fbpx

ომი ობიექტივში: ფოტოგრაფების გადამწყვეტი პერსპექტივები


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი

 

ომის ფოტოგრაფია საკმაოდ სპეციფიკური და რთულია, რადგან კონფლიქტისა და საბრძოლო ვითარების ასახვა გარკვეულ რისკებს უკავშირდება,  გარდა ამისა, ადამიანზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს – შენ ხედავ ტანჯვასა და ქაოსს. ფოტოგრაფიას აქვს მნიშვნელოვანი ძალა, ის არა მხოლოდ კრიტიკულ მომენტებს ასახავს, არამედ გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალური მოვლენების  აღქმისა და გაგების ჩამოყალიბებაში. ამ ყველაფერს თან ახლავს უამრავი რისკი და ეთიკური გამოწვევა, ეს ჰგავს კლდეზე გადებულ ვიწრო ძაფზე სიარულს, სადაც ორი მხარეა – სიმართლის გამოვლენა/ასახვა და ადამიანის ტანჯვის პოტენციური ექსპლუატაცია. ამ ყველაფრის  მიღმა კი დგას უდიდესი პროფესიული ექსტრემი.

ჩემი პირადი გამოცდილება ზღვაში წვეთია ომის ფოტოგრაფებთან შედარებით, მაგრამ მოყოლად ღირს: მარტი  იდგა, ის ტრადიციულად ცივი და სუსხიანი იყო. მახსოვს, გვიან მეგობრებთან ერთად ძველ ბათუმში, ჩვენს საყვარელ თურქულ რესტორანში წვნიანს მივირთმევდით, იჩლი კოფტესა და ქაბაბის დახლს ზევით დაკიდებული ტელევიზორის გარშემო მთელ რესტორანს მოეყარა თავი – პირდაპირი ჩართვა ბათუმის ამბავს გადმოსცემდა – ჩვენგან არცთუ ისე შორს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც პოლიციელებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მძვინვარებდა. დაპირისპირება რბილი ნათქვამია, ეს ნამდვილი ომი იყო, ეკრანზე ჩანდა, როგორ ეკიდა ცეცხლი პოლიციის მანქანას, გადმოტრიალებული იყო სხვა მანქანები, ზედ მომიტინგეები იდგნენ და ველური ცხოველებივით უტევდნენ მეორე მხარეს – ძალოვნებს, სადაც რიგით პოლიციელებს კანონის აღსრულებაში სპეცრაზმი ეხმარებოდა. აქეთ იყო ცეცხლი, იქეთ – გაზი და დისციპლინა, ფერებიც უცნაურად იყო გადანაწილებული – წითელი და ნაცრისფერი. არც დავფიქრებულვარ, დავემშვიდობე მეგობრებს და ფოტოაპარატის ასაღებად სახლისკენ გავემართე, დაახლოებით 20 წუთში ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი, სრულიად მოუმზადებლად, გამოუცდელი ფოტოგრაფი, აპარატით ხელში, ენთუზიაზმით სავსე, რამაც The Bang Bang Club გააღვიძა ჩემში და ამ კლუბის მე-5 წევრი მეგონა თავი – სამხრეთ აფრიკის მაგივრად კი დასავლეთ საქართველოს ერთი შეხედვით მშვიდ ქალაქში ვიბრძოდი, რომ დამეფიქსირებინა ის სიგიჟე, რაც ტრიალებდა. ყველა დეტალი მახსოვს, ჩემი მოტივი, რომ ეს აღმებეჭდა,  მაშინ დამწყები ფოტოგრაფი ვიყავი, გამბედაობით სავსე, თან ეს პირველი შემთხვევა იყო, მსგავსი არეულობა არასდროს მინახავს არც იქამდე და არც მას შემდეგ.

იქ იყვნენ სხვა ადგილობრივი ფოტოგრაფები, პრესის ჟილეტებით და პირბადეებით, მე კი ჯინსის ქურთუკითა და კედებით – მოუმზადებლად. მახსოვს, გაზი გაუშვეს და ყველა გარბოდა, მე კი შიგნით დავრჩი და ამ პროცესს ვიღებდი, სწორედ მანდ ვიგრძენი გაზის ბურთულების სიმწარე. უამრავი ახალგაზრდა ანარქიული ძალისხმევით უტევდა პოლიციას, ისინი არყევდნენ მოაჯირებს, მიწასთან ასწორებდნენ შუქნიშნებს, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, უეცრად, თითქოს მთელმა ქალაქმა პირი შეკრა და დაიწყო არეულობა, თავი ცხად სიზმარში მეგონა, თანდათან ნაცნობებიც ვნახე, ბენდენებით შენიღბული  რამდენიმე ჩემი სკოლელი. 

