fbpx

100 წელი პირველი ქართული ფუტურისტული ჟურნალის გამოცემიდან


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

2024 წელი ქართული ავანგარდისთვის ისტორიული და სიმბოლურია – ზუსტად ერთი საუკუნის წინ გამოიცა პირველი ფუტურისტული ჟურნალი – H2SO4, რომელიც იმ პერიოდის ავანგარდით გატაცებულ ხელოვანებს  აერთიანებდა.  ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა მათი სინდიკატიც. სახელწოდება ქიმიიდან მომდინარეობს – გოგირდმჟავას ფორმულა, რომელიც ანადგურებს ყველაფერს; მოტივიც სწორედ ეს იყო, ქართულ ლიტერატურაში „გაფუჭებული“ ჰაერი გოგირდმჟავას, ანუ ფუტურისტული ხელოვნების ხსნარით განეწმინდათ. ფუტურისტების ლექსები და პერფორმანსები აშლილი ტრომბონის ხმის მსგავსად მოედო იმ პერიოდის ქართულ ლიტერატურას, სადაც უფრო მეტად სიმბოლისტების სინდიკატი დომინირებდა.

ავანგარდი, განსაკუთრებით კი ფუტურიზმი, გამოირჩევა გამოცემების სერიით, ეს ლიტერატურისა და გამომსახველობითი ხელოვნებისთვის სრულიად ახალი ეტაპია. ფუტურიზმი დაუდებს საფუძველს ახალ სახელოვნებო დარგებსაც, მაღალ დონეზე აიყვანა ტიპოგრაფია და პოსტერის ხელოვნება. ავანგარდმა განავითარა სარეკლამო ენა და, შეიძლება ითქვას, რომ დიდი გავლენა იქონია თანამედროვე პოპკულტურის შექმნაში. გამოცემების არსებობა ავტომატურად ნიშნავს გარკვეული სახის პროცესის არსებობას. ევროპისა და ამერიკის ორივე კონტინენტზე უხვად მოიძებნება ავანგარდული გამოცემები, საქართველოში ასეთი სულ სამია, მთავარი კი – H2SO4, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით, ესთეტიკური მონტაჟით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს დასავლური ავანგარდის გამოცემებში. მის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ნიოგოლ (ნიკოლოზ) ჩაჩავამ, სიმონ ჩიქოვანმა, ბენო გორდეზიანმა, ირაკლი გამრეკელმა, პავლო ნოზაძემ, ჟანგო ღოღობერიძემ, აკაკი ბელიაშვილმა, ბიძინა აბულაძემ, ნიკოლოზ შენგელაიამ, შალვა ალხაზიშვილმა. ჟურნალს მონტაჟი ქართული თეატრის სცენოგრაფმა და მხატვარმა ირაკლი გამრეკელმა გაუკეთა. ნომერში გაერთიანდა ის თეორიული თუ პრაქტიკული საქმიანობა, რასაც ავტორები ეწეოდნენ. ეს იყო ერთგვარი მანიფესტის ტიპის გამოცემა, სადაც გამოხატული იყო ყოფითი თუ ესთეტიკური საკითხები, რითაც ისინი ემიჯნებოდნენ სხვა ლიტერატურულ სკოლებს, განსაკუთრებით, სიმბოლისტებს, ისინი ნაფთალინად, რომანტიკის დაგვიანებულ გამოძახილად მიაჩნდათ.

