fbpx

სკოლა მხატვრულ ლიტერატურაში – სელინჯერი, პენაკი, როულინგი და სხვები…


გააზიარე სტატია

ავტორი: ავტორი: მათე წიკლაური

 

სექტემბრის შუა პერიოდი ყოველთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ასოცირდება. ამ დროს ჩაწყნარებული, დამშვიდებული სკოლის კედლები თითქოს ახლიდან იბადებიან და ბავშვებს კვლავ საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს უწყობენ. ალბათ რთულად მოიძებნება თემა, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურამ გვერდი აუარა. ცხადია, ასეთი სკოლა ნამდვილად არაა. ან კი როგორ შეიძლებოდა, ყურადღების მიღმა დაეტოვებინათ კლასიკოსებს საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელშიც სულ პატარა შედიხარ და თორმეტი წლის შემდეგ სრულწლოვანი ტოვებ იქაურობას.

სკოლა ლიტერატურაში განხილულია, როგორც ადგილი, სადაც საზოგადოებრივ ნორმებთან დაკავშირებულ რთულ ასპექტებზე შეგვიძლია დაკვირვება. ამას თან სდევს იდენტობის, ავტორიტეტის, ბულინგის, დაბრკოლებების გადალახვისა და მიზნის მიღწევის მნიშვნელობათა მიმოხილვა. იმ მხატვრულ ნაწარმოებებში, რომლის მთავარი სათქმელიც სკოლის ფენომენზე დაკვირვებამ აღმოაცენა, არის რაღაც დიდი საერთო – ადამიანის და მის გარშემო არსებული გარემოს კვლევა, რომელსაც როულინგი, პენაკი, სელინჯერი და სხვები სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმოაჩენენ. თითოეულ ავტორს, მოსწონდა თუ არა საკუთარ გამოცდილებაში არსებული სასკოლო გარემო, აქვს ოპტიმიზმი და ხედვა, თუ როგორ უნდა იქცეს პოზიტიურ ადგილად სკოლა, როგორც ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. 

დანიელ პენაკმა სკოლა პერსონაჟებისა და გარემოს დაპირისპირების გადამწყვეტ ასპარეზად მიიჩნია. ფრანგმა ავტორმა გამოგონილი სკოლების მაგალითზე პიროვნული ზრდისა და საზოგადოებასთან თანაარსებობის საკითხებზე ისაუბრა და ფრანგული საგანმანათლებლო სისტემა მწვავედ გააკრიტიკა. მასწავლებლებისა და მოსწავლეების პრიზმიდან დანახული საგანმანათლებლო ინსტიტუტი პენაკისთვის ხარვეზებითა და გამოწვევებითაა სავსე. „სკოლის სევდა“ მკითხველს სამწუხარო რეალობას შეახსენებს – სკოლები ხშირად ვერ აკმაყოფილებენ მოსწავლეთა მრავალფეროვან მოთხოვნილებებს და მხოლოდ შაბლონურ სწავლების გზას მიუყვებიან. სწორედ ამ მსჯელობიდან ჩნდება აზრი, რომლის თანახმადაც, მოსწავლეთა ფსიქიკის მთავარი დამანგრეველი ხშირად არასწორად შერჩეული გარემოა. ეს წიგნი იმ ფსიქოლოგიურ ზიანზე დაიწერა, რომელსაც სისტემა სკოლის მეშვეობით აყენებს მოსწავლეს და მოტივაციის დაქვეითებასთან ერთად, აძულებს შემეცნებას. 

თუმცა, გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ პენაკის ნაწარმოები მხოლოდ კრიტიკას ეფუძნება. ფრანგი ავტორი შენატრის პოზიტიურ სასწავლო გარემოს და, მიუხედავად პესიმიზმისა, სადღაც აღძრავს იმედს, რომ სწორი რეფორმების შემთხვევაში, არსებული დაბრკოლებების გადაჭრა შესაძლებელია. 

თუ დანიელ პენაკმა რეალისტურ ასპექტებს დააფუძნა ნაწარმოები სკოლაზე, ჯ.კ. როულინგი ჰარი პოტერის სერიაში სასკოლო ცხოვრების ფანტასტიკურ ასახვას გვთავაზობს. ჰოგვორტსი მხოლოდ ჯადოსნური თავგადასავლების ადგილი არაა, ის სხვადასხვა სოციალურ გამოწვევებს აღწერს და სკოლის რამდენიმე ნაწილად დაყოფას, როგორც ლიტერატურულ გადაწყვეტას, ისე გვთავაზობს. გრიფინდორი, ჰაფლფაპი, სლიზერინი და რეივენქლო განსხვავებული ნიუანსების თავმოყრაა. აქ ერთიანდება გამბედაობის, ინტელექტის, ლოიალობისა და ამბიციების საკითხები. როულინგის ხედვას თუ გავყვებით, ვნახავთ, რომ ჰოგვორტსი სკოლის იდეალიზებული ვერსიაა, რომელიც პიროვნულ ზრდასა და მორალურ განვითარებასთან გვაახლოებს. 

