fbpx

ბრწყინვალე კვირეული


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შორეული 1981 წლის შემდეგ, როდესაც თბილისის „დინამო“ ევროპის თასის მფლობელთა თასს დაეუფლა, ქართველი გულშემატკივრები ისეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილან, როგორც დღეს.

დიდი აფეთქება 26 მარტს საბერძნეთის ნაკრების ძლევით და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებით დაიწყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება, რაც 2024 წლის ნოემბერში საკმაო ალბათობით საქართველოს ნაკრების ევროპის A კატეგორიის გუნდებს შორის აღზევებაში და გარდა ამისა, სამომავლოდ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაშიც შეიძლება გადაიზარდოს. 

ერთი მხრივ, ერთა ლიგის ტურნირის პირველი ორი ტურის შემდეგ შეიძლება ცოტათი ნაადრევიც იყოს ასეთი ოპტიმიზმით საუბარი, მაგრამ მეორე მხრივ, სრულიად სამართლიანი საფუძველი რომ გააჩნია ამ ოპტიმიზმს?

ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები უკვე არამცთუ ანგარიშგასაწევი ძალაა, არამედ მისი ეშინიათ.

ალბანეთის ნაკრები ბოლო წლებში ევროპის ყველაზე განვითარებად გუნდად მიიჩნეოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან შინაურ კედლებში წაგების შემდეგ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არაოფიციალური ტიტული უკვე ჩვენებს ეკუთვნით.

აბა რომელ სხვა გუნდს ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომელშიც შეუძლებელია რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა? მთელი 90 წუთის მანძილზე სტაბილური თამაშის ჩვენება კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. 

საქართველოს ნაკრების ძირითადმა შემადგენლობამ და შეცვლაზე შესულმა რამდენიმე ფეხბურთელმა თანაბარ დონეზე, უშეცდომოდ ჩაატარა ზედიზედ ორი შეხვედრა. 

ასეთი ბრწყინვალე კვირეული კი თვით ესპანეთის ნაკრებსაც არ ჰქონია, რომელმაც პირველი მატჩი საერთოდ ჩააგდო, ხოლო მეორეში კი მართალია, თვით შვეიცარია გაანადგურა, მაგრამ  ერთ-ერთი მცველის განზრახ ჩადენილი უხეშობის გამო – ათი კაცის შემადგენლობით. 

საინტერესოა, ახლა რომ შევხვდეთ ესპანელებს, როგორ დასრულდება მატჩი? ამაზე პასუხი დღეს არ გვაქვს. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები ასეთი ტემპით თუ გააგრძელებს წინსვლას, შორს არ იქნება ის დღე, როდესაც ჩვენი მეტოქეები მსოფლიოს უძლიერესი გუნდები იქნებიან და გულშემატკივრებიც ბევრად მომთხოვნი გახდებიან ფეხბურთელთა მიმართ, როგორც ეს ამ ნახევარი საუკუნის წინათ იყო.

ალბანელებთან მატჩში საოცარი ის იყო, რომ ქართველი ფეხბურთელები მინდვრის ყოველ მტკაველზე ასწრებდნენ თავიანთ მეტოქეებს და ფიზიკურადაც აშკარად ჯაბნიდნენ მათ. 

ფიზიკური ფაქტორი კი საუკეთესო წლებშიც არ ყოფილა ქართული ფეხბურთის სავიზიტო ბარათი, რითაც საბჭოთა პერიოდში თბილისელებზე მეტად „მორბენალი“ მოსკოვის თუ კიევის „დინამო“ გამოირჩეოდნენ.

მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენი ნაკრების ფიზიკური და ტექნიკური „პერფორმანსი“ სწორედ იმ სათამაშო სქემებზე და იმპროვიზაციებზეა მორგებული, რომლებიც საოცარი სიზუსტით აქვთ განსაზღვრული გუნდის სამწვრთნელო შტაბში.

განა ხშირად გვხვდება ამჟამად ისეთი ნაკრებები, სადაც ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე თავიანთ კლუბებში? საქართველოს ნაკრების თითოეული მოთამაშე ამისი ნიმუშია.  

ბუნებრივია, რომ ყველას უყვარს თავისი სამშობლო, მაგრამ ისეთი თავგანწირვა, როგორსაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ავლენენ მოედანზე, მართლაც რომ სამაგალითოა ნებისმიერი გუნდისთვის.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგი კი ის გრანდიოზული წინსვლაა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თავის უშუალო მეტოქეებთან შედარებით განიცადა. 

ამის დასამტკიცებლად ჩეხეთის და ალბანეთის ნაკრებებთან ქოჩორაშვილის გოლებია საკმარისი, რომლებიც ვიზუალურად ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულია, რომ ძნელი დასაჯერებელია, ერთი და იმავე ფეხბურთელის გატანილი რომაა.

ეს გოლები დაკვირვებულ სტაჟიან გულშემატკივრებს თბილისის „დინამოს“ დიდ ფეხბურთელებსაც გაახსენებდა. 

