ემი 2024 – ნოსტალგია 76-ე დაჯილდოებაზე
ემის 76-ე დაჯილდოებამ შარშანდელი ცერემონიისგან განსხვავებით, რომელიც მეტწილად მსახიობების გაერთიანებაზე იყო ფოკუსირებული, ამჯერად აქცენტი საკულტო ვარსკვლავებზე, მათ გმირებზე, წარსულსა და აწმყოზე გააკეთა.
ნოსტალგია წლევანდელი საღამოს ერთ-ერთი მთავარი „პერსონაჟი“ იყო, რომელიც reunion-ებს, როგორიც არის: „Happy Days“ და „The West Wing“ და სატელევიზიო ისტორიის ნამდვილ დღესასწაულს – სცენაზე სერიალების და კინოს ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედებს მოიცავდა, მათ შორის ჯიანკარლო ესპოსიტოს „Breaking Bad“-იდან, ენტონი სტარს „The Boys“-იდან და ქეთი ბეითსს „Misery“-დან. როგორც დაჯილდოების პროდიუსერებმა აღნიშნეს, „მაყურებელი განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს ნოსტალგიასთან, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ყურადღება იმ სატელევიზიო შოუებზე და ცალკეულ პერსონაჟებზე გაგვემახვილებინა, რომლებიც ყველას უყვარს.“
„Hacks“-ის გამარჯვება კომედიის კატეგორიაში სასიამოვნო სიურპრიზი იყო. HBO/Max შოუს ტრიუმფს პრიზები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (ჯინ სმარტი) და მწერალთა გუნდისთვის მოჰყვა. თუმცა, საღამოს ყველაზე დიდი გამარჯვებული FX გახდა, რომელმაც 4 ჯილდო „Shōgun“-ისთვის – პირველი არაინგლისურენოვანი სერიალი, რომელმაც საუკეთესო დრამის კატეგორიაში გაიმარჯვა და 5 ჯილდო „The Bear“-ის მეორე სეზონისთვის მიიღო. „Shōgun“-ის სანადა და ანა სავაი კარიერაში პირველი ემის გამარჯვებულები გახდნენ საუკეთესო მსახიობი კაცის და ქალის ნომინაციებში.
„The Bear“-ის ჯერემი ალენ უაითმა ზედიზედ მეორე ემი მიიღო მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებლისთვის კომედიურ სერიალში. ღამის პირველი ჯილდო ამავე სერიალში მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ებონ მოს-ბაქრაქს გადაეცა, ხოლო რეჟისურისთვის – კრისტოფერ სტორერს.
ემის პირველ გამარჯვებულებს შორის ასევე მსახიობი ჯოდი ფოსტერი იყო, რომელმაც ეს ჯილდო HBO-ს ლიმიტირებული სერიალში, „True Detective: Night Country“-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.
ელიზაბეტ დებიკის ბოლო რამდენიმე წლის ემის ფავორიტ Netflix-ის „The Crown“-ში პრინცესა დიანას სატელევიზიო ინკარნაციისთვის მეორე ემი გადაეცა. დებიკისთან ერთად, მეორე ემის მფლობელი ბილი კრუდაპი გახდა, მან პრიზი Apple TV+-ის „The Morning Show“-ში მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო.
საღამოს მეორე მთავარი ტრიუმფატორი Netflix-ის მოულოდნელი ჰიტი „Baby Reindeer“ იყო, რომელმაც ემის ექვს კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის – საუკეთესო მსახიობი კაცის, მსახიობი ქალის მეორეხარისხოვანი როლისა და სცენარის. ლიმიტირებული სერიალი მთავარი როლის შემსრულებლის და სცენარისტის, შოტლანდიელი მსახიობის, რიჩარდ გადის რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება, კერძოდ, თვალთვალსა და სექსუალურ ძალადობას. შოუში ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მსახიობ ჯესიკა განინგს პირველ კარიერულ ნომინაციაში გადაეცა ემი. სერიალს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადის რეალურმა stalker-მა ცნობილ სატელევიზიო წამყვანამდე, პიერს მორგანამდეც კი მიაღწია.
სტივენ ზალიანმა კარიერის მეშვიდე ნომინაციაში პირველი ემი Netflix-ის ლიმიტირებული სერიალის, „Ripley“-ის რეჟისურისთვის მიიღო, რომელიც პატრიცია ჰაისმიტის 1955 წლის რომანს და ანტონი მინგელას 1999 წლის ფილმს – „The Talented Mr. Ripley“-ს ეფუძნება.
ცერემონიის წამყვანები ევგენი და დენ ლევი იყვნენ, რომლებსაც საზოგადოება კომედიური სერიალიდან, „Schitt’s Creek“-იდან იცნობს. აღსანიშნავია, რომ ეს წლის მეორე ემის დაჯილდოება იყო; 75-ე საიუბილეო დაჯილდოება ტრადიციულად 2023 წლის სექტემბრის ნაცვლად, 2024 წლის 15 იანვარს ჩატარდა ჰილივუდში სცენარისტების გაფიცვის გამო.