გამთენიისას სახლისკენ წავედი. მახსოვს, სახლში მივედი, ფოტოები სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, როცა გავიღვიძე, კადრები მიმოფანტული იყო დასავლურ მედიაში, უამრავი გამოტოვებული ზარი და ნებართვის გარეშე გავრცელებული ფოტოები, მაგრამ ვინ ფიქრობდა საავტორო უფლებებზე, ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხს ის რეალობა გავუზიარე, რაც იქ ხდებოდა. ამ ფაქტებიდან რამდენიმე დღეში გავიგე, თუ რატომ ჰქონდათ აგრესია პოლიციის მიმართ, ეს ყველაფერი პოლიციური რეიდების მიერ ყოფილა გამოწვეული. ეს იყო სპონტანური გამბედაობა, რომელიც მალევე დასრულდა.

ჩემი გამოცდილება, როგორც აღვნიშნე, ზღვაში წვეთია სხვა ფოტოგრაფებთან შედარებით, მაგრამ მოტივი, ენთუზიაზმი და სტრუქტურა ერთია – მიუხედავად საფრთხისა, მიდიხარ რისკზე, რომ დააფიქსირო კადრი, რამაც შეიძლება გარემო შეცვალოს. ის სისასტიკე, რაც ომში ხდება და რაც ფოტოგრაფებს უწევთ გაიარონ, ენით აღუწერელია. ომი ეს ის რეალობაა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მხოლოდ ტელევიზორის ეკრანიდან ან ელექტრონულ ფურცლებზე ვხედავთ, სურათები, რომელშიც აღბეჭდილია განადგურებული, სასოწარკვეთილი ადამიანები და გარემო, ისინი ჩვენამდე სწორედ ომის ფოტოგრაფებს მოაქვთ. 

პერსონები, რომლებიც კონფლიქტის გულში არიან, შეიარაღებულნი თავიანთი კამერებითა და მოვალეობის გრძნობით. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო დოკუმენტირება, ესაა თხრობა, მომენტების დაჭერა, რომელთა გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია – მოვლენები, რომლებიც გვაჩვენებს  ომის უსამართლობას. მათი ლინზები იღებენ დატანჯულ ადამიანებს, დანგრეულ და დამწვარ პეიზაჟებს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რათა მსოფლიოს აჩვენოს ის რეალობები, რომლებიც ხშირად გაწმენდილი ან ბუნდოვანი პოლიტიკური რიტორიკის მიღმა დგას და გარკვეული სახის მედიის ფილტრებს წარმოადგენს.

ომის ფოტოგრაფიის პიონერი ქართველი, თანაც ქალი გახლავთ – ნინო ჯორჯაძე, განუმეორებელი ფოტოგრაფი, კადრის დაჭერის საოცარი უნარით. ჯორჯაძე პირველ მსოფლიო ომში  ფრონტის წინა ხაზს თავისი ძმის, გიორგი ჯორჯაძის „კოდაკის“ კამერით იღებდა. სხვა ფოტოგრაფები კი ძირითადად ერიდებოდნენ და ფრონტს მოშორებულები იღებდნენ კადრებს, ნინო ჯორჯაძე კი პირიქით, თავით იყო ჩართული ომში, თითქოს თავადაც ერთი რიგითი ჯარისკაცი ყოფილიყო – ფრონტის წინა ხაზზე იღებს ტყვიამფრქვევიდან სროლის მომენტებს. 

ნინო ჯორჯაძის შემოქმედება ცნობილი ასი წლის მერე გახდა, როცა მისი ფოტოების წიგნი გამოქვეყნდა, პირადი ჩანაწერების თანხლებით, სადაც აღწერილია ომის სისასტიკე და ადამიანის ტრანსფორმაცია. ჯორჯაძე იხსენებს: “სარიყამიშის ბრძოლის შემდეგ თავიდან დავიბადე. მე ვნახე ყველაზე შეუძლებელი, საშინელი განცდები… ადამიანები ბრძოლის დროს ღმერთებს ემსგავსებიან. ისინი უარს ამბობენ ყველაფერ პირადზე რაღაც უფრო დიადისთვის. ეს არის ადამიანის სულის გამჟღავნება, მთელი თავისი მშვენიერებით. რთულია გონებამ მოიცვას ომის საშინელება”.

