fbpx

წინანდლის მუსიკის ფესტივალი 2024 – შოკოლადის ბგერა და ლიზას მოცარტი…


გააზიარე სტატია

თავად ჭავჭავაძეების ბაღის ქარვისფერი სურათები წინანდლის მუსიკის ფესტივალის ალბომიდან

შოკოლადის ბგერა და ლიზას მოცარტი… 

 

ავტორი: მზეხა  მახარაძე

 

31 აგვისტოს გაიხსნა წინანდლის მუსიკის ფესტივალი 2024.

9 არაჩვეულებრივი დღე წინანდლის მამულის ისტორიულ ბაღში, 17 კლასიკური მუსიკის ქარვისფერი და მსუყე კონცერტი და მსოფლიოდან კლასიკური მუსიკის დიდი ვარსკვლავები:  ჯანანდრეა ნოზედა, სერ ანდრაშ შიფი, ერიკა გრიმალდი, ბრუს ლიუ, მიხაილ პლეტნევი, ჯოშუა ბელი, ბარბარა ფრიტოლი, ჯერემი დენკი, სტივენ ისერლისი, მარტინ ფროსტი, ბორის გილტბურგი, კრისტოფ ბარატი, ჟულიენ კანტანი, ლიზა ბათიაშვილი, ალექსანდრე კანტოროვი… მოლოდინი დიდია და განსაკუთრებული!..  

გარდა ვარსკვლავთცვენისა, ფესტივალის სოლიდური პროგრამული შინაარსი ყოველთვის გამორჩეულია თავისი დრამატურგიით, აქცენტებით და ფინალური ხაზით როგორც სიმფონიური, ასევე კამერული და სოლო საშემსრულებლო მუსიკის მიმართულებით. დიდი მუსიკოსების მოწვევა წინანდლის ლეგენდაში და თანაც განსაკუთრებული საფესტივალო პროგრამის შექმნა ორი შემოქმედებითი დირექტორის, მარტინ ენგსტროემის და ავი შოშანის დამსახურებაა.  

ასე რომ, კახეთის გულში, თბილისიდან 79 კმ-ში მდებარე ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში ახლა წინანდლის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს –  დიდი მუსიკალური ფორუმის მეექვსე საკონცერტო სეზონი, მუსიკის ხავერდოვანი დღეები მთელი თავისი სრულყოფილებით, ევოლუციური ხიბლით და ინდივიდუალური ბედით, როცა გამოკვეთილად განსაკუთრებულია ამ ფესტივალის მასშტაბის ხარისხი და მსოფლიო მნიშვნელობა, უნიკალური მუსიკალური კონცეფცია, როგორც მსოფლიო დონის მუსიკალური ფორუმის საერთაშორისო რეპუტაცია. 

პირველი საფესტივალო დღე ღია ცის ქვეშ, ამფითეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის მონუმენტური შედევრით  – „რეკვიემით“ გაიხსნა, – პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდს ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაესტრო, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ციურიხის საოპერო თეატრის გენერალური მუსიკალური დირექტორი და ლონდონის სიმფონიური ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი. სამგლოვიარო მესას შესასრულებლად ამ საღამოს სოლისტების კვარტეტის შემადგენლობაში იყვნენ: სოპრანო ერიკა გრიმალდი, მეცო სოპრანო აგნეშკა რელისი, ტენორი ჩარლზ კასტრონოვო, ბარიტონი მარკო მიმიკა.  საერთაშორისო პრესას თუ გადავხედავთ, ამერიკულმა New York Times-მა სწორედ ერიკა გრიმალდის მიერ ვერდის „რეკვიემის“ ინტერპრეტაციას ძლიერი და შთამბეჭდავი უწოდა…  

3 სექტემბერს მალერისა და ვენიავსკის დღეა 

ვერდის მსხვილი მუსიკალური ოპუსის შემდეგ, ჯანანდრეა ნოზედას ხელმძღვანელობით საფესტივალო საკონცერტო პროგრამით გათვალისწინებულია გუსტავ მალერის #4 სიმფონია (G Dur), რომელიც დიდმა მოაზროვნე კომპოზიტორმა 1899-1900 წლებში დაწერა და მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხშირად შესრულებულ ინსტრუმენტულ ნაწარმოებად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმფონიურ ოპუსს გამოარჩევს ელეგანტური ჟღერადობის ორკესტრაცია და პასტორალური, ლირიკული ხასიათი, რაც მკვეთრად უპირისპირდება მალერის სხვა სიმფონიების მასშტაბურობას, ეპიკურობას და ემოციური დრამატიზმის ინტენსივობას. 

