fbpx

ვენის სადაზღვევო ჯგუფის 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად ორგანიზაციის მთავარ ოფისზე ცნობილი ავსტრიელი ხელოვანის ნამუშევარი განთავსდა


გააზიარე სტატია

ვენის სადაზღვევო ჯგუფი 200 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ საიუბილეო თარიღს ორგანიზაცია  თავისი ტრადიციული სახელოვნებო პროექტის ფარგლებში საგანგებოდ გამოეხმაურა. 2006 წლიდან, ყოველ ზაფხულსა და შემოდგომაზე ვენაში, რინგშტრასეზე მდებარე ცნობილი ოფისის ნაგებობაზე სხვადასხვა არტისტის მასშტაბური ნამუშევარი ჩნდება. წელს, ვენის სადაზღვევო ჯგუფის დაარსებიდან 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად  ნაგებობაზე ცნობილი თანამედროვე ავსტრიელი არტისტის,  იოანა კანდლის ნამუშევარი განთავსდა. 

არტისტის ნამუშევარი და ხედვა ზუსტად ეხმიანება იმ ღირებულებებს და გზავნილებს, რაც ვენის სადაზღვევო ჯგუფს სურს, რომ თითოეულ მნახველს გადასცეს. ეს არის წარმატების, სოლიდარობის, მხარდაჭერის და კორპორაციული კულტურის ისტორია, რომელიც უკვე 200 წელს ითვლის. რინგშტრასეს თვალსაჩინო ნაგებობაზე სახელოვნებო ნამუშევრების განთავსების მიზანი სწორედ ამ ღირებულებების საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ფორმით წარდგენაა. წელს კი საიუბილეო თარიღმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო სიმბოლური დატვირთვის მქონე  აქტივობად აქცია.

რინგშტრასეზე განთავსდა არტისტის ვიზუალური  ნამუშევარი, სახელწოდებით With the Best Ingredients. ეს ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნებისათვის თანმდევი ალეგორიულობით ხასიათდება. ის სპეციალურად კომპანიის იუბილეს აღსანიშნავად შესრულდა. მასზე გამოსახულია ფერადი  კონტეინერების კოლექცია. ის მთლიანად იკავებს ნაგებობის ფასადს. შესანახ ქილებსა და სათავსოებზე მრავალფეროვანი ტიპოგრაფიული შრიფტით სხვადასხვა სიტყვა წერია. ეს სიტყვები არ არის მატერიალური მნიშვნელობის და ღრმა ემოციური შინაარსი აქვს. ისინი ვენის სადაზღვევო ჯგუფის ძირითად პრინციპებს ეხმიანება და ადამიანებისათვის იმედისმიმცემ, მანუგეშებელ და მხარდამჭერის გამომხატველ შინაარს ატარებს. სიტყვები სხვადასხვა ენაზეა შესრულებული და მათ შორის  ქართულად. “ერთად” – ვხედავთ ქართულ წარწერას ნაგებობაზე. 

ქართული წარწერა ამ ნამუშევარში შემთხვევითობა არ არის. არჩეული დამწერლობები სიმბოლურად მიანიშნებს ქვეყნებზე, სადაც ვენის სადაზღვევო ჯგუფი არის წარმოდგენილი. ვენის სადაზღვევო ჯგუფი ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქართულ სადაზღვევო სექტორში. საქართველოში მას წარმოადგენენ – “ირაო” და “ჯი პი აი ჰოლდინგი”.

 


როგორც ხელოვანი ნამუშევარზე საუბრისას ამბობს, ინსპირაცია დაკავშირებულია 1982 წლის სიმღერასთან  “Keine Angst” (1982), რომელიც ითარგმნება, როგორც “ნუ გეშინია”. სიმღერის ავტორი  ავსტრიული პოპ ლეგენდა ჰანსი ლანგია. “მისმა მუსიკამ ჩვენი თაობის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა,” – ამბობს იოანა.  

 “იოანა კანდლის მიერ შექმნილი ნამუშევარი შთამბეჭდავად ასახავს იმას, რომ ჩვენი ჯგუფის წარმატების ისტორია დაფუძნებულია უფრო მეტზე, ვიდრე მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებია. კერძოდ, იმ მყარ ღირებულებებზე, რომლებიც 200 წლის განმავლობაში ქმნის საფუძველს,” – ამბობს რობერტ ლასჰოფერი, ვენის სადაზღვევო ჯგუფის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და ძირითადი აქციონერი.

იოანა კანდლი მულტიმედიური არტისტია, რომელიც ორიგინალური მეთოდით მუშაობს და სწორედ ამის გამოა ის განსაკუთრებული. მისი ნამუშევრები კვლევასა და დოკუმენტირებაზეა დაფუძნებული. თავის ნამუშევრებში კანდლი ცდილობს, გლობალური პრობლემები ასახოს – ისეთ კომპლექსურ თემებს შეეხოს, როგორიც გლობალური ეკონომიკა და სოციუმის მახასიათებლებია. თავის ქმართან, ჰელმუტ კანდლთა ერთად არტისტი მრავალფეროვან სახელოვნებო პროექტებს წარადგენს. ისინი ხშირად დოკუმენტური ვიდეოების სახით არის გადმოცემული.

ამ სახელოვნებო პროექტებისათვის მათ სხვადასხვა დროს იმოგზაურეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა:  საქართველო,  აზერბაიჯანი, უკრაინა, იაკუტია, პოლონეთი, რუმინეთი, ლიტვა, ყოფილი იუგოსლავია, ჩეხეთი, ირანი და სუდანი. 1995 წელს იოანა კანდლი ვენის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა, ხოლო 2000 წელს თანამედროვე ხელოვნების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი დაჯილდოების პრიზი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ვენის სადაზღვევო ჯგუფისათვის კულტურის მხარდაჭერა სოციალური პასუხისმგებლობის უცვლელი კომპონენტია. ორგანიზაციამ არაერთხელ აჩვენა, რომ ხელოვნებით უამრავი გზავნილის გავრცელება შეიძლება ეფექტიანად. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.