fbpx

კვლავ საუკეთესო!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ნებისმიერი ტურნირის განახლებას ფეხბურთის მოყვარულები დიდი ინტერესით ხვდებიან ხოლმე და გამონაკლისი არც წლევანდელი ევროთასებია, რომლებიც გაფართოებული ფორმატიდან გამომდინარე, წლის ბოლოს ევროპის წამყვანი კლუბების ასპარეზობაზე ასახულ მრავალ ახალ ტენდენციას შემოგვთავაზებენ.

ასეთ ინტენსიურ რეჟიმს კი მხოლოდ ის კლუბები გაუძლებენ, ვისაც უფრო გრძელი სკამი ექნება, რაციონალურად გადაანაწილებს საკუთარ ძალებს და გაუმართლებს ისე, როგორც მადრიდის „რეალს“ უმართლებს ხოლმე…

„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას დინჯად, დარდიმანდულად შეუდგა და აუღელვებლად, ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა „შტუტგარტი“, რომელმაც ერთ ეპიზოდში თუ შეჰბედა ანგარიშის გათანაბრება  ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს.

პირველი სათამაშო დღის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ და „ინტერმა“ დაზვერეს ერთმანეთი და უგოლო ფრით გაიყარნენ, რაც მაინცდამაინც ნასიამოვნებს ვერცერთ მხარეს ვერ დატოვებდა. თუმცა, წაგება ნებისმიერი მათგანისთვის უფრო მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე გამარჯვებით მოტანილი სიხარული.

მაგრამ თავდაჯერებული „რეალისგან“ განსხვავებით, ახალმა ფორმატმა, რომლის მიხედვითაც გატანილი და საკუთარ კარში მიღებული ბურთების სხვაობას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ზოგიერთ კლუბს მეტოქის „გადავლის“ დაუოკებელი სურვილი გაუჩინა. 

სამწუხაროდ ამ ტენდენციას ვერ გადაურჩა გურამ კაშიას „სლოვანი“, რომელიც „სელტიკმა“ ანგარიშით 5:1 გაანადგურა. 

„სლოვანის“ ბედი „იანგ ბოისმა“, „ზალცბურგმა“, „ბრიუგემ“ და „ფეიენოორდმა“ გაიზიარეს. რეკორდი კი „რეკორდმაისტერმა“ დაამყარა, რომელმაც ზაგრების „დინამო“ ანგარიშით 9:2 მიწასთან გაასწორა. ჰარი კეინმა „პოკერი“ შეასრულა და აქედან სამი ბურთი მან თერთმეტმეტრიანით გაიტანა… 

ბუნებრივია, რომ დიდი ანგარიშებით მოგების ტენდენციამ შედეგიანობა გაზარდა და გარდა ამისა, მკაფიოდ გამოაჩინა ის განსხვავება, რაც ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სამომავლოდ უფრო დიდ პოლარიზაციას მოახდენს როგორც კონკრეტულ კლუბებს, ისე ზოგადად სხვადასხვა ქვეყნების შიდა ჩემპიონატებს შორის, რაც სამწუხაროდ ჩვენს ისედაც უსუსტეს ჩემპიონატს კარგს არაფერს უქადის… 

ამის ნათელი მაგალითი ჰოლანდიური „პსვ“-ს და „ფეიენოორდის“ უპირობო წაგებებია იტალიურ და გერმანულ კლუბებთან. 

თუკი „ფეიენოორდის“ განადგურება კიდევ გასაგებია სისხლს მოწყურებულ და მოგებებზე დაგეშილ გერმანიის ჩემპიონთან, გაურკვეველია, რატომ უნდა გაეშვა „პსვ“-ს „იუვენტუსთან“ სამი ბურთი, როდესაც ამ უკანასკნელმა საკუთარი ჩემპიონატის ბოლო სამი მატჩი ფრედ – 0:0 დაასრულა? 

ასეთი სტატისტიკა ნიდერლანდების ჩემპიონატების აშკარა ჩამორჩენაზე მეტყველებს როგორც ბუნდესლიგასთან, ისე იტალიის სერია A-სთან.

მსგავსი პარალელი შეიძლება ავსტრიის და საფრანგეთის ჩემპიონატებს შორისაც გაივლოს, რადგან ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერობის მიუხედავად, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ადგილოსან „ბრესტთან“ დამარცხდა.

ევროთასების შემდეგ დიდი ინტერესით ველოდით ჩვენი ფეხბურთელების ასპარეზობას სხვადასხვა ჩემპიონატებში. 

ყველას საბა გოგლიჩიძემ დაასწრო, რომელმაც გასულ პარასკევს „ემპოლის“ შემადგენლობაში ზედიზედ უკვე მესამე შეხვედრა ჩაატარა უცვლელად და უშეცდომოდ და დიდი როლი შეასრულა მისი გუნდის „კალიარისთან“ გასვლითი მატჩის ანგარიშით 2:0 მოგებაში.

