აი, ზელდა რომ არ მყვარებოდა…
ავტორი: მათე წიკლაური
“ეს სამყარო ერთ დიდ თამაშს ჰგავს და სანამ შენი სიყვარული თან მდევს, მჯერა, რომ ბევრი რაღაცის მიღწევა ძალმიძს. ახლა წარმატებითა და ამბიციური ამბებით სავსე მიწაზე ვიმყოფები და ჩემს ერთადერთ ფიქრსა და იმედს შენ წარმოადგენ. მსურს, რომ რაც შეიძლება მალე კვლავ გიხილო”. (გიორგი მაჭარაშვილის თარგმანი)
ასე მისწერა 1919 წელს ზელდას „ჯაზის ეპოქის“ გენიოსმა, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა და მთელ შემოქმედებასაც გაადევნა ეს ყოველივე. მაგის მოყოლა შეუძლებელია, ზელდას გარეშე როგორ რამეს დაწერდა, საერთოდ მაგ წყვილის აღქმა ცალ-ცალკე ძნელი ამბავი მგონია, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ არა ის ქაოსი, მარადიული განახლება, ტკივილები და განცდები, რომლებიც გარშემო შემოიკრიბა, არავინ გადაწყვეტდა ფრენსისზე რამის თქმას, – განცდები კი მისი წერილები და ნაწარმოებებია… „დიდი გეტსბის“, „ნაზია ღამეს“ და სხვა არაერთი რომანისა თუ მოთხრობის ავტორია ეს კაცი… ზელდასგან მრავალჭირნახული ამერიკელი მწერალი, ჯაზის ეპოქის გენიოსი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი.
… დაიბადა 1896 წლის 24 სექტემბერს, მინესოტაში…
XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი სიცოცხლეში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა, მიუხედავად საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებისა, ფიცჯერალდს არც გარდაცვალების მერე ეღირსა საყოველთაო აღიარება. მისი ცხოვრების მიმართ ლიტერატურათმცოდნეთა დიდი ინტერესი და შემოქმედების დაფასება არც ისე დიდი ხანია, რაც დაიწყო…
მდიდარსა და ღარიბს შორის ეთქმოდა, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის მქონე ოჯახში დაიბადა და ამან სოციალურ ამბებზე ბევრი დააწერინა. მერე პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ, როგორც კლდიაშვილი იტყოდა, „რაღაც მანქანებით“ პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე ამოყო თავი, მეორე ლეიტენანტად იმსახურა და ეს უკვე გარდამტეხი გამოდგა მის სამწერლო კარიერაში… ბევრი ნაომარი მწერალი გვინახავს, მაგრამ ის სევდა ფურცლებზე რომ არ გადმოეტანოს, ეგეთი არავინ.
ფიცჯერალდი, როგორც ლიტერატურული ლეგენდა, 1920 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა დაბადა. „სამოთხის ამ მხარეს“ იდენტობა დაკარგული, უფუნქციო, მაგრამ მიზნის მაძიებელი კაცის შესახებ მოგვითხრობს. ამბავი კომერციულად მომგებიანი გამოდგა და ფიცჯერალდის ბუმის ნაპერწკალმაც კარგად შეძლო გაღვივება. ამას უკვე 1925 წლის „დიდი გეტსბი“ მოჰყვა. ფიცჯერალდი ლიტერატურული კანონის ცენტრშია და ამერიკელი რომანისტის სახელს თამამად დაატარებს. ისტორია შეყვარებულ მდიდარ კაცზე, სულიერი ტრაგიზმის ფონზე რომ გააშიშვლებს იმ განცდას, რომელსაც სიყვარულის სახელით ვიცნობთ. მერე ამაზე ფილმიც გადაიღეს, ლამაზი ფილმი იყო, მაგრამ ეს რაღაც აბსტრაქტული, რეფრენად გადევნებული ბრუტალიზმიდან ამოხეთქილი სინაზე სად უფრო ჩანდა, ალბათ, გემოვნების საკითხია და სულ ესაა..
