fbpx

„მეფე“ ავტორიტარიზმის პირისპირ – ირაკლი ჩარკვიანი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ირაკლი რობაქიძე

ირაკლი ჩარკვიანი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა იმ ხელოვანთაგან, რომლებიც ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავეში დგანან. მისი შემოქმედებაც და ცხოვრებაც დღემდე არ კარგავს აქტუალობასა და პოპულარობას. ჩარკვიანის ხელოვნებაცა და ცხოვრებისეული გზაც ნოვატორული ხასიათისაა (ქართული მუსიკალური და საზოგადოებრივი სივრცისთვის კი, შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციურიც) და ისინი ხალხში ყოველთვის სხვადასხვა ტიპის რეაქციას იწვევდა. ერთ-ერთი ძალიან ხმაურიანი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, ფსევდონიმად მეფის აღება იყო.

მეფე ირაკლი ჩარკვიანი – ეს მთელი კონცეფციაა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ალბომს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა (2007 წელი), „ძირს მეფე“ ჰქვია. ალბომში შესულია ამავე სახელწოდების სიმღერაც.

ამდენად, მეფე იბრძოდა მეფობის წინააღმდეგ –  ერთგვარი პარადოქსია.

ჩარკვიანმა არაერთგზის განმარტა ამ  გადაწყვეტილების მოტივიცა და მიზანიც.       

მეფობის საკუთარი კონცეფციის შესახებ მან ჟურნალ „სარკეს“, ჟურნალისტ მანანა გეგიასათვის მიცემულ  ინტერვიუში განაცხადა: „ავტორიტარიზმის წინააღმდეგი ვარ. ჩემი კონცეპტუალური აზრი იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში იყოს ნაკლები ავტორიტარიზმი, ანუ ნაკლები იყოს გავლენა ინდივიდებისა და მეტი იყოს გავლენა კანონის, შეთანხმებების და ინსტიტუტების.“ (2021, #10 , 28-29 გვ.) 

ჩარკვიანის თქმით, ქართველი მუსიკოსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ვიღაცას უნდა ემსახუროს. „ფაშას კარზე არის ყველაფერი ქართული, საუბედუროდ, ან მეფის კარზე.  ვიღაცა ფაშასთან უნდა, რა, ქართველს. დამოუკიდებლობა არ შეუძლია,“ – აღნიშნავდა ის ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელიც ლაშა გაბუნიამ და დათო ლომიძემ მოამზადეს. ეს იყო 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ. მაშინ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა უამრავი ადამიანი, მათ შორის, კომპოზიტორი და მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი. სეფიაშვილი მაშინდელი ხელისუფლების ღია მხარდამჭერი იყო და არც მალავდა, რომ ის მთავრობის დაკვეთით ქმნიდა სოციალური მოტივის სიმღერებს. ჩარკვიანისთვის კი კატეგორიულად მიუღებელი იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება. სწორედ ამას მოჰყვა ზემოთ მოხმობილი მისი მწვავე სატელევიზიო კომენტარი.

ირაკლი ჩარკვიანი ავტობიოგრაფიულ რომანში – „მშვიდი ცურვა“ – წერდა, რომ ხალხს აღიზიანებდა მისი პოპულარობა და, გარკვეულწილად, ებრძოდნენ კიდეც მას, ამიტომაც მისთვის უკეთესია, ფსევდონიმად მეფე აიღოს და ეს ხალხიც ებრძოდეს მეფეს და არა ირაკლი ჩარკვიანს.

ჩარკვიანი „სარკეში“ დაბეჭდილ ზემოთ მოხმობილ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ქართველებს მონობის 200-წლიანი გამოცდილება გვაქვს, გვეშინოდა და დღესაც გვეშინია მეფის, რაც ავტორიტარიზმის შედეგად გამჯდარი შიში, კომპლექსია და ის უნდა დაიძლიოს. 

ჩარკვიანი თვლიდა, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის მეფე. მეტიც, „ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ეუფლება, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფენი, რჩებიან ისტორიას“ (ჩარკვიანი, 2014:116). 

ამასთანავე, ის ამ გზით ადამიანთა ცნობიერებაში მეფის ცნების გაჩვეულებრივებას ცდილობდა.

ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი იდეა თავისუფლებისაკენ შეუქცევადი სწრაფვაა. ვფიქრობ, მან ნამდვილად მიაღწია თავისუფლებას და თავის ცნობიერებაში დაამარცხა (მისივე აღნიშვნით, ქართველებისათვის დამახასიათებელი) ავტორიტარიზმის, მეფობის შიში, კომპლექსი. ამდენად, ირაკლი ჩარკვიანი გახდა საკუთარი თავის მეფე. 

მის მიერ წინ წამოწეული ავტორიტარიზმის  პრობლემა ახლაც მწვავედ დგას ქართული საზოგადოების წინაშე. მისი შემოქმედებითი ნაბიჯი (ფსევდონიმად მეფის აღება) დღესაც აქტუალურია, მისადმი საზოგადოების დამოკიდებულება კი ისევ არაერთგვაროვანი. 

მაშასადამე, ირაკლი ჩარკვიანი ახლაც საინტერესოა. ჩარკვიანს უსმენენ ახლაც და, ჩემი აზრით, მოუსმენენ ყოველთვის, იმიტომ რომ მისი ხელოვნება დგას კაცობრიობის მარადიულ ღირებულებაზე – თავისუფლებაზე – და რაც მთავარია, ამ ღირებულებასთან მიმართებით ირაკლი ჩარკვიანი საკუთარ სათქმელს ორიგინალურად გამოხატავდა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.