შემდეგი, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს ტექნოლოგიური განვითარება, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იყო, ფოტოგრაფიც – მეტი, თუმცა მათ შორის ყველაზე უფრო მეტად ლეგენდარული რობერტ კაპაა გამოსარჩევი, რომლის ფოტოც „ჯარისკაცის დაცემა“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის ფოტოა, რაც კი ოდესმე გადაღებულა. მას გარდა მეორე მსოფლიო ომისა, ასევე გადაღებული აქვს ესპანეთის სამოქალაქო ომი და პირველი ინდოჩინეთის ომი. მისი დაარსებულია ფოტო სააგენტო Magnum Photos, მისი სამუშაო ფილოსოფია ეფუძნებოდა სლოგანს: თუ კი შენი ფოტოები საკმარისად კარგი არ არის, ესე იგი, საკმარისად ახლოს არ ხარ.  ის იყო უშიშარი ფოტოგრაფი და საბოლოოდ ვიეტნამში, მუშაობის პროცესში, ნაღმზე აფეთქდა.

ვიეტნამის ომის სისასტიკე შესანიშნავად აღწერა დონ მაკკულინის ფოტოკამერამ – მკვეთრი, შავ-თეთრი ფოტოები, რომლებიც ასახავს ბრძოლების ტანჯვას მძიმე და ურყევი თვალით. მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  ფოტოჟურნალისტიკაში, ის ხშირად საუბრობდა ომის ფოტოგრაფების მორალურ პასუხისმგებლობაზე. მაკკულინი გარდა ვიეტნამისა, მონაწილეობდა კვიპროსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტებში, ასევე აღბეჭდა ბიაფრას შიმშილი.

იყო ომის ფოტოგრაფი, აღბეჭდო მიმდინარე კადრები, ნიშნავს – ცეკვავდე სიკვდილთან ბასრი დანის პირზე, სადაც ყველა ნაბიჯი სიფრთხილით უნდა იყოს გადადგმული, ფოტოკამერა ხდება ფოტოგრაფსა და რეალურ ქაოსს შორის დამაკავშირებელი მოწმე. ამ ქაოსს ადრენალინზე დამოკიდებულება, ადამიანური ტანჯვის უხეში ზემოქმედება და დაუსრულებელი სასტიკი რეალობა აყალიბებს, რომელიც იმ დროს გარშემოა. სისხლი, ტკივილი და კვლა.

ომის მონაწილეებისთვის ომი მისი დასრულების შემდეგაც გრძელდება – კოშმარებად, რეალობიდან ამოვარდნილ კადრებად, იმის გაცნობიერებით, რომ სადღაც უზარმაზარი დანაშაული მიმდინარეობს. სახლის სიმშვიდე ქმნის კონტრასტს – ეს მდუმარე ბრძოლის ველია, სადაც გონება იბრძვის ნანახი კადრების პირისპირ. ასეთი იყო ფოტოგრაფ კევინ კარტერის ცხოვრება.

1993 წელს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ფოტომ, სახელწოდებით  Vulture and the Little Girl. სამყაროში ძნელი მოსაძებნია ადამიანი, ვისაც ეს კადრი არ აქვს ნანახი – მიწაზე დამხობილი, შიმშილისგან გაძვალტყავებული ბავშვი. მისი ავტორი აფრიკელი ფოტოჟურნალისტი კევინ კარტერია. ამ  ფოტოთი კარტერი ჟურნალისტების პულიცერის პრემიის გამარჯვებული გახდა, რაც ამ პროფესიაში  ყველაზე პრესტიჟული პრემიაა, და მალევე როგორც თვითონ, ასევე ფოტოც მთელ მსოფლიოში  პოპულარული აღმოჩნდა. სწორედ აქედან იწყება დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, საზოგადოებაში კი გააჩინა კითხვა: უნდა იყოს თუ არა ესთეტიზებული ადამიანის აგონია? თავად კარტერი იტანჯებოდა ეჭვებით, ის თავს კადრის ბარბაროსად აღიქვამდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სუდანამდე იყო სამხრეთ აფრიკა, აპართეიდი, დაუნდობელი სამოქალაქო ომი. სწორედ მისი ფოტოები აღწერს ამ  კონფლიქტის კრიტიკულ მომენტებს, თავისი საკულტო ფოტოებით კარტერმა მსოფლიოს აჩვენა ჭეშმარიტება ჩაგვრისა და შიმშილის შესახებ. მასთან ერთად კიდე სამი ფოტოგრაფი მუშაობდა, ამ დაჯგუფებას – Bang Bang Club ეწოდება.

თავის ხანმოკლე კარიერაში კარტერმა გააფართოვა ფოტოგრაფიის შესაძლებლობები უსამართლობის წინააღმდეგ. 