1920 წელი მაინც სხვა წელია, აი, ზელდა რომ არ ჰყვარებოდა… ალბათ, რის გამოც გვიყვარს და გაინტერესებს, ეგ არ ექნებოდა. ეს ექსტრავაგანტური ცხოვრება ყველასთვის მიმზიდველი ჩანდა, მაგრამ რამდენადაც საჯაროდ კაშკაშებდა სიყვარულის ეს ამბავი, იმდენად შეიცავდა სირთულეებს და დრამებს, რაც ბრჭყვიალს ახშობდა, მაგრამ ეს მარტო თვითონ იცოდნენ, ზელდა ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა, ჭორებსაც… ან შეიძლება ნამდვილ ამბებსაც, ასე იტყოდნენ… ჰემინგუეის და ფრენსის სკოტს დაულეწიათ ყველაფერი კაფეში ზელდას გამოო… მერე თითქოს ამ ცვლილებებმა, ამ არასტაბილურობამ და გადაუწყვეტლობამ დატანჯაო და „ნაზია ღამე“ დაწერა, ის სიმსუბუქე აღარ ეტყობოდა, რაც გეტსბისთან, ტკივილს ისე ვეღარ გამოხატავდა, როგორც გეტსბისთან, იმ გეტსბის ეპოქისას სხვა იყო, საერთოდ სხვა ავტორი, ზელდა რომ არ ჰყვარებოდა, ეგეთი ვერ იქნებოდა.
ალკოჰოლიზმს ჯაზის ეპოქის ექსტრავაგანტური კაცი აბა როგორ გაექცეოდა? პრინციპში 1940 წელს, 44 წლის ავტორი, ამან შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს არ უცხოვრია, ამერიკულ ლიტერატურაზე უდიდესი კვალი დატოვა, კრიტიკული პერსპექტივა, სულ სხვა პრიზმიდან დანახული ამერიკული ოცნება, მნიშვნელობის და ფუნქციის ძიება ამ აჩქარებულ სამყაროში, ზედაპირული მომხიბვლელობა და მერე იმედგაცრუება, – ეს თემები გაარჩია და, არც ისე მოკლედ, კარგი ანალიზი დადო, ყველა პერსონაჟიდან რაღაცას წაიღებს მკითხველი.
ხშირად ასე იტყვიან ხოლმე, დიდი არაფერი მწერალიაო, არა, ცუდიც არ არის, მაგრამ კარგი რააო… ჩემთვის დიდი იყო, ბევრჯერ დავბრუნებივარ, ადგილები დამიზეპირებია, მისი რამე წიგნი თუ არ გამიგია და აღმოვაჩენ, თითქოს კაპიტოლიუმში შევდივარო, ისეთი სიამაყით ვივსები. მაგის წიგნებით და ადამიანური ასპექტების წინა პლანზე ამოწევით ბევრჯერ მისარგებლია, ბევრჯერ გამომდგომია, კიდევ გამომადგება. მაგ ეპოქას კიდევ რაღაც სხვა ხიბლი ჰქონდა, ჰემინგუეიმაც რომ მოუარა ხან აქედან, ხან იქიდან, მაგრამ რაღაცები უთქმელი დატოვა. ამან ყველაფერი მოჰყვა, რაც დაგვაინტერესებდა, იმ წრეში ყველას ჯობდა, ისე ჩანდა, თითქოს უპრობლემო კაციაო, მაგრამ თვალები სევდას სულ ისროდა…
„ძვირფასო სკოტ“, – ზელდას დავესესხები, – აი, ის რომ არ შეგყვარებოდა, შეიძლება უფრო დიდხანსაც გეცოცხლა, მაგრამ, თითქოს ეგეთი ამბავიც იყო შენი, მოკლე უნდა ყოფილიყო, ჩახლართული და მოულოდნელობებით სავსე.