მალერის ოპუსს 4 ნაწილად პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი შეასრულებს, რომელმაც თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, გააერთიანა 80-მდე გამორჩეულად  ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი კავკასიის რეგიონისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 6 ქვეყნიდან – საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან,  ყაზახეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან… ეს არის  მთავარი მულტიკულტურული ორკესტრი, ფესტივალის ფილტვებს რომ წარმოადგენს და მთლიანი მუსიკალური პროექტი მათ სუნთქვაზე „დგას“. კონცერტებზე თუ კონცერტების მიღმა წინანდალში მათ აქვთ საშუალება საუკეთესო შემსრულებლებისგან მიიღონ ინსპირაცია, საუკეთესო მუსიკოსებისგან კი მასტერკლასები, ანუ აქ, ორკესტრის ახალგაზრდა მუსიკოსებს უნიკალური საშუალება აქვთ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ, მეტიც, შეძლონ მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში ინტეგრაცია. სწორედ ეს არის  არა მხოლოდ წინანდლის ფესტივალის, არამედ წინანდლის აკადემიის მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელსაც აქვს როგორც მუსიკალური, ასევე საგანმანათლებლო და სამშვიდობო მისია. ამიტომ პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრში მოხვედრა ევროინტეგრაციის გზაზე უკვე წარმატებასთან არის ასოცირებული. 

მალერის ძლიერ ემოციურ ტალღამდე ამფითეატრის სცენაზე ჰენრიკ ვენიავსკის  ექსპრესიული #2 სავიოლინო კონცერტის (D Moll, Op. 22) შესასრულებლად იქნება მოწვეული GRAMMY-ის ჯილდოს მფლობელი ჯოშუა ბელი, რომელიც 2001 წლიდან 1713 წლის „Gibson, Huberman-ზე“ – სტრადივარიუსის უნიკალურ საკონცერტო ვიოლინოზე უკრავს. „მას აქვს შოკოლადის ბგერა, – გასაოცრად ტკბილი, ძლიერი და მდიდარი ჟღერადობის სრულყოფილი კომბინაცია.“ – ამბობს ამერიკელი სუპერვარსკვლავი, ვირტუოზი შემსრულებელი ერთ-ერთ საუკეთესო საგანძურ ინსტრუმენტზე, 300 წლის წინანდელ არტეფაქტზე, რომელსაც თავისი ცალკე ისტორია მოჰყვება მემკვიდრეობად. ბელი თითქმის ორმოცწლიანი კარიერით თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტია.  როგორც Sony Classical-ის ექსკლუზიურმა არტისტმა 40-ზე მეტი ალბომი ჩაწერა, მოიპოვა GRAMMY-ის, Mercury-ის, Gramophone-ისა და OPUS KLASSIK-ის ჯილდოები. 2019 წელს Amazon-ისთვის გაკეთებული შოპენის ნოქტიურნის არანჟირება იქცა Amazon Music-ზე ამ ტიპის პირველ კლასიკურ გამოცემად. 2016 წელს გამოშვებული ალბომი – „ბრამსის სიყვარულით“ შეიცავს ჩანაწერებს, რომლებიც St Martin in the Fields-ის აკადემიასთან, სტივენ ისერლისსა და ჯერემი დენკთან თანამშრომლობით შეიქმნა. იმავე ორკესტრთან ერთად 2013 წელს ჩაწერილმა ბეთჰოვენის მეოთხე და მეშვიდე სიმფონიებმა, რომლებიც ბელმა იდირიჟორა, ალბომად გამოცემისთანავე Billboard-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. 

8 სექტემბერს წინანდლის ედემში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცერტია ჩანიშნული პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით.

