fbpx

ეკატერინე თოთლაძისა და როკო ირემაშვილის გამოფენა გალერეა ,,ნოვოს“ ახალ სეზონზე


გააზიარე სტატია

 

გალერეა ,,ნოვომ“ ახალი სეზონი ეკატერინე თოთლაძის და როკო ირემაშვილის გამოფენით გახსნა. გამოფენაზე, სახელწოდებით ,,უსათაუროდ“,  მხატვრების ბოლო პერიოდის ნამუშევრებია წარმოდგენილი. როგორც გამოფენის კურატორმა, უნდა აღვნიშნო, რომ მათი ერთად გამოფენის იდეა   ორივე მხატვრის ნატურის მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ  და  მათ ნამუშევრებში ხაზგასმულმა ექსპრესიულობამ  განაპირობა.

 ემოციური გამომსახველობის მიღწევას როკო ირემაშვილი ხან ნატურის სხეულებრივების ხაზგასმით ახერხებს, ხან კი მისი სრული აბსტრაჰირებით, თუმცა მნიშვნელოვნების ხაზგასმით.  ექსპოზიცია იწყება ორი დიდი ზომის კომპოზიციით. ესაა  ერთმანეთისკენ მიმართული,   ადამიანის მსგავსი ანთროპომორფული არსებები. მხატვრული სახეების პოზა და მიმიკა, დაუმუშავებელი ზედაპირის უხეში ფაქტურა, მშრალად და ხისტად დადებული აკრილის საღებავი,  ფანქრის მძაფრი, მკვეთრი შტრიხები და კონტურები  – ყოველივე ეს მხატვრული სახეების ძლიერ ექსპრესიულობას განაპირობებს. სრული სიბრტყე და ამავე დროს სიღრმე და მასის შეგრძნება, რასაც ამ კომპოზიციებში მხატვარმა მიაღწია,   უდავოდ მაღალი ოსტატობის და შემოქმედებითი მრავალმხრივობის მაგალითია.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში გამორჩეულია მამაკაცის ბიუსტი, რომელიც მხატვრის მიერ ნატურის ფლობის, მხატვრული სახის კონკრეტულობასა  და განზოგადებას შორის საოცარი წონასწორობის მაგალითია. როკო ირემაშვილი ნატურალიზმში ახერხებს, მხატვრულ და ფორმისეულ  განზოგადებას და ნიჰილიზმნარევი ირონიის ძალიან რაფინირებულად  გადმოცემას.

ეკატერინე თოთლაძის ტილოები ადამიანის სხეულის შეცნობის და სენსუალური გამომსახველობის  მკაფიო მაგალითია. მხატვარი სხეულს და მასზე წარმოებულ ექსპერიმენტებს ძალიან დიდ მნიშვნელობას  ანიჭებს.  არტისტი ნატურის სხვადასხვა რაკურსებში ჩვენებას და  ქალის სხეულის გამომსახველობას  უსვამს ხაზს. აქაც მხატვარი ძალიან ფრთხილად გადის ზღვარს ნატურალიზმსა და მხატვრული ფორმის განზოგადებას შორის. ეკატერინე თოთლაძის, როგორც შემოქმედის, ნატურისადმი ინტერესი და მისწრაფება გრაფიკულ ნამუშევრებშიც გრძელდება, სადაც მოჭრილი ხის მორებია  გამოსახული.  აქაც კი,  ისინი იმდენად  სხეულებრივი და ანთროპომორფულებია, რომ ნაწარმოებზე უშუალო დაკვირვებამდე მნახველს  სულიერი სხეულის ილუზიას უტოვებს. –

რუსო დოლიძე

 

გამოფენა ,,უსათაუროდ“ დამთვალიერებელს 30 ოქტომბრამდე უმასპინძლებს. გალერეა მუშაობს ყოველდღე, გარდა ორშაბათისა,   12:00 – 19:00 საათამდე.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას N 13

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.