ჩეხებთან ჩაკვეტაძის მიერ ქოჩორაშვილის მისამართით გაკეთებული გადაცემა აშკარად დავით ყიფიანის სტილში იყო შესრულებული, თენგიზ სულაქველიძე კი 1981 წელს „ფეიენოორდთან“ შეხვედრაში, ქოჩორაშვილის მსგავსად, გამუდმებით იჭრებოდა მეტოქის საჯარიმო მოედანზე, რასაც მის მიერ შესრულებული „დუბლი“ მოჰყვა. 

პირველი ბურთი მან ვლადიმერ გუცაევის ჩაკიდების შემდეგ თავით, ხოლო მეორე კი ინდივიდუალური გარღვევის შედეგად გაიტანა. 

დავამატოთ ისიც, რომ ალბანეთთან ქოჩორაშვილის იუველირულმა დარტყმამ 1982 წელს დაახლოებით იმავე მანძილიდან  სულაქველიძის „ხმელი ფოთოლიც“ გაგვახსენა „ლეგიასთან“ შეხვედრაში, რომელიც თბილისის „დინამომ“ სწორედ ამ ერთადერთი გოლით მოიგო…

როგორც ვხედავთ, ქართული საფეხბურთო გენეტიკა თანდათანობით სულ უფრო მეტ ძალას პოვებს დღევანდელ ნაკრებში, რომელსაც მომდევნო გამოცდა სულ მალე, ოქტომბერში ელის, როდესაც ვილი სანიოლის ბიჭები ეცდებიან მსგავსი შემართებით კვლავაც ქულათა მაქსიმუმის მოპოვებას და საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრების გარდა, შესანიშნავი სანახაობრივი ფეხბურთიდან გამომდინარე, უკვე მრავლად შეძენილი უცხოელი ნეიტრალური მაყურებლის მოხიბვლასაც.

აი ბრაზილიური საფეხბურთო გენეტიკა კი, როგორც ჩანს, საღათას ძილსაა მიცემული, რაც საბოლოოდ დადასტურდა „პენტაკამპეონთა“ ანგარიშით 0:1 მარცხით პარაგვაის ნაკრებთან.

ბრაზილიის ნაკრები რვა ტურის შემდეგ მე-5 ადგილს ინაწილებს ვენესუელასთან, სულ სამი მატჩი აქვს მოგებული მიმდინარე შესარჩევ ციკლში და პირველ ტურში ბოლივიის ანგარიშით 5:1 განადგურების შემდეგ, უკანასკნელი შვიდი შეხვედრიდან ოთხჯერ მოედანი ერთი გოლით და სამჯერ საერთოდ გოლის გარეშე დატოვა. ასეთი რამ კი ისტორიას არ ახსოვს!  

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ცენტრალური მატჩში კი კოლუმბიამ არგენტინას უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრინციპული დაპირისპირების ცენტრალურ ფიგურად ხამეს როდრიგესი იქცა, რომელმაც პირველ ტაიმში პარტნიორ მოსკერას გაატანინა, მეორე ტაიმის დასაწყისში მოწინააღმდეგე გონსალესს, საბოლოოდ კი ემელიანო მარტინესის კარში აუღებელი თერთმეტმეტრიანით გამარჯვება მოუტანა კოლუმბიის ნაკრებს, რომელიც რვა ტურის შემდეგ სატურნირო  ცხრილში მხოლოდ არგენტინას ჩამორჩება, თუმცა ჯერჯერობით ერთადერთი წაუგებელი გუნდია. 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კი დაძაბული სანაკრებო კვირეულის შემდეგ თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და განაგრძეს საგმირო საქმეები.

ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა „შალკესთან“ ანგარიშით 2:0 მოგებულ მატჩში, რის შემდეგაც „კარლსრუემ“ დიუსელდორფის „ფორტუნასთან“ ერთად მეორე ბუნდესლიგის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა, „უოტფორდმა“ კი ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით შეძლო „ქოვენთრისთან“ ქულის მოპოვება.

იტალიის სერია A-ში “ემპოლის“ შემადგენლობაში მთელი 90 წუთის განმავლობაში უმკლავდებოდა „იუვენტუსის“ ფორვარდების ზეწოლას საბა გოგლიჩიძე. ქართველი მცველის დიდი ძალისხმევით მისმა გუნდმა ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ფრედ – 0:0 დაასრულა.

„ნაპოლიმ“ კი სულ რაღაც ხუთწუთიანი მონაკვეთი მოანდომა „კალიარისთან“ გასვლითი მატჩის ბედის გადაწყვეტას, რომლის 66-ე წუთზეც ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა ლუკაკუს გადაცემით, ხოლო 71-ე წუთზე კი თავდამსხმელებმა როლები შეცვალეს და მალევე მოედანი ერთდროულად დატოვეს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მოგების შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

აი გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ კი, სამწუხაროდ, ერთადერთი ქულით ესპანეთის ლა ლიგის ბოლო საფეხურზე იმყოფება. 

მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გასვლით შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ პირველი ტაიმის დასაწყისში თანაგუნდელები კი იხსნა აშკარა გოლისგან, მაგრამ ჯამში მას სამჯერ მაინც მოუწია ბურთის საკუთარი კარიდან გამოტანა, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ სტუმრები მათთვის ამ მნიშვნელოვან მატჩში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.