საბას გამოჩენის შემდეგ „ემპოლის“ სულ ერთი გოლი აქვს გაშვებული და გუნდი, რომლის ერთადერთი ფუნქციაც წლების მანძილზე სერია A-ში ადგილის შენარჩუნება და ფეხბურთელების მდიდარ კლუბებში გაყიდვაა, სენსაციურად დღემდე წაუგებელია. 

დღემდე წაუგებელია „იუვენტუსიც“, რომელსაც ერთი გოლიც არ აქვს გაშვებული მიმდინარე სეზონში, მაგრამ „ნაპოლისთან“ მისი დაპირისპირება უაღრესად მოსაწყენი გამოდგა, რადგან მხარეები თითქოს წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი, რომ მთავარი არა ამ მატჩის მოგება, არამედ მისი არწაგება იყო.  

პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია ეცადა რამდენიმე ეპიზოდში თამაშის გამწვავებას, მაგრამ მას პარტნიორები ვერ აჰყვნენ. შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ საკუთარ ნახევარზე „დასახლდა“, მასპინძლები კი ბურთს მათ ნახევარზე აგორავებდნენ, მაგრამ თამაში რეალურ საგოლე მომენტებამდე ვერ მიჰყავდათ.

ანტონიო კონტეს მიერ შერჩეული დაცვითი ტაქტიკის პირობებში კი ხვიჩას და ლუკაკუს ადგილი მოედანზე უკვე აღარ იყო. წინა მატჩის მსგავსად, მოედანი მათ ერთდროულად დატოვეს, ოღონდ ამჯერად არა როგორც გმირებმა, არამედ როგორც სტატისტებმა. 

სერია A-ს კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში კი „მილანმა“, როგორც იქნა, „ინტერი“ დაამარცხა. პირველ ტაიმში მეტოქეებმა გოლები გაცვალეს. გადამწყვეტი ბურთი კი „სკუდეტოს“ მოქმედი მფლობელის კარში მატჩის ბოლოსწინა წუთზე მატეო გაბიამ გაიტანა.

მიმდინარე სეზონში პირველი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც ერთი ჩინებული „სეივი“ და თამაშში თითო-ოროლა ჩარევა ეყო „ვალენსია“ – „ჟირონას“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებისათვის. 

გავიხსენოთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე „ბილბაოსთან“ წაგებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

„ვალენსიამ“ ორივე გოლი შემთხვევით, შორეული დარტყმების შემდეგ რიკოშეტით გაიტანა, „ჟირონამ“ კი ჩემპიონთა ლიგის ტურნირის ჩათვლით, უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, რაც მის მოკლე სკამზე და შეზღუდულ რესურსზე მეტყველებს.

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენთან“ „ჟირონამ“ მატჩის უკანასკნელ წუთზე ერთადერთი გოლი, ასევე რიკოშეტით გაუშვა. 

ამ მატჩს დიდი ენერგია შეალია „პარი სენ-ჟერმენმა“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში ფრედ – 1:1 ეთამაშა „რეიმსს“. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მოგების შემდეგ კი „მონაკომ“ შინ „ლე ავრი“ დაამარცხა და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილს პარიზულ კლუბთან და „მარსელთან“ ერთად ჩაუდგა სათავეში.

„მარსელმა“ „ლიონს“ ათი კაცის შემადგენლობით გასვლაზე სამი ბურთი გაუტანა, საკუთარ კარში კი ორი მიიღო. გიორგი მიქაუტაძე მოედანზე მატჩის 70-ე წუთზე გამოჩნდა და რამდენიმე ეპიზოდში გაამწვავა კიდეც მასპინძელთა შეტევები, მაგრამ, სამწუხაროდ უშედეგოდ.

ინგლისის პრემიერლიგის ცენტრალურ მატჩში კი „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა და ქულა მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთზე ჯონ სტოუნის მიერ გატანილი გოლით გადაარჩინა. 

ერლინგ ჰალანდმა მასპინძლები თავიდანვე დააწინაურა, მაგრამ მალე როდრიმ ტრავმა მიიღო, სტუმრებმა მისი გასვლისთანავე საკუთარი ნახევრიდან ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს, მარტინელიმ გამიზნული გადაცემით კალაფიორი გამონახა და ამ უკანასკნელმაც ჩინებული შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლო წუთზე კი მაგალიაეშმა საკას ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით დააწინაურა სტუმრები, რომლებიც მალე ტროსარის გაძევების გამო მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ.

მიუხედავად ამისა, „არსენალის“ ფეხბურთელებმა მეორე ნახევარში გაუვალი დაცვითი ზღუდეები შექმნეს და მხოლოდ ერთხელ, მატჩის მიწურულს დაუშვეს საბედისწერო შეცდომა, რომელიც სეზონის ბოლოს მათ შეიძლება მწარედ გაახსენდეთ…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.