ომის ფოტოგრაფიაში ადამიანური აგონიის ესთეტიზაცია, როგორც ეს კევინ კარტერის იმ ცნობილ ფოტოშია, ბადებს ღრმა ეთიკურ კითხვებს, ერთი მხრივ, ასეთი გამოსახულებები გადამწყვეტ როლს თამაშობს კონფლიქტის სასტიკი რეალობის გამოვლენაში, მეორე მხრივ კი, შესაძლოა ამ ფოტოებმა ადამიანური ტანჯვა აქციონ სანახაობად, პროდუქტად, თუმცა როგორც  უნდა იყოს, ომის ფოტოგრაფების ამაგი უმნიშვნელოვანესია.

ეს ამაგი, რომ თან საფრთხეს დაატარებს, ბევრჯერ ვახსენე. ასეთი საფრთხე დაუდგა ბათუმელ ფოტოგრაფს ირაკლი ძნელაძეს, როცა მაიდანის ისტორიას ასახავდა. ის იქ, რეზინის ტყვიების მსხვერპლი გახდა,  ფიზიკური დაზიანებები მიიღო, თუმცა ეს ის მომენტია, როცა თავს არ ზოგავ, რომ  წვლილი შეიტანო და შენი კადრით ცოტა უკეთესობისკენ მაინც შეცვალო სამყარო – ხილული გახადო ყველასთვის, რა ხდება, ნებისმიერი  ბრძოლის უკან დგანან  უდანაშაულო ადამიანები.

დღეს მიმდინარე არასამართლიანი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის აქტიურად აისახება  სხვადასხვა მედიუმით, ვხედავთ ფოტოებს, ვიდეოებს, თავად ჯარისკაცების მიერ გადაღებულს, ფრონტის წინა ხაზებიდან, მათთან ერთად საქმეში ფოტოგრაფებიც არიან ჩართულები, გამოსარჩევია ევგენი მოლოლეტკა, რომელიც რუსეთის ვანდალიზმსა და აგრესიას შესანიშნავად აღწერს თავისი კამერით. მისი ობიექტივის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა კონფლიქტის დამანგრეველი გარემოს ფონზე. მოლოლეტკას ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ომის დაუმუშავებელი და ძლიერი ასახვის გამო, მან გადაიღო ასევე მარიუპოლის ალყა, სადაც დაფიქსირებულია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი.

რომ არა ფოტოგრაფია, ჩვენ ნაკლები გვეცოდინებოდა ლიბანის, ავღანეთის, ერაყის, რუანდის, ბოსნიის და სხვა ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ…

არის მომენტები, როცა ფოტოგრაფები ვერ ეტევიან კანში, ანუ თავის პროფესიაში და სურთ ასახონ მოვლენები მოძრაობაში, ასე გადაიღო ტიმ ჰეთერინგტონმა  ფილმი Restrepo, რომელიც მრავალ პრემიაზე იყო ნომინირებული და სადაც აღწერილია ავღანეთში ჯარისკაცების ცხოვრების უხერხული დეტალები. გარდა ფილმისა, მნიშვნელოვანია მისი ფოტოარქივიც,რომელიც  ფოკუსირებულია  ომის ფსიქოლოგიურ ეფექტებზე. ის დაიღუპა ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, 2011 წელს, კონფლიქტის გაშუქებისას. 

ომს ჰყავს ყველაზე დაუცველი ადამიანები და ესენი ქალები და ბავშვები არიან, როცა მამაკაცები ერთმანეთს ესვრიან, მათ დამალვა უწევთ. ლინზი ადდარიო სწორედ მათზეა ორიენტირებული. ადარიოს გაბედულმა მუშაობამ პულიცერის პრემია მოუტანა, მისი ფოტომასალა აღწერს ომს ქალის პერსპექტივიდან, რა თქმა უნდა, ეთიკური კატეგორიების გათვალისწინებით.

რაც  უნდა ითქვას, როგორი მორალური პრიზმიდანაც  უნდა შევხედოთ საკითხს, ომის ფოტოგრაფია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, სხვაგვარად ცივილიზაცია უამრავი ინფორმაციის მიღმა დარჩებოდა, თანაც მძაფრად გადაღებულ კადრს შეუძლია ადამიანების ყურადღების მიპყრობა, მათი დაფიქრება და სოლიდარობა, თუნდაც შორს მყოფი უდანაშაულო ადამიანებისადმი. 

ომში უამრავი გმირია, მათ შორის არა მხოლოდ მეომარი, რომელიც თავის მიწასა და ოჯახს იცავს, არამედ ფოტოგრაფიც, ვინც აღწერს და მარადიულად აარქივებს უბრალო ადამიანების ტანჯვას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.