ჟურნალი სავსეა სხვადასხვა ენობრივი ჟონგლიორობით, დიდი შრიფტები პატარებს ენათესავებიან, თავდაყირა დაბეჭდილი სიტყვები, ინტელექტუალური მონტაჟის მეთოდით აწყობილი სტატიები და ლექსები, გრაფიკული ფიგურები – მამალი, გაშვერილი თითი, სლოგანიზმი, სიტყვისგან დაცლილი პოეზია, რომელიც უარს ამბობს სამყაროზე, რომელიც არსებობს, რომელიც ქმნის ახალ ენობრივ მატრიცას, ახალი ადამიანისთვის… – ეს გარკვეული თვალსაზრისით იმ პერიოდის საბჭოთა ავანგარდის კიტჩადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ფუტურიზმს (დროებით) დაევალა ახალი ფსიქიკის ჩამოყალიბება. რუსეთში ეს მუშაობდა, საზოგადოების მთავარ ხელოვნებას სწორედ ავანგარდი წარმოადგენდა, გაწყდა ზღვარი ხელოვნებასა და ყოფით ცხოვრებას შორის, ერთ დროს სალონური და საზოგადოებისთვის გაუგებარი ხელოვნების მიმდინარეობა ოქტომბრის რევოლუციამ სრულიად გასაგებად და, მეტიც, ცენტრალურად აქცია. მოდა, თეატრი, მხატვრობა, პოეზია, მუსიკა – ავანგარდი ქმნიდა ახალ ფსიქიკას, ახალ რესპუბლიკას. ქართული ავანგარდი ამ მხრივ არ წარმოადგენდა ცენტრალურს,  აქ სხვა ტრადიციები უფრო ჭარბობდა.

საინტერესოა ქართული ავანგარდის სპეციფიკა, აქ ერთმანეთს ფუტურიზმი და დადაიზმი წინააღმდეგობის გარეშე კვეთს, მეტიც, ერთიანდება კიდეც. მართალია, H2SO4 მოხსენიებულია, როგორც ფუტურისტული ჟურნალი, მაგრამ მასში დადაც საკმაოდ  გვხვდება, რაც მათ  სინთეზს მიანიშნებს.

ჟურნალს გარდა ლექსებისა და ტიპოგრაფიული ნიმუშებისა, ასევე ირაკლი გამრეკელის შესანიშნავი აბსტრაქტული ნამუშევრები ავსებს.

ქართულ ფუტურიზმზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ მან დაიგვიანა, თუმცა, სიმართლე ითქვას, არა იმდენად, რამდენადაც ქართულმა სიმბოლიზმმა – როცა „ცისფერყანწელები“ ბოდლერის ყვავილებს რგავდნენ ბესიკის ბაღში, სიმბოლისტი კლასიკოსები ლამის საუკუნის გარდაცვლილნი იყვნენ.

1924 წელს, როცა ქართული ფუტურიზმის ნაყოფი ხარობდა, საბჭოთა ფუტურიზმს საერთოდ განსხვავებული სურათი ედგა და განვითარების ახალ ეტაპზე გადადიოდა, ორი ძირითადი ხაზიც უკვე გამოკვეთილი იყო – ერთი მხრივ, ვლადიმერ მაიაკოვსკის, რევოლუციის მთავარი პოეტის ორკესტრული და მარშული პოეზია, მეორე მხრივ კი, ხლებნიკოვის ზაუმური ფუტურიზმი. რაც  უნდა უცნაური იყოს, ქართული ფუტურიზმი ირჩევს მეორე მხარეს, რაც მაფიქრებინებს ადგილობრივ ლიტერატორებში დომინანტური აზრის მცდარობაზე, რომ თითქოს ავანგარდული სინდიკატის გაჩენა „ცისფერყანწელებს“ უკავშირდებათ, და სწორედ მათ შექმნეს ქართულ ლიტერატურაში ეს ტრენდი. ჩემი აზრით. ჩვენებური ფუტურისტების ესთეტიკაზე მნიშვნელოვან როლს თბილისში ფუტურისტული სინდიკატი – 41 ცელსიუსი ახდენს. სწორედ მათი მუშაობის შედეგად განვითარდა ზაუმური პოეზია მაღალ დონეზე. ზაუმური ლექსის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს, მაგალითად, ნიკოლოზ ჩაჩავას პოეზია:

საქართველოში ფუტურიზმის აკვანს სწორედ 41 ცელსიუსი დაარწევს, მაგრამ უშუალოდ ადგილობრივი ავტორების მიერ ეროვნულ ენაზე მისი დაწყების თარიღი 1922 წელია, როცა ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფმა, შემდეგში გაერთიანებულებმა  H2SO4-ის სახელის გარშემო, კონსერვატორიის სცენაზე წარმოადგინეს მანიფესტი – „საქართველო – ფენიქსი“. აქედან მოყოლებული ისინი იწყებენ აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას, წინააღმდეგობაში შედიან თავისი დროის მოღვაწეებთან და, რასაკვირველია, წარსულს უცხადებენ უნდობლობას, რაც ზოგადად ფუტურისტული ხელოვნების დამახასიათებელი ნიშანია, თუმცა ამაზე მოგვიანებით, იქამდე კი ქრონოლოგიურად აღვწეროთ ფუტურიზმის ქართული ფესვები:

ცნობები ფუტურიზმის შესახებ ჯერ კიდევ 1911 წელს შემოდის – მხატვარი ბორის ლაპოტინსკი საფრანგეთიდან ჩამოიტანს ამბავს, ის სამხატვრო ლიცეუმში ასწავლის, მოსწავლეები კი ილია და კირილ ზდანევიჩები არიან, ფუტურიზმის მომავალი წარმომადგენლები. 1914 წელს საქართველოს კუბო-ფუტურისტული ჯგუფი ეწვევა ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბურლიუკისა და კამინსკის ხელმძღვანელობით, „ყვითელ პერანგიანი“ პოეტები რევოლუციურ აზრებს ავრცელებენ, აწყობენ ღონისძიებებს თბილისსა და ქუთაისში. გაიცნობენ ქართველ ხელოვანებს. სულ ცოტა ხანში, როცა პირველი მსოფლიო ომი ეშხში შედის, ნეიტრალურად განწყობილი ხელოვანები თავშესაფარს საქართველოში იპოვიან, საქმეს ხელს ისიც უწყობს, რომ ქართველებმა ისარგებლეს პირველი მსოფლიო ომით და, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. თბილისში თავს იყრიან იმ პერიოდის მნიშვნელოვანი რუსი და პოლონელი ავანგარდისტები, მათ შორის – ალექსეი კრუჩონიხი, ზაუმური პოეზიის ფუძემდებელი. ზაუმური ლექსის წერის მეთოდი წინ უსწრებს და ენათესავება ფუტურიზმს, მას „ბრალდება“ ასევე დადაიზმის დაფუძნება. კრუჩონიხის ჩამოსვლა და მისი გადაკვეთა ძმებ ზდანევიჩებთან, (ჯერ კიდევ გამოუკვლევ) თეატრისა და ლიტერატურის გასაოცარ პერსონასთან, იგორ ტერენტიევთან დასაბამს აძლევს მნიშვნელოვან ავანგარდულ პროექტს – 41 ცელსიუსი. ზდანევიჩი დღიურში ხშირად ხმარობს ტერმინს „ფუტურიზმის გამოზამთრება“ – ასეა ეს, თბილისში ფუტურიზმი მნიშვნელოვნად გამოიზამთრებს, შემდეგ სურათი იცვლება – ილიაზდი კონსტანტინოპოლის გავლით ევროპაში მიემართება – 41 ცელსიუსის დასრულების შემდეგ უკვე იწყება ქართულენოვანი ფუტურიზმის ისტორია – სცენაზე ჩნდებიან ახალგაზრდა ფუტურისტები.