როულინგთან განათლება მხოლოდ აკადემიური ასპექტი არაა, ის პირველ რიგში ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და პირად გამოწვევებს ეხება. წიგნის თითოეული პერსონაჟი სკოლის გარემოში თანაარსებობის გზით პიროვნულად მუდმივად ვითარდება. აქ ხშირად საკუთარ თავს ებრძვიან, ლიდერის თვისებებს იყალიბებენ, რასაც შემდეგ პოზიტიური სასწავლო გარემოს განმარტებამდე მიჰყავს მკითხველი, – მან უნდა ჩამოგიყალიბოს ხასიათი და იდენტობა, რასაც კანონზომიერი აკადემიური გარემო უდავოდ ძალიან ეხმარება. 

ჯერომ სელინჯერის შედევრი „თამაში ჭვავის ყანაში“  ჰოლდენ კოლფილდის სასკოლო გამოცდილებაა. მთავარ გმირს იმედგაცრუება იპყრობს, უკმაყოფილოა საზოგადოებაში არსებული ნორმებითა და არსაიდან მოსული წესებით. ჰოლდენისთვის სკოლა ზეწოლის ადგილია. მთავარი გმირი ვერ ახერხებს სისტემურ „ფასეულობებთან“ თანაარსებობას და მათ შორის გადებულ ხიდს თავადვე ამტვრევს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როულინგს, პენაკსა თუ სელინჯერს მუდამ თან ახლდათ ოპტიმიზმი და კონკრეტული გეგმა ამ გარემოს გაუმჯობესებისა, – ჰოლდენის პრეტენზიები და შენიშვნები სწორედ ამის გამოვლინებაა. ამიტომ „თამაში ჭვავის ყანაში“ სკოლის კრიტიკის სახელმძღვანელოდ კი არ უნდა წავიკითხოთ, არამედ წიგნად, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა არის ამ მხრივ სწორი და როგორ მიდგომებს შეუძლია შესაბამისი  ფასეულობების დამკვიდრება ახალგაზრდებში. 

ამერიკელი მწერლის, ჯონ გრინის „ალასკას ძიებაც“ სკოლის თემატიკას ეხმიანება. ეს არის წიგნი სკოლის გარემოში არსებული მეგობრობის, საკუთარი თავის დაკარგვისა და პოვნის შესახებ. მთავარი გმირი მოზარდობის სირთულეებს აწყდება და მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას იწყებს. ჯონ გრინმა სცადა მკითხველისთვის აეხსნა, თუ როგორ ზრდის სკოლა ადამიანს და როგორ იცვლება ახალგაზრდის ხასიათი ამ ცვლილებების პარალელურად. გრინმა მხარდაჭერითა და ემპათიით სავსე გარემოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოსწავლეთა ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში მის როლზე ისაუბრა. 

ამდენად, მხატვრული ლიტერატურა იდეალურ სურათში სკოლას აღიქვამს, როგორც ღირსეულ გარემოს, რომელშიც ადამიანი განათლების კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს. ცოდნის გაღრმავების პროცესს თითოეული  ავტორისთვის ბევრი დაბრკოლება და სირთულე ახლავს, მაგრამ ნებისმიერ ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით დგინდება, რომ კონკრეტული და ზუსტი ნაბიჯების გადადგმის შედეგად მიზანი აუცილებლად წარმატებით მიიღწევა. სელინჯერმა, როულინგმა, გრინმა და პენაკმა სკოლა აირჩიეს პიროვნული განვითარების შესახებ მსჯელობის საგნად მაგიურ თუ რეალურ გარემოში. თითოეულ მათგანს აერთიანებს ის, რომ სკოლა აყალიბებს იდენტობას, ხასიათს და ფასეულობებს. ბოლოს კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეჭვგარეშეა, სკოლებში ძალიან ბევრი რეფორმის საჭიროება დგას, ხშირად ყველაფერი ძალიან დაშორებულია იდეალურს, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურაში არსებული ნარატივისა არ იყოს, სკოლა უმნიშვნელოვანესი ცნებაა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში როგორც აკადემიური, ისე მორალური განვითარებისათვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.