fbpx

წაგებულნი და თანაც კმაყოფილნი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

„ოსასუნასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სახის გამომეტყველების მიხედვით სულაც ვერ ვიფიქრებდით, რომ მისმა გუნდმა წააგო, რადგან გერმანელი სპეციალისტი იმდენად გაკვირვებული იყო თამაშის განვითარების სცენარით, რომ მყისიერად შეიძლება დავიწყებოდა კიდეც ესპანეთის ჩემპიონატში პირველი წაგება საკუთარ კარში გაშვებული ოთხი ბურთით.

თამაში უაღრესად თვალსასეირო გამოდგა და თანაც კორექტული, რაზეც „ბარსელონას“ ფეხბურთელთა მხრიდან მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო წესების მხოლოდ სამჯერ დარღვევა მეტყველებს, რომელთაგან ერთ-ერთს მათ კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშემ – ხორვატმა ბოდიმირმა იგი უნაკლოდ შეასრულა, შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა აღუდგინა და ნაადრევად გადაადგმევინა ნაბიჯი უძვირფასესი სამი ქულის მოსაპოვებლად. 

თითქოს დაუჯერებელია, როგორ შეძლო „ოსასუნამ“ ამას წნათ არაფრისმთქმელ „ვალენსიასთან“ უსახური 0:0-ის შემდეგ ბრწყინვალე საფეხბურთო სპექტაკლის მოწყობა თვით „ბარსელონასთან“, რომელთანაც აქამდე ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდა წაგებული.

„ოსასუნას“ სამი გოლი ულამაზესი ფინტებით დახუნძლულ შესანიშნავად გათამაშებულ კომბინაციებს მოჰყვა, მატჩის ბოლოსწინა წუთზე გატანილი ეფექტური გოლი კი იამალმა საზეიმოდ ვერ აღნიშნა, რადგან საშუალო დისტანციიდან შესრულებულმა უძლიერესმა დარტყმამ „ბარსელონა“ მხოლოდ დიდი ანგარიშით წაგებისგან იხსნა.

სამწუხაროდ განადგურებას ვერ გადაურჩა „ვალენსია“, რომელმაც გასვლაზე „სოსიედადთან“ საკუთარ კარში სამი ბურთი გაუშვა და რომ არა გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახას გუნდი უფრო დიდი ანგარიშითაც წააგებდა.  

ლა ლიგის გასული ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კი ერთმანეთს მადრიდის „ატლეტიკო“ და „რეალი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი უფრო საფეხბურთო ჭადრაკს დაემსგავსა, სადაც მეტოქეებმა მეტი დრო ერთიმეორის დაზვერვას მოანდომეს, ვიდრე რაიმე ღირებულის შექმნას.

შესვენების შემდეგ კი ვინისიუსის მახვილგონივრული გადაცემის მერე,  „ატლეტიკოს“ მცველთათვის მოულოდნელად, საჯარიმოში შეჭრილმა მილიტაომ გახსნა ანგარიში.

ამის შემდეგ მატჩი ჯერ გარკვეული პერიოდი  შეწყდა „ატლეტიკოს“ გულშემატკივართა მიერ მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლის გამო, 82-ე წუთზე კი მასპინძლებმა პირველად დაარტყეს „რეალის“ კარის მიმართულებით, რასაც მათი მხრიდან თამაშის გამწვავება და მატჩის დამატებულ მე-6 წუთზე კორეას საპასუხო გოლი მოჰყვა.

მატჩის საყაიმო შედეგით კი განსაკუთრებით კმაყოფილი ისევ „ბარსელონა“ დარჩა, რადგან მას „რეალი“ მხოლოდ ერთი ქულით მიუახლოვდა. 

ბუნდესლიგის გათამაშების ცენტრალურ მატჩში კი მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა.

დაპირისპირებისადმი ინტერესს ამძაფრებდა „რეკორდმაისტერის“ მიერ უკანასკნელ სამ მატჩში გატანილი 20 (!) ბურთი, მაგრამ „კილის“, „ვერდერის“ და ზაგრების „დინამოს“ ხვედრს ჩაბი ალონსოს გუნდი რომ არ გაიზიარებდა და აქეთ ეცდებოდა მიუნხენელთა დამარცხებას, შეხვედრის პირველ ტაიმშივე ნათელი გახდა, როდესაც ანდრიხმა ანგარიში გახსნა.

მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, მეორე ტაიმში შეუტიეს და ბევრჯერ დაარტყეს კიდეც სტუმართა კარის მიმართულებით, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. 

მოქმედი ჩემპიონის კართან შექმნილი არაერთი მომენტიდან ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი სერჟ გნაბრის მიერ ერთიმეორის მიყოლებით ჯერ ძელს და შემდეგ ხარიხაზე გარტყმული ბურთები იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ნოიერის, ისე ჰრადეცკის კარში განხორციელებული საგოლე დარტყმების უვნებელყოფას გიორგი მამარდაშვილი აუცილებლად შეძლებდა.

საინტერესოა, რომ ბუნდესლიგის ცხრილის ლიდერობის მიუხედავად, გავრცელდა ხმები „ბაიერნის“ მთელ რიგ წამყვან ფეხბურთელთა უკმაყოფილების შესახებ ამჟამინდელ მწვრთნელ ვინსენ კომპანის მიმართ.