ავანგარდულ ხელოვნებას, განსაკუთრებით კი ფუტურიზმს, წარსულის უგულებელყოფა ახასიათებს, მათ შორის გამონაკლისი არც ქართულია. ფუტურიზმი თავისი ხასიათით რევოლუციური ხელოვნების მიმდინარეობაა. მაღალი მოდერნიზმი ნიცშეს მიერ „გამხელილი“ დასავლური საზოგადოების ერთგვარი ინტელექტუალური თვითგვემაა ყამირ მიწაზე, რადაც სამყარო გადაიქცა, ჭეშმარიტებისა და სამყაროს აბსოლუტური გონის ძიების პროცესია, მოდერნიზმი  უარყოფს მოცემულს და უარს ეუბნება სარწმუნოების სივრცეში დაბრუნების შესაძლებლობას და ამ იდეის მხატვრულ რეალიზაციას. აი, სწორედ იქ იწყება ავანგარდი, ანუ გვიანი მოდერნიზმი, თუმცა რეპრეზენტაციის, როგორც ასეთის მიმართ უარს არ ამბობს. კულტურის მკვლევარი, ავანგარდული ხელოვნებით დაინტერესებული ბორის გროისი ერთგან იტყვის: „ავანგარდი განადიდებს ძალმოსილი, ანუ მატერიალური, არტისტული მედიის გამარჯვებას უძლურ, ნულოვან მედიუმზე „სულისა“, მედიუმზე, რომელსაც ეს მედია მეტისმეტად დიდ ხანს ექვემდებარებოდა. შესაბამისად, ძველი ხატების მსხვრევის პროცესი უიგივდება ახალი ხატების წარმოქმნის პროცესს – ამ შემთხვევაში მატერიალიზმის ხატებისა“. ამის და ზოგადად ავანგარდული ხელოვნების აღსაწერად საუკეთესო ვარიანტია ვისაუბროთ მალევიჩის არა უშუალოდ შავ კვადრატზე, არამედ შავი კვადრატის ფენომენზე, რომელიც საკმაოდ ადრე, ჯერ კიდევ 1913 წელს ჩნდება, როცა მხატვარი, მატიუშინთან და ხლებნიკოვთან ერთად დადგამს სპექტაკლს – „მზეზე გამარჯვება“. ეს არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია მუსიკის, ლიტერატურისა და ფერწერის სინთეზით, რაც შემდეგ ავანგარდული ხელოვნების მთავარი კონცეფცია გახდება – სინთეზური ხელოვნება. წარმოდგენის ფორმა თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტული იყო და უპირისპირდებოდა ნარატივის ტრადიციულ გაგებას, მიუხედავად პიესისთვის დამახასიათებელი ალოგიზმისა, სპექტაკლის შინაარსი მაყურებლისთვის გასაგები იყო – თავდასხმა კლასიკაზე, წარსულზე. აქ, შავი კვადრატი მზეს ფარავს, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ იდეალისტური, სულიერი სამყაროს დასასრულად. ეს კი თავის მხრივ რადიკალური, რევოლუციური ნაბიჯია, უარი ძველს და თანხმობა ახალს. ამ  ოპერაში შეურაცხყოფას აყენებდნენ პუშკინს და მას დაძველებულ შემოქმედად აცხადებენ.

მართალია, ქართული ფუტურიზმი დიდხანს არ გაგრძელებულა, თავისი მოცულობით მცირეა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი ადგილი უკავია ეროვნული ლიტერატურის ისტორიაში, რომელიც პატივისცემას, მოფრთხილებასა და გახსენებას საჭიროებს. ჩემი აზრით, მასში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სალექსო ნიმუში, განსაკუთრებით – სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლოზ ჩაჩავასა და ნიკოლოზ შენგელაიას ლექსების სახით, რომელიც სასწავლო სახელმძღვანელოებშიც, მათ ისტორიასთან ერთად, საჭიროებს მოხვედრას. მათ ისტორიას გასაქანს სტალინური რეპრესიები არ აძლევს.

მალევე ხელოვნების უტოპიურობა არსებობას წყვეტს, 1932 წელს ცენტრალური კომიტეტის მიერ მიღებული დადგენილებით ავანგარდული ჯგუფების შექმნა და ზოგადად ფორმალისტური ხელოვნება იკრძალება, იქმნება თეატრის, ლიტერატურის, არქიტექტურის და სხვა შემოქმედებითი გაერთიანებები, კულტურა ექვემდებარება პარტიას – სტალინი მზეს შავ კვადრატს მიაფარებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.