ინტელექტუალური მუსიკოსის, სერ ანდრაშ შიფის დირიჟორობით, კლასიკური მუსიკის ამ საღამოს მთავარი სოლისტია ლიზა ბათიაშვილი –  პლანეტის საუკეთესო მევიოლინე, სიბელიუსის კონკურსის, ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი – ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ს პროგრამა “New Generation Artists-ის” გამარჯვებული და 2015 წლის ჟურნალ Musical America-ს „წლის ინსტრუმენტალისტად“ დასახელებული მუსიკოსი, რომელიც არის Berliner Philharmoniker-ის 2023/2024 წლების საკონცერტო სეზონის, Artist-in Residence-ის რჩეული სოლისტი, რაც 1882 წელს დაარსებული, ასეთი დიდი, გამოკვეთილი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ორკესტრთან წარმატებული თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა. 

“ქართველებმა უნდა იამაყოთ, ვინაიდან დღესდღეობით მსოფლიოს პირველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილია.” – თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო დირიჟორი Daniel Barenboim. 

“საქართველოში ისეთი ენერგია მოდის ხალხისგან, ისეთი განსაკუთრებული შეგრძნებები მაქვს, რომ… აქ ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და სიყვარულის გრძნობა დაკვრის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე ბუნებრივი ინსპირაცია, რაც ადამიანს საერთოდ გავსებს და სწორედ ეს არის ხელოვნება.” – სამშობლოში ასეთი განწყობა აქვს ხოლმე სახელოვან ქართველ მევიოლინეს, რომელიც ამჯერად ვენის კლასიკიდან ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის #5 სავიოლინო კონცერტს (A Dur, K.219) შეასრულებს. მოცარტის ეს ბოლო, მეხუთე სავიოლინო კონცერტი, რომელშიც ავსტრიელი კომპოზიტორი რამდენიმე ორიგინალურ იდეას ახორციელებს, ცნობილია როგორც „თურქული“ კონცერტი – მოცარტის არაჩვეულებრივი ნიჭისა და ინოვაციური გააზრების გამოვლინება. ლიზას მოცარტი! – და ამით ყველაფერია ნათქვამი, როგორც სამგანზომილებიანი ფერწერა. როდესაც ლიზა ინტელიგენტურ დიალოგს მართავს ინსტრუმენტთან ორკესტრის საერთო ღელვაში, ისმის ღრმა და ინტელექტუალური აკორდების საერთო ჰარმონია, ვირტუოზული პასაჟები და გრძნობ, რომ ის ამ დროს მუსიკის სულს ეხება – ყველა ნოტი სხვანაირად ჟღერს და ნებისმიერი მუსიკა საოცრად ცოცხალი, ნათელი და მომნუსხველი ხდება ყველა მხრიდან.

სერ ანდრაშ შიფი არა მარტო ბრწყინვალე დირიჟორი, არამედ ბრწყინვალე პიანისტია. საფორტეპიანო ლიტერატურიდან მას შესრულებული აქვს ბეთჰოვენის სონატების სრული ციკლი და ასევე ბახის, ჰაიდნის, შუბერტისა და ბარტოკის ყველა ნაწარმოები. შიფი, რომელსაც ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს მსოფლიოს დიდ და წამყვან ორკესტრებთან, ახლა ძირითად ყურადღებას უთმობს სოლო კონცერტებს და ექსკლუზიურ სადირიჟორო პროექტებს. 1997 წელს პიანისტმა კონტრაქტი დადო პროდიუსერ მანფრედ აიჰერსა და ლეიბლ ECM New Series-თან. ამიტომ მისი ვრცელი და მდიდარი დისკოგრაფიიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ცოცხლად შესრულებული ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატების სრული ციკლი, რომელიც ჩაწერილია ციურიხში; აგრეთვე შუბერტის, შუმანისა და იანაჩეკის ნაწარმოებებისგან შემდგარი სოლო კონცერტები; ბახის პარტიტების გარდა „გოლდბერგის ვარიაციები“ და „კარგად ტემპერირებული კლავირი“. 2023 წლის დასაწყისში გამოვიდა ორი CD-ს კომპლექტი, რომლებზეც ჩაწერილია კლავიკორდზე შესრულებული ბახის თხზულებები. და აი, საფორტეპიანო კონცერტების სერიიდან წინანდალში 5 სექტემბერს მოცარტეუმის საერთაშორისო ფონდის ოქროს მედლის მფლობელი პიანისტის სოლო პროგრამა იოჰან სებასტიან ბახის, იოზეფ ჰაიდნის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებით იქნება აწყობილი. 