ანალოგიურ მდგომარეობას უახლოეს წარსულში „რეკორდმაისტერის“ ორი მწვრთნელი – ნაგელსმანი და ტუხელი შეეწირნენ. სიტუაციაც სათანადოა, რადგან მომდევნო ტურში „ბაიერნი“ მეორე ადგილოსან „აინტრახტს“ ესტუმრება, რომელთან დიდი ანგარიშით წაგების ტრადიციაც კი არსებობს „რეკორდმაისტერიდან“ მწვრთნელის გაშვების წინ…

სანახაობრივი და დაძაბულობის თვალსაზრისით ლიდერთა მატჩს არ ჩამორჩენია „ვოლფსბურგის“ და „შტუტგარტის“ დაპირისპირება, რომელმაც დრამატიზმით გადააჭარბა კიდეც მას, რადგან „შტუტგარტმა“ წონასწორობა მატჩის დამატებულ მე-7 წუთზე, ათი კაცის შემადგენლობით აღადგინა.

უნიკალური სცენარით წარიმართა „ჰოფენჰაიმის“ და „ვერდერის“ მატჩი, რომლის მე-12 წუთზეც მასპინძლები უკვე 3:0-ს იგებდნენ. ამის შემდეგ, რაც მათ მოედნიდან კაცი გაუგდეს, „ვერდერმა“ 39-ე წუთისთვის უკვე სამივე ბურთის გაქვითვა შეძლო, მეორე ტაიმში კი ერთადერთი გოლით დაკმაყოფილდა და სამი ქულა მოიპოვა.

მეორე ბუნდესლიგაში კი კვლავ წაუგებელია „კარლსრუე“, რომელიც განვლილ ტურში „კიოლნს“ ეწვია და ფრედ 4:4 ეთამაშა.

ბუდუ ზივზივაძემ უმძიმეს მომენტში, როდესაც გუნდი ანგარიშით 0:3 მარცხდებოდა, საგოლე გადაცემა განახორციელა და „კარლსრუე“ თამაშში მოაბრუნა.

გიორგი ქოჩორაშვილმა კი მეორე ტაიმში „ლევანტე“ ჯერ დააწინაურა „ალმერიასთან“ მატჩში, შემდეგ კი საგოლე გადაცემაც მიითვალა ანგარიშით 4:2 მოგებულ შეხვედრაში.

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს კი ექვსი ტურის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში „ნაპოლი“, თუმცა პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც ლიდერობა სულ რაღაც ერთი დღით გაგრძელდა, ამჯერად ხვიჩას და მის თანაგუნდელებს პირველ ადგილს, სულ მცირ, ერთი კვირით ვერავინ შეეცილება.

„ნაპოლიმ“ საკმაოდ მშვიდად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა „მონცა“. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი საჯარიმო მოედნის ცენტრიდან ერთი შეხებით, უძლიერესი დარტყმით გაიტანა. მატჩის 75-ე წუთზე კი მწვრთნელმა ანტინიო კონტემ იგი შეცვალა, გაგვახსენა რა ლუჩანო სპალეტის პერიოდი, როდესაც გარანტირებული მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ძალების დაზოგვის მიზნით, ყოველთვის ადრე გაჰყავდათ ხოლმე მოედნიდან.

„ნაპოლის“ სატურნირო ცხრილში ტურინის „იუვენტუსი“ მისდევს, რომელიც გარდა იმისა, რომ აქამდე არ დამარცხებულა, ჯერჯერობით საკუთარი კარი მშრალად აქვს შენახული.

სენსაციურად წაუგებელია „ემპოლიც“, რომლის შემადგენლობაშიც, „ფიორენტინასთან“ შინ ანგარიშით 0:0 დასრულებულ მატჩში, კვლავ შესანიშნავად ითამაშა საბა გოგლიჩიძემ.

ახალგაზრდა ქართველ მცველს სავარაუდოდ უკვე მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიაქცევენ ყურადღებას ევროპის წამყვანი კლუბები.

მოიგეს მილანურმა და რომაულმა კლუბებმა, „ტორინო“ კი მიმდინარე სეზონში პირველად მხოლოდ მეექვსე ტურში დამარცხდა, რაც ამ მოკრძალებული კლუბის შესანიშნავ სტარტზე მეტყველებს.

ინგლისის პრემიერლიგის გათამაშებაში „ლივერპულმა“ ისარგებლა „მანჩესტერ სიტის“ წაფორხილებით „ნიუკასლთან“ მატჩში და „ვულვზის“ დამარცხების შემდეგ სათავეში ჩაუდგა სატურნირო ცხრილს. 

მერსისაიდულ კლუბს თითო ქულით „სიტი“ და „არსენალი“ და ორი ქულით „ჩელსი“ და „ასტონ ვილა“ ჩამორჩებიან.

მორიგი ფიასკო განიცადა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელიც შინ, „ოლდ ტრაფორდზე“ მიმდინარე სეზონში აქამდე საშუალოდ მოასპარეზე „ტოტენჰემთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა. 

საინტერესოა, რომ პირველი ექვსი ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში ხუთი გუნდი და, მათ შორის სამივე დებიუტანტი, კვლავ მოგების გარეშეა დარჩენილი.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.