და აქაც დამარცხდა. ფრიდირეკე რაიხლერზე დაქორწინდა, ცოლს შიზოფრენია დაუდგინეს, მწერალი ამ ამბავმა შეჭამა, მისი იმდროინდელი შემოქმედება, წერილები შტეფან ცვაიგთან თუ სხვა წყაროები ამ ტკივილებს ტყვიამფრქვევივით ისვრის… ალკოჰოლთან ეს ტკივილები უფრო ამეგობრებდა. მერე ჰიტლერი გახდა კანცლერი, რის გამოც მწერალი პარიზში წავიდა და სმა გააასმაგა. 

 

ომში ნამყოფ მწერლებზე ბევრი მსმენია, თითქოს ისინი რაღაცით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, რემარკსა და ჰემინგუეის შორის ბევრი მსგავსება დამიჭერია, მაგრამ როთი აქაც სხვანაირი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრია-უნგრეთის არმიაში მსახურობდა. ცხადია, ეს ამბავი შემოქმედებაზე დიდ გავლენას იქონიებდა, მაგრამ რაღაც სხვა დაუტოვა ომმა, თითქოს სიკვდილის წინ უკვირდა, ომს რომ დაეხსნა და პარიზში დაასრულა სიცოცხლე. ასაკი არასოდეს უგრძნია, 45 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ თითქოს სულ მოხუცი იყო, მეორე მსოფლიო ომს ვერ მოესწრო, არადა ამის ლოდინი ძალიან ამძიმებდა,  სულ ამაზე წერდა, სულ ამაზე ლაპარაკობდა. „წითელი იოზეფი“ მასში არასოდეს მომკვდარა, – ჟურნალისტად უფრო წარმატებული ყოფილა სიცოცხლეში, ამბობენ, ყველაზე მაღალშემოსავლიანი კაცი იყო ამ სფეროშიო. მწერლობა? – მისი მწერლობა ყვიროდა, ოღონდ სადღაც შორს და შეუმჩნევლად, სიცოცხლის მერე იმძლავრა ამ ხმამ, გამაყრუებელი გახდა. 

უთქმელი კაცი არ იყო, ცოტა იცხოვრა, რომ რამე არ მოეყოლა. შეემთხვეოდა რაღაცა და ფურცელთან გარბოდა, რომ დაეწერა. მძიმე ცხოვრების ხვედრიც ეგეთია, არ ამოასუნთქა დრომ, სათავისოდ ცუდ დროს დაიბადა, საჩვენოდ – ალბათ, უკეთესს ვერც ვინატრებდით. ის ამბები რომ არ ყოფილიყო, მაგ აზრებამდე რა მიიყვანდა, ერთი პერიოდი იყო, მსოფლიომ თითქოს ჩაძირა და დაივიწყაო, მაგრამ მერე, გეგონება, სქროლვისას წააწყდა ვიღაცას მისი ფოტოო, გაახსენდა და დაიწყო: „ეს კაცი ამ წიგნების ავტორია“… ჰოდა, თითქოს ეგრე გაცოცხლდა და იქამდე მივიდა, რომ ლიტერატურულ რუკაზე სამუდამოდ გაჩნდა, ეგ კაცი აღარც გაქრება, ზუსტად იცოდა, რაზე უნდა ეწერა და იმიტომ…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.