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტების სერიიდან მრავალფეროვანი, ვირტუოზული და განსხვავებული სოლო პროგრამებით წარდგებიან მსოფლიოში აღიარებული დიდი პიანისტები: მიხაილ პლეტნევი, ბრუს ლიუ, ბორის გილტბურგი, ალექსანდრე კანტოროვი… ბრუს ლიუს, რომელიც 2021 წლის შოპენის სახელობის მე-18 საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატია, „განსაცვიფრებელი სილამაზის დაკვრამ“ (BBC Music Magazine) დაუმკვიდრა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტის რეპუტაცია და „კლასიკური მუსიკის სამყაროს როკ-ვარსკვლავის სტატუსი“ (The Globe and Mail). მიხაილ პლეტნევის კარიერაში საერთაშორისო ტრიუმფი 21 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც 1978 წლის ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ოქროს მედალი და პირველი პრემია მიიღო; მისი სოლიდური დისკოგრაფიიდან 2005 წელს ალბომმა, რომელიც მარტა არგერიხთან ერთად ჩაწერა პროკოფიევის „კონკიას“ პლეტნევისეული არანჟირებით, Grammy-ს ჯილდო მოიპოვა. Grammy-ზე ის ასევე ნომინირებული იყო შუმანის სიმფონიური ეტიუდების დისკისა (2004) და რახმანინოვისა და პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტების ჩანაწერისთვის (2003). სკარლატის საკლავირო სონატების მისმა ალბომმა (Virgin / EMI) 1996 წელს მიიღო Gramophone Award. 2007 წელს კი პლეტნევმა Deutsche Grammophon-ისთვის ჩაწერა ბეთჰოვენის ყველა სიმფონია და საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც New Yorker-მა „2007 წლის საუკეთესო ჩანაწერად“ დაასახელა. ისრაელელი ინტელექტუალური შემსრულებლის, ბორის გილტბურგის პიანისტურ სრულყოფილებაზე  კრიტიკოსები აღნიშნავენ მის „მღერად ხაზს, შეხების მრავალფეროვნებასა და მდიდარ დინამიკურ პალიტრას, რასაც ერთვის სცენაზე დიდი ენერგეტიკული ველის შექმნის უნარი.“  – Washington Post. ალექსანდრე კანტოროვი, რომელიც რეგულარულად გამოდის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებზე, რომელთა შორისაა რავინიას ფესტივალი, ვერბიეს ფესტივალი და BBC Proms, გახლავთ 2024 წლის Gilmore Artist Award-ის მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა პიანისტი. 22 წლის ასაკში სწორედ ის გახდა პირველი ფრანგი პიანისტი, რომელმაც ჩაიკოვსკის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა და ასევე მიიღო გრანპრი, რომელიც მანამდე კონკურსის ისტორიაში მხოლოდ სამჯერ გაიცა. 

საფორტეპიანო მუსიკის გარდა, წინანდლის ფესტივალზე მუსიკალური შეხვედრების დღეები დაეთმობა კამერულ მუსიკას, რომელიც გამდიდრებული იქნება კამერული ანსამბლის პროგრამული რეპერტუარიდან  საინტერესო ინსტრუმენტული თხზულებებით, შთამბეჭდავი არტისტების ანსამბლური მუზიცირებით, შესრულების უნივერსალიზმით და მუსიკისადმი ერთგულებით. 

ასე რომ, წელსაც, 31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე წინანდლის ფესტივალს ტრადიციულად ისევ წარადგენს სილქნეტი, როგორც დიდ მუსიკალურ ფორუმს, რომელიც გამოკვეთილად მნიშვნელოვანია თავისი მაღალი მუსიკალური კულტურით, საგანმანათლებლო კონცეფციით და იმით, თუ რამხელა რეკლამაა ეს ფესტივალი მსოფლიოში კავკასიის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნისთვის. 

წინანდლის ფესტივალის პროგრამას სრულად გაეცნობით აქ: https://tsinandalifestival.ge/what-is-on/ 

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/show/19237/tsinandlis-festivali-2024 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.